ჩემთვის მამა გაბრიელი იმ წუთიდან წმინდანი გახდა
ჩემთვის მამა გაბრიელი იმ წუთიდან წმინდანი გახდა
1. შეხვედრიხართ თუ არა მამა გაბრიელს ცხოვრებაში და თუ გიგრძვნიათ მისგან შემწეობა?

2. რამდენად მოსალოდნელი იყო თქვნთვის, რომ მამა გაბრიელი ასე მალე შეირაცხებოდა წმინდანად ეკლესიის მიერ?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: შპს "კასპის" კომერციული დირექტორი ივანე წილიკიშვილი, მამათა მონასტრის მორჩილი შალვა თევდორაძე, პედაგოგი რუსუდან უგრეხელიძე და სოციოლოგი ლეონ ფირცხალავა.

ივანე წილიკიშვილი, 56 წლის, ეკონომისტი, ჰყავს მეუღლე - ნანა შოშიტაშვილი და ქალიშვილი თეა.

1. მამა გაბრიელს არასდროს შევხვედრივარ. მასთან გაჭირვებამ დამაკავშირა, 2004 წლის დასაწყისში ძალიან რთული დიაგნოზი დამისვეს მე-9 საავადმყოფოს კლინიკა "ჰემაში", ტვინის ტოტალური ფიბროზი, იგივე სიმსივნე, თანდართული C ჰეპატიტი, სისხლში ჰემოგლობინი 24-მდე მქონდა, ლეიკოციტები კი - 310. ანალიზების იგივე პასუხები მოვიდა მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, გერმანიიდან. იწერებოდნენ, რომ არ გირჩევთ ავადმყოფის ჩამოყვანასო... ამასვე ფიქრობდნენ პროფესორი ირაკლი თოფურიძე და ჩემი მკურნალი ექიმი ნინო ცუცქირია. თვეზე მეტხანს დავყავი საავადმყოფოში, შემდეგ შინ გამწერეს. დაახლოებით ერთი კვირის თავზე მოვითხოვე მამა გაბრიელის საფლავზე წასვლა. გაგონილი მქონდა, ბევრი სასწაული მოახდინაო. ძალიან გამიჭირდა მგზავრობა, საფლავამდე ხელით მიმიყვანეს. შევთხოვე გულით მამა გაბრიელს გამოჯანმრთელება, ხელებით შევეხე მის საფლავს, მერე დედა პარასკევამ გამოიტანა მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი, რომელიც შუშის სინჯარაში ესხა და როცა ამით ჯერ ტანზე, შემდეგ კი სახეზე ჯვარი გარდამსახა, სასწაული მოხდა, ფეხის თითებიდან დამეწყო დაბუჟება, რომელიც თანდათანობით ზემოთ მოიწევდა, ხელი ან ფეხი რომ დაგიბუჟდებათ, იმაზე უფრო ძლიერი დაბუჟება მქონდა, წამოვიდა ეს ტალღები ქვემოდან ზემოთ, ისე, ჭიანჭველებმა რომ გაიაროს მთელ სხეულზე, სიმწრით მეცინებოდა, ვფიქრობდი, ეს სანამ თავამდე ამოაღწევდეს, ამდენს ვეღარ გავუძლებ, ალბათ მამა გაბრიელის საფლავზე უნდა დამელია სული-მეთქი. 10 წუთში სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, თავამდე რომ ამოაღწია, ძლივსღა შევძელი პირჯვრის გადაწერა და უცებ ყველაფერი მომეხსნა. ვიგრძენი ენერგიის მოზღვავება, გამიქრა ტკივილები და ისეთი ძალა მომეცა, საფლავამდე რომ ხელით ძლივს მოვყავდი ახლობლებს, აღარავისი დახმარება აღარ დამჭირვებია, ისე დავიწყე სიარული. 2 კვირის შემდეგ გავიკეთე ანალიზები, ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჩადგა და ექიმები გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, რა წამალი მიიღე ისეთი, რომ აბსოლუტურად გამოჯანმრთელდიო, თანდათანობით მომიხსნეს პრეპარატები, ანალიზების პასუხები მართლაც დაუჯერებელი იყო. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სასწაული მოხდებოდა. მოსკოვიდან ჩამოვიდნენ კინოდოკუმენტალისტები მამა გაბრიელზე ფილმის გადასღებად და მეც ვმონაწილეობ ამ ფილმში. გადაღებებს ბატონი ოთარ ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა.

