თავის მოსულელებით სალოსი უმძიმეს ცოდვას - ამპარტავნებას თრგუნავს
თავის მოსულელებით სალოსი უმძიმეს ცოდვას - ამპარტავნებას თრგუნავს
"სალოსი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს ნიშნავს. სალოსობა ქრისტიანული მოღვაწეობის ერთგვარი სახეა. სალოსი არის ქრისტესთვის სულელი, ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად იქცევა და ცხოვრობს ისე, როგორც სულელი. სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უარყოფს. მათი ღვაწლი, წმინდა და ღვთის სათნო ცხოვრება დაფარულია გარშემომყოფთათვის. თავის მოსულელებით სალოსი უმძიმეს ცოდვას - ამპარტავნებას თრგუნავს. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მას ცოდვების მხილების ისეთი საშუალებები ეძლევა, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდა. ღმერთი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭებით აჯილდოებს, ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. უანგარო და დაფარული ღვაწლის გამო სალოსები ადამიანებისათვის ღვთის წინაშე მეოხნი ხდებიან. მათ შორის ბევრი წმინდანადაა შერაცხული.

იმისათვის, რომ სალოსობის ღვაწლის სიძლიერეზე უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, მაგალითად მოვიყვან რამდენიმე ცნობილი სალოსის ცხოვრებას.

წმინდა ისიდორა სალოსი (IV)
წმინდა ისიდორა სალოსი (IV) მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავერნის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.

ერთხელ მეუდაბნოე ბერს, პიტირიმს, უფლის ანგელოსი გამოეცხადა და უთხრა: "წადი ტავერნის მონასტერში. იქ იხილავ დას, რომელსაც ჩვარი აქვს თავზე. ის ყველას სიყვარულით ემსახურება და მორჩილად ითმენს მათ ზიზღს. გული და გონება მისი მარად ღმერთთანაა, შენ კი მარტოობაში მყოფობ და ფიქრით მთელ სამყაროში მიმოიქცევი".

ბერი ტავერის მონასტერში წავიდა, მაგრამ შეკრებილ დათა შორის ვერ იპოვა ღვთაებრივ ხილვაში მითითებული მოღვაწე. როცა ისიდორა მიჰგვარეს, სალოსი მუხლებზე დაემხო მის წინაშე და კურთხევა სთხოვა. ღირსმა პიტირიმმა თვითონ დაუჩოქა და უთხრა: "ჯერ შენ მაკურთხე, წმიდაო დედაო!" გაოცებული დების შეკითხვებზე ღირსმა მამამ უპასუხა: "ისიდორა უპირატესია ღვთის წინაშე!" დებმა სინანულით სთხოვეს პატიება ღირს ისიდორას. მოულოდნელი დიდებით შეწუხებული წმიდანი მალულად წავიდა სავანიდან. მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. ვარაუდობენ, რომ ღირსი დედა გარდაიცვალა არაუადრეს 365 წლისა.

ღირსი თომა სალოსი (VI)
ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) კაბადოკიის კესარიის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. მას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. ამ მიზნით სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა.

ერთ-ერთი ეკლესიის იკომონოს ანასტასის მობეზრდა ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული და სილა გააწნა. ამ ამბის მხილველებმა ანასტასის უხეშობა უსაყვედურეს, მაგრამ ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: "ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას". ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში გამობრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნის გარეუბანში, წმიდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა. დაასაფლავეს უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ამოაგდო. იგივე განმეორდა მიცვალებულის ხელახლა დაკრძალვის შემდეგაც და სხვა ქალის დასაფლავების დროსაც. მომხდარის შესახებ აცნობეს ანტიოქიის პატრიარქ დომნას (546-560). მისი კურთხევით ღირსი მამის ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს და ჩაასვენეს საძვალეში, სადაც მრავალი წმიდანის ნაწილები განისვენებდა. შემდგომ ამ ადგილას ააშენეს პატარა ეკლესია.

ღირსი თომასადმი აღვლენილი ლოცვებით ანტიოქიაში შეწყდა შავი ჭირის ეპიდემია. ამ დროიდან ანტიოქიელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმიდა თომას ხსენების დღეს.

პიმენ სალოსი - ქართველი წმინდანი
წმინდა პიმენ სალოსი დაიბადა XIII საუკუნის 60-იან წლებში. წმინდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო - კეთილშობილთაგანი. წმინდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულიერო და საერო მეცნიერების "ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის" უბადლო მცოდნე პიმენი დავითგარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთისსათნო ცხოვრებით.

წმინდა პიმენი მის "ხედვით და ღვთისმეტყველებით სიბრძნეს" მოგონილი სისულელით მალავდა "და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს". წმინდანი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამა სოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესოებას. ღრმად განათლებული წმინდა მამა იყო "მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა".

