ნეკა თითს ჩააწებდა თაფლში და პირზე დაიდებდა
ნეკა თითს ჩააწებდა თაფლში და პირზე დაიდებდა
დავით გიორგობიანი: მამა გაბრიელზე, დღეს უკვე წმინდანად შერაცხულ ღირს მამა გაბრიელ სალოსსა და აღმსარებელზე ძალიან ბევრი წიგნი დაიწერა , ბროშურა გამოიცა, უცხოეთშიც გავიდა მისი სახელი, მისი ქრისტესმიერი სიყვარული. მადლობა უფალს, რომ იმის ღირსი გაგვხადა, რომ მას პირადად ვიცნობდი და იმასაც მოვესწარი, რომ წმინდანად შერაცხა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ამას წინ უძღოდა დიდი მოლოდინი, შფოთი, ნერვიულობა. იმდენად ახლოს იყო ჩვენთან, რომ ბევრს სურდა, უფრო ადრე შერაცხულიყო წმინდანად. პირადად ჩვენთვის, ვინც ახლოს ვიცნობდით, ის უკვე წმინდანი იყო. როდესაც ვიხსენებ მამა გაბრიელს, შემიძლია ვთქვა, რომ თითქოს პირველი საუკუნის მოციქულები მენახოს, მათთან ერთად ვყოფილიყავი და მომესმინა მათი ქადაგება, მადლიანი სიტყვა... როცა მამა გაბრიელთან მივდიოდი, იმ დღეს ყველაფერი იშლებოდა მის გარშემო - საზღვრები, დრო, წელი, წუთი, წამი.

***
ქრისტე უფალი ყველაზე მეტად მამა გაბრიელმა შეგვაყვარა და დაგვანახვა რეალურად მოქმედი ცოცხალი ღმერთი. მამა გაბრიელი იყო უფლის უდიდესი სიყვარულის განსახიერება. რასაც ამბობდა ან აკეთებდა, ყველაფერი მადლის მიერ იყო გაკეთებული. რასაკვირველია, ბევრი ვერ ერკვეოდა, რადგან მამა გაბრიელი დიდ სიბრძნეს ფარავდა. როცა თავის დამდაბლება სურდა, უცნაურად იქცეოდა, რვალის დიადემას დაიდგამდა, ფეხშიშველი გამოვიდოდა. ადამიანები რომ დაამცირებდნენ, თავის თავზე ამბობდა, - რა ცოდვილი და ნაგავი ვარო.

პირველი შეხვედრა
სულ პირველად მამა გაბრიელი დავინახე სიონის ტაძარში. ანაზდად სალოსური მოქმედებები დაიწყო. გაშალა ხელები და ხმამაღლა რამდენჯერმე დაიძახა, - ანტიქრისტეებო! უწმინდესი საღამოს ლოცვას ატარებდა მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. ვიფიქრე, დაიჭერენ-მეთქი. ამ დროს პირუკუ ხდება. მორწმუნეების ნახევარი მოცვივდა მამა გაბრიელთან, ჩაუვარდნენ მუხლებში და კურთხევას იღებდნენ. შორიდან გულში განვიკითხავდი მამა გაბრიელს. მან ისე გამომხედა, მივხვდი, ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ. თითქოს თავი დამანახა და შემრცხვა.

მეორედ სამთავროში, მის კელიაში ვნახე - ერთ მორწმუნეს რაღაც საქმეზე მივყევი. მესამედ ვნახე ანჩისხატის ტაძრის შესასვლელში. გულზე ხატი ეკიდა, თავზე ჯვრიანი ქუდი ეხურა, სალოსურად ეცვა. მამა გაბრიელ-მეთქი, მივმართე. მაშინ დამწყები მორწმუნე ვიყავი. თქვენზე ძალიან ბევრ ცუდს ამბობენ და განგიკითხავენ. გიყურებთ და ძალიან საყვარელი ადამიანი ჩანხართ. თქვენ ქრისტესთვის სალოსი ხომ არ ხართ, მითხარით, არავის ვეტყვი-მეთქი. მრავალმნიშვნელოვნად დამიქნია თავი. გულში ვიფიქრე, რა სალოსი იქნება, მაშინ თანხმობას ხომ ვერ მეტყოდა-მეთქი. იმ დროს გიდასტურებდა, როცა ვერ ხვდებოდი. უარი რომ ეთქვა, არ ვარო, მაშინ ვერაფერს გავიგებდი.Aამიტომ არ მიკვირს, თუ ბევრმა ვერ გაუგო მას. ძალიან შევიწროებული იყო ყველასგან და ცოტანი უგებდნენ ღვთის განსაკუთრებული წყალობით. თავს რომ დაიმდაბლებდა, ხშირად მიფიქრია, ამაზე ცუდი არავინ არის-მეთქი. მეორე წამს გაფიქრებინებდა, ამაზე დიდი წმინდანი არავინააო. საბოლოოდ მივხვდით, რომ ასეთი მრავალმხრივი, დიდად ბრძენი, მოსიყვარულე, საოცარი ნიჭების მქონე ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. დაფარული მისთვის არაფერი იყო. არც ჩვენი წარსული, არც დღევანდელი, გონებასა თუ გულში გაელვებული ფაქტები.