2. მას შემდეგ, რაც ჩემზე ასეთი სასწაული დაუშვა ღმერთმა, საერთოდ არ გამკვირვებია ის, რომ მამა გაბრიელი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ჩემთვის ის ყოველთვის წმინდანი იყო და უფრო ის მაკვირვებდა, ადრე რატომ არ მოხდა მისი კანონიზება.


შალვა თევდორაძე, 40 წლის, ზანდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში, ჰყავს 21 წლის შვილი ლაშა.

1. რთული ცხოვრება მქონდა, 8-9 წლის წინ გამოვედი ციხიდან მძიმედ დასნეულებული.

ერთ დღეს, იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, ლესელიძის ქუჩა გაჭირვებით ამოვიარე და ძლივს მივაღწიე ჩემი დის სახლამდე. რომ დაინახა სახეზე ადამიანის ფერი აღარ მქონდა, მიმიყვანა ხატების კუთხესთან, სადაც მამა გაბრიელის სურათი და მისი საფლავის კანდელიდან აღებული ზეთი იდო შუშით. მითხრა, ჯერ "მამაო ჩვენო" წარმოთქვი და მერე ეს ზეთი წაიცხე შუბლზე ჯვრის სახითო. მაშინ "მამაო ჩვენო" არც კი ვიცოდი. როცა ეს ლოცვა წავიკითხე და ზეთი შუბლზე ვიცხე, იმ წუთშივე მომეხსნა ტკივილი და შვება ვიგრძენი. ვაჰ, ეს რა ხდება, ეს ზეთი საიდან მოიტანე? - გაკვირვებული ვეკითხები ჩემს დას. მან დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი. მე სამთავროს ხშირი სტუმარი გავხდი და დღემდე ვსვამ და ვიცხებ ამ სასწაულმოქმედ ზეთს. მამა გაბრიელის ზეთმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მოხდა ჩემი არა მხოლოდ სხეულებრივი გარდაქმნა, არამედ სულიერი ფერისცვალებაც. შევიძინე მამა გაბრიელის სურათი, რომელზეც ასეთი სიტყვები წერია: "ცოდვილთა და უძლურთა მანუგეშებელი". მას შემდეგ ეს სურათი, სულ თან დამაქვს. მრავალი სასარგებლო რჩევა მივიღე ჩემი მოძღვრისაგან, - მამა ნიკოლოზი სოფელ უძილაურის ეკლესიის წინამძღვარია. მან 25 წლის წინ გაიცნო ბერი გაბრიელი და ხშირად მესაუბრებოდა მასზე. მე ზანდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ვიმყოფები მამა ნიკოლოზის მორჩილებაში და რაც შემიძლია, ვმონაწილეობ მონასტრის აღდგენაში.

2. ჩემთვის მამა გაბრიელი იმ წუთიდან წმინდანი გახდა, როცა ისეთი წყალობა დაუშვა, რომ უკურნებელი სენისგან განმკურნა და გამხადა ეკლესიური. თქვენ იცით, რამდენი ციხიდან გამოსული უიმედო, მძიმე სნეულებით დაუძლურებული ადამიანი მივიყვანე მის საფლავზე? - ზოგი ტუბერკულიოზის უმძიმესი ფორმით და დაშლილი ფილტვი აღუდგინა, ზოგს გულის მწვავე დაავადება ჰქონდა, ზოგს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ექიმები რომ ვეღარაფერს შველოდნენ, მამა გაბრიელის სასწაულმოქმედებით განიკურნენ, ისინი გულწრფელად მეუბნებოდნენ, ამ საფლავზე სულ სხვა განზომილებაში ვართო. ამ უდიდესი განსაცდელების ჟამს, არქიმანდრიტი გაბრიელის წმინდანობით, ღვთისგან უდიდესი იმედი გამობრწყინდა.

