ღირსი ნიკონ მღვიმელი, პირხმელი (XII) - 11 (24) დეკემბერი
ღირსი ნიკონ მღვიმელი, პირხმელი (XII) - 11 (24) დეკემბერი
ღირსი ნიკონის მშობლები მდიდარი და ცნობილი ხალხი იყო. მაგრამ მან ქრისტესთვის ყველაფერი დაუტევა და კიევის მღვიმევის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. 1096 წელს, ხან ბონიაკის თავდასხმისას, სხვა მონაზვნებთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მდიდრული გამოსასყიდის მოლოდინში პოლოველი (ყივჩაყი) სასტიკად ეპყრობოდა ნიკონს. როცა მან გამოსასყიდის გადახდაზე უარი უთხრა, ბატონმა მისი ტანჯვა გააორმაგა: აშიმშილებდა, ზაფხულის სიცხეში და ზამთრის სიცივეში გარეთ ტოვებდა. წმინდანი ღვთის იმედს არ ჰკარგავდა. მას წმინდა ევსტრატე (ხს. 28 მარტს) გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვიმელი დიდი მამების - წმინდა ანტონის და წმინდა თეოდოსის ლოცვით გათავისუფლდებოდა. წმინდანმა ეს ბატონს უთხრა. ბატონმა წმინდანს ფეხებზე ძარღვები დააჭრა და გაძლიერებული დაცვა დაუყენა. მესამე დღეს, მეექვსე ჟამზე, წმინდანი უეცრად უჩინო შეიქნა, ხოლო დარაჯებს მოესმათ ხმა: "აქებდით უფალსა ცათაგან". წმინდანი სასწაულებრივად აღმოჩნდა მღვიმევის მიძინების ტაძარში. ძმები შემოეწყვნენ და გაოცებულებმა ჰკითხეს, აქ როგორ მოხვდიო. წმინდანს სასწაულის დაფარვა სურდა, მაგრამ იძულებული გახდა, ძმებისთვის ყველაფერი მოეთხრო. ბორკილების მოხსნაც არ უნდოდა, მაგრამ იღუმენმა უთხრა: უფალს რომ სდომოდა შენი ტყვეობა, არ გამოგიხსნიდაო. ცოტა ხნის შემდეგ მონასტერში ნიკონის ყოფილი ბატონი მოვიდა და იხილა შიმშილისა და სიცივისაგან ნატანჯი ყოფილი ტყვე. უფლისა იწამა, მონაზვნად აღიკვეცა და ღირს ნიკონს მორჩილად დაუდგა.

წმინდა ნიკონი XII საუკუნეში გარდაიცვალა და შორეულ მღვიმეებში დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1