ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელი - 05 (18) იანვარი
ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელი   -  05 (18) იანვარი
ნეტარი სვინკლიტიკია ალექსანდრიაში დაიბადა. მისი ოჯახი, ერთობ პატივცემული და მდიდარი, ალექსანდრიიდან იყო.

წმინდანი მშობლიურ სახლში უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით, რაც კი ამ წუთისოფელში საუკეთესოდ და სასარგებლოდ შეიძლება იწოდებოდეს. მაგრამ ნეტარს ყოველივე ეს ამძიმებდა, რადგან მისი გული უკვე ზეციურის სურვილითა და ღვთის სიყვარულით ანთებულიყო. მას აგრეთვე ამძიმებდა სხეულის ფუფუნებაზე ზრუნვა, რაც აგრერიგად მიღებული იყო დიდგვაროვანთა ოჯახებში, თვითონ მას კი სძულდა ეს. ყველაზე საშიშ მტრად სვინკლიტიკია თავის ახალგაზრდა, მშვენიერ სხეულს მიიჩნევდა და ყოველმხრივ ცდილობდა მის დათრგუნვას - მარხვით, შრომითა და მღვიძარებით იმორჩილებდა.

ოჯახში სვინკლიტიკიას გარდა კიდევ ორი ვაჟი და ქალიშვილი იყო. ნეტარის უმცროსი ძმა ბავშვობაში გარდაიცვალა, და ბრმა იყო. უფროსმა ძმამ დაოჯახებაზე უარი თქვა და უდაბნოში გავიდა.

ამდენად, მშობლებისათვის შთამომავლობის შენარჩუნების ერთადერთი იმედი სვინკლიტიკიას გათხოვება იყო. შესახედავად ლამაზსა და გვარით წარჩინებულს, ადრიდანვე ჰყავდა მთხოვნელები, რაც მშობლებს ახარებდა და მას საქორწინოდ ამზადებდნენ.Mმაგრამ ის გულისსიტყვებით ზეციური ქორწინებისაკენ მიილტვოდა. სვინკლიტიკიამ უგულებელყო მიწიერი სასიძოები და მხოლოდ ზეციური სასიძოთი - ქრისტეთი იყო დაკავებული, რომელიც მთელი გულით შეიყვარა და დღედაღამ მხოლოდ მასზე ფიქრობდა.

სვინკლიტიკიას იმდენად უყვარდა კრძალულება, რომ მარხვის თანასწორად არც ერთ სხვა სათნოებას არ მიიჩნევდა. მარხვას იგი სათნოებათა საფუძვლად და მცველად მოიაზრებდა. იკვებებოდა მკაცრად დაწესებულ ერთსა და იმავე დროს და, თუ რაიმე მიზეზით ამ წესის დარღვევა უწევდა, ძალიან განიცდიდა, ფითრდებოდა, უძლურდებოდა. ვინაიდან უდროოდ მიღებული საზრდელით მისი სული ტკბობას არ განიცდიდა, სხეული განმტკიცების ნაცვლად სუსტდებოდა.

ნეტარი სვინკლიტიკია აუძლურებდა სხეულს და სულიც უმტკიცდებოდა მოციქულის სიტყვისაებრ: "დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (2 კორ. 4,16). თავშეკავებასა და შრომას ნეტარი სხვათა თვალთაგან ფარავდა.

სვინკლიტიკია მშობლების გარდაცვალების შემდეგ ყველა მიწიერი მოვალეობისაგან გათავისუფლდა. საკუთარი მემკვიდრეობა ღატაკებს დაურიგა, უსინათლო დასთან ერთად გაემგზავრა ალექსანდრიის მახლობლად, ხეროში, და იქ თავისი ნათესავის აკლდამაში დასახლდა.

სვინკლიტიკიას სული წუთისოფლისგან სრულ განშორებას ითხოვდა. ის მიჰყვა ამ სურვილს და გააკეთა ის, რამაც გარეგნულადაც კი დააშორა წარსულ ცხოვრებას. ქალები იმ დროში თმას სქესის მთავარ მშვენებად და ღირსებად მიიჩნევდნენ, ხოლო თმების შეჭრა დიდ სირცხვილად და საძრახისად ითვლებოდა. ღირსმა დედამ ეს იცოდა და თმის შესაკვეცად მღვდელი მოიწვია; თმის შეკვეცა ყოველგვარი ამქვეყნიურისაგან მისი სულის სრული გათავისუფლების ნიშანი იყო.

