გიხაროდენ, ღირსო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო
გიხაროდენ, ღირსო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო
კონდაკი ბ.
ჭირთა და ძვირთა მრავალთა დამთრგუნველო, ღირსო გაბრიელ, სიყრმითგან ალტობდეს სარეცელსა შენსა ნაკადულნი ცრემლთანი , ვინაითგან ცხოვრებაი შენი, ტანჯულისაი, ჯოჯოხეთსა მიეახლა და უკანასკნელ, ოდეს უფალმა აღმოგიყვანა უფსკრულთაგან ქვეყანისათა, შეიმოსე საღმრთოითა ძლიერებითა, ამისთვისაც გიგალობ შენ: ალელუია.

იკოსი ბ.
კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ასწავა ხელთა შენთა ღუაწლი და თითთა შენთა ბრძოლაი, ნეტარო გაბრიელ, რამეთუ ოდეს ვსცოდეთ წინაშე ღმრთისა და არა ვისმინეთ ხმისა მისისა, ვითარცა-იგი მამათა ჩუენთა და ვიყვენით ძილსა შინა სირცხვილეულნი, გამოხუედ ქადაგებად: "ქუეყანაო, ქუეყანაო, ისმინე სიტყუაი უფლისაი!" ამისთვისცა სიტყუაი უფლისაი საყუედრელ და საგიობელ იქმნა შენდა მომართ უსჯულოთა მიერ, ხოლო ჩუენ გადიდებთ შენ:

გიხაროდენ, რამეთუ ფშვინვენ სულნელებასა ქადაგებანი შენნი;

გიხაროდენ, განმაძღარო სიმწარითა და ნაღვლითა მთრვალო;

გიხაროდენ, მჭამელო ნაცრისა და მშვიდობასა განყენებულო;

გიხაროდენ, უღმრთოისა ბელადისა ხატისა ცეცხლსა შთამგდებელო;

გიხაროდენ, რამეთუ განიზრახეს უღმრთოთა მიღებაი სულისა შენისაი;

გიხაროდენ, საღმრთოითა ჭეშმარიტებითა მტერთა მომსრველო;

გიხაროდენ, ჟამსა განსაცდელთასა სულისა მარხვითა დამფარველო;

გიხაროდენ, ჟამსა იწროებისასა დიდად შუენიერისა უფლისაისა მგალობელო;

გიხაროდენ, საღმრთოთა და ღმრთისსათნოთა მათ საერთოთა მათ საეროთა საქმეთაგან გამოGინებულო;

გიხაროდენ, ცოდვილთა შემმუშავებელო და მართალთა რქათა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, ღირსო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

"დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა აღმსარებლისა და სალოსისა", რომლის ფრაგმენტიც შემოგთავაზეთ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეადგინა და გამოსცა თბილისის მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს ტაძრის, მაცხოვრის აღდგომისა და წმინდა მოწამეთა: მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ეკლესიათა წინამძღვარმა, მიტროსანმა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა, რომელიც ათეული წლებია, მოძღვართა შორის უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში.

მამა არჩილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტ გაბრიელ ურგებაძესთან, რომელმაც თავისი ღვთისსათნო ცხოვრებით განამრავლა სულიერ შვილთა, მისი საქმის მიმდევართა და თაყვანისმცემელთა რიცხვი საქართველოში. სალოსი ბერი უშურველად უნაწილებდა ყველას თავის გულის სითბოს. მას ხომ ყოველ ადამიანში ცოდვა-მადლის დანახვის, დაფარულ გულისთქმათა ამოცნობის და სულიერი განჭვრეტის ღვთისგან მიმადლებული ნიჭი გააჩნდა, რის გამოც ეშურებოდნენ მისგან რჩევა-დარიგებისა და შესაბამისი დახმარების მიღებას. ისინი დღეს სევდანარევი სიხარულით იხსენებენ საყვარელ მოძღვარს. "ვინც კი მამა გაბრიელს იცნობდა, დამემოწმება, რომ იგი იყო უაღრესად თავმდაბალი, უბრალო, მოსიყვარულე, მაგრამ დიდად შემრისხველი და პირდაპირი ამპარტავანი და უნანელი ადამიანების მხილების ჟამს. როდესაც გრისხავდა და გამხილებდა, გრძნობდი, რომ მისი პირით თავად უფალი გეზრახებოდა, - ღვთიური ხელმწიფება ჰქონდა მის სიტყვას, ხოლო თუ შეგამჩნევდა, რომ სინანულში მოხვედი, გულში ჩაგიკრავდა და გადარჩენის სასოებას ჩაგისახავდა, იგი წმინდა მამათა სიბრძნისაებრ მტირალთან ტიროდა და მოხარულთან ხარობდა - მან ჩვენდამი სიყვარული უფალთან აიტანა!" - წერს მამა არჩილ მინდიაშვილი რამდენიმე წლის წინ გამოცემულ თავის წიგნში, რომელიც მან მამა გაბრიელის ცხოვრებას მიუძღვნა.

