მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვა-შენაჩუნების სურვილი ვახტანგ მეფეს მოწამეობრივად გარდაცვალების წინაც არ დავიწყებია
მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვა-შენაჩუნების სურვილი ვახტანგ მეფეს მოწამეობრივად გარდაცვალების წინაც არ დავიწყებია
13 დეკემბერს წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებაა

გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლევან ტყეშელაშვილი:


-მეხუთე საუკუნის შუა ხანებში საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, ქვეყანა განიცდიდა ორი დიდი მეზობლის სპარსეთისა და ბიზანტიის იმპერიის ზეგავლენას, რასაც ემატებოდა შიდა ქართლის რეგიონში ოვსთა თარეში. ამ პერიოდში ტახტზე ავიდა ჯერ კიდევ ჭაბუკი მეფე ვახტანგი, ზედწოდებით გორგასალი (442-502), რომელმაც საბოლოოდ შეძლო სპარსული უღლის გადაგდება, ქართული ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის ფეხზე დაყენება. ვახტანგ მეფის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება, რის შესახებაც ცნობებს გვაწვდის მეფის ისტორიკოსი ჯუანშერი. მეფის მემატიანე თავის თხზულებაში ხაზგასმით წარმოაჩენს მეფის განსაკუთრებულ ღვაწლს სარწმუნოების დაცვისა და ეკლესიის გაძლიერების საქმეში.




ვახტანგმა სიყრმიდანვე მიქაელ მთავარეპისკოპოსისაგან შეიმეცნა მართლმადიდებლური სარწმუნოება: "ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისავე დღეთა შეიყუარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა ქართლისათა". მეფე კარგად ხედავდა თუ როგორ შემოერეოდა ქართლს "ცეცხლის-მსახურება ტყუეობისა და საზღუართა მიხუმისაგან. და უმეტეს იურვოდა სჯულისათვის გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად". ახალგაზრდა მეფე ძლიერ განიცდიდა არსებულ სიტუაციას, მაგრამ ძლიერი სპარსეთის გამო მოქმედებას ვერ ბედავდა.

ვახტანგ მეფემ მიზანმიმართული მოქმედებით შეძლო სასურველი მიზნისთვის მიეღწია, მან განახორციელა ფრიად მნიშვნელოვანი რეფორმა (კათალიკოსობის დაწესება) რომელსაც რელიგიურთან ერთად პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდა. საქართველო ბიზანტიასთან მჭიდრო კავშირში შეინარჩუნებდა თავის თვითმყოფადობასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას. ვახტანგმა სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ გაატარა ძირეული ცვლილებები ქართულ ეკლესიაში, იგი ამავდროულად უნათესავდება ბიზანტიის იმპერატორ ლეონ მეორეს(457-474). ქართლში კათალიკოსის ჩამოყვანა და მეფის მიერ ბერძენი მეუღლის შერთვა ერთდროულად მომხდარა. კათალიკოსის ჩამოყვანის გამო ძლიერ განაწყენებულა მიქაელ მთავარეპისკოპოსი, რომელიც დაპირისპირებია ვახტანგ მფეს. რაც ყველაზე უცნაურია, მიქაელს მეფისთვის ცეცხლთთაყვანისცემა დაუწამია: "შენ დაგიტევნია ქრისტე და ცეცხლსა ესავ". მეფემ უარყო ბრალდება, მან მღვდელმთავარს უპასუხა, რომ "ძალითა ქრისტესითა შევედი და სიმართლით გამოვედ ძალითვე ქრისტესითა, უბრალო ვარ ღმერთმან იცის!".

