ღირსი მამა გაბრიელი
ღირსი მამა გაბრიელი
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში , ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) და მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა, ხოლო მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა. ასე ასრულდა წმინდა გაბრიელის წინასწარმეტყველება: "მე რომ მოვკვდები, ნახევარი საქართველო მოვა აქ. ჯერ ჩემს მოძღვარს შერაცხავენ წმინდანად, მერე მეო". დიდად გაიხარა ჩვენმა ერმა ამ ამბის შეტყობით, განსაკუთრებით ზეიმობდნენ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ყველაზე ძალუმად გრძნობენ წმინდა გაბრიელის შეწევნას. ჩვენს სიხარულს იზიარებდნენ ჩვენი უცხოელი მეგობრებიც და ადიდებდნენ უფალს ამ წყალობისთვის. ამ უნაზესი, უფაქიზესი სულის ადამიანზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ათობით წიგნიც ვერ დაიტევდა მასზე მოგონებებს. კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ წმინდა გაბრიელის მიწიერ ცხოვრებას.

წმინდა ყრმობა. წმინდა გაბრიელი - ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე დაიბადა 1929 წლის - 26 აგვისტოს, თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში. მამა - ვასილი, წარმოშობით სოფელ კაკაბეთიდან ყოფილა; დედას კი ბარბარე ერქვა, შემდგომში მონაზონი ანა. ვასილსა და ბარბარეს სამი შვილი შესძენიათ: მიხეილი, ემა, და ნაბოლარა გოდერძი.

პატარა გოდერძი მაშინ ორი წლისა თუ იქნებოდა, მამა რომ მოუკლეს. მამის პატივისცემის ნიშნად ყველა ვასიკოს ეძახდა.

წმინდა გაბრიელი ბავშობიდანვე გამორჩეული ღვთიური მადლით იყო აღვსილი. იგი, 4-5 წლისა, ისე, რომ არავის უსწავლებია, კენჭებისაგან ლამაზად სახლებს აშენებდა და მათ ეკლესიებს უწოდებდა, ხოლო შიგ ჩასმულ თოჯინებს უფლის, ანგელოზთა და წმინდანთა ხატებს არქმევდა და ასანთის ღერებს "სანთლებად" უნთებდა.

სკოლაში 6 წლის, შეუყვანიათ. წერა-კითხვა კარგად აუთვისებია და კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარულიც დაუმსახურებია. ყველაფერი ბავშვის ჩვეული ცხოვრებით მიდიოდა, რომ არა ერთი ამბავი, რამაც სრულიად შეცვალა პატარა ვასიკოს ცხოვრება, ვიდრე სიკვდილამდე.

შვიდი წლის იყო, როდესაც ვასიკო მეზობლების ჩხუბს შეესწრო, სადაც გაბრაზებულმა მეზობელმა მეორეს უთხრა:

- რა ქრისტესავით ჯვარს მაცვი.

ამ სიტყვათა გაგონებისას უცნაურად მოსწყვლია გული პატარა ვასიკოს და როცა მოჩხუბარი მეზობლები ერთმანეთს გაშორდნენ, მაშინვე მისულა ამ სიტყვათა მთქმელთან და უკითხავს:

- ქრისტე ვინ არის, ან ჯვარს რისთვის აცვეს?

- მე არაფერი არ ვიცი, - უპასუხია მეზობელს, - და თუ ძალიან გაინტერესებს, ბარბარეს ეკლესიაში მიდი და იქ იკითხე.

მეორე დღეს აღარ დაუხანებია და იქვე უბანში, სულ რაღაც ხუთას მეტრში მდგარ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მისულა. რომელიც იმ დროს დაკეტილი იყო და ხელისუფლებას დარაჯი ჰყავდა დაყენებული.. ბავშვს დარაჯი ტაძრის ეზოში დახვედრია და მიუმართავს:

- მინდა ვიცოდე, ქრისტე ვინ იყო და ჯვარზე რისთვის აცვეს? თქვენთან გამომაგზავნეს ამის საკითხავად, მას ეცოდინებაო.

