გოდერძი ჩოხელი და გაბრიელ ბერი
გოდერძი ჩოხელი და გაბრიელ ბერი
უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მცხეთის უწმინდესმა მიწამ თავის თბილ და გამძლე უბეში გოდერძი ჩოხელის ნატანჯი, ნაავადმყოფარი სხეული მიიბარა.

"მწერთათვისაც ასე დაუწესებია ღმერთს: ზოგი ფუტკრად და ჭიანჭველად გააჩინა, ზოგი წურბელად და ზოგი ობობად. ერთნი სულ ჯაფაში არიან, მეორენი სხვის სისხლს სწოვენ, სხვანი კი ერთთავად მახეს აგებენ. ზოგი კი პატარა ციცინათელად გაუჩენია,

იწვის,

ანათებს,

თავისთვის იწვის, ცეცხლი უკიდია, არაფერს კი არ სწვავს თავის თავის მეტს. მთელ ღამეს კი ათბობს იმისი შუქი. ასეა, ასე დაუწესებია დამბადებელს ("მგელი").

გოდერძი ჩოხელს კი დამბადებელმა "ლექსის ამოთქმა"'დაუწესა, რაც მისთვის მოყვასისა და ღვთის წინაშე ლოცვის ტოლფასი იყო: "ამ ლოცვის დროს პოეტები სულსა და გულს ანთებენ სანთლად და ამ "სანთლის ალთან" წარმოთქმული "ლოცვა" იმდენად ანათებს, რამდენადაც მოყვასისა და ღმერთის წინაშე მსხვერპლად შემწირველთა მთქმელის სული და გული."

საქართველოს "მწუხრის ჟამს" გოდერძი ჩოხელი სანთელივით იწვოდა და ანათებდა, ღვთისაგან ბოძებული ნიჭი მოსვენებას არ აძლევდა. ნიჭი, რომლის წინაშეც არჩევანი არ არსებობს. "განკვდეს ყოველი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე. რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემზედა ხელი შენი, უფალო" (ფს.31). უხილავი მოკარნახე ავალებდა ბევრი რამ ეთქვა "ერის ტკივილზე, სიყვარულზე, მოლოდინზე... ეგრძნობინებინა ადამიანებისთვის, რომ ამ ცოდვა-ბრალიან წუთისოფელში, ამ განუკითხაობასა და სიბეჩავეში სიკეთე და სიყვარული მაინც მოძრაობს (გორია ამბობს: "დედამიწა სიყვარულს უჭირავსო"). შემოქმედის მხრებს უნდა ეტვირთა კაცად ყოფნის მძიმე და საპატიო ტვირთი, სევდა რწმენისა და სიკეთის გაქრობაზე, ღმერთის დაშრეტილ, მივიწყებულ წილზე ადამიანის არსებაში. იგი უნდა ყოფილიყო დანგრეული მამულის გულმოკლული ჭირისუფალი და კრწანისის ომში "ალალად ჩაჩეხილი'' არაგველებისთვისაც მას უნდა მოეხმო კვლავ საბრძოლველად, ანდა ამ ზნეობრივი უჰაერობის ატმოსფეროში მოკლული სიყვარულის (ქეთინოს) ახალგათხრილ საფლავთან "შერეკილი გალილეისავით ("ადამიანთა სევდა") ხმის ჩახლეჩამდე ეღრიალა: "რას შვრებით, ხალხო, ვის აყრით მიწას?!"''

რაც უფრო შორდება ადამიანი მშობლიურ წიაღს - დედას, დედამიწას, ბუნებას, სამყაროს, მით უფრო მტკივნეულ მონატრებად წარმოჩნდება ის "მოშორებული". ეს კი ზოგადეპოქალური ტკივილია, რომელსაც გოდერძი ჩოხელმა "გუდამაყრული სამოსი" მოარგო.

შესაქმის წახდენა, სილამაზის დასახიჩრება, სიწმინდის შებღალვა შემოქმედ ადამიანში სინდისის, მორალური პასუხისმგებლობის, ცოდვის შეგრძნების უკიდურეს გამძაფრებას იწვევს. "მოხევის სადღეგრძელოში" გლეხის პირით ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ, ცოცხალი ქართულითაა ნათქვამი: "ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას ვუერთდებით და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს... მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რომ ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატომ და რისთვის მივდივართ, მანამდე გაგვიმარჯვას!"

