"ჩქარა, წადი ბეთანიაში!"
"ჩქარა, წადი ბეთანიაში!"
არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წიგნში, "გადარჩენის საიდუმლო", ვკითხულობთ:

არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) გვიამბობდა, როგორ გამოცდის ღმერთი ადამიანს: "როცა მოხეტიალე ცხოვრებას ვეწეოდი, სამთავროს მონასტერში მივედი და იღუმენიას ღამის გასათევი ვთხოვე. მიპასუხა: "ჩვენთან მამაკაცები არ ათევენ ღამესო". ეზოში გავედი და ჭიშკართან ჩამოვჯექი. ერთ-ერთი მონაზონი ჭიშკრის დასაკეტად ჩამოვიდა და იყვირა: "შენ, აქ რას აკეთებ?! ახლა ძაღლი უნდა აგვეშვა ღამით ეზოს სადარაჯოდ და შეიძლება დაეკბინე". გამოვედი და ჭიშკარს იქით დავწექი. უცებ ვიგრძენი, რაღაც გასრიალდა, ვხედავ გველია, წამოვხტი. აქ ჩემთვის ადგილი არ არის-მეთქი და ფეხით გავბრუნდი თბილისში".

***
არქიმანდრიტი გაბრიელი გვიამბობდა: "ერთხელ ლოცვაზე რომ ვიდექი, ხმა მომესმა: "ჩქარა, წადი ბეთანიაში!" ეს სამჯერ განმეორდა. შევწყვიტე ლოცვა, ჩავიცვი, ავიღე კვერთხი, ჩანთა და წავედი ბეთანიაში. გზად რამდენიმე პური ვიყიდე. იქით მიმავალი მანქანები არ ჩანდა და ფეხით გავემართე. ტყით მივდიოდი და რაღაც ძალა მაჩქარებდა: "არ გაჩერდე, იჩქარე".

მონასტერში საღამოს მივედი. გამომეგება სქემარქიმანდრიტი იოანე (მხეიძე), იქ მოღვაწე ბოლო ბერი, სხვები კარგა ხნის გარდაცვლილები იყვნენ. მითხრა: - მე ვილოცე, შვილო, რომ მოსულიყავი და წესი აგეგო ჩემთვისო. სქემარქიმანდრიტი იოანე დიდხანს ავადმყოფობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მომაკვდავს სრულებით არ ჰგავდა, ფეხზე დამხვდა და უფრო მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრისას. პურები მაგიდაზე დავაწყვე, მან აკურთხა ისინი და დასძინა: "ნამგზავრი ხარ, წაიხემსე". თავისი ხელით გატეხა პური, პატარა ნაჭერი აიღო და თქვა, - ეს ჩემი ბოლო ტრაპეზიაო. "ღმერთი მოწყალეა, ჩვენს გამო გაგიგრძელებთ სიცოცხლეს, უთქვენოდ ბერობა აღარ იქნება", - ვუთხარი მე. "ჩემით არ დაწყებულა და არც ჩემით დამთავრდება, - მიპასუხა მან, - დროა, ჩემი სულიერი ძმის კვალს გავყვე. გაბრიელ, ჩემი სურვილია, რომ მის გვერდით დამასაფლავონ, ჩვენ ერთად ვიყავით შრომასა და განსაცდელში. დღეს მან მითხრა, რომ უკვე მომიმზადებია გზა და ერთად ვიქნებით".