ღვთის დაშვებით, ბევრი პატიმარი განთავისუფლდა ციხეებიდან. მათ მინდა ვურჩიო, ხშირად მოინახულონ წმინდა გაბრიელ სალოსის საფლავი და მჯერა, რომ მისგან უდიდეს შემწეობას მიიღებენ. მამა გაბრიელი ამბობდა: "თუ ადამიანი მოყვასისთვის თავს არ გასწირავს, არაფრად ვარგა, რწმენას შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიო, რომ სიყვარული მოიპოვო. ბოლო ჟამის ადამიანებს სიყვარული გაუხმებათ, რადგან ბოროტი მოინდომებს მათი სიყვარულის წართმევას, მაგრამ ვინც დაითმენს და სულიერ სიმტკიცეს შეინარჩუნებს, აუცილებლად გადარჩება". მჯერა, ღირსი მამა გაბრიელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი საქრისტიანოს გადარჩენისთვის ლოცულობს ღვთის წინაშე. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოაკლოს ჩვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს! შეგვეწიოს ყოვალდწმინდა სამების მადლი და სიყვარული!


რუსუდან უგრეხელიძე, 53 წლის, მუსიკის პედაგოგი, ამჟამად უმუშევარი, მისი მეუღლეა მირიან ზირაქაძე, შვილები: ეკატერინე და შალვა.

1. მამა გაბრიელს პირადად არ ვიცნობდი. 10 წლის წინ მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. ოპერაციის გადადება აღარ შეიძლებოდა და იმ აზრსაც შემაგუეს, რომ შესაძლოა მკერდის მოკვეთა დამჭირვებოდა. ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავვარდი. მეზობლებმა მირჩიეს სასწრაფოდ წავსულიყავი მამა გაბრიელის საფლავზე. როგორც გაზეთ "შანსის" რედაქტორმა ბონდო ქურდაძემ მომიყვა, მის მეუღლეს მამა გაბრიელის სურათი გარეცხვამდე შარვლის ჯიბეში დარჩენოდა. რეცხვის შემდეგ, როდესაც სურათი ჯიბიდან ამოიღო, ის სრულიად დაუზიანებელი აღმოჩნდა, მამა გაბრიელის გამოსახულება მთლიანად გადასულიყო მოპირდაპირე ფურცელზე, რომელიც ამ სურათთან ერთად ედო ჯიბეში. ამ ფაქტმა მეტი იმედი ჩამისახა მამა გაბრიელისადმი და დაუყოვნებლივ გავემგზავრე მცხეთაში. ოპერაციამდე ზუსტად 18 დღე იყო დარჩენილი, მოვილოცე საფლავი და დავიწყე ზეთის წასმა. ვამჩნევდი, რომ თანდათან სიმაგრემ შერბილება და დაპატარავება დაიწყო. როცა ექიმთან მივედი, გაოცებული დარჩა, მითხრა, მოკვეთას გადარჩებიო. ოპერაცია მაინც გავიკეთე, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნე გამქრალიყო, რაც ანალიზებმაც აჩვენა. ყველაფერი საუკეთესო შედეგით დასრულდა.

