ღირსი ვენდიმიანე, ბითვინიელი მეუდაბნოე (+დაახლოებით 512 წელს) - 01 (14) თებერვალი
ღირსი ვენდიმიანე, ბითვინიელი მეუდაბნოე (+დაახლოებით 512 წელს) - 01 (14) თებერვალი
ეს ღირსი მამა V საუკუნეში, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მიზიაში, მდიდარ და კეთილშობილ ოჯახში იშვა. ჯერ ახალგაზრდა იყო, წმინდა მამას, ავქსენტის (ხსენება 14 თებერვალს) რომ დაემოწაფა, რომელიც ქალკედონის მახლობლად მდებარე მთაზე მოსაგრეობდა.

მოგვიანებით ამ ადგილას სახელგანთქმულ სავანეს ჩაეყარა საფუძველი.

ხუთი წლის შემდგომ, როდესაც წმინდა ხუცესმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს, ვენდიმიანმა ძველი ღვაწლი არ დაუტევა, - ის ადგილი, სადაც იღვწოდა, ფრიად ბნელი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გახლდათ, რის გამოც ნეტარი მამის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

მაშინ თავად უფალი გამოეცხადა და უბრძანა, მთის წვერზე მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო, სადაც უწინ მისი მოძღვარი, წმინდა ავქსენტი მოსაგრეობდა.

ნეტარი მამა თვისი სიწმინდით ანგელოსთა და კაცთა წინაშე ისე განბრწყინდა, ვითარცა ლამპარი. ორმოცდაორი წლის მანძილზე მხნედ იგერიებდა ეშმაკთა თავდასხმებს, ველურ ფრინველთა სახით რომ ცდილობდნენ, განუწყვეტელ ლოცვას მოეწყვიტათ, ღვთისგან მიღებული სასწაულთქმედების მადლით უფლისგან ყოველი ეძლეოდა, რაც მოწაფეთა საარსებოდ სჭირდებოდა.

დაახლოებით 512 წელს მოწაფენი უკანასკნელად დამოძღვრა და ქვაბულში გამოიკეტა, ხოლო როდესაც გარკვეული ხნის შემდგომ შეეჭვებულმა სულიერმა შვილებმა მისი სენაკის კარი შეანგრიეს, ღირსი მამა მუხლებზე ლოცვად დამდგარი, გარდაცვლილი იხილეს.

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა ბასილი აღმსარებლისა, თესალონიკელი ეპისკოპოსისა;

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამე ნიკოლოზ მეზენცევისა (1938 წელი);

ბეჭდვა
1კ1