***
მამა გაბრიელს ხშირად დარევდა ხოლმე ხელს ისეთი ავადმყოფობა, რომ ყველას ეგონა, მოკვდებაო, მაგრამ უცებ გაცოცხლდებოდა. მასზე ასეთი ძალთაქმედება ხდებოდა. ბოლო პერიოდში არავის სჯეროდა, რომ შეიძლება გარდაცვლილიყო. მიწაზევე უკვდავი გვეგონა. ვერ გახდა ჩვენი ერი ღირსი, რომ დიდხანს ეცოცხლა ჩვენთან ერთად მიწაზე. ადრე წავიდა ამქვეყნიდან.Gგასახარი ის არის, რომ წლების მერე წმინდანად შეირაცხა.

2005 წელს უწმინდესს ვთხოვე ლოცვა-კურთხევა, რომ მამა გაბრიელზე ფილმი გადამეღო. მინდოდა, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის კადრები შესულიყო ამ ფილმში. შვიდი წელი გავიდა, უკვე მონტაჟამდე მივედი და მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხეს.Aამას წინ უძღოდა საინტერესო ამბავი. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინა საღამოს მივედი უწმინდესთან, ვთხოვე, მამა გაბრიელზე ფილმს რომ ვიღებ, მამა გაბრიელს თქვენი სიტყვა შეაწიეთ-მეთქი. მაშინ ჯერ არ იყო წმინდანად შერაცხილი. უწმინდესმა ბრძანა: დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ხანში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შერაცხავს წმინდანთა დასში მამა გაბრიელს, თუმცა ახლაც მეოხია იგი ღვთის წინაშეო. ერთი კვირა არ იყო ამ სიტყვების შემდეგ გასული, რომ გავიგე მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა. იმდენად დიდი მამა იყო ის ჩვენთვის, რომ აღმსარებელი და სალოსი თითქოს არ გვაკმაყოფილებს, თითქოს გვაკლდება სიტყვა განღმრთობილი. განღმრთობილები ერთეულები იყვნენ.


თვითონ იყო განღმრთობილი მამა, ანუ მისი სული და სხეული სულიწმინდის მადლში იმყოფებოდა და რასაც ამბობდა, ღვთისას ამბობდა. სალოსობდა და ამით იფარავდა ღვთისგან მიღებულ თავის უკიდეგანო მადლს. იმდენად წმინდად ცხოვრობდა, რომ ფიქრებიც კი არ ჰქონდა არაწმინდა. რას ჭამდა და რას სვამდა, კაცმა არ იცის. თითს ჩააწებდა ხოლმე თაფლში და ჩაიდებდა პირში. როცა დილიდან საღამომდე მასთან ვიყავით, სუფრას გაგვიშლიდა, ჩვენ გვაჭმევდა, გვასმევდა. ვიხსენებ თვითონ რას ჭამდა, რას სვამდა. არაფერს...

ახლა რომ წესი არის მისი ზეთის შუბლზე წაცხება, ეს ამბავი ჩემი მასთან ყოფნის დროს მოხდა.

***
მამა გაბრიელმა ერთ ჩემს მეგობარს უთხრა. იერუსალიმიდან ცეცხლი ჩამომიტანეს და კანდელზე ანთია, მიდი და შუბლზე იცხე ზეთიო. მანაც საჩვენებელი თითი ჩაყო ზეთში და წაისვა. მამა გაბრიელმა დასჭექა, - ეს რა ქენიო, კინაღამ გული შეუწუხდა, - როგორ გაბედე საჩვენებელი თითის შიგ ჩაყოფაო. მერე მე მითხრა, - აბა, ახლა შენ მიდი და იცხეო. კანდელთან შეშინებული მივედი და ნეკა თითი ჩავაწე. გაუხარდა, - დიდებულიაო.

მამა გაბრიელის ზეთს რომ ვისვამთ, დაწესებულ წესში ხომ წერია, ნეკა თითი ჩააწეთ ზეთში და ისე წაისვითო, ეს ნიშნავს მოკრძალებას. მოკრძალება კი მით უმეტეს სიწმინდის მიმართ გვმართებს.

იმედი მაქვს, ქართველი ერი ძალიან დიდ ცოცხალ რწმენაში შევა მამა გაბრიელის ლოცვით. მამა გაბრიელს ერთხელ ჰკითხეს, რაზე ვიქადაგოთო, იმაზე, რომ ზნეობა დაეცა საქართველოშიო.

***
მახსენდება, მამა გაბრიელმა ჩემთვის როგორ იტირა. იმხელა ცრემლებით ტიროდა, რომ სულ ბახაბუხით ენარცხებოდა მიწას. ადამიანი შენთვის ასე რომ იტირებს, ხვდები, როგორ უყვარს თითოეული ადამიანი.

***
ერთხელ ერთი ადამიანი მოიყვანეს მის კელიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში. აღაპყრო მამა გაბრიელმა მაღლა ხელები და თქვა, - ახლა აქ არის სული წმინდა. შეგვეშინდა. მერე იმ გაჭირვებულს მიუბრუნდა, - შვილო, მე ვილოცე ღვთის წინაშე და მიგეტევა ყველა ცოდვა. გაფრთხილდი, აღარ გაიმეორო ის, რასაც აქამდე აკეთებდი, თორემ უარეს დღეში ჩავარდებიო. წამოვიდა ეს ადამიანი ფრენით, გახარებული მოდიოდა ჩვენთან ერთად. ილოცა და განიკურნა. მამა გაბრიელმა საკუთარ თავზე აიღო ამ ადამიანის ცოდვები.

***
დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა, მისი საფლავის გახსნა, აწყურის ხატის ამბის არსის გაგება ერს ფეხზე დააყენებს, სულიერად დაიცავს, დიდ რწმენაში შეიყვანს და ძალიან შეეწევა.

ბეჭდვა
1კ1