ახლა მინდა მოვყვე ჩემი მაზლის შესახებ. ახალი წლის ლხინის შემდეგ ჩემს მაზლს გაუსკდა ანევრიზმა შუბლის არეში, რაც სურათებითაც გამოვლინდა. დაინიშნა ოპერაცია. ექიმებმა გვირჩიეს, დაზიანებულ ადგილზე სისხლჩაქცევა რომ ცოტათი მაინც გაწოვილიყო, ავადმყოფს ძლიერი პრეპარატი უნდა მიეღო დაახლოებით 1 კვირა. ოპერაციამდე 1-2 დღე იყო დარჩენილი, როცა ავადმყოფი გვიან ღამით ისეთ კომაში ჩავარდა, კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, გამოღვიძებისთანავე ამ სიტვების თქმა ძლივს მოასწრო, ცუდად ვარ, ჩქარა წნევა გამიზომეთო. დაეწყო კრუნჩხვები და გონება დაკარგა. მაშინ ცუდი პერიოდი იდგა საქართველოში, დიდხანს არ მოვიდა სასწრაფო, ლიფტიც არ მუშაობდა, ვიდრე მე-7 სართულიდან ფეხით დავეშვებოდი, უცებ ღმერთმა გამახსენა, რომ თან ვატარებდი მამა გაბრიელის ზეთს. დავუწყე ამ ზეთის ფეხებსა და თავზე წასმა, თან ტირილით ვამბობდი, - შენ უშველე მამა გაბრიელის ზეთო, გადაარჩინე, გამოიყვანე ამ მდგომარეობიდან-მეთქი. ზეთის წასმა დავასრულე, თითქმის მკვდარი ძმა ჩემს მეუღლესთან დავტოვე. ის იყო, სადარბაზოში გავედი, ექთანიც მოვიდა. სახლში რომ შევბრუნდი, ავადმყოფი იმდენად კარგად დამხვდა, თვალებს აღარ ვუჯერებდი. როგორც კი გახვედი, უცებ მოიხედაო, - მითხრა ჩემმა მეუღლემ. ოპერაციაც ძალიან კარგი შედეგით დასრულდა. ასე რომ, ორივე შემთხვევის შედეგს მე მივაწერ მამა გაბრიელის შეწევნას.

2. ჯერ კიდევ ჩემს ოპერაციამდე ვაღიარებდი მამა გაბრიელს ძალიან დიდ წმინდანად, რომელსაც მრავალი უიმედო ადამიანის განკურნება და გაუბედურებული ხალხის დახმარება შეუძლია. ამიტომ არ მიკვირს ის გადაწყვეტილება, რაც წმინდა სინოდმა 20 დეკემბერს მიიღო.


ლეონ ფირცხალავა, 40 წლის სოციოლოგი, მეცნიერი. მისი სადისერტაციო თემაა "ამირანის" მითი და "ვეფხისტყაოსნის" ურთიერთკავშირი. არის "ფაზისის" აკადემიის წევრი.

1. მქონდა წყალობა, შევხვედროდი მას 23 წლის ასაკში სამთავროს დედათა მონასტრის კოშკში, თავის კელიაში, მამა გაბრიელს შეეძლო ისეთი მოვლენა დაენახვებინა ადამიანისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო მისი ცხოვრებისთვის, იმ კადრს თითქოს ამოგიჭრიდა და როდესაც ამის კონკრეტული დრო და ვითარება დადგებოდა, სწორედ მაშინ გაიხსენებდი ყველაფერს.

უღმერთო ათეისტური რეჟიმის დამთრგუნველი პოლიტიკით ერი დაბეჩავებული იყო, ნებსით თუ უნებლიეთ მონური შიშით თაყვანს სცემდნენ ლენინის კერპს. აი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ბერი გაბრიელი ქართველი ერის მხსნელად. დაუპირისპირდა ათეისტურ სისტემას, ეს იყო უდიდესი გამოწვევა, წარმოუდგენელი, ჯერ არნახული და არგაგონილი, მან ყველას თვალწინ, საპირველმაისო დემონსტრაციის დროს, მთავრობის სახლთან აღმართული 12-მეტრიანი პლაკატი ლენინისა, ცეცხლს მისცა და ქადაგებდა "დიდება და თაყვანისცემა ქრისტე ღმერთს და არა ლენინს".