დარაჯი იმ დროის კვალობაზე, როგორც ჩანს კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რადგან ვასიკოსთვის ტაძარი გაუღია, მაცხოვრის ჯვარცმასთან მიუყვანია და უთქვამს:

- აი, ეს არის ქრისტე, რომელიც ჯვარზე აცვეს და თუ იმის გაგება გინდა ჯვარზე რისთვის აცვეს, ეს ქრისტეს ისტორიის წიგნში წერია და იქ გაიგებ, მე მაგდენი არ ვიცი.

ყმაწვილმა იხილა რა დიდი ჯვარცმა, სისასტიკით შეძრწუნებული, მოეფერა იესუ ქრისტეს და სიყვარულით ჰკითხა, რისთვის გაცვეს ჯვარსო. დარაჯი განუცვიფრებია ყმაწვილის თანაგრძნობის ცრემლით ავსებულ თვალებს...

ჯვარცმული ქრისტეს ნახვამ უფრო გაუცხოველა ვასიკოს სურვილი, რომ გაეგო ვინ იყო ქრისტე და ჯვარზე რისთვის აცვეს.

ამის შემდეგ ვასიკოს ფულის შეგროვება დაუწყია. ცოტა მანამდეც ჰქონია შეგროვილი, ცოტაც შემდგომში დაამატა და მალევე, როცა შვიდი თუმანი მოაგროვა, წიგნის "ქრისტეს ისტორიის" ყიდვა გადაწყვიტა.:

"შვიდი თუმანი როცა მოვაგროვე, ჩავთვალე, რომ "ქრისტეს ისტორიის ყიდვას ეყოფოდა. ამიტომ სახლთან ახლოს, ბაზრობაზე წავედი. შერეული ბაზრობა იყო და წიგნებიც იყიდებოდა. ვინც კი წიგნს ჰყიდდა, ყველასთან მივედი და "ქრისტეს ისტორიაზე" ვეკითხებოდი, მაგრამ არავის ჰქონდა. ბოლოს დაღონებული სახლში, რომ ვბრუნდებოდი, გასავლელში რიგიდან ცალკე მდგომი, თეთრ თმა-წვერიანი სათნო მოხუცი დავინახე, რომელსაც, იფიქრებდი, რომ გასაყიდად, ოდნავ წინწამოწეულად, წიგნი ეკავა.

მივედი მივესალმე და წიგნს დავხედე, ვხედავ, "ახალი აღთქმა" აწერია, მე კი ქრისტეს ისტორია მინდა. მაინც შევეკითხე: "ქრისტეს ისტორიას ვეძებ და ხომ არ გექნებათ-მეთქი? - მოხუცმა ტკბილად მიპასუხა:

- რასაც შენ ეძებ, აქ არის, ეს არის ქრისტეს ისტორიის წიგნი.

ფასი ვკითხე-შვიდი თუმანიო, მომიგო მოხუცმა. გამიხარდა, ფული ზუსტად რომ მყოფნიდა, გადავუხადე, დავემშვიდობე და გახარებული წამოვედი.. ცოტა რომ გავიარე, დავეჭვდი, - ამას "ახალი აღთქმა" აწერია, მე კი "ქრისტეს ისტორია" მინდა, მივბრუნდები და დავეკითხები, იქნება, კარგად ვერ გამიგო. მივბრუნდი, მაგრამ მოხუცი იქ აღარ დამხვდა. ამიტომ იქვე მდგომთ ვკითხე: - აქ მოხუცი კაცი იდგა და წიგნს ჰყიდდა, ხომ არ დაგინახავთ, საით წავიდა-მეთქი. ყველამ მიპასუხა - აქ არავინ მდგარა და არც მოხუცი დაგვინახავსო".

მას შემდეგ, რაც სასწაულებრივად შეიძინა სახარება და ქრისტე შეიცნო, ეს წმინდა წიგნი ხელიდან არ გაუშვია. პატარა ვასიკო დღემუდამ თავის სახარებას კითხულოდა, სხვა არაფერი აინტერესებდა. სწავლაზე ხელი აიღო, ზერელედ გადაავლებდა გაკვეთილებს თვალს და ისევ სახარებასა და მღვდლის მიცემულ წიგნებს მიუბრუნდებოდა. ცოტას რომ წაიკითხავდა, მერე დიდხანს ფიქრობდა, ასე - დაღამებამდე. ძილის წინ თავის ოთახში დიდხანს ლოცულობდა.