გოდერძი ჩოხელი მთის მიამიტი და ალალმართალი შვილი იყო და მრავალ სატკივართან ერთად ეს "ამღვრევაც" ადარდებდა, ადარდებდა ისიც, რომ მოსწყდა იმ სამყაროს, რომელსაც "ეფერებოდა და თავისებურად, თავისი ფილოსოფიით აღიქვამდა. ჯავრობდა იმაზე, რომ კაცობრიობა მოსწყდა ბუნებას (ბუნებრიობას): "ქალაქში, მით უმეტეს, ისე ჩაივლის გაზაფხული, ერთს ვერ იგრძნობენ, ბალახზე დაკიდებულ ნამს ვერ ნახავენ, შიგ ვერ ჩაიხედავენ და ვერ იხილავენ იმ სამყაროს, რომელიც ნამში მართლა ჩანს". ქალაქებში ვარსკვლავიან ცასაც იშვიათად ახედავენ ხოლმე, გუდამაყარში კი "მაღალი მთებიდან უამრავი ვარსკვლავის წვრილი ზარებივით რეკვა მესმისო". ალბათ ამ მიზეზით უნდა აიხსნას სხვაგან გამოთქმული დარდი: "ასეთ სამყაროში სიყვარულს არსებობა არ უწერია. აქ მხოლოდ ცოდვის ყვავილი ხარობს".

გოდერძი ჩოხელი დაეხმარა ადამიანებს ზეცაში აეხედათ, რადგან "მეტ-ნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან ("ცასწავალა")...

გოდერძიც ზეცაში ასამაღლებლად ემზადებოდა. აწვალებდა "ქვეყნად არყოფნის სევდაც". გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ვინახულე. ყოველთვის დიდ შვებასა და სიხარულს მგვრიდა მასთან შეხვედრა. ჩუმი, მოხათრებული, მეტად თავაზიანი და ფაქიზი იყო, თავის დიდ და შეუცნობელ სამყაროში გარინდებული. როგორც რუსთველი იტყოდა: "სხვაგან არის, სხვაგან დაფრენს, გონება უჩნს, ვითა ტრედი". თუმცა ურთიერთობაში საოცრად უბრალო და მახლობელი იყო. დაკვირვებული მზერა ჰქონდა, ალალი და თბილი გაღიმება იცოდა. ტელევიზიით ნოემბერში ჩვენთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ, პოლიტიკური ვნებათა ღელვა არ ცხრებოდა. სამშობლოს დარდით "გაუმაძღარი" და გულდაწყლულებული მამულიშვილი ვერაფრით ეგუებოდა ქართველთა დაპირისპირებას, საზოგადოების შუაზე გახლეჩას, მტრობას, ურთიერთსიძულვილს.

ერთხელ სასოწარკვეთილმა თქვა: "აბსოლუტურ უიმედობაში ვარ, დღეს ჩემს ქვეყანას ვხედავ უიმედოდ და იმიტომ. ვერც ერთი კაცის ნებას ვერ ვხედავ. ყველას, დიდიან-პატარიანა, ნიღაბი აქვს აფარებული, თეატრალურ საქართველოს თამაშობენ, მასკარადი აქვთ გამართული...

სულ მეგონა, ქართველები გაერთიანებული ვიყავით, შეგნებული გვქონდა ჩვენი ისტორია და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, წინაპრებს ალმაცერადაც კი ვუყურებდით: ხედავთ, როგორ იქცეოდნენო? და უცებ გაოცებული დავრჩი, როცა ათასჯერ იმაზე ცუდი გავაკეთეთ, შევჭამეთ, ძვლები გამოვხარით საქართველოს, წინაპრების ძვლები, ჩვენი ძვლები და იმ ქართველების, ჯერ რომ არ დაბადებულან! ნუთუ ესა ვართ ქართველები?!''

მიუხედავად ყველაფრისა, გოდერძის მაინც სჯეროდა ქართველთა გამარჯვებისა. "მაინც ჩემი საქართველო მიყვარსო", - რაღაც თავისებურად, სევდიანად იტყოდა ხოლმე.

კიდევ ისიც ადარდებდა, რომ წლების განმავლობაში ფილმებს ვეღარ იღებდა, არადა კინოს გადაღების პროცესი სხვაგვარი ენერგიისა და შთაგონების მიმცემი იყო მისთვის. ამბობდა: "კინოში ისე სხვანაირად შეიძლება დაინახო თოვლის ფიფქი, რომ იმას ვერ დაწერო". მთელი სულით და გულით კინოსთვის შეწირულ ადამიანად თვლიდა თავს. იტყოდა ხოლმე: "ფილმის გადაღებისას არც შვილი არსებობს ჩემთვის, არც ცოლი და არც ოჯახიო". არადა როგორ უყვარდა თავისი ცოლ-შვილი! უმშვენიერესი და უსაყვარლესი ნინო და ორი ვაჟკაცი - ლუკა და ნიკა, რომელთათვისაც გოდერძი იდეალური, მათლაც რომ "ძმაკაცური" მამა გახლდათ.

