მრავალმა ლეკმა იხილა სასწაული წმინდა მთავარმოწამე გიორგის ხატისა
მრავალმა ლეკმა იხილა სასწაული წმინდა მთავარმოწამე გიორგის ხატისა
ძარწემის წმინდა გიორგი. ლეგენდა მოგვითხრობს: ერთხელ მოთარეშე ლეკები ძარწემს დასცემიან, ეკლესია გაუძარცვავთ, დაუწვავთ და ვერცხლით მოჭედილი წმინდა გიორგის ხატიც წაუღიათ. ხატის მომტაცებელ ლეკებში გაჩენილა ჭირი. ბუზებივით იხოცებოდნენ თურმე, განიავდა ხალხი. მოლას დასიზმრებია მოტაცებული ხატი. რაც გადამრჩა, იმასაც გავწყვეტ, თუ იქავ არ დამაბრუნებთ, საიდანაც მომიყვანეთო, - უთქვამს ხატს. ოღონდაც ხალხს ნუღარ დახოცავ და როგორ არაო. ერთი მოზვერი გამოიყვანეთ, იმის რქებზე მიმაკარით და გამანებეთ თავი, თვითონ წავალთო, - უბრძანებია ხატს. მოლას დილით ხალხი შეუყრია და სიზმარი უამბია. მოუყვანიათ მოზვერი, მიუკრავთ რქებზე ხატი და გაუშვიათ. წამოსულან ხატი და მოზვერი. გზას ხატი უჩვენებდა თურმე. მოზვერი ხან გაჩერდება და ბალახს მოძოვს, ხან წყალს დალევს. მოაღწიეს ძარწემს და ერთი ასკილის ბუჩქის ძირში დაისვენეს.

ახლა ძარწმელ მღვდელს დასიზმრებია ხატი: - აქედან ხომ წამიყვანეს ლეკებმა, მოვედი. საცა მიპოვით, იმ ადგილზე ამიშენეთ ეკლესიაო.

დილით მღვდელმა მრევლს გამოუცხადა სიზმარი. წავიდნენ ახალგაზრდები საძებნელად. ნახეს ასკილის ძირას მოკეცილი, ხატით რქადამშვენებული მოზვერი. მთელი სოფელი დაიძრა იმ სასწაულის სანახავად. შეხსნეს ხატი და დაასვენეს ძირს. ხატი მოხსნეს თუ არა, მოზვერი იმ წამში გასკდა და მოკვდა. იმ ადგილას ააშენეს ეკლესია და შიგ დაასვენეს წმინდა გიორგის ხატი-ცხოველი. იმ ასკილისგან გააკეთეს ჯვარი და ისიც იქ დაასვენეს.

KARIBCHE KARIBCHE
ძარწემი. სპარსეთის წმინდა გიორგი. X-XI ს.                               ატოცის წმინდა გიორგი

შორეულ ფერეიდანში. შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადასახლებული ქართველები ასუპასში უნახავს 1627 წელს უცხოელ მოგზაურს, თომას ჰერბერტს. მარტო ასუპასში 40 ათასი კაცი ყოფილა. ამ ხალხს მფარველად ჰყავს წმინდა გიორგი, რომელსაც მოწიწებით თაყვანს სცემენო, - ამბობს ჰერბერტი. წმინდა მთავარმოწამეც მრავალგზის შეეწეოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს.