ხუთი წელი უთმინა დედამ შვილს უცნაური საქციელი, შთააგონებდა, თავს ნუ იტანჯავ, სხვებივით იცხოვრე (ანუ დაქორწინდი), თუ გინდა მორწმუნეც იყავი, ოღონდ ისე არა, მხოლოდ სარწმუნოება და სახარება გინდოდესო. მაგრამ რა ექნა ვასიკოს?.. მოვლენებს წინ გავუსწრებთ: ერთხელ, მამა გაბრიელის სიცოცხლის უკანასკნელ წელს, როცა იგი მძიმედ სნეული ლოგინად იწვა, დედა ეწვია, მცირე საუბრისა და მოკითხვის მერე ცრემლმორეულმა დედამ ტირილით უთხრა: - განა რა იყო შენი ცხოვრება, ტანჯვა-წამების გარდა? ბავშვობა შენ არ გქონია და არაფერი. რა იქნებოდა, ცოტა მაინც დაგეჯერებინა და თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავიო.

წმინდა გაბრიელი დედის ცრემლმა ძალზე შეაწუხა. მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა: "მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო". დიახ, სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ერთხელ, როცა განრისხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა და იმავე ღამეს სახლი დატოვა. მაშინ ის თორმეტი წლისა იყო. ბიჭი ჯერ სამი დღე სვეტიცხოველში ცხოვრობდა, მერე ზედაზენზე, ბოლოს ბეთანიელ მამებს შეაფარა თავი. იქიდან წამოსული, სუსხიან ზამთარში გარეთ უპატრონოდ გაგდებული, ერთმა კეთილმა ქალმა შეიფარა, რომელიც სახელგანთქმული მკითხავი მარგო აღმოჩნდა. ერთხელ მარგო ავად გახდა. ვასიკომ უთხრა, ნუ გეშინია, შენს მაგივრად ხალხს მე მივიღებო. მართლაც, მოსულ ხალხს ქრისტეს უქადაგებდა, ეუბნებოდა, მკითხავთან სიარულით დიდ ცოდვას სჩადითო. ღვთისაგან ისეთი გონება მიეცა, რომ მომსვლელთა დანახვისას მათი ცხოვრება ეხსნებოდა და პირდაპირ სახელით მიმართავდა. განსაცდელებს უთქმელად ეუბნებოდა და მათ სათავეს - ცოდვებს ამხელდა, მოუწოდებდა ქრისტიანულად ეცხოვრათ, აღსარება ეთქვათ მოძღვრისთვის. ვასიკომ მარგოსაც უქადაგა ქრისტე, უთხრა, რა დიდ ცოდვას სჩადიოდა მკითხაობით და მასაც თავი დაუნებებია ამ საქმისთვის, რაც მკითხავთა წრეში და მათთან მოსიარულე ხალხში დიდი მითქმა-მოთქმის ამბად ქცეულა!

დედას შეუნანია თავისი საქციელი, უთქვამს, ოღონდ სახლში დაბრუნდი და როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. გადიოდა წლები, ვასიკო ოჯახს თავისი შრომით როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა. თუმცა "ქრისტეს პოვნის" სურვილი არ განელებია. თვეში ერთხელ ბეთანიელ მამებთან მიდიოდა რამდენიმე დღით, ანდა ეკლესია-მონასტრებს მოილოცავდა. იმ პერიოდში მთავრობამ ვერის სასაფლაო გააუქმა, იქ ყოფილა ქართველი იუნკრების საფლავებიც, რომლებიც ბულდოზერით მიუსწორ-მოუსწორებიათ. ზოგიერთი მიცვალებულის ძვალი უპატიოდ მიმოფანტული ეყარა. ვასიკო ღამღამობით ფარულად აგროვებდა მიცვალებულთა ძვლებს და უსაფრთხო ადგილას კვლავ მიწას აბარებდა.

ქრისტეს ძიებაში.
გამოხდა ხანი. ვასიკომ ჯარი მოიარა, შინ დაბრუნებულმა ეზოში პატარა საცხოვრისი აიშენა და ოჯახის ხმაურს გარიდებულმა სიმშვიდეში, თავისთავს ჩაღრმავებულმა განაგრძო მოღვაწეობა.