ვახტანგის მეფის მაზდეანობაში დადანაშაულება, მართლაც ცილისწამება იყო, მეფეს თავის სამეფოში ჩამოჰყავს კათალიკოსი და მღვდელმთავრები, იგი მხოლოდ ქრისტეზე ამყარებდა სასოებას, ამიტომ თავის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. საბოლოოდ მღვდელმთავარსა და მეფეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ჯუანშერი გვაუწყებს, რომ "იმან (მიქაელმა მიამთხვია ფერხი გორგასლსა". მღვდელმთავრი ამგვარი საქციელის გამო ბიზანტიაში გაიწვიეს და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გენადიმ იგი მღვიძარე მამათა მონასტერში გაამწესა. ე.ი. მიქაელ მთავარეპისკოპოსის ბიზანტიაში წასვლის შემდეგ ვახტანგ მეფე ქრისტიანულ ეკლესიაში არსებული კანონების დაცვით მოქმედებს. მისი მიზანი საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება იყო.
საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციული მოწყობა განხორციელდა გეგმაზომიერად, საეკლესიო კანონიკის დაცვით. ამის ნათელი მაგალითი იყო, მიქაელ მთავარეპისკოპოსის შეცოდებათა განსჯა კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ, ანუ ვახტანგ გორგასალი უშუალოდ არ ჩაერია საეკლესიო საქმეებში და მღვდელმთავრის განკითხვა კონსტანტინეპოლის პატრიარქს მიანდო, ასევე საკათალიკოსო კანდიდატის კურთხევის საკითხიც მასთან შეათანხმა, რასაც საბოლოოდ ბერძნული წარმომავლობის კათალიკოსის, პეტრეს კურთხევა მოჰყვა ანტიოქიაში ძველი წესების შესაბამისად.


ვახტანგ მეფის სახელს უკავშირდება საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ პირველი ქართული მონასტრის ოპიზის მშენებლობა. მეფეს საბერძნეთიდან ჩამოსვლის შემდეგ უბრძანებია: "რათა გამონახოს ხევსა მას ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი". ბიზანტიის იმპერიაში იმხანად აღორძინებული სამონასტრო ცხოვრების მსგავსად ქართველი მეფეც იწყებს მონასტრების აგებას. ჯუანშერის მიხედვით ვახტანგ გორგასალი დედასთან და დასთან ერთად იერუსალიმში წასულა მოსალოცად: "წარვიდეს ვახტანგ და დედა და დაჲ მისი იერუსალიმს... შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომისასა, და მოიწიეს ყოველნი ადგილნი წმიდანი, და შევედრნეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს ანტიოქიას". ვახტანგ მეფეს ოჯახის წევრებთან ერთად მოულოცია წმინდა ადგილები და შესაწირავიც გაუღია. მიხეილ საბინინი გვაუწყებს რომ, იერუსალიმში მყოფ ვახტანგ მეფეს იერუსალიმის პატრიარქი მოუნახულებია, რომლისთვისაც საჩუქრები გადაუცია და მისგან ქართველი მომლოცველებისათვის ეკლესიის ასაგებად ადგილი გამოუთხოვია. იერუსალიმის პატრიარქს დაუკმაყოფილებია მეფის თხოვნა და გადაუცია ადგილი ქართველთა ჯვრის მონასტრის ასაშენებლად. 1881 წელს, იერუსალიმიში ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც მონასტრის შესასვლელის მარცხენა მხარეს დიდ ნავზე მოინახულა მირიან მეფისა და ვახტანგ გორგასლის ფრესკები. ქართველი მეფეები თავიანთი დამსახურების გამო გამოსახეს ჯვრის მონასტერში, ვახტანგ მეფის ფრესკის არსებობა ჯვრის მონასტერში ისტორიულ რეალობას გადმოგვცემს.

ვახტანგ მეფემ კათალიკოსის ჩამოყვანის შემდეგ მცხეთაში ააგო სვეტიცხოვლის საკათალიკოსო ტაძარი: "მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი, და უპყრა სუეტსა შინა სამხრით ადგილსა მას, სადა იგი დაცემულ იყო ეკლესია... მუნ შინა დასვა პეტრე კათალიკოსად". მეფემ ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ ეკლესიის მეთაურს აუგო საკათალიკოსო ტაძარი, იქ სადაც საუფლო კვართი იყო დავანებული და მირონმდინარე სვეტი იყო აღმართული. ვახტანგ მეფის მოღვაწეობის პერიოდში ითარგმნა სახარება და სამოციქულო ქართულ ენაზე, ეს იყო მეფის მიერ დაწყებული საეკლესიო-საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგი, ამის დასტურად შეგვიძლია მოვიხმოთ ის ფაქტი, რომ მეექვსე საუკუნის დამდეგს ქართველებს იერუსალიმში საბა განმწმედელის ლავრაში შეეძლოთ ღვთისმსახურებაზე ქართულად წაეკითხათ ჟამნი, სამოციქულო და სახარება.