იმ დროს ღირსი დედა ამბობდა: "დიდია წოდება, რომლის ღირსიც გავხდი და არაფრით შემიძლია მივაგო მას, ვინც მომიწოდა. ხალხი ამ ქვეყნის დროებითი დიდებისათვის მთელ თავის სიმდიდრეს ხარჯავს, მით უფრო მმართებს მე, რომელსაც მონაზვნად აღკვეცის უდიდესი წყალობა მომეცა, ჩემი მეუფისათვის, ქრისტესათვის, ჩემი სიმდიდრისა და სხეულის შეწირვა. მაგრამ ამას რას ვამბობ, - ჩემი სიმდიდრე და სხეული-მეთქი, როცა ყველაფერი ეს თავიდანვე მას ეკუთვნის? "უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი" (ფსალმ. 23,1). წმიდანმა თავისი ქველმოქმედება ამ მდაბალ სიტყვებში დაფლა და მდუმარებაში ცხოვრებას შეუდგა.

ადრე, მშობლების სახლშიც, იგი მოღვაწეობრივ ცხოვრებას ეწეოდა, ხოლო მონაზვნად აღკვეცის შემდეგ ღვაწლი უფრო გააძლიერა. ეს ჩვეული საქმიანობა იყო მისი სულისათვის, რომელიც ჯერ კიდევ ამქვეყნიური ცხოვრებისას მოამზადა მსხვერპლშესაწირად, რადგან გააცნობიერა, რომ ისინი, ვინც მონაზვნური ცხოვრების საღმრთო საიდუმლოს მოსაგრეობაში წინასწარი გამოცდილებისა და განსჯის გარეშე შეუდგება, ოდნავადაც ვერ წარემატებიან და ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, რადგან არ იციან, რას მოითხოვს მონაზვნური ცხოვრება და რა არის მისი მიზანი. ზღვაზე სამოგზაუროდ მიმავალთა მსგავსად, რომლებიც წინასწარ იმარაგებენ აუცილებელს, ღირსი დედაც ემზადებოდა მოსაგრეობითი ცხოვრებისათვის. შემდეგ კი უშიშრად წარმართა თავისი გზა ზეციური სასუფევლისაკენ. მან მოიმარაგა სახლის მშენებლობისათვის ყველა აუცილებელი სათნოება და მტკიცე სულიერი შენობა აღმართა. ხილული სახლი შენდება წინასწარ მომზადებული ქვებით, კირით, მორებითა და სხვა მასალით, სულიერი სახლი კი - სათნოებებით. ღირსი დედა არ აგროვებდა ნივთიერს, პირიქით, თავისი ქონება განაბნია, გლახაკებს დაურიგა და ამით უპოვარება მოიპოვა. განაბნია მან თავისი ვნებებიც: მრისხანება და გულღვარძლიანობა; განაგდო შური და ამპარტავნება, და ამ გზით, სახარების სიტყვის თანახმად, კლდეზე ააგო თავისი სახლი.Aამიტომ გახდა მისი სახლი მტკიცე და შეურყეველი.

ნეტარი სვინკლიტიკია დიდი მონდომებითა და სულის მხურვალებით მოსაგრეობითი ცხოვრების დასაწყისშივე აღემატა ბევრ, მონაზვნურ ღვაწლში ხანდაზმულ დედას. შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ როგორ შრომობდა და იტანჯებოდა იგი, რადგან არავის აჩვენებდა თავის გარჯას და არ სურდა ჰყოლოდა მოწმეები და თავისი ღვაწლის მაუწყებლები. ის გონებაში ყოველთვის უფლის სიტყვებს იმარხავდა: "ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქმოდის მარჯუენაი შენი" (მათ. 6,3), ამიტომაც ყველა ღვაწლს დაფარულად ასრულებდა.