წირვა-ლოცვებს არ აცდენდა და, ბუნებრივია, მალევე მიიქცია კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ყურადღება. პატრიარქი ხშირად ესაუბრებოდა ვასიკოს და ყვლაფერი იცოდა მის შესახებ, იცოდა მისი მონაზვნობის სურვილიც და სთხოვა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს გაბრიელს (ჩაჩანიძე), ჯერ სამღვდლო ხარისხში აეყვანა და მერე ეკურთხებინა მონაზვნად. მართლაც, 1955 წლის 6 თებერვალს მეუფე გაბრიელმა ვასიკო დიაკვნად აკურთხა, რამდენიმე დღის მერე, მეუფის კურთხევით, არქიმანდრიტმა გიორგიმ (დადიანი) იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. ეს 23 თებერვალს მომხდარა. 27 თებერვალს კი ბერდიაკვან გაბრიელს მღვდელმონაზვნად ხელი დაასხა მეუფე გაბრიელმა. სამი თვე იმსახურა წმინდა გაბრიელმა ქუთაისის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ იქაური ვითარების გამო იძულებული გახდა, ეპარქიიდან წამოსულიყო. იმ სასულიერო პირებმა, რომელთა გამოც მამა გაბრიელი ქუთაისიდან წამოვიდა, რომელნიც ღვთისმსახურების უპატიოდ პყრობაში ამხილა, თბილისში, სიონის ტაძარში გადმოსულსაც არ მისცეს მოსვენება და უღირსად ესხმოდნენ თავს პატრიარქისა და სამღვდელოების წინაშე. დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა წმინდა გაბრიელის მიერ სასულიერო პირთა მხილებას. მდგომარეობა დაიძაბა. ასე გაგრძელდა კარგა ხანს, ვიდრე წმინდა გაბრიელმა ფსიქიკური ავადმყოფობა არ დაიბრალა და საეკლესიო მსახურებიდან შვებულებაში გასვლა ითხოვა, რათა გარეგნულად განშორებით დაეშოშმინებინა სიტუაცია. "დავიბრალე, მოყვასო, რადგან მაშინ სხვა გზა არ იყო. ყველამ ყველაფერი კეთილად უწყოდა, ჩემიც და მათიც", - უთქვამს შემდგომში ბერ გაბრიელს.

სიონში წმინდა გაბრიელს უწმინდესმა მელქისედეკმა საცხოვრებელი თავისთან ახლოს, სიონის სამრეკლოში მისცა. ერთხელ წმინდა გაბრიელს დედა და და ეწვივნენ, მან ისინი სამრეკლოში, თავის კელიაში შეიყვანა. მოშურნე მტერმა მაშინვე პატრიარქს აცნობა, კელიაში გაბრიელმა ორი ლამაზი ქალი შეიყვანაო. პატრიარქი შესულა მასთან, წმინდა გაბრიელს კი გაჰკვირვებია, მაგრამ კურთხევა აუღია და მისთვის დედა და და წარუდგენია. მოგვიანებით პატრიარქს გაუმხელია მისთვის უცნაური სტუმრობის მიზეზი და უთქვამს: "აკი გეუბნებოდი, შვილო, ცილისწამება ჩვენი ხვედრია-მეთქი. ნუ შეწუხდები და იცოდე, ასეთი არაერთი იქნება შენს ცხოვრებაშიო".

1956 წლის 9 მარტს უამრავი ქართველი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა. უშიშროებამ მიცვალებულების პატრონებს მოსთხოვა - არავითარი სამოქალაქო პანაშვიდი, არავითარი ტრადიციული გამოსვენებაო... მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ ბედავდნენ სამძიმარზე მისვლას, სწორედ მაშინ გამოიჩინა სულის მხნეობა წმინდა გაბრიელმა და დასაფლავებამდე, ვისი მისამართიც კი გაიგო და რომელნიც ნათელღებულნი იყვნენ, მივიდა და ყველას წესი აუგო.

