ღირსი ისიდორე სამთავნელი - 12 ივნისი (25 ივნისი)
ღირსი ისიდორე სამთავნელი - 12 ივნისი (25 ივნისი)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2005 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე წმინდა ისიდორე სამთავნელის ხსენების დღედ 25 ივნისი (ძვ. სტ. - 12 ივნისი) დაადგინა. დიდია წმინდა მამის მიერ გაწეული ღვაწლი ქართველი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოსაქცევად. რწმენაში გასაძლიერებლად დღესაც ისევე გვესაჭიროება ღირსი მამის ლოცვა, როგორც თხუთმეტი საუკუნის წინ, როცა სპარსელები ათასი ხერხით ცდილობდნენ კერპთაყვანისმცემლობაზე ჩვენს გადაბირებას.
ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა `ცხოვრების~ ტექსტებში.   

წმინდა ისიდორე (ეზდერიო) სამთავნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი, საქართველოში VI საუკუნეში იოანე ზედაზნელთან ერთად ჩამოვიდა. წმინდა ისიდორე თავიდან წმინდა იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი, როცა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაუშვა სამოღვაწეოდ, წმინდა მამამ ქართლს მიაშურა. მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე (კასპიდან 11 კმ-ზე) დამკვიდრდა და სოფელ ჭალის მახლობლად დააარსა მონასტერი.
წმინდა ისიდორე დაუღალავად იღვწოდა, ქადაგებდა მართლმადიდებლობას, ურწმუნოთ მოაქცევდა, უნუგეშოთ ნუგეშინისსცემდა, სნეულთ კურნავდა. ქართულ მატიანეს არ შემოუნახავს ისიდორე სამთავნელის სასწაულმოქმედი ღვაწლის ამსახველი ცნობები. ვიცით, რომ წმინდა მამა თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვე ”დაიდვა მრავალ მოღვაწე გვამი მისი”.

წმინდა ისიდორეს მიერ აგებული ტაძრიდან აღარაფერია შემორჩენილი. გადმოცემით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. ”კალმასობაში” ნათქვამია: ”ვახტანგ გორგასლან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა - ესრეთ სამთავ ეკლესიათა ესე სამთავისი უმჯობესიაო”, ამიტომ დღესაც ტაძარს სამთავისი ეწოდება. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით, სამთავისის აშენების თარიღი 472 წელია.

KARIBCHE

სამთავისი

დღევანდელი სამთავისის ტაძარი მოგვიანებით, 1030 წელს აუგია ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოსს, რომელიც მოხსენებულია ეკლესიის დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის თავზე ამოკვეთილ სამსტრიქონიან წარწერაში: ”ილარიონ სამთავნელმან აღაშენა ტაძარი ესე...” თუმცა, ცხადია, წმინდა მამა სიდორეა სამთავისის სამონასტრო კომპლექსის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი.
სამონასტრო კომპლექსში შედის ეპისკოპოსის პალატი, მცირე ეკლესია და სამრეკლო.

ეპისკოპოსის პალატი XVII საუკუნის II ნახევარში აგებულ გალავანშია ჩართული. ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო. სამთავნელი ეპისკოპოსი პირველად 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V საუკუნის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII) და კათალიკოსი ანტონი (XVIII).

კომპლექსში კვლევითი მუშაობა 2004 წლის ნოემბერში დაიწყო. უამრავი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა. გამოჩნდა სხვადასხვა ნაგებობის კედლები. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში გაიწმინდა ეპისკოპოსის პალატი და მასთან დაკავშირებული სამეურნეო ნაგებობები - ზეთის სახდელი ოთახი, სადაც ორი უზარმაზარი ქვაბი იყო. გვერდით ოთახში მივაკვლიეთ თონეებს, მარანს, რომელიც ექვსი ქვევრისგან შედგებოდა... ცენტრალური გუმბათოვანი ტაძრის გარშემო გამოჩნდა ერთი მეტრის სიგანის კედელი. სიღრმეში - საკმაოდ კარგად შემორჩენილი იატაკი და სამარხიც აღმოჩნდა. არქეოლოგებმა მიაკვლიეს ძველი ეკლესიის ადგილსაც. აღმოსალეთი ნაწილის გაწმენდის შემდეგ დადგინდა, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის იყო, რომელსაც სამი მთავარი ნავი ჰქონდა და ერთი ღია შესასვლელი. ეკლესია მთლიანად სამარხებით იყო დატვირთული. ყველაზე ძველი სამარხები უშუალოდ ეკლესიის იატაკზეა მოთავსებული. მომდევნო ეტაპის სამარხები კი ეკლესიის იატაკზეა აშენებული, შემდეგ უკვე მიწის ფენაშია განლაგებული. ტაძარს თავისი საძვალე ჰქონდა, სადაც იკრძალებოდნენ ეკლესიის მსახურები და მნიშვნელოვანი პირები. მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, 2007 წელს გაიწმინდა საძვალე. ამჟამად ანთროპოლოგები მათ სწავლობენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ერთი კედელი დაფუძნებულია ძველი ბაზილიკის კედელზე, რაც სიმბოლურად გამოხატავს, რომ ძველი ეკლესია არა თუ გააუქმეს, არამედ განაახლეს.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა წარწრებიც. მათი უმრავლესობა ასომთავრულია. შესრულებულია კრამიტზე და დაკავშირებულია ილარიონ სამთავნელის სახელთან. მიკვლეული იქნა ასევე უძველესი არაბულწარწერიანი ქვის ფილა. შესაძლებელია ის ტრაპეზის ნაწილიც იყოს. აღმოჩნდა ნუსხურ-ხუცური წარწერაც, რომელიც ღარისებურ კრამიტზეა ამოტვიფრული. მისი ამოკითხვა ამჟამად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასომთავრული წარწერა ასეთია: ”ქრისტე შემიწყალე ილარიონ სამთავნელი”.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ დღევანდელი ტაძრის სამხრეთ კედელი ძველი ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელზეა დაშენებული. ილარიონ სამთავნელმა ძველი ეკლესია კი არ დამარხა მიწაში და არ შეწყვიტა მისი ფუნქციონირება, არამედ გადახურა და სიმბოლურად გააგრძელა ამ ძველი ეკლესიის არსებობა.
......................................

აქვე წაიკითხეთ:

სათნოების გოდოლი - ისიდორე სამთავნელი





ბეჭდვა
1კ1