"ეპისკოპოსი იქნები"
"ეპისკოპოსი იქნები"
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე):

1989 წლის აღდგომის შემდგომი-ზატიკი იდგა. მაშინ დავითგარეჯი ჯერ კიდევ მუზეუმ-ნაკრძალად ითვლებოდა. მეც ამ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელი ვიყავი. მონასტრის გარეთ ფინურ კოტეჯში ვცხოვრობდი და როგორც შემეძლო, ვუვლიდი ამ წმინდა სავანეს. საქმეთა გამო თბილისში მომიწია ჩამოსვლამ, უბრალოდ მეცვა, გარეჯულ ნირზე. ბინდდებოდა, როდესაც სიონის ტაძარში შევედი მოსალოცად. უცებ, მარჯვენა მხრიდან ხმა მომესმა, რომელიც მომმართავდა - "ხრისტოს ვასკრეს". შევხედე - ხნიერი, უცნაურად ჩაცმული ღვთისმსახური იყო, რომელიც რამდენიმე ადამიანს ესაუბრებოდა, ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ჟღალი თმა-წვერის გამო რუსი ვგონივარ-მეთქი და მივუგე:

- ჭეშმარიტად აღსდგა, მამაო, ქართველი ვარ.

ხნიერმა ღვთისმსახურმა ჩემს ნათქვამზე გაიღიმა და მასთან მყოფ მორწმუნეთ უთხრა: - გაბრიელს ასწავლის ქართველია თუ რუსი, - შემდეგ მე გამომხედა და მითხრა: - ეპისკოპოსი იქნები! გამეღიმა, ვიფიქრე, ვიღაც უცნაურ ღვთისმსახურს შევეყარე და სიტყვის გაუგრძელებლად, მისგან განრიდება მოვინდომე. ჩემი მცდელობის მიუხედავად არ გამომივიდა. ის ჩემთან მოვიდა და გამეცნო: - მე ბერი გაბრიელი ვარ და ძალიან გთხოვთ, მეუფევ, პატივი დამდეთ და დღეს ჩემი ეკლესია და კელია მოინახულეთ. ვიუარე ზრდილობიანად, რაც კი შემეძლო, ყველანაირად ვეცადე, ავრიდებოდი ამ შემოთავაზებას, მაგრამ მამა გაბრიელის თხოვნა-ვედრებასთან ვერაფერს გავხდი.

ჯერ ნავთლუღში, თავის ეზოში აშენებულ ეკლესიაში მიმიყვანა. მოკლედ მომიყვა ამ ეკლესიის მშენებლობის შესახებ და დამათვალიერებინა. ოჯახის წევრებს, რომელნიც იქვე მდგარ სახლში ცხოვრობდნენ, ჩემი თავი მეუფედ გააცნო. ეკლესიის მოხილვის შემდეგ, მამა გაბრიელმა, ახლა მცხეთაში მისი კელიის სანახავად მთხოვა წაყოლა. ბევრი ვიუარე, მაგრამ კვალად მის ვედრებასთან ვერაფერს გავხდი. მცხეთაში ჩასულებს დედები შემოგვხვდნენ და ჩემი თავი მათაც მეუფედ გააცნო. დედებს ეტყობოდათ, რომ მიჩვეულნი იყვნენ მამა გაბრიელის უცნაურობებს (სალოსობას) და ამიტომ ჩემი მეუფედ გაცნობა არ გაჰკვირვებიათ, მამა გაბრიელმა დამათვალიერებინა თავისი კელია და შემდეგ თბილისში გამომამგზავრა. თვითონ კი მცხეთაში დარჩა.

ღიმილით მაგონდება ტაქსის მძღოლი და მასთან დაკავშირებული ამბავი: ტაქსი მამა გაბრიელმა სიონის ტაძართან აიყვანა; ჯერ შინ - ნავთლუღში მივედით, არ გაუშვა, შემდეგ მცხეთაში ჩაგვიყვანა. ჩვენი ნავთლუღში მიყვანიდან მძღოლმა ნერვიულობა დაიწყო. უყურებდა მამა გაბრიელს, გლახაკად ჩაცმულსა და უცნაურს, შეეშინდა, რადგან იფიქრა - ეს კაცი ფულს ვერ გადამიხდისო, და მამა გაბრიელმა - მცხეთაში წაგვიყვანეო, რომ უთხრა, იუარა:

- მამაო, რაღაც საქმეები მაქვს, მოდი რა, ფული მომეცი და წავალ, მცხეთაში ვერ ჩაგიყვან.

- შენ ნუ გეშინია, მოყვასო, - მიუგო მამა გაბრიელმა, - ფულს ბევრს მოგცემ. მცხეთაში ჩაგვიყვანე. მერე კი ჩემი ძმა (ჩემზე მიანიშნა) შინ კეთილად მიაბრძანე და იცოდე, უკმაყოფილოს არ დაგტოვებ.

მართლაც, ჩემი მცხეთიდან გაცილებისას, მამა გაბრიელმა ჯიბეში ხელი ჩაიყო. ბღუჯად ფული ამოიღო და მთლიანად ტაქსის მძღოლს გადასცა. მძღოლმა თვალებს არ დაუჯერა:

- მამაო. აქ ბევრია, ამდენი არ არის საჭირო.

მამა გაბრიელმა უთხრა:

- მე ხომ გითხარი, მოყვასო, მოგვემსახურე და უკმაყოფილოს არ დაგტოვებ-მეთქი. ახლა ეგ ფული აიღე და იცოდე, ჩემი ძმა სახლის კარამდე მიიყვანე.

მაშინ საერთოდ რომ არ მქონია გონებაში, ამ ამბიდან ორ წელიწადში ბერად აღვიკვეცე, ხოლო მესამე წელს ეპისკოპოსად დამესხა ხელი.

ამონარიდი მღვდელმონაზონ კირიონის (ონიანი) წიგნიდან: "ბერი გაბრიელი - ცხოვრება და მოღვაწეობა".

ბეჭდვა
1კ1