იგი ანტონი მესხთან ერთად მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ. ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულიც (ხს. 25 მარტს) აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა.

საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა - პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. "ქართლის ცხოვრებაში" წერია, რომ წმინდა ბერები ამხელდნენ "მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაი ისმინეს".

ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმინდა პიმენმა "ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმინდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი - მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა. (ძველი სტილით 16 მარტი, ახალი სტილით - 29 მარტი).

ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე,
თანამმარხველი მისი (+დაახლ. 590)
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე გულწრფელად მეგობრობდნენ. უფროსი სვიმეონი უცოლო იყო და უკვე ხანში შესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა, ახალდაოჯახებულ იოანეს კი მამა და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავდა შინ. როცა სვიმეონს 30, იოანეს კი 24 წელი შეუსრულდათ, მათ წმიდა ქალაქ იერუსალიმში იმოგზაურეს. წმიდა ადგილების მოლოცვამ და იქაურ მონასტერთა სიმრავლემ მათში ბერული მოღვაწეობის სურვილი გააღვიძა. მეგობრებმა შინ გაუშვეს მსახურები, თვითონ კი მდინარე იორდანეს სანაპიროზე გაშენებული მონასტრებისკენ გაემართნენ. სვიმეონმა და იოანემ ღმერთს შესთხოვეს, მიენიშნებინა, რომელი სავანე აერჩიათ და გადაწყვიტეს, იმ მონასტერში შესულიყვნენ, რომლის კარებიც ღია დახვდებოდათ. ამ დროს უფალმა ერთ-ერთი სავანის იღუმენს, ნიკონს, ძილში ამცნო, გაეღო მონასტრის კარები. წმიდა მეგობრები მიადგნენ მონასტრის ღია კარებს. ღვთის ნებით, წინამძღვარმა სიხარულით მიიღო ისინი. საღვთო შურით ანთებული მეგობრები მონასტრულმა ცხოვრებამ ვერ დააკმაყოფილა: მათ აღეძრათ სურვილი, უდაბნოს სიღრმეში შესულიყვნენ და იქ ეღვაწათ განმარტოებით. იღუმენ ნიკონს ღმერთმა განუცხადა თანამოსაგრეთა განზრახვა: სწორედ იმ ღამეს, როცა ისინი სავანის დატოვებას აპირებდნენ, კვლავ გააღო კარიბჭე, შემდეგ მათთან ერთად ილოცა და მძიმე ღვაწლს შემდგართ ლოცვა-კურთხევა გააყოლა. სვიმეონსა და იოანეს მტკიცედ ახსოვდათ აღკვეცისას დადებული აღთქმა. ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ, შრომობდნენ და ერთმანეთს განამტკიცებდნენ ცდუნებებთან ბრძოლაში. გარკვეული ხნის შემდეგ მამებს ზეგარდმო ეუწყათ, რომ სვიმეონის დედა და იოანეს მეუღლე სასუფევლის ნეტარებას ეზიარნენ. მოსაგრეებმა კიდევ 29 წელი დაჰყვეს უდაბნოში. სვიმეონს, უფლის ნებით, დაებადა აზრი, რომ ისინი მოყვასის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, რისთვისაც აუცილებელი იყო ერში გასვლა; მაგრამ წმიდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოს ვერ დატოვებდა. სვიმეონი იერუსალიმისკენ გაეშურა და თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ საფლავსა და სხვა სიწმიდეებს. საოცარი თავმდაბლობის გამო იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ღირსი გაეხადა მოყვასის იმგვარი მსახურებისა, რომ მათგან განდიდება არ დაემსახურებინა. წმიდა მამამ ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი შეშლილივით იქცეოდა, უცნაური საქციელის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას... მაგრამ თავის შეურაცხმყოფელთათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა: ეშმაკებს განასხამდა, სნეულებს კურნავდა, უეცარი სიკვდილისაგან იცავდა განსაცდელში ჩავარდნილთ, ურწმუნოებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა, ცოდვილებს კი - სინანულად... გამოგონილი სისულელის საფარქვეშ აღსრულებული ამ სასწაულებისა და ქველისსაქმეების სანაცვლოდ იგი არც ქებას იღებდა და არც მადლობის სიტყვას.

იოანე დიდად აფასებდა სულიერ ძმას: თუ მასთან უდაბნოში ემესის მკვიდრთაგან ჩავიდოდა ვინმე რჩევა-დარიგების სათხოვნელად, მეუდაბნოე მას სალოს სვიმეონთან გზავნიდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ედესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. როცა ნეტარის ცხედარს მიასვენებდნენ, ქალაქის ზოგ მკვიდრს საკვირველი, არაამქვეყნიურად ტკბილი გალობა ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა იგი. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც.