ღირსი დედა სვინკლიტიკია სიყმაწვილიდან ზრდასრულ ასაკამდე საუბარს არა მარტო მამაკაცებთან, დედაკაცებთანაც გაურბოდა, რათა მათ არ განედიდებინათ იგი უაღრესი მოღვაწეობისათვის და დებთან ურთიერთობა და ხორციელი მოთხოვნილებები ღვთისმოსაობისა და სიმყუდროვის შემაფერხებელი არ ყოფილიყო. ამგვარად, ის ამჩნევდა ეშმაკისეულ კვეთებებს და თავს არ აძლევდა ხორციელი სურვილებისადმი მიდრეკის უფლებას. როგორც მებაღე აჭრის ხეს იმ ყლორტებს, რომლებიც უხვ მსხმოიარობას უშლის ხელს, ღირსი დედაც ასევე იკვეთდა გონებიდან ვნების საწყისებს მარხვისა და ლოცვის მეშვეობით. თუ რომელიმე ვნება ფესვს იდგამდა და იზრდებოდა, ნეტარი მას ძირფესვიანად თხრიდა საკუთარი თავის უმოწყალო გვემითა და გარჯით. ასეთნაირად იმორჩილებდა იგი სხეულს და საკუთარ თავს ტანჯავდა არა მარტო შიმშილით, არამედ წყურვილითაც.

ღირს დედა სვინკლიტიკიას როდესაც რომელიმე ვნება შემოუტევდა, უპირველესად ლოცვით შესთხოვდა ქრისტე მაცხოვარს შეწევნას, რადგან მხეცისსახოვან ეშმაკთან ბრძოლაში მხოლოდ თავის ღვაწლს ვერ ეყრდნობოდა. უფალი ვედრებისთანავე უგზავნიდა მას შეწევნას და მტერიც გაურბოდა. მაგრამ ხშირად მტერი მაინც ებრძოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ამას უფალი უშვებდა, რათა სულიერად გამოცდილიყო. წმინდანს ახსოვდა, რომ ხანგრძლივი ბრძოლა მეტ სულიერ ნიჭს მისცემდა და უფრო მეტი მხნეობით ებმებოდა ეშმაკთან ბრძოლაში. ღირსი დედა არა მხოლოდ მარხვით იუძლურებდა სხეულს, არამედ გემრიელ კერძებზე ფიქრსაც კი ეკრძალებოდა. იგი ქატოსგან გამომცხვარი პურით იკვებებოდა, ხშირად წყალს საერთოდ არ იღებდა, ძილით კი მიწაზე იძინებდა. ამდენად, როცა ბრძოლა მწვავდებოდა, ის ამ იარაღს იყენებდა: როგორც ჯავშნით, ლოცვებით იმოსებოდა და ასევე, როგორც ჩაფხუტით - სასოებასა და სიყვარულთან შეერთებული რწმენით, ლოცვებითა და საკუთარი მონდომებით მოწყალების გაცემასაც ცდილობდა.

როცა მტერი ამ იარაღებით მარცხდებოდა და ბრძოლა წყდებოდა, ღირსი დედა თავს უფლებას აძლევდა, უაღრესი ღვაწლისაგან დაესვენა. ასე იქცეოდა, რათა მისი სხეული საბოლოოდ არ დაუძლურებულიყო, რაც დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. მხედრის აბჯარი როცა დამსხვრეულია, როგორღა ექნება მას ბრძოლაში გამარჯვების იმედი? უგუნურად იქცევიან ისინი, ვინც განუსჯელად იღებს თავზე უზომო მარხვას, და რაც უფრო მეტ შვებას გრძნობენ ბრძოლისას, მით მეტად იზრდება მათში ამპარტავნება. ნეტარი სვინკლიტიკია ასე არ მოქმედებდა, იგი ყველაფერს განსჯიდა: მტერს ლოცვითა და ღვაწლით ებრძოდა და როცა ბრძოლა წყდებოდა, ისევ სხეულზე ზრუნავდა. ასე იქცევიან მეზღვაურები: საშინელ ქარიშხალში საჭმელზე არ ფიქრობენ და მთელ თავიანთ ცოდნას მხოლოდ იქითკენ მიმართავენ, რომ გადარჩნენ და არ დაიღუპონ; მაგრამ როცა ქარიშხალი გადაივლის, ისვენებენ და საკუთარ თავზე ზრუნავენ, თუმცა მაშინაც არ არიან სრულიად დაუდევარნი და სიზარმაცესა და ნებივრობას არ იწყებენ, არამედ გემს ამზადებენ, რომ შემდეგი ქარიშხლის შემთხვევაშიც მზად იყვნენ, რადგან, თუ ქარიშხალმა გადაიარა, ზღვას ამით არ დაუკლია და თუმცა ტალღები დაცხრა, ქარი, რომელიც მათ აბობოქრებს, ყოველთვის ქრის.

