ღირსი მატრონა ქიოსელი (+1462) - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
ღირსი მატრონა ქიოსელი (+1462)  - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
წმინდა მატრონა დაიბადა კუნძულ ქიოსზე, დაბა ვოლისოსში. მისი მშობლები, ანა და ლეონ სეფსინასები მდიდარი მიწათმოქმედები და ღრმად მოშიში ქრისტიანები იყვნენ. მათ სულ შვიდი ქალიშვილი ჰყავდათ, წმინდა მატრონა (ნათლისღებით მარიამი) ნაბოლარა იყო. მშობლების ღვთისმოსაობა შვილებსაც გადაედოთ.

მარიამმა ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდამ ჩუმად დატოვა მშობლების სახლი, ვოლისოსი და სოფელ კატავარასის ახლოს მდებარე მთაზე ერთ მღვიმეში დასახლდა, სადაც სრულიად მარტო მოსაგრეობდა იმ დრომდე, ვიდრე ის მშობლებმა არ იპოვეს. მათ ის შინ დააბრუნეს, მაგრამ ქალიშვილი მტკიცედ იმეორებდა, რომ არასოდეს გათხოვდებოდა. მშობლებმა აღარაფერი უთხრეს, თავისი წილი მემკვიდრეობისა (მზითევი) გადასცეს, და ნება დართეს, სურვილისამებრ მოქცეოდა ქონებას. მარიამმა თავისი წილი მიწის ნაკვეთი მაშინათვე სამართავად დებს გადასცა და სთხოვა, მისი მიწიდან და მზითევიდან შემოსავალი ქვრივ-ობლებისთვის დაერიგებინათ ხოლმე. თვითონ კი, თავისი ქონების განკარგვის შემდეგ, კატავარასში წავიდა და იქ მღვიმეში სამი წელი მოსაგრეობდა, და მხოლოდ ღვიძლ დებს თუ ენახვებოდა, როცა მისთვის საჭმელი მოჰქონდათ. მესამე წლის ბოლოს იგრძნო, რომ უფალი მას მოუწოდებდა ერთ-ერთ ადგილობრივ მონასტერში მორჩილად შემდგარიყო. ის სოფელ მესა დიდიმაში, ქიოსის ერთ პატარა მონასტერში დასახლდა, სადაც მხოლოდ წინაძღვარი და მისი ორი ქალიშვილი ცხოვრობდა. ისინი მონაზვნური წესით თავიანთ საკუთარ სახლში ცხოვრობდნენ, რომელსაც ეკვდერი მიაშენეს. მარიამი მატრონას სახელით მონაზვნად აღიკვეცა და რაც მზითევიდან მორჩა, ყველაფერი გადასცა მონასტერს, ამ ფულით ახალი კელიები ააშენეს და ეკვდერი გააფართოეს. წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ მის ნაცვლად წმინდა მატრონა აირჩიეს.

როგორც ჰყვებიან -როცა მუშები ეკლესიის გაფართოებისას საძირკველს თხრიდნენ, განძს წააწყდნენ, მოუხმეს წმინდა მატრონას. მან განძს შეხედა და ღმერთს შესთხოვა: "უფალო იესო ქრისტე, თუ ეს შენი საჩუქარია, ცხადი ნიშანი მოგვეცი, ხოლო თუ ეშმაკის საფრთხეა, მაშინ დაე ყველაფერი განქარდეს". ოქრო გაქრა და მის ადგილას გახრწნილი ნახშირის გროვა დარჩა. ქიოსელმა ქრისტიანებმა მუშებისგან ამ სასწაულის შესახებ რომ შეიტყვეს, ეკლესიის ასაშენებლად სამშენებლო მასალები და ფული შესწირეს.

XV საუკუნის ბოლოს, როცა ქიოსი გენუელებმა დაიპყრეს, მონასტერში ჯარისკაცების ჯგუფი შევიდა, ერთმა მათგანმა ახალგაზრდა მონაზონის გაუპატიურება მოინდომა. წინამძღვარმა მატრონამ ღმერთს შეწევნა სთხოვა და ჯარისკაცი მიწაზე მკვდარი დაეცა. წმინდანს შეებრალა, რომ მოძალადე ასეთ მდგომარეობაში მოკვდა, კვლავ ილოცა და ჯარისკაცს სიცოცხლე დაუბრუნდა. წმინდანმა ჯარისკაცები დაარიგა და უბრძანა, წასულიყვნენ. შემდგომში ისინი კარგად იქცეოდნენ.

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე უფალმა გაუმხილა წმინდა მატრონას, რომ მალე მოკვდებოდა. სიკვდილის წინ ეზიარა და 1462 წლის 20 ოქტომბერს აღესრულა. მისი წმინდა ნაწილებიდან მომდინარე მადლით, არა მხოლოდ ბერძნები, ასევე დასავლელი ქრისტიანები და თვით მუსლიმანებიც იკურნებოდნენ. ღირსი მატრონას წმინდა ნაწილთა დიდი ნაწილი ზოგრაფის მონასტერში ინახება. სოფელ მესა დიდიმაში, წმინდა მატრონას მონასტერში, არის დაცული მისი წმინდა ნაწილი.

ღირსი მატრონას ხსენება 20 ოქტომბერსაა, ხოლო 15 ივლისს მისი პატიოსანი თავის მოპოვებას მოიხსენიებენ, მას მერე, რაც ის უცხოტომელთა მრავალრიცხოვან შემოსევების დროს მოიტაცეს, ან გადამალეს.

ბეჭდვა
1კ1