1960 წელს, მრავალი თხოვნის შემდეგ, წმინდა გაბრიელი ბეთანიაში დაადგინეს თავის მოძღვართან, წმინდა გიორგისთან (მხეიძე). მონასტრის მთელ სამეურნეო საქმეს ბერი გაბრიელი უძღვებოდა, კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა და სვეტიცხოველში სწირავდა. წმინდა გიორგი 1962 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა. წმინდა იოანე-გიორგი წმინდა იოანეს (მაისურაძე) გვერდით დაკრძალეს. წმინდა გაბრიელმა მათ სამარესთან კვიპაროსი ჩარგო, რომელიც დღეს დიდი, ლამაზი ხეა. ორმოცი დღე პანაშვიდს უხდიდა თავის მოძღვარს მამა გაბრიელი, მერე კი უშიშროების წარმომადგენლები ასულან და მისთვის ბეთანიის მონასტრის დატოვება მოუთხოვიათ. "ერთი სიკვდილი მაშინ გავათავე, როდესაც ბეთანიიდან წამოვედიო", - ამბობდა შემდგომში ნაღვლიანად მამა გაბრიელი. პატრიარქმა ეფრემმა ის წმინდა სამების ტაძარში განაწესა.

ეკლესია.
სწორედ იმ პერიოდში დაიწყო წმინდა გაბრიელმა თავისი სახლის ეზოში მცირე ზომის ეკლესიის აშენება. მთელი ეკლესია ისე ააშენა, დამხმარე არ ჰყოლია. "ერთი ლურსმანიც კი სხვას არ აქვს დაჭედებული. ყველაფერი მარტომ ააშენა", - ჰყვებიან დები. თუმცა არა... ვალენტინა ფაილოძემ დედა პარასკევას მოუთხრო საკვირველი ამბავი, თუ როგორ შეესწრო იგი ტაძრის მშენებლობას. ცემენტით სავსე ვედროები ჰაერში თავისთავად მოძრაობდნენ და ზევით, გამზადებულ ჩარჩოებში იცლებოდნენ. წმინდა გაბრიელი კი დაბლა ეზოში იდგა, ცემენტს ზელდა და ვედროებში ასხამდა. წმინდა გაბრიელმა ვალენტინა მკაცრად გააფრთხილა, არავისთვის ეთქვა ეს. როცა წმინდა გაბრიელს გაუგია, რომ ამბავი გამჟღავნდა, გამწყრალა და დედა პარასკევასთვის უთქვამს: "მე რა შუაში ვარ, მარტო ვმუშაობ და საქმე ძალიან რომ გამიგრძელდა, ღმერთმა მოწყალება გაიღოო". ეს ტაძარი იქცა წმინდა გაბრიელის სულის სამჭედლოდ, ხან ორი-სამი თვით ჩაიკეტებოდა და გარეთ არ გამოდიოდა.

წმინდა გაბრიელი წმინდა სამების ტაძარში სამი წელი მსახურობდა, 1965 წლამდე. იმავე წლის 1-ელ მაისს, მაშინ, როცა თბილისში მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავდნენ, ბერმა გაბრიელმა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა და თავის თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა საქმე ისე გახმაურდა, რომ მისი დახვრეტა ვერ გაბედეს და საგიჟეში გადაიყვანეს. "აღიარე, რომ ეკლესიის დავალებით ჩაიდინე და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო". უამრავი ტანჯვა-წამება დაითმინა წმინდა გაბრიელმა, შვიდ თვეში უფლის ნებით და პატრიარქ ეფრემის დიდი ძალისხმევით ტყვეობიდან განთავისუფლდა. თუმცა მისი წამება ამით არ დასრულებულა, წარამარა მიჰყავდათ ძალოვან ორგანოებში და მერე ნაცემის, ცოცხალმკვდრის წასაყვანად მის ახლობლებს იბარებდნენ.

ციხიდან ახალი გამოსული იყო წმინდა გაბრიელი, სულის გასამხნევებლად წმინდა ბარბარეს ტაძარს ასუფთავებდა. დაიღალა და ჩასთვლიმა. ამ დროს რამდენჯერმე იქვე მდგომი ჯვარცმიდან ხმა მოესმა: "გძინავს, გაბრიელ, დაიღალე, მე ვტირი შენთვის". მიხვდა ბერი, საიდანაც მოდიოდა თანამგრძნობი ხმა, ხელებით ჯვარცმას მიენდო და ისინი იესოს პატიოსანი ცრემლით დაენამა.