სულიერ სამყაროშიც ამის მსგავსად ხდება - თუმცა მოსაგრის მიერ გულისთქმათა ბოროტი სული განდევნილია, გულისთქმათა აღმგზნები ეშმაკი ყოველთვის გვერდითაა. ამიტომ აუცილებელია ზღვის ცვალებადობისა და ეშმაკის მზაკვრობის შიშით მუდამ ვლოცულობდეთ. ღირსი დედაც კარგად იცნობდა ამ ცხოვრების ქარიშხალს, ბოროტ სულთა თავდასხმებს მოელოდა და დიდი სიფრთხილით მართავდა თავისი სულის ხომალდს კეთილმსახურების საჭით, ამიტომაც დაუზიანებელი მიაყენა იგი ცხონების ნავთსაყუდელს.

ღირსი დედის ცხოვრება ჭეშმარიტად მოციქულებრივი იყო, რწმენასა და უპოვარებაზე დაფუძნებული და სიყვარულითა და სიმდაბლით გაბრწყინებული. მან საქმით აღასრულა მეფსალმუნის სიტყვები - დათრგუნა ასპიტი და ვასილისკო და მტრის მთელი ძალაუფლება. ნეტარმა უეჭველად გაიგონა უფლის მიერ აღთქმული: "კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! Mმცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათ. 25,21). მართალია, ეს სიტყვები ზეციურ ნეტარებებს განეკუთვნება, მაგრამ მათი გაგება ამ აზრითაც შეიძლება: "რამდენადაც შენ, სვინკლიტიკია, ხორცსა და წუთისოფელთან ამ ნივთიერ ბრძოლაში გამარჯვებული გამოხვედი, ჩემი შემწეობითა და მფარველობით ეშმაკებთან უხილავ ბრძოლაშიც გაიმარჯვებ, რათა წყვდიადის მთავრობამ და ძალებმა შენი რწმენის სიდიადე შეიტყონ, რამეთუ დემონთა ძალების დამარცხებით შენ ანგელოზთა ნეტარ ძალებს უახლოვდები".

ასე მარტოობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმიდანი.Gგადიოდა დრო, მისი სათნოებანი იფურჩქნებოდა; უფლის სიტყვისაებრ ბევრს გადასწვდა მისი ღვაწლის კეთილსურნელება. ერთხელ მას ჰკითხეს, როგორ უნდა ვცხონდეთო. სვინკლიტიკიამ მძიმედ ამოიოხრა, ბევრი ცრემლი დაღვარა, მაგრამ არაფერი უპასუხა. მონაზვნები, მისი გარეგნობითაც კი გაოგნებულნი, არ ეშვებოდნენ და აიძულებდნენ ღვთის სიდიადეზე მოეთხრო. მაშინ ნეტარმა წმინდა წერილიდან მათ ასეთი სიტყვები უთხრა: "ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს" (იგავ. 22,22), მაგრამ დებმა კიდევ უფრო მეტი მონდომებით დაუწყეს თხოვნა, ეუბნებოდნენ: უფალი ამბობს: "უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდითო" (მათ. 10,8). არ გეშინია, რომ იმ მონასთან ერთად გასამართლდე, რომელმაც ტალანტი დამალა?

ღირსმა დედამ მიუგო: "რატომ გგონიათ, დებო, რომ მე, ცოდვილს, შემიძლია გავაკეთო ან ვთქვა რაიმე ღირსეული? ჩვენ ყველას გვყავს საერთო მოძღვარი, ჩვენი უფალი, და ყველა ვისმენთ წმინდა წერილს".

