დედაკაცო, რაისა სტირ?
დედაკაცო, რაისა სტირ?
"ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედნა საფლავსა მას. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერხით, სადა-იგი იდვა გუამი იესუისი".

უფალი ყველაზე ადრე მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა. უფალს ნებავდა, პირველ ყოვლისა, დაემშვიდებინა და გაეხარებინა ეს ტანჯული ქალი, რომელიც საყვარელი მოძღვრის სიკვდილს იმდენად დაემწუხრებინა, რომ შესაძლოა, სასოც კი წარკვეთოდა. წმინდა იოანე მახარებლის თხრობა ცხოვლად გვიხატავს მდგომარეობას მოტირალი ქალისა, რომელმაც არ იცოდა, სად ეძებნა ნუგეში და რომელსაც გულს მწუხარება, ტკივილი და მონატრება უფლეთდა, მონატრება იმისა, ვისაც ცხოველი სიტყვით აღედგინა მარიამი ტალახისგან და სამუდამო ნეტარება აღეთქვა მისთვის.

მწუხარედ იხრება მარიამი მღვიმის შესასვლელისკენ, რათა იმ ადგილს შეხედოს, სადაც უფლის ყოვლადწმინდა სხეული ესვენა. ანაზდად სულიერი თვალი აღეხილება და ხედავს, რომ იქ, სადაც მანამდე იესოს სხეული ესვენა, ორი ანგელოზი ჩამომჯდარა, ერთი - თავთით, მეორე - ფეხთით. უფლის ანგელოზნი მარიამ მაგდალინელისთვის გარდამოხდნენ ზეცით, მაგრამ ხილულნი მისთვის ღვთის ბრძანებითა და თვით მარიამის შინაგანი მდგომარეობის შედეგად შეიქმნენ. მისმა ამქვეყნიურმა, ხორციელმა თვალმა ისეთი რამ დაინახა, რაც მისთვის, ჩვეულებრივ, უხილავი იყო.

ანგელოზნი უფლის საფლავს მას შემდეგ იცავდნენ, რაც ერთმა მათგანმა ლოდი გადააგორა აკლდამის შესასვლელიდან (მათე 28:2) და მყისიერად, ელვასავით გამოეცხადა აკლდამის მცველად განწესებულ რომაელ მეომრებს, რომელთაც შიშისგან თავზარი დაეცათ და უმალვე გაიქცნენ, რათა მომხდარი პირველმღვდელმთავართათვის ეუწყებინათ. შემდეგ ანგელოზები კვლავ უხილავნი შეიქმნენ: საფლავად შესულ პეტრესა და იოანეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლოს იმყოფებოდნენ ღვთის წარმოგზავნილებთან, არ დაუნახავთ ისინი. მაგრამ აი, მარიამ მაგდალინელი აკლდამის შესასვლელისკენ დაიხრება და ორი ანგელოზი ისევე ხილული გახდება მისთვის, როგორც მცირე ხნის შემდეგ ერთი მათგანი - მენელსაცხებლე დედებისთვის.

ზოგი შენიშნავს, რომ ეს ორი ანგელოზი, რომლებიც მარიამ მაგდალინელს უფლის საფლავთან, იმ ადგილას მსხდომარენი გამოეცხადნენ, სადაც მანამდე მაცხოვრის სხეული ესვენა, მოგვაგონებენ ორ ქერუბიმს გამოცხადების კიდობანზე, რომელნიც, ღვთის ბრძანებით, მოსეს იქ უნდა გამოესახა, სადაც ღმერთი გამოეცხადებოდა. ჭეშმარიტად - აქ, მაცხოვრის საფლავში, უფალი ღმერთი მთელ კაცობრიობას გამოეცხადა.

მარიამი ეუბნება უფლის ანგელოზებს: "აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი". უზომო მწუხარების გამო მარიამი თითქმის გაუცნობიერებლად ელაპარაკება უფლის ანგელოზებს, როგორც უბრალო ადამიანებს, მერე მჭმუნვარე უკან მიაბრუნებს თავს და ხედავს კაცს, რომელსაც თავიდან ვერ სცნობს და მებაღე ჰგონია. წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, თავისი ანაზდეული გამოცხადებით მარიამის ზურგს უკან უფალმა ანგელოზთა გაკვირვება გამოიწვია და მათ, ოდეს იხილეს თავიანთი მეუფე, უმალვე მზერითაც და მოძრაობებითაც გამოხატეს, რომ უფალს ხედავდნენ, რამაც აიძულა კიდეც მარიამი, უკან მიეხედა, თუმცა იქ უჩვეულო ვერაფერი შენიშნა. თავზარი რომ არ დაეცა ქალისათვის, უფალი მარიამ მაგდალინელს ჩვეულებრივი ადამიანის სახით გამოეცხადა.

აზრი უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ მარიამისთვის ჯერ კიდევ უცხო იყო, ამიტომ უფალმა უმალვე ინება, თავი განეცხადებინა მისთვის.

პირველი შეკითხვით - რატომ ტირიო, უფალი თანაგრძნობას უცხადებს ქალს, მაგრამ იქვე მოაყოლებს მეორე შეკითხვასაც - ვის ეძებო. მარიამი, რაკი ჰგონია, იოსებ არიმათიელის მებაღეს ველაპარაკებიო, არ მალავს თავის მწუხარებას და უშიშრად სთხოვს, დამიბრუნე უფლის სხეული, ეს ძვირფასი სიწმინდე, რომელზეც მანამდე უნდა ვიტირო, სანამ ღმერთი თავისთან არ მიხმობს ანუ სანამ არ მოვკვდებიო. აზრი უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ ჯერ კიდევ არ შობილა მის გონებაში. მაგრამ აი, უფალი მის სახელს წარმოთქვამს! გაისმის ხმა, რომელიც მის სულს ერთდროულად ძრწოლითა და ბედნიერებით აღავსებს: "მარიამ!" - და ქალიც განცოცხლდება, მიბრუნდება უფლისაკენ და ხელებს მისკენ გაიწვდის, თუმცა ჯერ ვერ ბედავს, ბოლომდე ირწმუნოს თავისი სიხარული. მარიამსაც აღმოხდება: "რაბუნი!" - "მოძღვარო ჩვენო!" უფალს იგი იმ წოდებით მიმართავს, რომლითაც გაიცნო, როცა იესომ ცოდვის უფსკრულიდგან აღმოიყვანა წმინდა, უბიწო და სულიერი ცხოვრებისათვის.

"ჰრქუა მას იესუ: ნუ შემეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა" (28:7).

ამგვარად, მარიამ მაგდალინელი პირველი მახარებელი იყო უმაღლესი ქრისტიანული სიხარულისა.
ბეჭდვა
1კ1