ციხიდან გამოსული წმინდა გაბრიელთვის საბჭოთა ხელისუფლების უმკაცრესი მოთხოვნით ყველა ეკლესიის კარები ჩაიკეტა. სწორედ იმ დროიდან იღებს მამა გაბრიელი სალოსობის უმძიმეს ტვირთს. იგი ხუთი წლის განმავლობაში ზამთარ-ზაფხულ, თოვლში, ყინვაში, ქარში, წვიმაში, მწველ სიცხეში ცხოვრობდა ღია ცისქვეშ - სასაფლაოებს შეფარებული. დადიოდა ფეხშიშველა და გლახაკად ჩაცმული, თავზე რვალის დიადემადადგმული. "როდესაც თავი დიდი ვინმე ან სხვაზე კარგი მეგონა, მაშინ მივმართავდი ამას და როდესაც ხალხი დამცინოდა, ვმდაბლდებოდი და ვხედავდი ჩემს თავს, რა ნაგავიც ვიყავი", - ასე განმარტავდა შემდგომში მამა გაბრიელი.

თვალსაჩინო რომ გახდეს, თუ რაოდენ სძულდა წმინდა გაბრიელს ადამიანური პატივი, კიდევ ერთ ფაქტს მოგითხრობთ მამა კირიონის წიგნიდან. მამა გაბრიელის და ჰყვებოდა: "ჩვენ მას ვერ ვუგებდით, ის ბავშვობიდან სხვანაირი ფაქიზი სულის ადამიანი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი, როგორც ეს მორწმუნეებმა იციან, თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი კი, შინ რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული, ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღია ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე: - ვასიკო, ძმაო, რად ტირი ასე, რაიმე ცუდი ხომ არ არის შენს თავს-მეთქი. იცით, რა მიპასუხა: - დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზე მკოცნისო.

მოკლედ, მამა გაბრიელმა დაუტევა სახლი და სასაფლაოებზე დაიწყო ცხოვრება. "უფალმა სასაფლაოებზე ცხოვრებისას შიში ამხადა, მოყვასო, და მიმახვედრა, რომ ადამიანს ღვთის წინაშე არაფრის არ უნდა ეშინოდეს, ცოდვის გარდა".

შაბათ-კვირაობით ლოცვა-წირვას ესწრებოდა სრული სამონაზვნო შესამოსლით შემოსილი. ხოლო ლოცვის მერე გლახაკის კონკებით მოსილი დადიოდა თბილსის ქუჩებში და ქრისტეს ქადაგებდა. ხანაც მხარზე ძირგავარდნილ კოკას შემოიდგამდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხის გასაგონად ხმამაღლა ამბობდა: - გაიგეთ, ხალხო, უსიყვარულო ადამიანი ამ ძირგავარდნილ კოკას ჰგავს. რაც არ უნდა შთაასხათ მასში, არ დადგება და უკვალოდ გაქრება. ამისთვის, შეიყვარეთ უფალი ღმერთი, თორემ უნაყოფო იქნება ცხოვრება თქვენი.

"პრაფესორა", ასე ეძახდა წმინდა გაბრიელი ღვინოს. ღვინის სმაც მისი კიდევ ერთი სალოსური ნიღაბი იყო.

მამა კირიონი წერს: "ადვილი იყო საყურებლად, როდესაც მამა გაბრიელი ყველას სახილველად თითქოსდა სურვილით ეწაფებოდა ღვინოს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. იგი მასთან მისულ ხალხთან, როდესაც სალოსობის ამ ღვაწლს მიმართავდა, პირმხიარულად იქცეოდა. ქადაგებდა, თან დროგამოშვებით მისთვის სასურველ "ღვინოს" დალევდა. თუ თავისი სენაკის წინ იჯდა, ხალხს აკურთხებდა და სენაკში შევიდოდა. თუ სენაკში მყოფობდა, კურთხევით - "მშვიდობით წარვედინ" - ყველა მოსულს სენაკს დაატოვებინებდა და მასთან მყოფს დახმარებას გთხოვდა. ერთი წუთის მერე მთვრალი ნამდვილ მადლმოსილ მამად შეიცვლებოდა, დაბალ სკამზე ჩამოჯდებოდა, პირსახოცს მუხლებზე გადაიფენდა, ტაშტს ფეხებთან ახლოს დაგადებინებდა და დალეულ ღვინოს უკან ამოიღებდა. ჩვენთვის ეს იყო საშინელი საყურებელი, ხოლო მისთვის დიდი ტანჯვა. ხანდახან ამის გამო ტკივილისაგან გმინვა ამოხდებოდა და ამიტომ სენაკის კარს დაგახურინებდა, რომ ეს არავის გაეგო. ასევე ჩუმად გადაგაღვრევინებდა ამოღებულ სითხეს, რათა სინამდვილე არ განცხადებულიყო... იყო შემთხვევები, როდესაც ამ საშინელი ტანჯვისაგან საყლაპავ მილზე კაპილარები უწყდებოდა და სისხლის დაკარგვის გამო სიკვდილის ზღვრამდე მიდიოდა. აქ გადაუდებელი აუცილებლობა იყო ექიმის ჩარევა, მაგრამ სინამდვილე მაინც დაფარული რჩებოდა", - ამას ჰყვება მღვდელმონაზონი კირიონი, რომელიც წმინდა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო ოთხი წლის მანძილზე თითქმის ყოველდღე ბერის გვერდით იყო სენაკში.