ერთხელ ჩემთან პირადი საუბრის დროს მამა არჩილმა გაიხსენა შემთხვევა, როცა მამა გაბრიელს ბეთანიის მონასტრის იმდროინდელმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ გულწრფელად შესჩივლა - ფუტკრებმა მონასტერში სკები მიატოვესო. მამა გაბრიელი დაინტერესდა, საითკენ გაფრინდნენ ფუტკრებიო. იმ მხარეს ჯვარი გარდასახა და ერთ დროს ბეთანიის მონასტერში მოღვაწე, აწ უკვე წმინდანად შერაცხული მამების, იოანესა და გიორგის სახელით უბრძანა ფუტკრებს, მონასტერში დაბრუნებულიყვნენ. არ გასულა რამდენიმე ხანი, ფუტკრების გუნდი მართლაც ზუზუნით მოფრინდა და თავიანთ სკებს დაუბრუნდა. აი, ასეთი ძალა ჰქონდა მამა გაბრიელის ლოცვასო, - მიამბობდა მამა არჩილი ამ ათიოდე წლის წინათ.

ერთი წლის წინ, მამა არჩილის ლოცვა-კურთხევით, მისმა სულიერმა შვილმა, ღვთისმშობლის "შენ ხარ ვენახის" ცნობილი ხატის დამწერმა, ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ დაწერა მამა გაბრიელის ხატი, რომელსაც პირველად იხილავს მკითხველი ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე.

ეს საუბარი 1-ელ თებერვალს არის ჩაწერილი.

- მამა არჩილ, ალბათ დამეთანხმებით, მამა გაბრიელი არ გახლდათ ერთი რომელიმე კონკრეტული ტაძრის მრევლის მოძღვარი, მას ფეხით ჰქონდა შემოვლილი საქართველოს თითქმის ყველა ტაძარი და მონასტერი. მისი ბრძნული გამონათქვამები დღესაც ვრცელდება ხალხში. რას გაიხსენებდით მასთან ურთიერთობიდან?

