ვინც წრფელი გულით შესთხოვს წმინდა მაქსიმეს, უნუგეშოდ არავის ტოვებს
ვინც წრფელი გულით შესთხოვს წმინდა მაქსიმეს, უნუგეშოდ არავის ტოვებს
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენება
"გვმართებს დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას," - გვმოძღვრავს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი , რომელმაც თავისი ცხოვრებით ღვთის სიყვარულისა და მისდამი მორჩილების უდიდესი მაგალითი გვიჩვენა. უფალმა ინება და მსოფლიო მნიშვნელობის ამ წმინდა მამის საფლავი თოთხმეტი საუკუნის შემდეგ გამოგვიჩინა მორწმუნეებს თაყვანისსაცემად. წყაროებიდან ცნობილი იყო, რომ წმინდა მამის საფლავი ცაგერის მახლობლად მდებარეობდა და სწორედ აქ ჩადიოდა მორწმუნე მრევლი თაყვანისსაცემად. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მიერ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებისას, საკურთხევლის ნაწილში წმინდა ნაწილები გამოჩნდა.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი VII საუკუნეში მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული მონოთელიტური ერესის წინააღმდეგ მებრძოლი წმინდა მამა გახლდათ. წმინდა მაქსიმეს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიის მოსახლეობაში. მწვალებლობაში მყოფი იმპერატორი და სასულიერო პირები ყოველმხრივ ცდილობდნენ, ნეტარი მამა თავიანთი ცრუმოძღვრების მიმდევარი გაეხადათ. მათი ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ხელი და ენა მოჰკვეთეს ნეტარ მამას და თავის ორ მოწაფესთან ერთად ლაზიკაში გადაასახლეს. ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურიბის შემდეგ წმინდა მაქსიმე ციხე-სიმაგრე სქიმარში გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი წმინდა ცხედარი ცაგერთან ახლოს მდებარე მონასტერში გადაასვენეს. დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად მდებარეობდა ციხე-სიმაგრე სქიმარი, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს, მეუფე სტეფანემ რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.

ჩვენამდე მოაღწია წმინდა მაქსიმეს მრავალმა ნაშრომმა. ეგზეგეტიკური, დოგმატურ-პოლემიკური, ანთროპოლოგიური, ზნეობრივი და ასკეტური ხასიათის სწავლებათა დიდი ნაწილი თავის დროზე ქართულ ენაზე ითარგმნა.

წმინდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (ახ. სტ. 26) აგვისტოს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს (21 იანვარს, ახ. სტ. - 3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს.

წმიდა მაქსიმეს სახელობის მონასტერი ცაგერის მახლობლად მურის ციხის ძირში მდებარეობს. XX საუკუნის ბოლომდე იგი ერთადერთი მონასტერი იყო წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობისა მთელს მსოფლიოში. მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის საკუთარი ძალებით აღადგინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა. სამონასტრო ცხოვრება აქ 2003 წლიდან დაიწყო.

- წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე განსაკუთრებით აღინიშნება ხოლმე ჩვენს ეპარქიაში, - მიამბობს მეუფე სტეფანე. სტუმრად ჩამოდიან როგორც საქართველოში მოღვაწე, ასევე უცხოელი სასულიერო და საერო პირები. სისტემატურად იმართება წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციები.

- მეუფე, რატომ იწოდება წმინდა მაქსიმე აღმსარებლად?

- აღმსარებლად იწოდებიან ისეთი წმინდანები, რომლებმაც არ დათმეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ბოლომდე დაითმინეს ყოველგვარი ტანჯვა-წამება, მაგრამ არ გარდაიცვალნენ და ცოცხლები დარჩნენ. ისინი ამის გამო მოწამეებად კი არ მოიხსენიებიან, არამედ აღმსარებლებად.


წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენება წელიწადში რამდენჯერმე აღინიშნება 21 იანვარს (ა. ს. 3 თებერვალს), ეს არის დღე, როდესაც მას მოკვეთეს ხელი და ენა. მეორედ წმიდანის ხსენება აღინიშნება 13 აგვისტოს (ა.ს. 26 აგვისტოს) Eეს არის გარდაცვალების დღე. კიდევ ერთხელ აღინიშნება წმიდანის ხსენების დღე ცაგერში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს. უძველესი დროიდან ადგილობრივი მოსახლეობა ამ დღეს ლიტანიობით მიემართება წმინდა მაქსიმეს სახელობის მონასტერთან და ასეთ ლოცვას აღავლენს - "წმინდაო მაქსიმე, შეგვიხვეწიე, დარი გვიბოძე".

- რა სულიერი ღვაწლით გამოირჩევა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?

- წმინდა მაქსიმე ერისკაცობაში მეფის კარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო. Mმას ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, როგორც საერო, ასევე სასულიერო, ეს ეტყობა კიდეც მის საღვთისმეტყველო ნაშრომებს. წმინდა მაქსიმე გამოირჩევა არა მხოლოდ საღვთისმეტყველო შრომებით, არამედ მრავლად აქვს ასკეტური სწავლანი. სათნოთმოყვარეობა (ბერძნ. ფილოკალია) არის წიგნი, რომლითაც ბერ-მონაზვნები მოღვაწეობას სწავლობენ. ამ წიგნში წმინდა მაქსიმეს მთელი თავი აქვს დათმობილი. მათ შორისაა, მაგალითად, "ოთხი ასეული სიყვარულის შესახებ". მისი ასკეტური ნაშრომები ადამიანს ასწავლის სულიერ ცხოვრებას, ჭეშმარიტებასთან მიახლოვებას, არა მხოლოდ საღვთისმეტყველო მიმართულებით, არამედ სულიერი მოღვაწეობით და თავდადებით. წმინდა მაქსიმე ფენომენია ქრისტიანულ აზროვნებაში. Aამას ყველა აღიარებს, ძველი მამებიც აღიარებდნენ. განსაკუთრებით გამოვყოფ წმიდა იოანე დამასკელსა და წმიდა გრიგოლ პალამას.

***
როგორც იცით ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტერი გვაქვს. ვცდილობთ მივსდიოთ წმინდა მაქსიმეს სწავლებას და ვიცხოვროთ უფლის სადიდებლად. Mმცირერიცხოვანია ჩვენი მონასტერი. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, სულიერი და მატერიალური თვალსაზრისით. წმინდა მაქსიმეს საფლავზე ჩაუქრობელი კანდელი ანთია. იქიდან აღებული ზეთით მრავალი სნეული განიკურნა. ვინც წრფელი გულით შესთხოვს წმინდა მაქსიმეს, უნუგეშოდ არავინ დარჩება. უკვე 9 წელია რაც საკათედრო ტაძარში წმინდა მაქსიმეს კანკელის ხატმა მირონდენა დაიწყო, მას შემდეგ საკათედრო ტაძარში ყველა კანკელის ხატს მირონი მოედინება. წმინდა მაქსიმეს მადლია მონასტერში, და ზოგადად მთელს ეპარქიაში, დავანებული. ამას განსაკუთრებულად ვგრძნობთ. შეგვეწიოს წმინდა მაქსიმე.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ბეჭდვა
1კ1