კომუნისტურ დიქტატურასთან გაბრიელ ბერის დაპირისპირების შემდეგ, 1965 წლიდან დაიწყო ძლიერი, მონოლითური სახელმწიფოს რღვევა. როდესაც ერს დიდი წმინდანი ევლინება, ის მუსრავს კერპებს, წმინდა ნინომ კერპი შემუსრა და მოექცა ერი, ბერმა გაბრიელმა კერპი შემუსრა, ლენინის კერპს სცემდა თაყვანს ხალხი და შეეცოდა ერი, ამის შემდეგ დაიწყო ისეთი პერიოდი, რომ აღდგა ტაძრები, ხალხი დაიძრა ეკლესიებისკენ, სწორად და მართებულად უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი, მთელი ეპოქის შემობრუნება მოხდა და ეს უდიდესი მნიშვნელობისაა.

2. სიმართლე გითხრათ, მისი წმინდანობა არ იყო ჩემთვის მოულოდნელი, მამა გაბრიელი უდიდესი წმინდანია, მისი კანონიზაცია კი უდიდესი მოვლენა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

მამა გაბრიელი ბრძანებდა: "მე სიცოცხლეში ჩემმა ერმა ვერ გამიგოვო, გაივლის დრო და ცოტას გამიგებთო, ალბათ ეს ჟამიც დადგა და ცოტა მეტად გაუგო ერმა მას, ვიდრე მის სიცოცხლეში. საბედნიეროდ, მამა გაბრიელის წმინდანად აღიარებამდე იყვნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ღიად აღიარებდნენ მამა გაბრიელის სიწმინდეს და ამბობდნენ: "ვინც მამა გაბრიელის სულიერება ვერ დაინახა, მას I საუკუნეში რომ ეცხოვრა, ქრისტე ღმერთსაც ვერ შეიცნობდა, რადგან სულიერი ხედვის უნარი არ შესწევსო". შეეწიოს წმინდა გაბრიელის ლოცვა ჩვენს ქვეყანას!


თემის განხილვაში მონაწილეობს ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა ილია ჩიკვაიძე.


- მამა ილია, რამდენადაც ვიცი, თქვენ დანახული გყავდათ მამა გაბრიელი, როგორ აღიბეჭდა მისი სახე თქვენს მეხსიერებაში და რა სულიერი კავშირი გაქვთ მასთან?


- მე მხოლოდ ერთადერთხელ ვნახე მამა გაბრიელი, 1986 წელს, საშვიდნოემბრო დემონსტრაციის შემდეგ, იგი ე.წ. რესპუბლიკის მოედანზე მობრძანდებოდა გაშლილი ხელებით, უცებ დაიხრებოდა, ნახევარ მეტანიას გააკეთებდა, მერე ხელებს ზეცისკენ აღაპყრობდა, აშკარად იგლოვდა რაღაცას, თავში ხელებს წაიშენდა, შემდეგ ისევ ზეცად აღაპყრობდა, ღმერთს შეჰღაღადებდა. იმ სადემონსტრაციო ღრეობის, ოვაციების, დაფდაფებისა და ტაშის გრიალის შემდეგ თითქოს ღვთისგან შენდობას ითხოვდა. ეცვა ნაცრისფერი ლაბადა, გაშლილი თმით მოდიოდა, ღმერთმა შემინდოს დიდ გაბრიელზე ამის თქმა, კაცი იფიქრებდა, შეურაცხადიაო. სინამდვილეში ქრისტესთვის სალოსობდა. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა დიდ მამასთან, ამის შემდეგ აღარასოდეს მინახავს.

