სვიმეონ მიმრქმელი და ანა ფანეულის ასული
სვიმეონ მიმრქმელი და ანა ფანეულის ასული
ახალშობილ ყრმას რვა დღე შეუსრულდა. მას, ანგელოზის ბრძანებისამებრ, იესო დაარქვეს და წინადაცვითეს. ორმოცმა დღემ რომ გაიარა, სჯულის მიხედვით, განწმენდის წესის შესასრულებლად ყრმა ტაძარში მიიყვანეს. ეს წესი უძველესი დროიდან არსებობდა და ძველი სჯული მის აღსრულებას უპირობოდ ითხოვდა. ასევე, სჯულის მიხედვით, ახალშობილის ოჯახს ტაძარში სამადლობელი მსხვერპლი უნდა შეეწირა, ეს უნდა ყოფილიყო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. ეს კანონი დადგენილი იყო იმის მოსახსენებლად, რომ ოდესღაც ღმერთმა ებრაელი ერი გამოიყვანა ეგვიპტიდან, რითაც დასრულდა ებრაელთა მონობა და, ამავე დროს, იხსენიება ისიც, რომ მაშინ, უფალმა ყველა ეგვიპტელი პირველნაშობი რომ მოწყვიტა, ებრაელთა პირმშონი შეიწყალა. სწორედ ამ კანონის აღსასრულებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო - შობიდან მეორმოცე დღეს - ტაძარში მიიყვანეს.

ამის შემდეგ მახარებელი მოგვითხრობს სვიმეონ მიმქმელის შესახებ. ეს მართალი და უაღრესად ღვთისმოშიში ადამიანი იერუსალიმში ცხოვრობდა. მართალი მოხუცებული, როგორც მესიასა და მხსნელს, ისე ელოდა ქრისტეს. ეს მოლოდინი სულიწმინდისაგან იყო ჩაგონებული. გადმოცემის მიხედვით, ერთხელ, დიდი ხნის წინ, როდესაც იგი ძველი აღთქმის ტექსტს კითხულობდა და მივიდა იმ ადგილამდე, სადაც წერია, რომ ქალწული შობდა ძეს, სვიმეონი დაეჭვდა, რის გამოც დაისაჯა. სულიწმინდის მიერ ეუწყა, რომ მანამდე არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ მიირქვამდა ქალწულისაგან შობილ მესიას. ძალიან დიდხანს მოუწია სვიმეონს ლოდინმა. გადმოცემის მიხედვით, მან თითქმის 300 წელი იცოცხლა. და აი, ამ დღეს, სულიწმინდის ჩაგონებით, სვიმეონი ტაძარში მოვიდა. როდესაც მარიამმა და იოსებმა ყრმა მოიყვანეს ტაძარში, სვიმეონმა მიიქვა იგი (ხელში აიყვანა) ღვთის სადიდებელი სიტყვები წარმოთქვა: "აწ განუტევე, მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა" (ლკ 2.29-32). ამ საგალობელს ყოველ მწუხრის ლოცვაზე ვისმენთ. საგალობლის სიტყვები ასე განიმარტება: უფალო, - ამბობს სვიმეონი, - კეთილად გამიშვი ამ ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში, ისე, როგორც აღმითქვი და დამპირდი, რადგანაც ჩემმა თვალებმა იხილა ის მაცხოვარება (ხსნა, გადარჩენა), შენ რომ აღუთქვი ადამიანებს.

ახალშობილ მაცხოვარს სვიმეონი უწოდებს წარმართებისათვის ანუ ყველა ტომისა და ხალხისათვის გამობრწყინებულ ნათელს, და დიდებას მისი ახალი ერის - ისრაელისა. რადგანაც თუ ძველ აღთქმაში რჩეული ერი იყო ებრაელი ერი, ანუ ძველი ისრაელი, მაცხოვრის მოვლინების შემდეგ ასეთ რჩეულ ერად, ახალ ისრაელად, იქცა ყველა - იესო ქრისტეს მორწმუნე და მისდამი შედგომილი.

იოსები და დედა ღვთისა განაცვიფრა სვიმეონის სიტყვებმა. სვიმეონმა აკურთხა ისინი და ამის შემდეგ ღვთისმშობელს უწინასწარმეტყველა: "აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის-საგებელად. და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი (ლკ. 2,34,35) ამ სიტყვებს, რომელთა გაგება და ბოლომდე გააზრება არც ისე ადვილია, წმინდა მამები ამგვარად განმარტავენ: აი, ამის გამო, ვინც აქ დგას (ანუ იესო ქრისტე) მრავალი დაპირისპირება მოხდება. მისდამი დამოკიდებულების გამო დაეცემიან (წარწყმდებიან) მრავალნი. ამავე დროს, ყოვლადწმინდა დედის გული უდიდესი მწუხარებით აღივსება თავისი მხოლოდშობილი ძის გამოისობით. აქვე, ტაძარში იმყოფებოდა ღვთისმოსავი ქვრივი, 84 წლის ანა ფანეულის ასული. იგი წინასწარმეტყველი იყო და უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაქვრივდა, ემსახურებოდა ტაძარს დღისით და ღამით. ანამაც შეიცნო მაცხოვარი. ამიტომ მიმოდიოდა მთელ იერუსალიმში, რომელიც უკვე დიდი ხანია ელოდა მესიის მოსვლას და ყველას აუწყებდა ტაძრად მიყვანილი ყრმის შესახებ.

ეს მოვლენა, როდესაც წმინდა სვიმეონ მართალი და ანა წინასწარმეტყველი ტაძარში მიეგებნენ მაცხოვარს, იწოდება უფლის ტაძრად მიყვანების, მირქმის დღესასწაულად და შობის დღესასწაულიდან (7 იანვარი) მეორმოცე დღეს, 15 თებერვალს აღესრულება. სვიმეონს სხვაგვარად ღვთისმიმქმელს უწოდებენ, რადგან მან მკლავებში იტვირთა მაცხოვარი და უგალობა მას.

მირქმის დღესასწაული ეკლესიაში უძველესი დროიდან აღინიშნებოდა, მაგრამ საზეიმოდ იგი VI საუკუნიდან აღინიშნება. ბიზანტიაში, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს გახშირდა მიწისძვრები. ამას დაერთო იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გავრცელებული შავი ჭირი. ამ საყოველთაო უბედურების დროს, ერთ-ერთ ღვთისნიერ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მორწმუნეებს საზეიმოდ აღენიშნათ მირქმის დღესასწაული. საერთო საზეიმო ლოცვითა და ლიტანიობით იქნა გადახდილი დღესასწაული და ეპიდემიაც და უბედურებაც შეწყდა. 544 წელს კი ეკლესიამ დაადგინა, უფლისადმი მადლიერების ნიშნად, საზეიმოდ აღენიშნათ უფლის მირქმის დღესასწაული.

ბეჭდვა
1კ1