მოსაღამოვდა, სქემარქიმანდრიტმა კურთხევა მომცა, სანთლები ამენთო, მომცა კურთხევანის წიგნი, რომელიც იმ გვერდზე იყო გადაშლილი, სადაც სულის გასვლის კანონი ეწერა და მითხრა, წაიკითხეო. ავტირდი და შევეხვეწე: "მამაო, შენზე ადრე მინდა მოვკვდე და შენს მაგივრად". მან მიპასუხა: "შენ არ იცი, რას ამბობ და რას ითხოვ". მე განვაგრძობდი ტირილს მის ფერხთით. მაშინ ის ადგა და საზეიმოდ, როგორც ეპისკოპოსმა ღვთისმსახურებისას, წარმოთქვა ლოცვის პირველი სიტყვები. მე ვეღარ გავბედე ურჩობა და ბოლომდე წავიკითხე ლოცვა. მან ალერსიანად მითხრა: "ამისთვის გიხმე, შვილო, შენ უნდა ჩაიბარო ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა და ბოლო კურთხევა, გვერდით დამიჯექი და სკვნილზე ილოცე, - შემდეგ მკითხა, - ხედავ, რამდენი ბერია, რომლებიც ბეთანიაში ცხოვრობდნენ და აქ დაიკრძალნენ. ჩემს ხილვას მოგიყვები, მაგრამ ეს საიდუმლოა და არავის უთხრა". მან მიამბო ხილვის შესახებ და ძრწოლამ შემიპყრო. "შენს გულში დაიმარხე", - გამიმეორა მან. სანთლები ჩაიწვა და სხვები ავანთე, დავინახე, რომ სკვნილი ხელიდან გაუვარდა, ავიღე და ხელზე წამოვაცვი. "ხმამაღლა ილოცე, მე მოგისმენ", - მითხრა მან. მე ხმამაღლა ვკითხულობდი იესოს ლოცვას, უცებ მამა იოანე შეირხა და სახე სიხარულით გაუნათლდა: "ჩემმა ძმამ, მამა იოანემ მომაკითხა და მასთან ერთად"... და მისი თავი მკერდზე დაეშვა და დადუმდა. რამდენიმე წუთი გავიდა. მივუახლოვდი მას, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

მთელი ღამე ვლოცულობდი. დილით მონასტერში ხალხი მოვიდა, თითქოს შეიტყვეს წინამძღვრის გარდაცვალება. ჩვენ პატრიარქ ეფრემს შევატყობინეთ დიდი ბერის გარდაცვალება. წესის აგებისას, რომელიც თავად აღასრულა, ტირილით მიმართავდა გარდაცვლილს: "მამაო, ღვთის წინაშე რომ წარსდგები, მომიხსენიე!"

არქიმანდრიტი გაბრიელი ამბობდა: "რომ ხედავდეთ, რა მადლი გადმოდის წირვაზე, ეკლესიის მტვერს შეაგროვებდით, რომ პირი დაგებანათ!"

***
60-იან წლებში მამა გაბრიელმა თავის ეზოში ეკლესიაში ააშენა. ეს შეიტყო რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა, რომელმაც ერთ-ერთი მაღალი იერარქი გამოიძახა და უთხრა, რომ ზომები მიეღო და ეიძულებინა მამა გაბრიელი, ჩუმად და უხმაუროდ დაეშალა ეს ეკლესია. როგორც ჩანს, რწმუნებულს არ უნდოდა ეკლესიასთან მებრძოლის სახელი გავარდნოდა, იერარქმა შესთავაზა, ერთად წასულიყვნენ მამა გაბრიელთან და ესაუბრათ მასთან.

ისინი გაემგზავრნენ მამა გაბრიელთან, რომლის სახლიც წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად იყო. რწმუნებული ეზოში დარჩა, იერარქი კი ეკლესიაში შევიდა, სადაც მამა გაბრიელი ლოცულობდა. მან მიმართა მამა გაბრიელს: "შვილო, გაბრიელ, რა კარგი ტაძარი აგიგია შენი ხელით, მაგრამ ხომ იცი, რა დროა, ზოგჯერ უკან დახევა სჯობს. დამიჯერე, დაშალე, დრო შეიცვლება და ისევ ააშენებ, მეც მოვალ და ერთად ვილოცებთ, უთხარი ამის შესახებ რწმუნებულს. მამა გაბრიელი გამოვიდა ეზოში და თქვა: "მე დავარღვევ!"

გავიდა რამდენიმე დღე. მამა გაბრიელმა დაშალა წინა კედელი, ორი მეტრით გადასწია და ისევ ააშენა: "დავუჯერე და დავშალე, ახლა კი კარგი დრო დადგა, ისევ ავაშენე". მეტად მამა გაბრიელი არ შეუწუხებიათ.

ბეჭდვა
1კ1