თეატრალური ინსტიტუტის მისაღებ გამოცდებზე გუდამაყრის ხეობიდან ჩამოსულმა 17 წლის ბიჭმა უმალ მიიპყრო ყურადღება. ამბობდნენ თურმე: "პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოვიდა მთიდანო". გოდერძი ჩოხელმა ძალიან მალე დაადასტურა, რომ მისი სახით საქართველოს ჭეშმარიტი მწერალი მოევლინა.

გოდერძის სული, რომელიც მის შემოქმედებაშია გამჟღავნებული, სოფლის გორაზე შეფენილ პაპა-ბებოების საფლავებზე აყვავებული იების მსგავსად, სურნელს გვაფრქვევს, "გვეფერება და თითქოს გვეუბნება: "მომწყვიტე და წამიღე შინ, ჩამიხუტე".

გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღესვე დადგა საკითხი, თუ სად უნდა დასაფლავებულიყო ქართველი ერის საყვარელი მოღვაწე. იყო სხვადასხვა ვერსია. ყველას, რატომღაც გვეგონა, რომDდიდუბის პანთეონი იქნებოდა მისი უკანასკნელი განსასვენებელი. მაგრამ სულ ცოტა ხანში, უწმინდესის კურთხევით, გადაწყდა, რომ გოდერძი ჩოხელის ცხედარი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაეკრძალათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნები იხსენებენ, როდესაც ბერი გაბრიელის საფლავის მახლობლად, ახალი საფლავი გაჭრეს, მათ ჯერ არც კი იცოდნენ, თუ ვინ უნდა დაეკრძალათ და ვისთვის იყო გაჭრილი საფლავი. ღამით რამდენიმე მონაზონს ერთად დასიზმრებიათ ბერი გაბრიელი, რომელიც ამბობდა: მართალი გოდერძი მოდისო. გოდერძი ჩოხელის მეგობარი (რომელმაც მწერალზე შესანიშნავი მოგონებების წიგნი გამოსცა), ნინო ზედელაშვილი კი იხსენებს, რომ გოდერძისაც საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ამ წმინდა ბერის მიმართ. არაერთხელ ენახა ის ეკლესიაშიც და ქუჩაშიც. ყოველთვის გამორჩეულად იხსენებდა და როგორც წმინდა ადამიანს, უაღრესად დიდ პატივს სცემდა. ალბათ, ღრმა სულიერი ნათესაობა და კავშირი არსებობს ამ ორ სპეტაკ ადამიანს შორის. მათთვის ხომ ყველაზე მთავარი ღირებულებები ღმერთი და საქართველო იყო.

გოდერძი ჩოხელსაც, ამ წმინდა ბერივით, სწამდა უკვდავებისა და წმინდა სამების მაცხოვნებელი მადლისა: "რომ არა წმინდა სამება, სამგლეთად იქცეოდა მთელი დედამიწა".

ერთხელ "მგლის" პერსონაჟზე - ლუკა ჩოხელზე თქვა: "ეს სახე მე გამოვიგონე... მე მინდოდა ეგეთი ლუკა ვყოფილიყავი, ეგრე მევლო ქვეყანაზე, ბოლოს ყვავილით ხელშიო".

მე კი მგონია, რომ მუდამ ასე ივლის ჩვენ შორის გოდერძი ჩოხელი - ყვავილით ხელში, ღვთის მადლის გამამრავლებელი, სიკეთის მქადაგებელი. ივლის, რადგან ეს უკვე მერამდენედ საბედისწეროდ "მომრავლდნენ მგლები, მძორად იქცა ქვეყანა".

ლოცვასავით ჟღერს ქვეყნიერების სამგლეთისგან გამოხსნაზე ოცნება: "ხელში ყვავილი ეჭირა და იმის დანახვაზე გარბოდნენ მგლები, გარბოდნენ სოფლებიდან, გარბოდნენ ქალაქებიდან... მგლებისგან იცლებოდა ქვეყანა"...''

ღმერთო! აუხდინე გოდერძი ჩოხელს ეს ოცნება! დაგვიფარე, შეგვეწიე, რათა გავარღვიოთ "მგლების" რკალი და გვიხსენ გამგელებისაგან!

ბეჭდვა
1კ1