ერთხელ მისი მორჩილი, დედა პარასკევა შევედრებია: "მამაო, იქნებ შეეშვათ ამ ღვაწლს, რადგან ამ ტანჯვას დიდხანს ვერ გაუძლებთო". მცირე ხნის დუმილის შემდგომ წმინდა გაბრიელს მტკიცედ და ლმობიერად უთქვამს: "არ იცი, დაო, რას ამბობ, განა ჩემზე მეტად ვინმეს სძულს ასე ღვინის სმა?! მაგრამ ასეა საჭირო".

"ასე იყო საჭირო, რადგან ეს იყო მოღვაწეობის ღვინო. ამ დაბრკოლების ლოდის გარეშე შეუძლებელი იყო დაყენება იმ პატივისა და დიდებისა, რაც მისი საკვირველი მადლმოსილების გამო მცირედ მაინც დაუყენებელი ხდებოდა" (მამა კირიონი).

სამთავრომდე. უკან დავბრუნდეთ. წმინდა გაბრიელმა, მიუხედავად მოთხოვნისა, თავისი სამლოცველო ეკლესია არ დაანგრია. მთავრობა არ დაცხრა და ულამაზესი შვიდგუმბათიანი ეკლესია თვითონ დაანგრია, გუმბათები მოარღვიეს, სახურავი ახადეს, კედლების დანგრევისთვის დრო არ ეყოთ, რადგან დანგრეული მასალის მანქანაზე შეყრას ვეღარ მოასწრებდნენ. მძღოლს მანქანა 2-3 კილომეტრში მიტოვებულ სკვერში დაუცლია. წმინდა გაბრიელს კი მეორე დღეს უკლებლივ დაუბრუნებია და ეკლესია-სამლოცველო მალევე აღუდგენია, ოღონდ შვიდის ნაცვლად ერთი გუმბათი დაუდგამს თავზე. ამ ურჩობის გამო წმინდა გაბრიელი რამდენიმე თვით უზიარებლობითაც კი ყოფილა დასჯილი. მაგრამ, ღვთის ნებით, პატრიარქ ეფრემს სვეტიცხოვლობა დღეს მისთვის ზიარების უფლებაც აღუდგენია და სამთავროს მონასტერში მოძღვრად დაუდგენია. ერთი წლის მერე 1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა პატრიარქი ეფრემი და შემდგომ წმინდა გაბრიელი სამთავროს მონასტრისა და სემინარიის მოძღვრობიდან გაათავისუფლეს... და აი, 1972 წლიდან 1990 წლამდე მამა გაბრიელმა განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთა - იმ დროს დანგრეული თუ დახურული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა (აქვე შევნიშნავთ, რომ მთელი ეს ხანი ის უტაძროდ იყო დარჩენილი). ხან მარტო მიდიოდა, ხანაც მორწმუნეებთან ერთად. როდესაც მიტოვებულ თუ დანგრეულ ეკლესია-მონასტრებში წირვას დააყენებდნენ, ეტყოდა იქ მყოფთ: "გწამდეთ, რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ. მართალია, დღეს ბევრი ეკლესია-მონასტერი დანგრეული და დახურულია, მაგრამ წმინდა ანგელოზი, რომელიც დადგენილია აქ ღმრთის განჩინებით, ხედავს და ისმენს ჩვენს გულმოდგინებასა და სავედრებელს, სიხარულით ააქვს ჩვენი ლოცვა ღმერთთან და შესმენილს ჰყოფს... მოვესწრებით იმას, რომ ეს ეკლესია-მონასტრები აღდგება და ღმრთისმსახურება განახლდება" (ეს იმ დროს წარმოუდგენელი იყო).