- ძალიან ბევრი რამის გახსენება შეიძლება. პირველი, რასაც გამოვყოფდი, ეს არის მამა გაბრიელის გასაოცარი და ჩვენი ეპოქისთვის სრულიად დაუჯერებელი თავმდაბლობა, უბრალოება და დიდი მადლმოსილება, რომელსაც ის სალოსობის უმძიმესი ღვაწლით ფარავდა. გავიხსენებდი სვეტიცხოვლის ტაძარში მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩატარებულ კრებას, რომელზეც მე, ეკუმენიზმის მხილებისას, მაღალმა იერარქმა გამოსვლა გამაწყვეტინა და აღარ მომცა კრების პირველ დღეს სიტყვის დასრულების საშუალება. სწორედ ამ დროს, მამა გაბრიელი, სამთავროს მონასტერში, თავისი კოშკის წინ, კუბოში იწვა და ახალგაზრდებს სიტყვა-სიტყვით მოუთხრობდა იმის შესახებ, რაც სვეტიცხოველში იმ წუთებში ხდებოდა. "ახლა ჩემი არჩილა ამას და ამას ამბობსო", - ეუბნებოდა იქ შეკრებილებს, მათ შორის იდგა ჩემი სულიერი შვილი მარიამ ბასილაშვილი. იგი დღესაც ჩემი მრევლია. ამ კრების შემდეგ საკმაოდ მძიმე გუნებაზე დავდექი. მამა გაბრიელთან აზრის გასაზიარებლად და ნუგეშინისცემისთვის ავედი სამთავროში. ისევ კუბოში დამხვდა. მთვრალად აჩვენებდა თავს, ახალგაზრდებს "ღირს არსს" აგალობებდა, თვითონ კი წამოწოლილი დირიჟორობდა. მასთან მივედი, დავიჩოქე და ყურში ვუთხარი, როცა ამას მორჩებით, თქვენთან ცალკე მაქვს სათქმელი-მეთქი. მაშინ ყურადღება არ მომაქცია და განაგრძობდა დირიჟორობას. გვერდით, სამფეხა სკამზე ედგა ღვინო, ჭიქა და სხვა. როდესაც ახალგაზრდები გაუშვა, კუბოში წამოჯდა და სავსებით ფხიზელმა დამიწყო საუბარი იმის შესახებ, რაც კრებაზე მოხდა, ვიდრე მე რასმე ვეტყოდი, თავად შემაგება სიტყვა და მითხრა ის, რაც მე უნდა მეთქვა მისთვის. ლაპარაკი ამ სიტყვებით დაიწყო: "განსაცდელების ოკეანეში შესცურეო", რადგან ეს სიტყვა იყო მამხილებელი და გამოწვევა როგორც ბოროტი სულისთვის, ისე მისი მსახურებისათვის, ვისშიც დასაყრდენი ჰქონდა არაწმიდა ძალას და მან, პარქტიკულად, კუბოში მწოლარემ მიწინასწარმეტყველა ჩემი მომავალი, უკვე მეორედ. პირველად, სამთავროს მონასტრის ბაღში, ფსალმუნების კითხვის დროს, როცა სემინარიის I კურსის სტუდენტი ვიყავი, დაახლოებით 33-34 წლის წინ, მაშინაც მომითხრო ჩემი მომავალი. ეს ამბავი გამოწვლილვით მაქვს მოთხრობილი მამა გაბრიელის ცხოვრებისადმი დაწერილ ჩემს წიგნში, რომლის ვრცელი რედაქციაც გამოსაცემად მზადდება და მალე დაისტამბება.

- მამა არჩილ, თქვენ სულ ახლახან ორი ოპერაცია გადაიტანეთ და როდის მოასწარით მამა გაბრიელზე დაუჯდომელი საგალობლის დაწერა?

- დიახ, ზუსტად მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის დღეს, 20 დეკემბერს, ერთდროულად ორი ოპერაცია გავიკეთე, მართლაც ბევრი იდუმალება მოხდა ამ დღეს. 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, ქადაგების დროს ორჯერ მქონდა ძლიერი შეტევა მუცლის არეში, მეორედ ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მრევლს ბოდიში მოვუხადე და სკამზე დამჯდარმა განვაგრძე ქადაგება, რადგან ფეხზე დგომა არ შემეძლო. 20 დეკემბერს ოპერაციის გაკეთება გარდაუვალი იყო, მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევისა და მისი თანადგომის იმედი მქონდა, რაც სავსებით ასრულდა, არანაირი ტკივილი არ მიგრძნია არც ოპერაციის ჟამს, არც შემდეგ. მეორე დღეს მთხოვდნენ, გამაყუჩებლები გამეკეთებინა, რადგან ორი დიდი ჭრილობა მქონდა. გაკვირვებული ვამბობდი, არ მტკივა და რატომ უნდა გავიკეთო-მეთქი. ექიმებიც განცვიფრებულები მიყურებდნენ. ერთადერთი - პლასტირით საფენების დაწებებისას მაწუხებდა ტკივილისმაგვარი შეგრძნება, რაც ღიმილისმომგვრელია.