მამა გაბრიელი ძალიან მსწრაფლშემწეა. სულიერი კავშირი ყოველთვის არსებობს ჩვენს შორის. როცა 100კმ-ის საწვავით მამა გაბრიელმა 250კმ მატარა მანქანით, მაშინ ვგრძნობდი, როგორ მივყავდი მას. ასე ბევრჯერ დამხმარებია. ჩემი ცხოვრების გადამწყვეტ პერიოდში საოცარი დახმარება აღმომიჩინა. ერთხელ, ნომერს ვამზადებდით მამა გაბრიელზე ჟურნალ "საქართველოს მოამბეში". ამასთან დაკავშირებით მეუფე თადეოზი (იორამაშვილი) ხშირად მობრძანდებოდა ჩვენთან, ბატონ ოთარ ნიკოლაიშვილსაც ვთხოვე რჩევა და მართლაც საინტერესო საუბარი შედგა. უცებ, ოთარს ძალიან ასტკივდა კბილი. მივიყვანე კბილის ექიმთან, ვუთხარი, გარეთ დაგელოდები და შინაც მიგიყვან-მეთქი. ვიდრე მანქანაში ველოდებოდი, უხილავად ვგრძნობ მამა გაბრიელის იქ მყოფობას და ისე, როგორც ცოცხალ ადამიანს, დავუწყე ჩემს მაშინდელ სატკივარზე საუბარი - ხდებოდა ჩემი მზადება სასულიერო პირობისთვის. მეშინოდა. ყოველთვის მეგონა, და დღესაც ასე ვფიქრობ, სასულიერო პირობა უდიდესი ჯვარია, ძალიან დიდი ტვირთი, რადგან ერისკაცთან შედარებით მისი ცხონება ბევრად უფრო ძნელია. დარწმუნებული, რომ მამა გაბრიელი მისმენს, ვედუდუნები, - მამა გაბრიელ, შენ გენაცვალე, დამიდასტურე სხვა ადამიანის პირით, რამდენად სწორი იქნება მივიღო გადაწყვეტილება სასულიერო პირი გავხდე, ჩემთან აღსარებაზე მოსულ მრევლს ხომ არ დავაბრკოლებ, ხომ არ წარმწყმედს ეს გზა, რამდენად სასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებ, მომეცი ნიშანი და შენი ლოცვა-კურთხევა ამ საქმეში-მეთქი. ისე გულგახსნილი ვემუდარები, წუთითაც არ დავეჭვებულვარ, რომ მამა გაბრიელი არ ისმენდა ჩემს თხოვნას. დაახლოებით ნახევარ საათში მივიღე მისგან პასუხი ოთარ ნიკოლაიშვილის პირით. როცა იგი სტომატოლოგიდან გამოვიდა და გავაგრძელეთ ჟურნალის ნომერზე მუშაობა, ოთარი მეუბნება, - ძალიან სასიამოვნოა ჩვენი შეხვედრები, ამის შემდეგ ჩვენი საუბრის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილად მეუბნება - არ გაგიკვირდეს, ერთხელ რომ დაგირეკო, როგორც მოძღვარსა და მამას. მე შენთან ისე ვურთიერთობ, როგორც მოძღვართან. ნუ გაგიკვირდება, თუ მომავალში ისე მოგმართავ, როგორც მოძღვარსო. ეს ისე მითხრა, მომეჩვენა თვითონაც არ იცოდა ამას რისთვის ლაპარაკობდა!

- ალბათ როგორ გაუჭირდებოდა ბერი გაბრიელის ბუნების ადამიანს ამ წუთისოფელში ცხოვრება.

