იცი, შვილო, საქართველო გამთლიანდება და ძველ საზღვრამდე მივა. მაშ?
იცი, შვილო, საქართველო გამთლიანდება და ძველ საზღვრამდე მივა. მაშ?
ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა):

- უწმინდესმა სინოდზე დააყენა საკითხი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით. სინოდმა იმსჯელა და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა საზოგადოებაში უკვე მომწიფებული იყო და დიდი ხანი ელოდნენ ამ საკითხის განხილვას. საქართველოში ძნელად მოიპოვება წმინდანი, რომლის შერაცხვას ასე ელოდებოდა ქართველობა. თითქმის ყველას სახლში, სამუშაო ადგილას, მაღაზიაში ნახავთ მამა გაბრიელის პატარა ნახატს და სურათს. ვიდრე წმინდა სერაფიმე საროველს წმინდანად შერაცხავდნენ, ის უკვე აღიარებული იყო ხალხში და ყოველ ოჯახში, ყოველ ოთახში იყო მისი სურათი ან ნახატი. ასე იყო მამა გაბრიელის შემთხვევაშიც. როგორც წესი, წმინდანად შერაცხვა ხდება მრავალი წლის შემდეგ. მაგალითად, წმინდა ილარიონ ქართველი-ყანჩაველი წმინდანად შერაცხეს გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ. უდიდესი წმინდანი სერაფიმე საროველი წმინდანად შერაცხეს აღსასრულიდან 70 წლის შემდეგ. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ გავიდა 17-18 წელი და დადგა მისი წმინდანად აღიარების საკითხი. რატომ? იმიტომ, რომ გამოჩნდა ღვთის ნება, ისეთი სასწაულები ხდება მამა გაბრიელის საფლავზე, ისეთი განკურნებები და სიყვარული, რომ ალბათ ეს იყო ნიშანი ამ საკითხის განხილვისა, რამაც დიდად გამახარა.

წმინდა სინოდის წევრების უმრავლესობა იცნობდა მამა გაბრიელს. პირადად, რა თქმა უნდა, მეც ვიცნობდი და ამით ბედნიერი ვარ. არაერთხელ მითქვამს, რომ მამა გაბრიელი თავიდანვე გამორჩეული ადამიანი გახლდათ. ვაღიარებ, რომ მეშინოდა გულში, გონებაში რაიმე ცუდის გაფიქრება მასთან ყოფნის დროს, რადგან ვგრძნობდი, აზრებს, ფიქრებს კითხულობდა. ასეთი გრძნობა მქონდა. თუ ეს მაშინ იყო ეჭვი, მით უმეტეს ახლა, წმინდანად შერაცხვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტად ასე იყო.

დიდი მადლიერებით და დიდი სიხარულით ვიხსენებ სვეტიცხოველში ჩემს ყოფნას. გვერდიგვერდ ტახტებზე გვეძინა. ადგილი არ იყო სვეტიცხოველში და ერთ პატარა ტახტზე მთელი ღამე მეძინა მამა გაბრიელის გვერდით, მაშინ სრულიად ახალგაზრდა ბერი ვიყავი. იმ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ახლა ძალიან მიხარია.

რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას. ქართული ეკლესიური ტრადიცია არ გულისხმობს და არ ტვირთულობს საფლავის გახსნას. თვით წმინდა დავით აღმაშენებლის, წმინდა ნინოს საფლავები ხელშეუხებელია, თუმცა რამდენადაც ვიცით, წმინდა დავით აღმაშენებელი იყო აღმოყვანილი და დაბრძანებული გელათის საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ, რადგან ურჯულო და დამპყრობელ მაჰმადიანებს საფლავიდან არ ამოეთხარათ. არ არის ჩვენი ტრადიცია წმინდანთა საფლავების გახსნა. ეს ტრადიცია არის რუსეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში. წმინდანად შერაცხვის შემდეგ ხსნიან საფლავებს. ჩვენ ვწყვეტთ, რომ მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნას და მისი წმინდა ნაწილები გადაბრძანდეს ტაძარში. მაგრამ როდის იქნება ეს, ჯერ არ ვიცით. ამას უწმინდესი გადაწყვეტს. დაინიშნება დღე, როდესაც მთელი საქართველო ჩაბრძანდება სამთავროს მონასტერში. მამა გაბრიელი ამბობდა: ჩემი საფლავის გახსნის დროს ნახევარი საქართველო თუ მთელი მსოფლიო მოვაო. გვეგონა, ხუმრობდა. არადა, მართლაც ასეა. უამრავი ხალხი ელოდება ამ დღეს. საფლავის გახსნის დროს ყველა მიიღებს კურნებას და დალოცვას. იქნება დიდი სიხარულის დღე. არიან წმინდანები, რომელთა სხეულები სრულიად უხრწნელია. მთავარია, რომ მამა გაბრიელი წმინდანია თავისი ცხოვრებით. კიდევ ის არის დამახასიათებელი, რომ უდიდესი სიყვარული დატოვა მამა გაბრიელმა, თავისი ხუმრობებით, თავისი უცნაური მოქმედებითMმან მიიყვანა ადამიანები უფლისკენ.Aამას უნდა დავაკვირდეთ, თავისკენ კი არ მიიყვანა, თავისი თავი კი არ გააკერპა, რომ წმინდანია, ადამიანები მიიყვანა ეკლესიაში, ღმერთთან.

მაშინ ახალგაზრდა ბერი ვიყავი. სვეტიცხოველში ერთი ქალი ჩემს თვალწინ აქებდა მამა გაბრიელს, - მამა გაბრიელ, თქვენ წმინდანი ხართ, თქვენ ასეთი ხართ და ასე შემდეგ. არ მომეწონა ამ ქალის საქციელი. გავაჩერე და ვუთხარი: - მამა გაბრიელ, რას ამბობს ეს ქალი, არ იცის, რომ შენ ყველაზე ცოდვილი ხარ ამქვეყანაზე? ეს გამოუცდელობამ მათქმევინა. ახლა ამას როგორ გავბედავდი. მამა გაბრიელს გაეღიმა და თქვა, - ხედავ, რა ენა აქვსო? ამ ნათქვამითMმომეფერა. პირად შეურაცხყოფას ყოველთვის მოთმენით იღებდა. ვიხსენებთ მის ხუმრობას, "კარალევა შანტაკლერას" როგორ მღეროდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანი, მოყვასი უყვარდა. ხშირად ამბობდა სიტყვას - მოყვასო, ასევე: სიყვარული ღმერთთან მიდის, სული უკვდავიაო. ასეთი რამ აღარ განმეორდება. მე მინდა ვთქვა, რომ ვინც ბაძავს მამა გაბრიელს, ვისაც ამის სურვილი აქვს, ის ვერ შეძლებს ამის გამეორებას, რადგან მამა გაბრიელი ერთადერთი და განუმეორებელი იყო.

***
გაზაფხულიდან ღმერთო, შენით, ლიკანში, მომავალი რეზიდენციის ეზოში, ვიწყებთ ბაზილიკური ტიპის ტაძრის მშენებლობას ბერი გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელზე.

საფლავზე რომ ხდება სასწაულები, ეს, რა თქმა უნდა, ნიშანია ღვთის განცხადების. სასწაული არის ან ღვთისგან ან ბოროტისგან. საშუალო არ არსებობს. ბოროტი სასწაული ყოველთვის დროებითი და მოჩვენებითია. ის არ კურნავს ადამიანს. ღვთის სასწაული ნამდვილი სასწაულია. რაც ხდება მამა გაბრიელის საფლავზე, მას მართლა ღმერთი კურნავს. ღმერთმა გამოარჩია ბერი გაბრიელი. ამ სასწაულებს ადამიანი უფალთან მიჰყავს. მთავარია ღმერთი, სიყვარული, ეკლესია ღვთისმშობელი და ის გამორჩეული ბერი, რომელიც მოღვაწეობდა იმ წლებში და ჩვენ გვქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავით მის გვერდით, ვუსმენდით მის დარიგებას, მის სიყვარულს. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ მე, ცოდვილმა, ასეთი დიდი წმინდანის ყურადღება დავიმსახურე. მამა გაბრიელმა თავისი მანტია რომ მაჩუქა, დღემდე სულ გვერდით მაქვს. ვემთხვევით და ხალხს ამით ვანუგეშებთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ წმინდა მამა გაბრიელის მადლი. მამა გაბრიელმა მითხრა, - იცი, შვილო, საქართველო გამთლიანდება და ძველ საზღვრამდე მივა. მაშ? ბოლოს, ასე დაამატა, - მოვა დრო და ეს აღსრულდება.

