წმინდა ბარბარეს მადლი შეგვეწიოს
წმინდა ბარბარეს მადლი შეგვეწიოს
გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,კიევის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის მაგისტრანტი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა:

- სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს. ამ საოცარი გარეგნული სილამაზის მატარებელი ადამიანის წმინდა და გამორჩეული ცხოვრების შესახებ ყველამ უწყის... ძალიან დიდებული და გამორჩეულად მდიდარი წარმართი ადამიანის შვილისა,რომელმაც ყოვლადწმინდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს რწმენა საკუთარი დათხეული სისხლით დაამოწმა.

მიუხედავად საშინელი, გამოუთქმელი ტანჯვისა და წამებისა, მას თავისი რწმენის სიმტკიცისთვის, თავად უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა: ,,კადნიერ იქმენ და ნუ შედრკები, სასძლოო ჩემო, რამეთუ მე შენთან ვარ, გმფარველობ, ვხედავ შენს გმირობას და შეგიმსუბუქებ სატკივარს, დაითმინე ბოლომდე, რათა მალე დატკბე საუკუნო სიკეთეებით ჩემს სასუფეველში".

როგორც ვიცით, უფალმა წმინდა ბარბარე ყოველგვარი წყლულებისაგან განკურნა ისე, რომ კვალიც კი არ დარჩენილა მის წმინდა სხეულზე. დიდმოწამის ცხოვრებაში ფიგურირებს მამისა და შვილის ურთიერთობის მეტად ფაქიზი და დღეისათვის აქტუალური საკითხი. ვიცით როგორია მამისა და ქალიშვლის ურთიერთობა. თითქოს, როგორც ყველა მშობელი, ქალწულმოწამის მამაც გამორჩეულად ზრუნავს ასულზე, მის მომავალ ცხოვრებაზე, თითქოს განუზომელია მისი სიყვარული შვილის მიმართ, მაგრამ მიზეზი და შედეგი ამ ურთიერთობისა სხვდასხვაგვარი, მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის მამებისა და შვილებისთვისაც.

KARIBCHE

მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მამის მხრიდან შვილის მიმართ არასწორად ფოკუსირებულ გრძნობას, არასულიერ სიყვარულს მშობლის მხრიდან. მამა ეძებდა სოფლის სიყვარულს, რომელსაც მხოლოდღა ,,ჭირი აქუს", იგი ბოროტებისა და სიცრუის ჭურია, ამა სოფლის მომხვეჭელი მდგმურია, რომელიც საბოლოოდ უმკაცრეს განაჩენს თავისივე ხელით განუკუთვნებს თავის ძვირფას ასულს.

ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს საქართველოში მცხოვრებ მამათა და შვილთა ურთიერთობები, უფალმა დღეგრძელყოს ჩვენი ასულები, ჩვენი შვილები, მიმადლოს მათ ერთმანეთთან წრფელი ურთიერთობის ნიჭი და უნარი და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ლოცვით, რომლის პატივგების დღეს საქართველოს ყველა კუთხეში, უძველესი დროიდან განსაკუთრებული პატივით, კრძალვითა და ტრადიციებით აღნიშნავენ, გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო, მეოხ გვეყოს უფლის წინაშე და ზეგარდმო არ მოგვაკლოს წყალობა თვისი.

ბეჭდვა
1კ1