ერთხელ ირანს ავღანელები შემოესივნენ და ფერეიდნის დაპყრობის სურვილიც გაუჩნდათ. იქაური ქართველები (მათ სათავეში იოსებ გუგუნაშვილი ედგათ) საბრძოლველად მოემზადნენ. ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა. თუმცა ბევრი კი ჟლიტეს მტერი, მაგრამ ავღანელებს მაშველი ჯარები ემატებოდნენ. ქართველებმა უკან დაიხიეს და სოფლის დასაწყისს მიადგნენ. საგონებელში ჩაცვივდნენ, რადგან რამდენ ავღანელსაც მოკლავდნენ, ორი იმდენი ემატებოდათ. ბოლოს, დაღლილ-დაქანცულნი, ჩამოსხდნენ და ფიქრს მიეცნენ. გაახსენდათ თავიანთი სამშობლო, გადასახლების სისხლიანი წლები, ცოლ-შვილი, დედ-მამა, ახლობლები, მიხვდნენ, რომ მეტი ძალა აღარ შესწევდათ, ტყვია-წამალიც გამოლეოდათ და უნდა დანებებულიყვნენ. ამ დროს ფერეიდნის ჩრდილოეთით, ამაღლების მთებთან, "თამზიანის გორაზე", ქართველებს გამოეცხადათ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შეუძახა მეომრებს და სულიერად განამტკიცა. მათაც ერთი თავზე ხელაღებული შეტევით მთლიანად განდევნეს ავღანელები. მტერი გაიქცა და აღარ დაბრუნებულა. იმ ადგილს ქართველები "ამაღლების მთას" ეძახიან. გადმოცემით, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ნათლით იყო მოსილი. სინათლე იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვა, სადაც წმინდანი იდგა, მისმა ძალამ გახეთქა. ეს ქვა ახლაც იქვეა, თითქოს მაკრატლითაა გაჭრილი, კუთხეები კი სამკუთხედად აქვს ჩამოპობილი. ხელი რომ დაადო, ცხელია. ამ ადგილს სპარსელებიც გაურბიან. 50 მეტრის რადიუსზე ვერავინ ეკარება, რადგან ყველას წმინდა ალაგად მიაჩნია, - ბრძანებს ფერეიდნელი ქართველი ბატონი ვახტანგ ონიკაშვილი.

ატოცის წმინდა გიორგი. 1758 წელს ლეკებმა კიდევ ერთხელ გამოინავარდეს საქართველოსკენ. მეფეები - ერეკლე და თეიმურაზი ქრცხინვალს იდგნენ და ჯარის სიმცირის გამო პირდაპირ შეტაკებას ვერ ბედავდნენ. ლეკებმა აიღეს სოფელი ალი, ავიდნენ ახალქალაქში, იქიდან ერთი ნაწილი, ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით, ავნევს მიადგა, კოხტა ბელადი კი ატოცს. მეფეებმა საშველად იხმეს სოლომონ იმერთა მეფე, ძე ალექსანდრესი. სოლომონი ჯარით გადმოვიდა, შეუერთდა ქართლ-კახეთის მხედრობას. დაეცნენ თავს ატოცში მდგარ ლეკებს და უამრავი მოწყვიტეს. ამის მხილველმა ჩონჩოლ-მუსამ თავს გაქცევით უშველა. მრავალმა ლეკმა იხილა სასწაული წმინდა მთავარმოწამე გიორგის ხატისა, რომელიც ასვენია ატოცში. ამბობენ, - თვითონ წმინდა გიორგი გვებრძოდა და გვმუსრავდაო.

ხატის მიწა. ფშავში გოგოლაურთა თემის მთავარი სალოცავია ქმოდისთავის წმინდა გიორგი. ხატის ნიში სოფლიდან მოშორებით, ერთ მთის მწვერვალზეა აგებული, იქვე, სოფლის დასავლეთ მხარეს, ხეთანის მთავარმოწამის ხატია. ხეთანის წმინდა გიორგი "ძლიერი ხატიაო", - ამბობენ ფშავლები. ადრე მას საკუთარი მამულიც ჰქონია. ამ მამულზე გოგოლაურებსა და შუაფხოელებს დავაც მოსვლიათ. შუაფხოელებს უჯობნიათ, ხატის მამულში ხარ-გუთნით მისულან და მიწის დამუშავებას შესდგომიან. ამაზე ხეთანის მთავარმოწამე გაჯავრებულა, ამტყდარა ჭექა-ქუხილი. ნიაღვარს ხარ-გუთანი და ხატის ზარიც არაგვში ჩაუტანიაო. შემდეგ ეს ზარი გოგოლაურებს ამოუღიათ და იქვე, ჭალაში, დაუკიდიათ. ამ ადგილს "ზარის ჭალას" უწოდებენ.

ხეთანის მთავარმოწამეს თავისი ყმები გოგოლაურთას სამჯერ გაუწყვეტია, მაგრამ ქმოდის წმინდა გიორგის ყმები ისევ მიუცია.
ბეჭდვა
1კ1