- მისთვის ეს საშინელება იქნებოდა, ხომ აქვს ნათქვამი, - რამ უნდა გაგახაროს, როცა ჯოჯოხეთიდან ტანჯვა და კვნესა გესმის, მე როგორ ვჭამო, როცა ამდენი ადამიანი მშიერიაო, ეს არის ყველა სასულიერო პირის ცხოვრების კრედო. მამა გაბრიელი - მამათა მამა, მოძღვართა მოძღვარი, მასწავლებელთა მასწავლებელი იყო. მან იტვირთა მთელი საქართველო. ხაზი გადაუსვა შენს პიროვნულობას, მიიღო დევნა, წამება, დამცირება და თან გიყვარდეს ყველა, მთელი ერი, იცხოვრო სულიერად, გახვიდე საკუთარი თავიდან, ამას ვინ შეძლებს, თუ უფლისაგან საგანგებო კურთხევა არ ექნება, ღმერთმა უნდა გასალოსოს, ეს ადამიანის პიროვნული გადაწყვეტილებით არ ხდება, სხვათა შორის, არც სასულიერო პირობა უნდა ხდებოდეს ადამიანის სურვილით. ვინც მღვდლობას თავისით მოინდომებს, წარმატებას ვერ მიაღწევს, ღმერთმა უნდა მოგცეს ამის ძალა, სხვანაირად არ გამოვა, ამ გზაზე ღმერთი აყენებს და სათანადო ძალითაც აღჭურავს მოძღვარს ღვთისმსახურებისთვის. მამა გაბრიელს დაბადებიდან ჰქონდა ღვთისგან მიცემული ნიჭი სალოსობისა, ადექი და დაწვი ლენინის სურათი 60-იან წლებში, ამას ვინ გაბედავდა. მე ვიტყოდი, ეროვნული მოძრაობა მაშინ დაიწყო საქართველოში, როდესაც გაბრიელმა ათეიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა, ერთი პერიოდი საგიჟეში მოათავსეს, მაგრამ მიტროპოლიტ დავით დევდარიანის დიდი მეცადინეობით, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე სიდამონიძე ხელს უწყობდა, მამა გაბრიელი გაათავისუფლეს ამ დაწესებულებიდან, მე ეს ვიცი დავით V-სთან მომსახურე სამღვდელოებისგან, რომლებიც ახლა ღრმად მოხუცებულნი არიან - დავით V-მ რკინის ქალამანი ჩაიცვა, რომ გაბრიელი საგიჟიდან გამოეყვანათ და მერე მახარებელი ამბობდა, რა კარგია, რომ ქაჯეთიდან გამოვიხსენითო. ამის შემდეგ, თვითონ წაუყვანია ურბნისში და იქ ერთად იდგნენ თურმე მსახურებაზე.

დედაჩემი პედაგოგი იყო და ხშირად დაჰყავდა მოსწავლეები ექსკურსიებზე წმინდა ადგილების მოსალოცად. მახსოვს, ერთხელ მცხეთიდან გახარებული დაბრუნდა, მიყვებოდა საოცარი ბერი ვნახეთ, მე ასეთი ტკბილი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია, თვითონ გვთხოვა მასთან სურათი გადაგვეღო და ამ სურათში გვერდიგვერდ დგას მამა გაბრიელი დედაჩემთან და ბავშვებთან ერთად. მამა გაბრიელი ლამაზად გამოიყურება თეთრი დაპენტილი წვერით და მანტიით. ჩემს მეუღლეს, ანას, ახლოს უნახავს ბერი გაბრიელი და იცნობდა მას, ამიტომ მე გული მწყდება, რომ მხოლოდ ერთხელ ვნახე ის ცხოვრებაში, თუმცა მუდმივად მაქვს მასთან სულიერი ურთიერთობა, როდესაც სევდა მომეძალება, მოვუხმობ მამა გაბრიელს, მეყსეულად ვიღებ მისგან შეწევნას. იგი თავის მადლმოსილი მარჯვენით გაჰფანტავს ღრუბელს და სიხარულით მიცვლის განწყობილებას.

- მამა ილია, ალბათ ბერი გაბრიელისადმი უდიდესი სიყვარულის გამოვლინებაა ის, რომ დაიწერა უამრავი ხატი, ტროპარი და დაუჯდომელი მამა გაბრიელზე მას შემდეგ, რაც იგი წმიდანად შეირაცხა. მაინტერესებს, რა განცდა გქონდათ მისი ტროპარისა და დაუჯდომელი საგალობლის შექმნის პროცესში?

- უნდა გითხრათ, რომ ამას აკეთებს ღმერთი, აქ ადამიანის მონაწილეობა ძალიან პირობითია, ტროპარისა და საგალობლის შექმნის დროს, ძირითადად მადლი მონაწილეობს, ამიტომ შემთხვევითი არ არის, როცა დაუჯდომელს აწერია შეადგინა ამა და ამ პიროვნებამო, რადგან მისი ავტორი სული წმიდაა და არა ადამიანი, რომელიც მონაწილეობს მის შედგენაში.

- ხომ არ წაგვიკითხავდით თქვენს ტროპარს, მამა გაბრიელზე...

- სიამოვნებით.