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი
ნეტარი ანდრია სლავი იყო. სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებაში განსწავლა. ნეტარი თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა. წმინდანთა ცხოვრებებს გულმოდგინედ კითხულობდა და ბოლოს მათი ღვაწლის მიბაძვის სურვილით აენთო.

ერთხელ სიზმარში მამა ანდრიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა: "შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში". იმ დღიდან ნეტარმა ქალაქის ქუჩებში ძონძებით სიარული დაიწყო. ღამე ლოცულობდა და უფალს ავედრებდა თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის წმინდა ანდრიას წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭი უბოძა. ქრისტესთვის სალოსმა პირუთვნელი მხილებით მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული დაღუპვისაგან იხსნა. მათ შორის იყო ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობამ შეიპყრო, მამა ანდრიას წყალობით კი კვლავ წმინდა ცხოვრებას დაუბრუნდა.

ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღვთისმშობლის ხილვის ღირსი გახდა. იქ შეკრებილ მლოცველებს წმინდა ქალწულმა თავისი თავსაბური გადააფარა. უფლის რჩეული 936 წელს აღესრულა.

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი, ათონელი (+1354)
ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი 17 წლის იყო, როცა ოჯახი დატოვა, მონაზვნობა შეიმოსა და მაკედონიის საუკეთესო მოძღვრის, ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ წმიდა მაქსიმე ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული რამდენიმე მეუდაბნოე მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა მოღვაწეობას. კონსტანტინოპოლში ჩასული წმიდანი გამუდმებით ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა და თითქმის დაყუდებულის ცხოვრებით ცხოვრობდა. ადამიანთაგან განდიდების საფრთხეს რომ განრიდებოდა და თავისი ღვაწლი დაეფარა, მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. ათონზე ღირსი მამის ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. იგი აქ, წმინდა მთის მწვერვალზე, ღმერთმა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი გახადა. როცა წმიდანმა თავისი ხილვის შესახებ ერთ ბერს მოუთხრო, ამ უკანასკნელმა იგი მოხიბლულად ჩათვალა. ეს უნდობლობა ღვთის რჩეულმა სასიკეთოდ გამოიყენა: ხიბლისა და ამპარტავნების საფარქვეშ დამალა საოცარი ღვაწლი. რომ განემტკიცებინა აზრი თავისი შეშლილობის შესახებ, ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს. მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალივიტი - ტალავართმმუსვრელი (ის, ვინც ტალავრებს წვავს). წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა, მაგრამ ვერ იცვლიდნენ წინასწარ აკვიატებულ აზრს მის შესახებ. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა (+დაახლ. 1310; ხს. 8 აგვისტოს), მოხიბლულად მიჩნეულ ბერთან საუბრის შემდეგ გაოცება ვერ დამალა, - ეს ხომ მიწიერი ანგელოზია! ღირსმა გრიგოლმა დაჟინებით სთხოვა მაქსიმეს, შეეწყვიტა სალოსობა და ერთ ადგილზე დამკვიდრებულიყო, რომ სხვებსაც შესძლებოდა მისი სულიერი გამოცდილების გაზიარება. წმიდანიც დამორჩილდა გრიგოლისა და სხვა ბერების ვედრებას და ერთ გამოქვაბულში დასახლდა, ცნობილი ბერის ისაიას მეზობლად. მაქსიმე წინასწარმცნობელობის მადლით იყო დაჯილდოვებული. მისთვის მიუმართავთ, შემდეგ კი წინასწართქმულის სიზუსტით გაოცებაში მოსულან თვით ბიზანტიის იმპერატორებიც - იოანე პალეოლოგოსი (1341-1374) და იოანე კანტაკუზენე (1341-1355). წმიდანი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთ წმიდა მამას იგი ჰაერში მოსიარულეც უნახავს.

ღირსმა მაქსიმემ მხოლოდ სიკვდილის წინ აიღო ხელი განდეგილობაზე და ათანასეს ლავრის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში.

"ისინი, ვინც ღვთის განსაკუთრებული მოწოდების გარეშე ტვირთულობენ სალოსობის ღვაწლს, ყველანი ხიბლში ვარდებიან. მათგან ერთი თუ აღმოჩნდება ისეთი, ვინც ხიბლში არ იყოს და არ დაიღუპოს. სალოსების უმრავლესობა ამ დიდი და მძიმე ღვაწლის თვითნებურად მტვირთველი, კაცთა მოდგმის მტრის მიერ აღძრული ადამიანები არიან. ჭეშმარიტი სალოსი შეიცნობა მეტყველებისა და ხედვის გამოუთქმელი სიწმინდითა და ცხოვრების წესით", - წმინდა სერაფიმე საროველი.

ბეჭდვა
1კ1