ისინი ყოველთვის თან ახლდნენ იესოს, როცა იგი გალილეის ქალაქებსა და დაბა-სოფლებს მოივლიდა სახარების ქადაგებით
ისინი ყოველთვის თან ახლდნენ იესოს, როცა იგი გალილეის ქალაქებსა და დაბა-სოფლებს მოივლიდა სახარების ქადაგებით
"ხოლო (მას ჟამსა შინა) ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს (მენელსაცხებლე დედანი) საფლავსა მას და მოაქუნდა, რა-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხვანი ვინმე მათ თანა" (მუხლი 1).

ასე იწყებს წმინდა მახარებელი ლუკა თავის თხრობას.

ვინ იყვნენ ეს დედანი, რომლებიც ადრე დილით უფლის საფლავისაკენ გაეშურნენ? ესენი იყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული დედანი, როგორც ამბობს მახარებელი (ლუკა 23,55). ისინი ყოველთვის თან ახლდნენ იესოს, როცა იგი გალილეის ქალაქებსა და დაბა-სოფლებს მოივლიდა სახარების ქადაგებით. აწ კი ჩვენ მათ იერუსალიმში ვხედავთ, სადაც იესოსთან და მის მოციქულებთან ერთად ამოსულიყვნენ პასექის დღესასწაულზე და სადაც ისინი მისი ჯვარზე ვნებისა და სიკვდილის მხილველნი შეიქმნენ. ამ დედათა უფლის საფლავზე მოსვლის დრო წმინდა მახარებლის მიერ აღნიშნულია სიტყვებით "ცისკარსა მსთუად", რაც ნიშნავს "ძალიან ადრე დილით". უფრო განსაზღვრულად აღნიშნავენ ამ დროს სხვა მახარებლები: მათე და მარკოზი. ამ ორი მახარებლის მონათხრობთა შეჯერებით ჩანს, რომ მენელსაცხებლე დედათა მოსვლა უფლის საფლავზე იმ დროს მოხდა, როცა, ის იყო, თენდებოდა და ამომავალი მზის პირველმა სხივებმა ალისფრად შეფერეს აღმოსავალი. მენელსაცხებლე დედების საფლავად მოსვლის მიზანს, ცხადია, ის შეადგენდა, რომ უფლის სხეულისათვის კეთილსურნელი ნელსაცხებლები ეცხოთ, რომლებიც მათ წინდაწინ განემზადებინათ და აწ თან მოჰქონდათ. მიცვალებულთა გვამებისთვის ნელსაცხებლის ცხება იუდეველთა ჩვეულება იყო. მენელსაცხებლე დედებს არ მიეცათ საშუალება, ეს საქმე უფლის ჯვარზე სიკვდილის დღეს აღესრულებინათ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ იუდეველთა განძვინება იესოსა და მის მიმდევართა მიმართ ჯერ არ დაშოშმინებულიყი, მეორე მხრივ კი პასექის დღესასწაულის მოახლოების შედეგად, რადგან სჯულით ამ დროს აკრძალული იყო სხვადასხვა ყოფითი საქმის აღსრულება. თუმცა რისი გაკეთებაც დღესასწაულის მოსვენების დადგომამდე შეიძლებოდა, მენელსაცხებლე დედებმა ყოველივე აღასრულეს: ინიშნეს ადგილი, სადაც იესოს სხეული დაფლეს (მარკ. 15,47), შეისყიდეს, რამდენიც მოასწრეს, საცხებელი ნივთიერებანი (ლუკა 23,56), დანარჩენის ყიდვა კი მეორე დღეს ჰქონდათ განზრახული. მერმე შაბათიც დადგა, რომელსაც იმჟამად პასექის დღესასწაული დაემთხვა და დედანი კვლავ მომდევნო დღეს უნდა დალოდებოდნენ. და როგორც კი სადღესასწაულო მოსვენების ვადა გადის ანუ შაბათ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ისინი ყოველივე დანარჩენსაც ყიდულობენ (მარკოზი 16,1) და შემდეგი დღის ალიონზე, რომელიც კვირის პირველი დღე - ერთშაბათი (ანუ ჩვენი დღევანდელი კვირადღე) იყო, უფლის საფლავისაკენ მიემართებიან. ამ დროისათვის სადღესასწაულო სავალდებულო მოსვენება დამთავრებულიყო, ქრისტეს მიმდევართა დაუძინებელი მტრების განძვინებაც დამცხრალიყო. მათ გაბოროტებას მიერულა, დაკმაყოფილებულს იესოს მოკვლით, და დედათაც უკვე შეეძლოთ დაუბრკოლებლად აღესრულებინათ თავიანთი უკანასკნელი მოვალეობა მომკვდარი მოძღვრისადმი.