საინტერესო ის იყო, რომ ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე, მამა გაბრიელმა ლოცვა-კურთხევა შემომითვალა, მის საფლავზე ავსულიყავი პარაკლისის გადასახდელად. როგორ და რა გზით მოხდა ეს, ღმერთმა იცის და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ვიდრე კანონიზებული არ იყო, პარაკლისის გადახდა არ შეიძლებოდა. მართალია, მამა გაბრიელი ჩემთვის ყოველთვის წმინდანი იყო, მაგრამ თუ პანაშვიდის ნაცვლად პარაკლისს გადავიხდიდი, ეს გამოწვევა იქნებოდა და მართლაც, მთელი კვირა ბრძოლები მქონდა, პარაკლისი მაინც გადავიხადე. 20-ში, როდესაც ოპერაციის მერე ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემმა სულიერმა შვილებმა გახარებულებმა მითხრეს, დღეს მამა გაბრიელი მოულოდნელად წმინდანად შერაცხესო, რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ეს ჩემთვის გასაოცარი სულაც არ იყო და იმ წუთიდან, გულითადი სურვილი გამიჩნდა, დამეწერა დაუჯდომელი საგალობელი იმ შეწევნისათვის, რომელიც მე მამა გაბრიელისგან მივიღე. ამ ოპერაციის გამო დიდხანს ვერც ვჯდებოდი, ვერც ვწვებოდი, ვერც ფეხზე ვდგებოდი, მაგრამ ამ წვალებ-წვალებაში სულ რამდენიმე საათში დავწერე ეს დაუჯდომელი. კარგად ამბობს ბლეზ პასკალი, - ნუ იტყვი ჩემი აზრი, ჩემი წიგნი, ჩემი ნაწერი, არამედ თქვი "ჩემის" მაგიერ: "ჩვენი" აზრი, ჩვენი ნაწერი და ა.შ. რადგან აქ პირადად ჩემი ძალიან ცოტაა, ღვთის მადლით, დიდ შეწევნას ვგრძნობდი და მამა გაბრიელის თანადგომას, ნაკადულივით მოდიოდა სიტყვები და აზრები, რაც უნდა მეთქვა და დამეწერა. თუ გულისხმიერად წაიკითხავთ ამ დაუჯდომელს, იგი ეყრდნობა ძველი აღთქმის, იერემია და ესაია წინასწარმეტყველების წიგნებს და ახალი აღთქმის წიგნებსაც, განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეებს.

ეს დაუჯდომელი საგალობელი ძალიან მალე ჩამოიქნა სანთელივით, სულმოუთქმელად დაიწერა და უდიდესი შვება და სიამე ვნახე ამ ჩემს წვალებაში. ისე გატაცებული ვიყავი ამით, ვეღარც კი ვგრძნობდი, სხეული თუ მქონდა და თუ როგორია ნაყოფი ამ შემოქმედებისა, ალბათ წამკითხველნი განსჯიან.

საგულისხმოა, რომ ვიდრე წიგნად დაიბეჭდებოდა, მის სამარეზე წავიკითხეთ ეს დაუჯდომელი. ჩემი მრევლის გარდა, წმინდა გაბრიელის საფლავზე ზღვა ხალხი მოვიდა. ყველამ დიდი სიხარულით მოისმინა, დიდი იყო თანადგომა. ამის შემდეგ ამან გაიარა იმ ღუმელშიც, რასაც ყველა დაუჯდომელი გამოქვეყნებამდე გადის. იგი წაიკითხა იღუმენია ნინო გრიგოლიძემ და ბატონმა ედიშერ ჭელიძემ ჩაასწორა. ძირითადი არსი დაუჯდომელისა, დარჩა, რა თქმა უნდა, და რახან უკვე მზის შუქი იხილა, დარწმუნებული ვარ, ბევრს მოუტანს სიამეს, შეწევნას და სულიერ აღფრთოვანებას.

დაუჯდომელი საგალობლის სუპერყდაზე გამოსახულია მამა გაბრიელის ხატი, რომელიც მისი წმინდანად კანონიზებამდე ერთი წლით ადრე დავაწერინე ხატმწერს და მთელი ამ ხნის განმავლობაში პეტრე-პავლეს ეკლესიაში, სამკვეთლოზე მქონდა დასვენებული, მისი ფოტოასლები კანონიზებამდე 1 თვით ადრე გადავიღე და ჩარჩოში ჩავსვი.

ფრაგმენტი დაუჯდომელის სავედრებელი ლოცვიდან:

აწ მინდობილნი ლოცვათა შენთა მოგვიხსენენ, ღმერთშემოსილო მამაო გაბრიელ, წინაშე შენ მიერ აღსარებულისა სამებისა წმიდისა, რაითა მოგუმადლოს სიმრთელეი და მშვიდობაი სულისა და ხორცთაი და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა. ამენ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ბეჭდვა
1კ1