დებმა უპასუხეს: "ვიცით, რომ უფალი ჩვენი მოძღვარია და ვისმენთ წმინდა წერილს, მაგრამ შენ მღვიძარებითა და საღვთო წერილში დაუღალავი მეცადინეობით სათნოებაში სრულყოფას მიაღწიე. საჭიროა, რომ დებმა, რომლებმაც სიკეთეში წარმატებები მოიპოვეს, რჩევა მისცენ ჩამორჩენილთ. უფალი ხომ ამას მოგვიწოდებს?" ნეტარი მათდამი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული და იცოდა, რომ რასაც მათ ეტყოდა, ამპარტავნებაში არ ჩააგდებდა, დებს კი სარგებელს მოუტანდა. ამიტომ დაიწყო მათთან საუბარი:

"ჩემო შვილებო, ყველამ ვიცით, როგორ უნდა მოვიპოვოთ ხსნა, მაგრამ ვერ ვპოვებთ მხოლოდ ჩვენი დაუდევრობით. უწინარესად, უნდა დავიცვათ უფლის მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათ. 22; 37,39). ამ ორ მცნებაშია დაცული მთელი სჯული და მათშია დავანებული მადლის სისავსე. სულ რამდენიმე სიტყვაა, მაგრამ მათი ძალა უდიდესია და განუზომელი, რადგან სულისათვის სასარგებლო ყველა სიკეთე მათზეა დამყარებული. ამაში წმინდა პავლე მოციქული გვარწმუნებს, როცა ამბობს, რომ "აღმასრულებელი შჯულისაი სიყუარული არს" (რომ. 13,10). ამიტომაც სულიწმინდის მადლით ადამიანმა რა ბრძნული სიტყვებიც არ უნდა წარმოთქვას, ყველა ისინი სიყვარულით იწყება და სიყვარულითვე მთავრდება. მაგრამ მე ისიც უნდა დავუმატო, რაც სიყვარულიდან მომდინარეობს - ყოველი ჩვენგანი უმეტესისკენ უნდა მიისწრაფოდეს".

დები გაკვირვებულნი დარჩნენ და ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები, რაზეც წმინდანმა უპასუხა: "არ იცით განა უფლის მიერ თქმული იგავი მთესველის შესახებ, როგორ გამოიღო ერთმა თესლმა ნაყოფად ასი, მეორემ - სამოცი, ხოლო მესამემ - ოცდაათი (იხ. მათ. 13,3-9)? ასი - ეს ჩვენი მონაზვნური წოდებაა, სამოცი - კრძალულებაში მცხოვრებნი და უქორწინებელნი არიან, ხოლო ოცდაათი - ქორწინების უმწიკვლოდ დამცველნი. Kკარგია ოცდაათიდან სამოცამდე ასვლა და სამოციდან ასამდე, რადგან სასარგებლოა უმცირესიდან უდიდესისკენ აღმასვლა. მაგრამ მეტიდან ნაკლებისკენ ჩამოსვლა სახიფათოა, რადგან ვინც ერთხელ მიიდრიკება უარესისკენ, მცირედზე აღარ გაჩერდება და წარსაწყმედელის უფსკრულში ჩაეშვება. ვინც ქალწულობის აღთქმა დადო, მაგრამ აღთქმის აღსრულებაში დაუდევრობას იჩენს, ის საკუთარ თავს თვითონვე ეუბნება (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თვითონვე კი არა, ეშმაკთან ერთად): "თუკი შევუღლდებით და ქორწინებას შეუბილწავად დავიცავთ, მაშინ ღირსი გავხდებით ოცდაათჯეროვანთა რიგში ჩარიცხვისა, რადგან ძველი აღთქმაც ხომ არ უარყოფს შვილიერებას, პირიქით, იწონებს". ვინც ასე ფიქრობს, უნდა იცოდეს, რომ ეს აზრი ეშმაკისგან მოდის, რადგან უმაღლესიდან უმდაბლესისკენ მიქცეული ეშმაკის მიერ არის შეპყრობილი. მეომარი, რომელიც პირველ რიგებში თავის ადგილს თმობს და ბოლო რიგებში გადადის, ისჯება; ასევე დაისჯება ის, ვინც ქალწულობის უმაღლესი საფეხურიდან უდაბლესში ჩამოდის. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უპირატესისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამასვე გვასწავლის მოციქულიც: "უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები" (ფილ. 3,13). ამიტომ, ჩვენ, ვინც ასიანთა წოდებას მივეკუთვნებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი მოწოდება, ვილტვოდეთ უმაღლესისაკენ, სრულყოფისაკენ და არასოდეს დავუდოთ მისაღწევს ზღვარი. ამის შესახებ უფალი ასე გვარიგებს: "ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (ლუკ. 17,10). ასე რომ, ჩვენ, ვინც ქალწულობა ავირჩიეთ, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა გვმართებს. აი, დედაკაცები, რომლებიც ერში ცხოვრობენ, გარეგნულად ცდილობენ თავშეკავებულნი იყვნენ. მაგრამ წინდახედულებასთან ერთად მათში უგუნურება და უმეცრებაც მკვიდრობს, რომელთა გამოც ისინი გონებით მრუშობენ და ვერც კი ამჩნევენ: ისინი ურცხვად იყურებიან და იცინიან, უსმენენ უხამს საუბრებს. ჩვენ, მონაზვნებმა, კი ყველაფერი უმართებულო უნდა უარვყოთ, თვით გონებითაც კი და შეუჩერებლად წარვემატოთ სათნოებებში; თვალი დავიცვათ ზედმეტი სანახაობებისაგან, წმინდა წერილიც ხომ ამას გვასწავლის: "თუალნი შენნი მართლ ჰხედვიდენ" (იგავ. 4,25). ენა უნდა შევაკავოთ სამარცხვინო საუბრებისაგან, რადგან არ შეეფერება ჩვენს ენას, რომელიც ქებასა და დიდებას აღუვლენს უფალს, უხამსი სიტყვები წარმოთქვას. ასევე გვმართებს, არ ვუსმინოთ სხვების ბილწსიტყვაობას.

