წმინდა მღვდელმოწამე თევოდორეს ლოცვა ეწეოდეს სრულიად საქართველოს!
წმინდა მღვდელმოწამე თევოდორეს ლოცვა ეწეოდეს სრულიად საქართველოს!
წმინდა თეოდორე კველთელი მე-17 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო სეფიანთა ირანის გავლენის ქვეშ იყო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან მრავალრიცხოვანი ჯარით, რომელშიც ორიათასი ყირიმელი თათარი ერია, ქართლს შემოესია. ოსმალებმა სწრაფად განვლეს ჯავახეთი, თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს.

მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: "ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს". ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ. ოსმალ-თათრებს საქმეს ისიც უადვილებდათ, რომ წმიდა ლუარსაბმა, რომელსაც მათგან 4-5 საათის სავალი მანძილი აშორებდა, არაფერი იცოდა მის სამეფოში მტრის ლაშქრის შემოჭრის შესახებ.

მანგლისიდან ცხირეთამდე, მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა, თითოეული საკმაოდ მოუხერხებელი იყო. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ. ცხადია, თავისი მიზნების შესასრულებლდ მათ ყველაზე მოკლე და მოხერხებული გზა სჭირდებოდათ. მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა ქართველი მღვდელი შეიპყრეს, მემატიანე
წერს : "კველეთას შეიპყრეს მღვდელი ერთი, სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა". "კველთას თედორე შეიპყრეს მცოდნე და კარგი მღვდელიო"-გვიდასტურებს იოსებ თბილელი.

ოსმალები, რომ მოვიდნენ მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, მას თურმე სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან პირველ რიგში მტრის ხელყოფისგან ეკლესიის სიწმინდეთა დასაცავად და გადასამალად ეზრუნა. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. მემატიანე მოგვითხრობს: "და რა მოვიდნენ გოსტიბის თავსა, დაუწყეს მღდველს თევდორეს ლანძღვითა ცემა და ეტყოდეს ვითარმედ მიგვიძეღ მეფეზედა და სწადდათ სიკუდილი მეფისა".

მღვდელმა თევდორემ გულში თქვა: ჩემის ორის დღის სიცოცხლისათვის ამას რატომ ვიქმ, აწ მივუძღვე და მეფე მოვაკვლევინო და ქართლიც აახრონო და მე რაღა მეშველებაო ან ჩემსა სულსაო".

მემატიანის მიერ გადმოცემული ამბის ჭეშმარიტებას მე-18 საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი კათოლიკოს-პატრიარქი ბესარიონ ორბელიშვილიც ადასტურებს: "ხოლო მან, სანატრელმა ხუცესმა, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა". კათალიკოსი ბესარიონი განაგრძობს: "მაშინ წარუძღვა ხუცესი იგი, წარიყვანა იგინი უგზოთა ადგილთა, აღხდა მთასა მას ზედა და გარდაუქცია გზა იგი ცხირეთს მიმყვანებელი და წარიყვანა და შთახდა ხევსა კოდისასა. გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვასა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვინეს კლდეთა და კაბანთა და მოსწყდეს. იხილნეს რა თავნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს".

მე-18 საუკუნის პირველი  ნახევრის მემატიანე ბერი ეგნატაშვილი დასძენს: "თევდორე მღვდელი შეირაცხა წმინდათა მოწამეთა თანა". ხოლო კათოლიკოს-პარიარქი ანტონ I თავის ნაშრომში "მარტირიკა" წერს: "მღვდელმა თევდორემ სიკვდილით მიიღო სანატრელი აღსასრული ცხოვრებისა წმიდათა თანა".

თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. მტერმა წადილი ვერ შეისრულა. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა თბილისის მოურავის გიორგი სააკაძისა და თავად ზაზა ციციშვილის სარდლობით მოთარეშეებს მუსრი გაავლო. "თევდორე მღვდელმა მოიპოვა იმისთანა სახელი, რომ ქებით, დიდებით და კურთხევით იხსენიება ყველა ქართველისაგან ვიდრე დედამიწის ზურგზე ჩვენი ერი იცოცხლებს"- წერდა იაკობ გოგებაშვილი.. წმინდა მღვდელმოწამე თევოდორეს ლოცვა ეწეოდეს სრულიად საქართველოს, ამინ.

ბეჭდვა
1კ1