ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა
ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა
ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვაო, - უთქვამს წმინდა გაბრიელს. მართლაც, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის მამა გაბრიელის საფლავთან, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი. კანდელის ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისაგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. გარდაცვალებამდე სინჯარაში აღებული მამა გაბრიელის სისხლი დღემდე უხრწნელია და არაერთ სასწაულს ახდენს.

სიცოცხლეშივე ღვთის მადლით ბევრ სასწაულს ახდენდა წმინდა ბერი. ერთ მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ავად. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. მამა გაბრიელმა სნეული თავისთან მიაყვანინა, ღვთისმშობლის დიდი ხატი წყლით ჩამორეცხა, ნაბანი წყალი სნეულს დაალევინა. ქალიშვილი მაშინვე განიკურნა.

ერთხელ მამა გაბრიელს სულიერი შვილი ესტუმრა. ბერი წესისამებრ გაუმასპინძლდა. ყმაწვილმა ტაფაში ჩარჩენილი კარტოფილი მოასუფთავა, არ ეყო. დედა პარასკევამ მოძღვარს უთხრა, - დასათლელი კარტოფილიც აღარ გვაქვსო. ჰო, კარგი, - ჩაილაპარაკა ბერმა, მერე კი სტუმარს მიმართა: - გადი, აბა, გაიხედე, ეზოში ორი მონაზონი ხომ შემოვიდაო. ყმაწვილი გარეთ გავიდა. მართლაც ამ დროს მონასტრის ეზოში მონაზვნები შემოვიდნენ. შემოვიდნენო, - მიუგო ბერს. კარგი, დაჯექი და კარტოფილი გადაიღეო, - შესთავაზა მამა გაბრიელმა. ტაფა სავსე იყო შემწვარი კარტოფილით, ყმაწვილმა კერძი თეფშზე გადაიღო და ჭამა განაგრძო. უეცრად ლუკმა ყელში გაეჩხირა: - წეღან ხომ ტაფაში აღარაფერი იყო, ბოლო ლუკმა მე შევჭამე, ეს კარტოფილი საიდანღა გაჩნდაო.

უფლის სიყვარულისა და რწმენის გამო ბერს ისეთი ძალა ჰქონდა მინიჭებული, რომ თავისუფლად შეეძლო კოკისპირული წვიმა შეეჩერებინა. ამის დასტურია ერთი ეპიზოდი ბატონ ლევან რევაზიშვილის მოგონებიდან:

"მეზობლის ქელეხში თამადა ვიყავი. სუფრა ღია ცის ქვეშ იყო გაშლილი. ამ დროს წვიმა წამოვიდა. მამა გაბრიელს ვთხოვე, შეეჩერებინა. ბერი წამოდგა, პირით აღმოსავლეთისკენ დადგა და ლოცვა დაიწყო. წვიმამ გადაიღო. ამ სასწაულის შემხედვარემ ბერს საქართველოს მოძღვარი ვუწოდე და ასე მივმართავდი სიცოცხლის ბოლომდე.

ბერი გაბრიელისთვის მანძილი დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, იგი ყველგან იყო და ყველას გაჭირვებას გრძნობდა. მცხეთის მკვიდრი აკაკი მარტოლეკი იხსენებს ერთ მნიშვნელოვან და სამწუხარო ფაქტს საქართველოს ყოფიდან:

"1992 წლის 1-ელ იანვარს თბილისში დატრიალებული ძმათა მკვლელი ომის დროს ტრაგიკულად გარდამეცვალა ბიძა. მიცვალებულისათვის გვჭირდებოდა კანდელი. სამთავროს დედათა მონასტერში, ფერისცვალების ტაძარში მივედი შესაძენად, მაგრამ მათ კანდელი არ ჰქონდათ. გადავწყვიტე სხვაგანაც მეკითხა. ტაძრიდან გამოვედი თუ არა, დავინახე მამა გაბრიელი კიბეზე ჩამოდიოდა.

"აკაკი, ამოდი ჩემთან", - დამიძახა და აბრუნდა. მაშინვე ავირბინე კიბეები და შევყევი მრგვალ კოშკში, სენაკში. "ვიცი, ეს შენ ძალიან გჭირდება", - მითხრა, ჩამოხსნა თავისი ხელით გაკეთებული კანდელი და გადმომცა. გაოგნებული და გაკვირვებული ვფიქრობდი: როგორ გაიგო ჩემი ტაძარში მისვლის მიზეზი, ის ხომ შორს იყო ტაძრიდან. ისე დავიბენი, მადლიერება როგორ გამომეხატა, აღარ ვიცოდი. ბევრჯერ მსმენია მამა გაბრიელის ღვთივმიმადლებულ უნარზე, ადამიანის განაფიქრის ამოცნობა რომ შეეძლო, მაგრამ ჩემს თავზე განცდილმა ფაქტმა გამაოგნა.

ერთ მორწმუნე ქალბატონს საზღვარგარეთ ჰყავდა ვაჟი. ერთხელ იყიდა მამა გაბრიელის სურათი და თავისი სახლის შემოსასვლელში დაკიდა. ლოცულობდა და ხშირად ავედრებდა შვილს მამა გაბრიელს. როდესაც მისი ვაჟი საკუთარი მანქანით საქართველოში ჩამოვიდა და შინ შესვლისთანავე მამა გაბრიელის სურათი დაინახა, გაკვირვებულმა დედას ჰკითხა: ეს ვისი სურათია? ეს კაცი მთელი გზა, ძილი რომ არ მომრეოდა, მაფხიზლებდა და მამხნევებდაო.

კიდევ ბევრი სასწაული აღსრულდა და დღესაც სრულდება წმინდა გაბრიელის ლოცვითა და მადლით. ის ყველას შეეწევა, ვინც იცნობდა, თუ სიკვდილის შემდეგ გაიცნო. მის საფლავზე მისულ ადამიანთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. საოცარია ის სიმშვიდეც, რომელიც სამთავროს დედათა მონასტერში, მამა გაბრიელის საფლავზე თუნდაც 5 წუთის განმავლობაში გაჩერებულ ადამიანს ეუფლება.

ბეჭდვა
1კ1