მაგრამ ყოველივე ამის შესრულება შეუძლებელი იქნება, თუ სენაკიდან ხშირად გამოვალთ, რადგან დემონები და ვნებები ჩვენში გრძნობების საშუალებით შემოდიან, იმის მიუხედავად, გვინდა ჩვენ ეს თუ არა. აბა, როგორ შეიძლება სახლი, რომლის ფანჯრებიც ღიაა, არ აივსოს გარედან შემოსული კვამლით და არ დანაგვიანდეს? ამიტომ არ უნდა ვიაროთ ქალაქებში და თავყრილობებზე. თუკი ჩვენ უწესოდ მივიჩნევთ ძმებისა და მშობლების გაშიშვლებული სხეულების ცქერას, მაშინ სულისათვის რამდენად უფრო მავნებელია ქუჩებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებში ურცხვად ჩაცმული ადამიანების მზერა და უხამსი საუბრების მოსმენა? ყოველივე ამისგან ბილწი წარმოსახვები შემოდიან ადამიანის სულში.

მაგრამ სენაკშიც არ უნდა ვიყოთ დაუდევარნი, ყოველთვის უნდა ვფხიზლობდეთ, როგორც ამას უფალი გვეუბნება: "იღვიძებდით" (მათ. 24,42), რადგან რაც უფრო მივისწრაფვით მღვიძარებისა და უმანკოებისაკენ, მით მეტად გვებრძვის ბიწიერი აზრები; ხომ ამბობს ეკლესიასტე: "რომელმან შესძინოს ცნობად, შესძინოს მას სალმობა" (ეკლ. 1,18). რამდენადაც წარმატებულია მეომარი, მით უფრო ძლიერ მეტოქეს მიუჩენენ მას".

......
ბოროტმა ვერ აიტანა წმინდა ქალწულის სათნოების ამგვარი სიუხვე და მისი დაჩრდილვა განიზრახა.

უფლის დაშვებით, ეშმაკმა უსასტიკესად შეუტია არა მხოლოდ მის სხეულს, სულსაც, რომელსაც იმგვარი სატანჯველი და ტკივილი მოუტანა, ვერა კაცს რომ ვერ ზალედვა მისი დაამება...