მენელსაცხებლე დედათა ამ მოქმედების გამო ნეტარი თეოფილაქტე წერს: "არაფერს დიდსა და იესოს ღმრთაებისათვის ღირსსაფერს ისინი არ განიზრახავენ, როცა საფლავთან სხედან ნაყიდი ნელსაცხებლით; სურთ, ჩვეულების მიხედვით სცხონ იგი მოძღვრის სხეულს, რათა უსიამო სუნს კი არ გამოსცემდეს, არამედ ნელსაცხებლების ძალით, რომლებიც გამოაშრობდნენ სხეულს, შთანთქავდნენ სითხეს, სისველეს და სხეული განუხრწნელად შენახულიყო. აი, მხოლოდ ამაზე ფიქრობდნენ დედანი!" და ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და სიმართლეს შეეფერება. ყოველ შემთხვევაში, სავსებით ბუნებრივია, რომ უფლისა და მოძღვრის სიკვდილის გამო მწუხარებამ დაავიწყა მათ ყოველგვარი აზრი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რაზეც, უეჭველია, სმენიათ თვით იესოსგან, როცა ჯერ კიდევ მათ გვერდით იმყოფებოდა გალილეაში (ლუკა 24,6-7).

"და პოვეს ლოდი იგი გარდაგორებული საფლავისა მისგან. და შე-რაი-ვიდეს შინა, არა პოვეს გვამი იგი უფლისა იესუსი" (მუხლ. 2-3).

ლოდი, ჯერ კიდევ უფლის დაკრძალვის დღიდან, იმ მღვიმის შესასვლელზე იყო აფარებული, სადაც იესოს სხეული ესვენა. უეჭველია, ამას იმისთვის იქმოდნენ, რომ სამარეში მტაცებელ ცხოველებსა თუ ფრინველთ არ შეეღწიათ. რა თქმა უნდა, საფლავისაკენ წამოსულმა მენელსაცხებლე დედებმა იცოდნენ ამ ლოდის არსებობა, ისიც, რომ იგი ძალზე დიდი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც გზაში ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორ გარდავაგოროთ ლოდი საფლავის შესასვლელიდანო, - ეს გარემოება მხოლოდ მახარებელ მარკოზს აქვს გადმოცემული (16,3). ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, მათი ყურადღება, საფლავზე მოსვლისთანავე, იმან მიიქცია, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დიდი ლოდი გარდაგორებული აღმოჩნდა; მაგრამ შემდეგ დედებს კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა ელოდათ: გამოქვაბულში შესულებმა ვერ ნახეს იესოს სხეული, რომელიც პარასკევს საღამოთი აქ დაასვენეს ტილოში გახვეული.

"და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთვის, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა" (მუხლი 4).

