წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურნებაში
წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურნებაში
სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსის წმინდა ლუკას (ვოინო-იასენეცკი) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე "კარიბჭის" მკითხველს უკვე ვესაუბრეთ. ისიც ვუამბეთ, თუ როგორ ჩამობრძანდა საქართველოში კიევ-პეჩორის ლავრიდან მისი წმინდა ნაწილი. ღვთის შეწევნით, ახლახან დაიწერა წმინდა ლუკას ხატი და მისი წმინდა ნაწილი ახალდაწერილ ხატში ჩაბრძანდა. ხატმწერი გახლავთ ჯვრის მამასთან მდებარე დედათა მონასტრის სამონაზვნე ნინო (ავაზაშვილი). წმინდა ლუკას ხატი, თავისი სიწმინდით, დაბრძანებულია ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში. ყველა მორწმუნეს შეუძლია მიეახლოს და მისგან კურნება მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ წმინდა ლუკას წმინდა ნაწილი ჩვენს სამშობლოს სევასტოპოლის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა იღუმენმა საბატიმ გადასცა. მან ბრძანა, - წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურნებაში. ის დაგიცავთ იმ უსიამოვნო შემთხვევებისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. წმინდა ლუკას მიმართეთ დასახმარებლად და აუცილებლად შეგეწევათ. ვინც წმინდა ლუკას მთელი გულით შეევედრება, უნუგეშოდ არ ტოვებს. მას ბევრი სასწაული მოუხდენია, სხვადასხვა სნეულებისგან ბევრი განუკურნავს... რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ წმინდანის სიყვარულმა საქართველოს მიწა განწმინდოს...

უფალმა დაგლოცოთ..

წმინდა ლუკას სასწაულები
ნ. ფ. 14 წლის ყმაწვილი. მას ლიმფური ჯირკვლების კიბო ჰქონდა, გაიარა ქიმიოთერაპიული მკურნალობა. მკურნალობის დასრულების სტადიაში ავადმყოფობამ ახალი ძალით იფეთქა. ექიმებმა პარასკევს კონსილიუმი მოიწვიეს და გადაწყვიტეს, ორშაბათიდან განეახლებინათ ქიმიოთერაპია. მდგომარეობა გამოუვალი იყო. მშობლები მთლიანად ღვთის წინაშე ლოცვაში ჩაეფლნენ; ჩვენი სავანის დედებს სთხოვდნენ, ელოცათ მათი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოჯანმრთელებისათვის. მონაზვნები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა მკურნალLლუკას, შუამდგომლობას სთხოვდნენ ღვთის წინაშე. გატანჯულ მშობლებს მცირეოდენი ნუგეში გავუგზავნე - წმინდანის ხატი და ცოტაოდენი მისი საფლავის მიწა.

ორშაბათ დილით ხელახალი ანალიზები აუღეს, რომელიც მოულოდნელად დიამეტრულად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ავადმყოფობის არც ერთი ნიშანი არ გამოვლენილა, სიმსივნე გაქრა. Mმკურნალი ექიმები გაოცებას არ მალავდნენ; მათ დაამოწმეს ახალი მონაცემები, შეცვალეს ავადმყოფობის დასკვნა და ნ. ფ. სრულიად ჯანმრთელი გამოწერეს საავადმყოფოდან.

***
70 წლის პ. პ. საავადმყოფოში სამკურნალოდ იწვა დაEექიმების გაუფრთხილებლობით ინფექცია შეეყარა. დაუყოვნებლივ განვითარდა ახალი ავადმყოფობა და ძალიან სწრაფად დადგა ერთადერთი თირკმლის დაკარგვის საშიშროება. ავადმყოფის მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. წმინდა ლუკასადმი აღვლენილმა ლოცვამ და წმინდა მკურნალის მადლმა ხელი შეუშალა მოვლენების ბუნებრივ განვითარებას და პ. პ., ღვთის წყალობითა და წმინდა ლუკას ლოცვით, დღეს სრულიად ჯანმრთელია.