ჯერ ფილტვები დაუზიანა, მცირე ხანში კი მასზე ღვარძლი იმგვარი სნების სახით გადმოანთხია, რომელსაც ნეტარი ქალწულის მოკვდინება შეეძლო, თუმცა, მისი ტანჯვით რომ დამტკბარიყო, სნება გაუხანგრძლივა: - ჭრილობები ანუმრავლა და გაუმიზეზა, ფილტვები კი იმდენად გაუწყალა, წმინდანი მათ ნაფლეთებს სისხლთან ერთად ანთხევდა, ამასთან, ძლიერი ცხელებისგანაც იტანჯებოდა, რამაც სხეული მთლად გამოუშრო.

ნეტარი ოთხმოცი წლის იყო, როცა იობის ტანჯვას თანაეზიარა.

მართალმა იობმა წყლულებაში ოცდათხუტმეტი წელიწადი გაატარა, ღირსმა დედამ კი - სამწელიწადნახევარი. თუ იობს ეშმაკი გარეგანი წყლულებით ტანჯავდა, ღირს დედას – შინაგანით ეკვეთებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ქრისტეს მხნე მოწამეებსაც კი არ უტანჯიათ იმდენი, რამდენიც მარად სახსენებელმა სვინკლიტიკიამ იწვნია, რადგან იმათ ეშმაკი გარედან ებრძოდა და მართალია, საშინელი იარაღებით სტანჯავდენენ, მაგრამ, შესაძლოა, ეს უფრო ასატანი ყოფილიყო, ვიდრე ღირსი დედის წამებანი, რამეთუ ბოროტი, მისივე სხეულის საშუალებით, შიგნიდან ტანჯავდა: - შიგნეულობას ცხელებით ნელ - ნელა განუხურვებდა, დღედაღამ, განუწყვეტლივ ფლეთდა, ნეტარი დედა კი ყოველიევს სულგრძელად დაითმენდა და სასოს კი არ წარიკვეთდა, მტერს შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა და სულის სასარგებლო მოძღვრებით იმათაც ჰკურნავდა, ვინც მტრისაგან იძლია, ასეთთა სულს ისე გამოიტაცებდა ბოროტის მეუფებიდან, როგორც - ლომის ხახიდან. მრავალი მათგანი კი იმგვარად დამოძღვრა, ეშმაკის ხაფანგი დაანახა და ცოდვისაგან იხსნა.

მისი სიტყვისაებრ, იმან, ვინაც სული უფალს უძღვნა, დაუდევრად არასდროს უნდა იყოს, რადგან როგორც კი დადარაჯებული ბოროტი მათ დაუდევრობას იხილავს, იმგვარ ცოდვას სწევს, რაზეც ადრე არც კი უფიქრია.

როგორც ბოროტ ადამიანებშია სიკეთის მარცვალი, ისევეა ნათელ, სათნო ადამიანებში ბნელი მხარეები და ნაკლოვანებები.

ხშირად შეხვდებით კი ვნებებით სავსე ადამიანს, რომელიც მოწყალეა, უბიწო და ღვაწლმოსილი კი - ვერცხლისმოყვარე და განმკითხველი. ამიტომ დაუდევრობა მცირედშიც კი დაუშვებელია. წვეთსაც კი ძალუძს ქვის გახვრეტა, თუ მუდმივად იდინა.
დიდი სიკეთეები ადამიანებს მხოლოდ საღვთო მადლით ეძლევა, თითქოს უვნებელი, წვრილმანი ვნებების დამარცხებას კი - საკუთარი ძალებით ვსწავლობთ. ის, ვინც დიდ ბოროტებას საღვთო მადლით ეწინაღმდეგება, მცირეს კი - არაფრად აგდებს, დიდ ზიანს მიიღებს, რადგან უფალი, როგორც ჩვენი ჭეშმარიტი მამა, როდესაც სიარულს ვიწყებთ, რომ არ დავეცეთ, ხელს გვაშველებს და უდიდეს განსაცდელთაგან გვიფარავს, მაგრამ თავისუფალი ნება თავადაც უნდა გამოვამჟღავნოთ და დამოუკიდებლად ვისწავლოთ სიარული...