1987 წლიდან წმინდა გაბრიელმა სამთავროში, ე.წ. კაკლოვანში, პატარა ფიცრულში დაიწყო ცხოვრება. ამ ფიცრულს ადრე საქათმედ იყენებდნენ. ამ პერიოდში რამდენიმე დღით დატოვებდა მონასტერს და მერე კვლავ უბრუნდებოდა თავის ფიცრულს. წარმოუდგენელი იყო იქ ზამთარში ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვროდა. აკი, დასცინოდნენ კიდეც: "რა ძალა ადგას, მართლა სულელია და არა სალოსი". 1990 წელს წმინდა გაბრიელმა დაუტევა სამთავროს მონასტერი და შიომღვიმეში წავიდა, იქ დაყუდება გადაწყვიტა, მაგრამ გამოცხადებით უფლისგან ბრძანება მიიღო: "წადი სამთავროში და ხალხს ემსახურე" და მანაც ხალხის - მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.

წმინდა გაბრიელის სამთავროში ცხოვრებაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, წინასწარმეტყველების მადლზე, საოცარ მოღვაწეობაზე, მარხვაზე, ღამისთევებით ლოცვაზე, სასწაულთმოქმედებაზე, რომელსაც სალოსობით მალავდა. "იყო დიდი პერიოდები, როცა აღარ სალოსობდა და თავისი ნამდვილი, შინაგანი სახით იწყებდა ცხოვრებას. ამ დროს ნამდვილად აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს. ასეთ დროს კელიიდან თითქმის აღარ გამოდიოდა, მოსულს მხოლოდ დალოცავდა და თუკი არაფერს ჰკითხავდნენ, არც თავად იტყოდა სიტყვას" (მამა კირიონი). იგი ბევრს ესაუბრებოდა სულიერ შვილებს, განამხნევებდა, განამზადებდა მომავალი განსაცდელებისთვის. "როგორ მინდა მალე გაიზარდოთო", - ეუბნებოდა სამთავროელ დედებს.

1995 წელს სვეტიცხოველში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდი კრება ჩატარდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მამა გაბრიელი ამ კრებაზე არ მიუწვევიათ. ღირსმა მამამ თავისი კუბო (რომელიც ორი წლით ადრე თავის მორჩილს მოატანინა) სენაკის წინ დაადგმევინა, შიგ ჩაწვა და ის სამი დღე, რაც კრება ტარდებოდა, იგი სალოსობდა. მაშინ სამთავროს მონასტერში მრავალი სამღვდელო პირი და მორწმუნე მოდიოდა და, როგორც აღნიშნავს მამა კირიონი, წმინდა გაბრიელიც თითქოს ამ საქციელით მთელ საქართველოს ემშვიდობებოდა, რადგან ამბობდა: "არ გავა დიდი დრო და გაბრიელ ბერს ასე იხილავთ. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა". მართლაც, თურმე წმინდა გაბრიელის გარდაცვალებამდე ორმოცი დღეღა ყოფილა დარჩენილი. ეს იყო მისი სალოსობის ბოლო სამი დღე, რადგან აქამდე დიდი ხნის მანძილზე და ამის შემდგომ, ვიდრე გარდაცვალებამდე, წმინდა გაბრიელს აღარ უსალოსია.

"ეჰ, ნეტავი იმ დროს... მე მაშინ ქრისტეს ვსწავლობდი", - უთქვამს წმინდა გაბრიელს, როცა თავის გარდასულ ცხოვრებას იხსენებდა.

მრავალგზის უნახავთ სამთავროელ დედებს და სხვათაც თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, ასე რატომ წირავ თავსო, - ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობო. მაშინაც კი, სიცოცხლის ბოლოს, როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა, მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა, მაინც ჩააყვანინა ტაძარში თავი და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი, ცრემლით შეევედრა: "დედაო ღმრთისაო, ცისა და ქვეყნის დედუფალო მარიამ, გევედრები, დაიფარე შენი წილხვდომილი ერი დაღუპვისაგან. მე შემიწირე, ოღონდ საქართველო გადაარჩინე". აუსრულა ვედრება უფლის დედამ და 1995 წლის 2 ნოემბერს ღმრთივ შეისვენა ღირსმა გაბრიელმა.

ბეჭდვა