იმან, რაც მენელსაცხებლე დედებმა უფლის საფლავზე მისვლისას იხილეს, ბუნებრივია, მათი დიდი შეცბუნება გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმისა, რაც მათ აქ ნახეს და მოისმინეს მცირე ხნის შემდეგ: როცა დედანი გაოცებულნი იდგნენ და ფიქრობდნენ, რა უნდა მომხდარიყოო, ანაზდად მათ ორი კაცი მოადგა, შემოსილნი მოელვარე შესამოსელით. თავისთავად იგულისხმება, რომ ესენი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ იყვნენ, რასაც ცხადად ადასტურებს მათი გამოჩენის სახე - ანაზდად, მყისიერად მოსვლა - და მბრწყინავი შესამოსელი, არამედ ზეცის მკვიდრნი, რომელთაც ადამიანთა სახე მიეღოთ, ანუ უფლის ანგელოზნი, როგორც მათ პირდაპირ სახელ-სდებს მახარებელი მათე. ანგელოზთა რიცხვსა და გამოცხადების ადგილს მახარებლები სხვადასხვანაირად გადმოსცემენ. მათე ერთი ანგელოზის შესახებ ლაპარაკობს, რომელიც გარდაგორებულ ლოდზე იჯდა, ხოლო ლუკა არ ახსენებს ანგელოზს და მხოლოდ იმას გვეუბნება, რაც მენელსაცხებლე დედებმა საფლავის შიგნით ნახეს და მოისმინეს. მარკოზი ერთ ანგელოზს ახსენებს, ლუკა ორის შესახებ ლაპარაკობს. განმარტებისთვის უნდა შევნიშნოთ, რომ იქ რამდენიმე ანგელოზი იყო. ზოგიერთმა მენელსაცხებლე დედამ ერთი საფლავის გარეთ ნახა, სხვებმა ორი იხილეს საფლავის შიგნით, დანარჩენებმა - ერთი ანგელოზი ასევე შიგნით, ამიტომაც ანგელოზთა სიტყვებიც უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ მცირეოდენი განსხვავებით აქვთ გადმოცემული მახარებლებს, თუმცა მათი არსი ერთია. უფლის საფლავი - მღვიმე, რომელიც დღესაც, უეჭველია, იმავე სახითაა შემონახული, ორ ნაწილადაა გაყოფილი. აღმოსავლეთის მხარეს დატანებული ვიწრო კარით პირველ განყოფილებაში შევდივართ. მის შუაგულში დიდი ოთხკუთხა ქვაა, იმ ლოდის ნაწილი, რომელიც ანგელოზებმა საფლავის შესასვლელიდან გარდააგორეს. აქვეა მეორე, ძალზე დაბალი კარი, რომელსაც კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში შევყავართ. იქ ესვენა მაცხოვრის სხეული. ამრიგად, უფლის საფლავის სწორედ ამ ორ განყოფილებაში აღსრულდა კიდეც მაშინ, კვირა დღეს, ანგელოზთა სხვადასხვა გამოცხადება მენელსაცხებლე დედებისადმი. შესანიშნავად უთქვამს სახარებების ამ განსხვავებულობათა შესახებ მავან ქრისტიანს: "ჰოი, თქვენ, სახარების გადმოცემაში წინააღმდეგობათა გულცივო მაძიებლებო! ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მახარებლები არ აღრაცხვენ მენელსაცხებლე დედებისადმი გამოცხადებულ ანგელოზებს? უფლის მთელი საფლავი, მიდამო მღვიმის გარშემო აღსავსე იყო ანგელოზებით, ზეცის მკვიდრთა უხილავი დასებით. იქ არათუ სამი ანგელოზი იყო, არამედ ათასნი, და დედებსაც სულ ერთი და იგივე ანგელოზი. ანდა სულ ერთი და იგივე ორი ანგელოზი როდი ეცხადებოდათ! არამედ ხან ერთი, ხან ორი, ხან ერთ ადგილას, ხანაც მეორე ადგილას, ხან ერთს ეუბნებოდნენ მათ და ხანაც - სხვას, ერთსა და იმავესა და თანახმიერს შინაარსით, თუმცა კი მცირეოდენ განსხვავებულს მოვლენის დეტალების გადმოცემით". მართლაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას, მოვლენას მთლიანად კი არ აღწერენ, არამედ გადმოსცემენ მოვლენის ამა თუ იმ მხარეს, ამა თუ იმ დეტალს; და სავსებით დასაშვებია, რომ დარჩა კიდევ სხვა დეტალებიც, რომლებიც მათ არ მოიხსენიეს. ასე რომ, მათი თხრობის ერთობლიობიდანაც კი ჯერ კიდევ არა გვაქვს მოვლენის ზედმიწევნით სრული გადმოცემა. და როცა ერთი მოვლენის ერთ რომელიმე გამორჩეულ მხარეზე მოგვითხრობს, მეორე - სხვაზე და მესამეც და მეოთხეც - მათ მიერ გამოტოვებულზე, ამით წმინდა მახარებლები, უეჭველია, კი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ ავსებენ ერთურთს.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1