ღრმა პატივისცემით მონაზონი თეოლოღია და მისი ქრისტესმიერი დები.

***
ჩემთან დაკვირვებას გადიოდა ქალბატონი ე. კ., - წერს ქირურგი-გინეკოლოგი ბეტი პერისტეროპულუ (ქ. ათენი, 2002 წელი), რომელსაც ტყუპი უნდა გაეჩინა. ფეხმძიმობის 34-ე კვირას (მერვე თვე) ქალმა აღელვებულმა დამირეკა, - მუცელი გამიქვავდაო. იგი შინ გავსინჯე. მივხვდი, მშობიარობა იწყებოდა. მაშინვე გავუკეთე საჭირო პრეპარატი - დექსამეტაზონი, რათა ჩვილების ფილტვები ნაადრევი მშობიარობისათვის მოემზადებინა. ეს წამალი მხოლოდ 24 საათის შემდეგ იწყებს მოქმედებას. ამის გაკეთება აუცილებელი იყო, რადგანაც მხოლოდ უფალმა უწყის, როდის დაიწყებოდა მშობიარობა.



წმინდანის გულის სულ მცირე ნაწილი მქონდა. მისით ჯვარი გადავსახე ფეხმძიმე ქალის მუცელს და ეს ნაწილი მოვათავსე ცარიელ კოლოფში, საიდანაც ის-ის იყო, ავადმყოფს წამალი მივეცი. ცოტა ხნის შემდეგ კაბინეტისკენ გავემართე. ხუთი საათიც არ იყო, როდესაც შეშინებულმა ქალმა კვლავ დამირეკა, - სისხლდენა დამეწყოო. დაუყოვნებლივ წამოდი სამშობიარო სახლში-მეთქი. მას პლაცენტას განშრევება დაემართა - ეს არის ერთი ყველაზე საშიში გართულებათაგანი იმ სამიდან, რაც, შესაძლოა, ფეხმძიმობისას მოხდეს. ასეთ შემთხვევაში საფრთხე ემუქრებოდა როგორც დედის, ისე ჩვილის სიცოცხლეს.

საოპერაციო სასწრაფოდ მომზადდა საკეისრო კვეთისათვის. ეს ოპერაცია დაუგეგმავი იყო, გადასასხმელი სისხლის წვეთი არ გაგვაჩნდა. მოცდის დროც არ იყო, რადგან სისხლისდენა ძლიერდებოდა და ქალს საშინელი ტკივილები ტანჯავდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: მშობიარემ სამი საათის წინ ჭამა და მისთვის საშიში იყო საერთო ნარკოზის გაკეთება, ეპიდერალური ანესთეზიისთვის კი მზად არ იყო ტექნიკა, რადგან ანესთეზიოლოგს მოსამზადებელად 40 წუთი სჭირდებოდა.

სასოწარკვეთილმა გულში წმინდა ლუკას ვთხოვე შემწეობა და განმტკიცება მოსალოდნელი ოპერაციის წინ. ლოცვამ გამამხნევა და აქამდე შუცნობელი ძალა ვიგრძენი. მტკიცე ხელით გავკვეთე მუცელი. საშვილოსნოში უამრავი სისხლი აღმოჩნდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედის მდგომარეობა მთელი ოპერაციის მანძილზე სტაბილური იყო და ნარკოზიდანაც საკმაოდ ადვილად გამოვიდა. წმინდანის ჩარევის წყალობით ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ღვთის მოსაგრეს იმისათვის, რომ მან არა მხოლოდ იხსნა დედისა და ორი ბავშვის სიცოცხლე, არამედ მეც განმამტკიცა, იმ წუთებში ჩემთვის შეუცვლელი დამხმარე და თანამებრძოლი გახდა ქირურგიულ პალატაში - ესოდენ ფაქიზ და საშიშ ადგილას.

წმინდა ლუკამ ამ შემთხვევაშიც სასწაული აღასრულა.

წმინდა ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის! მთელი გულით ვმადლობთ მას.

ბეჭდვა
1კ1