ის, ვინც უმცირესით მარცხდება, განა უმეტესისაგან თავდაცვას შეძლებს?

ეშმაკმა, რა იხილა, რომ წმინდა ქალწულმა სძლია, ენა დაუზიანა, რომ დათა დამოძღვრა აღარ შეძლებოდა, თუმცა, საპირისპირო მიიღო: - დები, ხედავდნენ რა ღირსი დედის ტანჯვას, სათნოებებში მეტად მტკიცდებოდნენ, ღირსი დედის ხორციელი წყლულებანი დაუძლურებულ სულებს ჰკურნავდა. სატანა კი მასზე ასე აღსდგა: - კბილი აატკივა და ღრძილიც დაუჩირქა, რის შემდეგაც კბილი ამოუვარდა და სიმსივნემ მთელი ყბა მოიცვა. ორმოც დღეში ძვალი გაიხრწნა და ორ თვეში ხვრელი წარმოშვა, რომელიც ირგვლივ გაშავდა და იმგვარი სუნი აუვიდა, სნეულზე მეტად დები იტანჯებოდნენ, ხოლო როდესაც ვეღარ უძლებდნენ, მსახურებას თავს არიდებდნენ.

როდესაც მასთან მიახლება აუცილებელი ხდებოდა, უამრავ საკმეველს აკმევდნენ, ხოლო როს მოემსახურებოდნენ, სწრაფადვე განერიდებოდნენ

ღირსი სვინკლიტიკია კი მტერს და სამედიცინო საშუალებით სარგებლობას თავს არიდებდა. დები სთხოვდნენ, წყლულებზე ზეთი მაინც ეცხოთ, მაგრამ მუდამ მტკიცედ უარობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ომში ფარ - ხმლის დაყრას უდრიდა.
დებმა მის დასარწმუნებლად მკურნალიც კი მოიყვანეს, თუმცა, უშედეგოდ. წმინდა დედა უპასუხებდა:

- "რატომ მეწინააღმდეგებით? რატომ ამჩნევთ მხოლოდ ხილულს და უხილავი კი ვეღარ გიხილავთ?! ან მომხდარს რატომ იკვლევთ და იმას ვეღარ ხედავთ, ვინც ეს მოიმოქმედა?!"

ექიმმა კი უპასუხა:

- "ჩვენ არც შენს განკურნებას ვცდილობთ და არც - ნუგეშინს, არამედ, წესისამებრ, გვსურს, ის ნაწილი მივაბაროთ მიწას, რომელიც შენს სხეულს ჩამოშორდა, ხრწნას და სიკვდილს დაექვემდებარა, რომ მისმა სუნმა დები არ დატანჯოს, შენ რომ გმსახურებენ.

ახლა კი იმას აღვასრულებ, რასაც გარდაცვლილებს უკეთებენ: - ღვინოში ალოეს, ზეთსა და მურს ჩავურევ და მტკივან ადგილას დაგადებო..."

ამის გამგონე წმინდანი ექიმს დასთანხმდა, რადგან დათა მწუხარებაც იხილა.

წმინდა ქალწულმა ამგვარ ბრძოლაში სამ თვეს ჰგიებდა და ოდენ უფლის შეწევნამ გადაარჩინა, რამეთუ არც საზრდელის მიღება შეეძლო, არც - ძილი.

ხოლო ოდეს აღსასრულის ჟამმა უწია, სამოთხე, ღვთის ანგელოსები და ქალწულნი იხილა, ზეცად რომ მოუწოდებდნენ...

ღირსმა დედამ ყოველივე დებს მოუთხრო, წარმავალ მწუხარებათა დათმენა და სულგრძელობა უანდერძა და საკუთარი აღსასრულის დღე და საათიც გაუმხილა, სამი დღის შემდგომ კი, ნაწინასწარმეტყველევ დღესა და საათს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

დაე, გვმეოხებდეს ეს დიდი დედა უფლის საყდრის წინაშე, ამინ!


წმინდა ათანასე დიდი, "ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელის
ცხოვრება და მოძღვრებანი"-ს მიხედვით
ბეჭდვა
1კ1