ტროპარი ღირსისა მამისა, არქიმანდრიტისა
გაბრიელისა აღმსარებლისა და სალოსისა
ჯვარცმითა და ღვაწლითა შენითა სულნი კაცთანი მოიმკენ სასუფევლისთვის ღმრთისა, უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უხორცო, უშიშრად აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დასამტკიცებლად სასუფეველსა, სიმდაბლე შეიმოსე ვითარცა სამოსელი ნათლისა და წუთისოფლისა ზრახვანი სალოსობითა შენითა უძლეველად დაამხუენ.

სიქადულო ქართველთა ერისაო, ღირსო მამაო გაბრიელ აღმსარებელო და სალოსო, ევედრე შენგან შეყვარებულსა ჯვარცმულსა იესუ ქრისტესა შეწყალებად და ცხოვნებად სულთა ჩუენთათვის.

ფაქტობრივად, დაუჯდომელი ჰიმნოგრაფიული თხზულებაა. ჰიმნოგრაფიულ შექმნაში ღმერთთან ერთად, შენც მონაწილეობ ამ წმიდანის ცხოვრებაში, შინაგანად იგრძნობა, განიცდება ეს ყველაფერი და განისაზღვრება ღვთის მიერ, როგორ გითხრათ, ეს ენით აღუწერელი, გადმოუცემელი პროცესია. უნდა აღვნიშნო, რომ დაუჯდომელის შექმნისას ძალიან ვგრძნობდი მამა გაბრიელის თანადგომასა და შემწეობას.

დაუჯდომელის ფრაგმენტი:

კონდაკი
ჟამსა უღმერთობისასა, სულთა რყვნისა და საძაგელისა მის მოოხრებისასა დაამხუენ კერპი იგი უსჯულოთაი, რომელსა ადიდებდნენ და აქებდნენ ვითარცა ღმერთსა და შენ მხილველმან ბიწიერებისამან აღიპყარ წმიდათა ხელთა შენთა მახვილი იგი მხილებისაი, ზეთისგან გარდამოწვიე ცეცხლი ცეცხლოვანი და აწვიმე და დაამხუენ კერპი იგი საზარელი და სთქუი: ესე არს კერპი საძაგელი და ჟამი უღმრთოთაი, ხოლო დიდებაი ეკუთვნის მხოლოსა მას ჯუარცმულსა ღმერთსა იესუ ქრისტესსა. ალილუია.

იკოსი
უღმრთოთა წინაშე ხელაღპყრობილი უღაღადებდი ღმერთსა და უშიში ვითარცა ანგელოზი ღმრთისაი დაამტკიცებდი აღმსარებლობასა ჯუარცმულისასა მის ღმრთისასა, ხოლო ჩუენ განცვიფრებით მხილველნი აღმსარებლობისა შენისანი გულმხიარულებით ვხმობთ:

გიხაროდენ, საკერპავისა და კერპთა სისაძაგლისა უძლეველად დამამხობელო

გიხაროდენ, მადლისა და სიყვარულისა ზეცითგან მხმობელო

გიხაროდენ, ზვარაკო ჯვარცმულისა მის ღმრთისაი

გიხაროდენ, ნათელო დაუბნელებელო

გიხაროდენ, უძლეველო მხედარო ქრისტე მეუფისაო

გიხაროდენ, გამობრწყინვებაო ზეციურისა მის მზისაო

გიხაროდენ, სასუფეველსა შინა ანგელოზთა თანა დამკვიდრებულო

გიხაროდენ, სასუფევლისა კაცო და მიწისა ანგელოზო

გიხაროდენ, აღმსარებლობითა შენითა მომნიჭებელო მხნეობისაო

გიხაროდენ, განმაბრწყინვებელო ივერიისაო

გიხაროდენ, სიხარულო და სიქადულო ქართველთაო

გიხაროდენ, მამულისა ჩაუქრობელო კანდელო

გიხაროდენ, მადლისა და წყალობისა ზეცითგან მთოველო

გიხაროდენ, წმიდაო ღირსო მამაო გაბრიელ აღსმარებელო და სალოსო, შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო.

ბეჭდვა
1კ1