წმინდა მამა გაბრიელის მადლი ფარავდეს თქვენს მკითხველს, თქვენს ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამინ!

მამა გაბრიელს გამოეცხადა წმინდა ანტონ მარტყოფელი
და უთხრა, იმ დღეს ასულიყო მარტყოფში
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე):

- როცა მარტყოფის, ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი ვიყავი, სამოქალაქო ომი იყო და, სამწუხაროდ, სოფელ ნორიოს მკვიდრნიც უარყოფითად იყვნენ განწყობილნი ღვთაების მონასტრის მიმართ - მონასტერში იარაღი ინახება და იქ შეიარაღებულები არიანო. სოფელი ვერ ეგუებოდა იმას, რომ ღვთაების მონასტერი საპატრიარქოს გადაეცა. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დაპირისპირება იყო. დაახლოებით 30 კაცი მყავდა მონასტერში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამი კვირის გახსნილი იყო მაშინ მონასტერი. მანამდე მას სხვა დანიშნულებით იყენებდნენ.

დაპირისპირებულები დაგვემუქრნენ, - ეს ჩვენი მონასტერია, ამოვალთ და გაგყრითო. ალბათ ჩხუბი მოხდებოდა, შეიძლება ვიღაცაც კი დაღუპულიყო. თურმე მამა გაბრიელს გამოეცხადა წმინდა ანტონ მარტყოფელი და უთხრა, იმ დღეს ასულიყო მარტყოფში. მართლაც ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილს, ოთარ ნიკოლაიშვილს (რომელიც მამა გაბრიელთან დადიოდა), სთხოვა მამა გაბრიელმა, მანქანით წაეყვანა ღვთაების მონასტერში. ოთარმა მითხრა, გზაში ბევრი სასწაული მოხდაო. თითქოს ვგრძნობდი, წმინდა ანტონ მარტყოფელი მოგვყვებოდაო.

მამა გაბრიელი მონასტერში დიდი სიხარულით მივიღეთ. საღამო იყო. რამდენიმე კაცი, ვინც გაყრით გვემუქრებოდა, ჩვენთან წამოვიდა და მამა გაბრიელმა ისეთ დღეში ჩააგდო... მადლობა ღმერთს, რომ იმ დღეს მამა გაბრიელმა სიკვდილს გადაგვარჩინა. ეს მართლაც სასწაულია. წმინდა ანტონ მარტყოფელმა მოიყვანა მამა გაბრიელი და დაიცვა მთელი მონასტერი განსაცდელისგან.

საოცარი პიროვნება იყო მამა გაბრიელი, ხშირად უწევდა მონასტერში მოსვლა. ბევრჯერ გვთხოვდა ტრაპეზის გამზადებას. თვითონ საჭმელს პირს არ აკარებდა და მშივრებს დაპატიჟებდა.

1986 წლიდან 1995 წლამდე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, სწავლის მერე ჩავდიოდი მცხეთაში და სამთვაროს დედათა მონასტერში ვრჩებოდი, სტიქაროსანი ვიყავი. მამა დავითს (მეუფე დანიელი) ვეხმარებოდი. მამა გაბრიელს კარგად ვიცნობდი. 1990 წელს, მღვდლად რომ აკურთხეს, მას შემდეგ დედათა მონასტერში იყო და მონასტრის კოშკში ცხოვრობდა. ყოველდღე ვხვდებოდი. მწირველი მღვდელი ვიყავი და თავად ყოველთვის შემოდიოდა წირვაზე, ქადაგებდა. უმეტესწილად ასწავლიდა მრევლს და მონაზვნებს, რომ არ განეკითხათ ადამიანები. ვინც განიკითხავს, იმ განკითხვითვე იქნება განკითხულიო, ამბობდა. ყოველთვის სიყვარულზე ქადაგებდა.


ბეჭდვა
1კ1