ამ პატივის მოპოვებასთან აშკარად კავშირშია ვახტანგ გორგასალი. ჯერ კიდევ არ გვაქვს ვახტანგ გორგასლის ღვაწლი სრულად შესწავლილი, დიდია მისი დამსახურება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისა, სვეტიცხოვლის საკათალიკოსო ტაძრის აგებისა და წმინდა მიწაზე ქართველთა სავანის დაარსების საქმეში.
მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვა-შენაჩუნების სურვილი ვახტანგ მეფეს მოწამეობრივად გარდაცვალების წინაც არ დავიწყებია, როდესაც იგი მძიმედ დაჭრილი მიმართავდა თავის ოჯახის წევრებს, კათალიკოსს და წარჩინებულებს: "აწ გამცნებთ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ". თავისი მოღვაწეობის პერიოდში კეთილმსახურმა მეფემ თავი არ დაზოგა ქვეყნის საკეთილდღეოდ, იგი თავისი თავგანწირვით იცავდა არამარტო საქართველოს, არამედ მთელ საქრისტიანოს: "არა ხოლო ქართლი მიეცეს განსარყუნელად, არამედ იერუსალიმიცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა". იგი თავისი ბოლო ბრძოლის დროს ასე მიმართავდა კათალიკოსს: "უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათვის გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატევებისათვის, აწ მე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესა, რათა სასუფეველი გვაქვნდეს". ამ სიტყვებით წმინდა მეფემ საქართველოს განუსაზღვრა სამომავლო მოქმედების გეგმა, რომ მთავარი ფასეულობა ადამიანის ცხოვრებაში უზენაესი ფასეულობებია და ჭეშმარიტების დასაცავად ბრძოლა აუცილებელი იქნება.


468-470 წლებში ვახტანგ გორგასლისა და ბიზანტიის იმპერატორ ლეონის თანხმობით ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა მცხეთის პირველი კათალიკოსი. ოთხივე პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ საქმეში, იყვნენ მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი შეთანხმებული, მიზანმიმართული მოქმედება არ აღსრულდებოდა. პეტრე კათალიკოსის კურთხევას ხელი შეუწყო ასევე ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურმა სიძლიერემ და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დიდმა საერთაშორისო ავტორიტეტმა. ბიზანტიასთან მიმართებით ვახტანგ მეფის მჭიდრო კავშირმა საეკლესიო თუ საერო საკითხებში ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიის მართლმადიდებლურ (ქალკედონურ) ორიენტაციას.


ვახტანგ მეფის ღვაწლს შემდგომ საუკუნეებში ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ, მეფეს დიდი პატივით იხსენიებდნენ, 1439 წლის 20 თებერვალს შედგენილი სამების ტაძრის "სულთა მატიანეში", ჩართულია "ძველთა მეფეთა მოსახსენიებელი", რომელსაც "მატიანე მოსახსენებელი სულთაჲ ეწოდება". მოსახსენიებელში თავდაპირველად წმინდა ნინო, მირიან მეფე და ნანა დედოფალი იხსენიება, მათ შემდეგ "სული ყოველთა მეფეთა უწარჩინებულესისა დიდისა ვახტანგ გორგასლისა", ძნელია არ დაეთანხმო აღნიშნულ მატიანეს, აღნიშნული მატიანე სრულად გადმოცემს ვახტანგ გორგასლის დიდ ღვაწლს ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

ბეჭდვა
1კ1