ნუ დაინტერესდები მღვდლებით და მათი ცხოვრებით, ნუ დაუწყებ ძებნას ნათელმხილველ მამებსა და მოძღვრებს
ნუ დაინტერესდები მღვდლებით და მათი ცხოვრებით, ნუ დაუწყებ ძებნას ნათელმხილველ მამებსა და მოძღვრებს
ნეტარი დედა მატრონა 1885 წლის 09/22 ნოემბერს დაიბადა ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში. მისი მშობლები - დიმიტრი და ნატალია ღვთისმოსავი ქრისტიანები, ღარიბი გლეხები იყვნენ. მატრონას გარდა ორი ძე და ერთი ასული ჰყავდათ. როცა ნატალია მატრონაზე ფეხმძიმედ იყო, სიღარიბის გამო გადაწყვიტა, ახალშობილი თავშესაფარში ჩაებარებინა. ფეხმძიმობის ბოლო თვეს სიზმარი ნახა: ზეციდან უზარმაზარი, ადამიანისსახიანი, ოღონდ უთვალო ფრინველი ჩამოეშვა და მარჯვენა ხელზე დააჯდა. ბავშვიც ზუსტად ამგვარი სახით დაიბადა - შეკრული ქუთუთოებითა და დახუჭული თვალებით. თვალის ბუდეები თითქოს გამომშრალი ჰქონდა. ნატალიას უფლისა შეეშინდა და ბავშვი დაიტოვა.

სასწაული მომხდარა პატარა მატრონას ნათლობისას. როდესაც მღვდელმა ჩვილი ემბაზში ჩაუშვა, იქიდან ორთქლის სვეტი ამოვიდა, ირგვლივ კი არაჩვეულებრივი სურნელი გაიფანტა.

მატრონა ძუძუს ოთხშაბათ-პარასკევს არ ეკარებოდა. ამ დღეებში ღრმად ეძინა და ვერაფრით აღვიძებდნენ. ზამთარში ბავშვს მშობლებთან ერთად ღუმელზე ეძინა. ხანდახან ღამით გაღვიძებიათ და ბავშვი ლოგინში არ დახვედრიათ - ოთახის კუთხეში ხატებთან მოტიტინე უნახავთ. როცა წამოიზარდა, ღამით დედის დაძახებას გამოეპასუხებოდა: "აქა ვარ, მშვიდად დაიძინე, მალე მოვალ!" გასაოცარი იყო, როგორ ახერხებდა ასეთი პატარა ღუმელზე ასვლა-ჩამოსვლას.

ერთხელ ექვსი წლისას დედა გაუჯავრდა: - რატომ იხსნი ჯვარს? როგორ მტანჯავ, შე ბრმავ! მატრონამ უპასუხა: - დედი, ბრმა შენა ხარ. ჩემი ჯვარი მე მკერდზე მაქვსო. წმინდა მატრონა მკერდზე გამოსახული ჯვრით დაიბადა. დედამ ახლაღა შეამჩნია ჯვარი და სინანულით უთხრა: - საყვარელო შვილო, მაპატიე, სულ რომ გიჯავრდებოდი. არც კი ვიცოდი, მკერდზე ჯვარი რომ გქონდაო.

შვილი დედას ტაძარში ყოველდღე დაჰყავდა. როცა მოიზარდა, თვითონ იწყო დამოუკიდებლად ტაძარში სიარული. წმინდა მატრონას 17 წლამდე შეეძლო სიარული, დგებოდა კედელთან და ლოცულობდა. ერთხელ დედა წირვაზე წასასვლელად მოემზადა, მამამ ლოცვები შინ წაიკითხა. დედა ტაძარში იდგა და ნერვიულობდა, ქმარი წირვაზე რატომ არ წამოვიდაო. შინ დაბრუნებულს მატრონამ უთხრა: ტაძარში არ ყოფილხარ, ტაძარში მამა იყოო...

14 წლისა წმინდა იოანე კრონშტადტელის სანახავად წაიყვანეს. მის დანახვაზე წმინდა იოანემ მორწმუნეებს მიმართა: - გზა მიეცით!.. მოდის ჩემი ცვლა, რუსეთის მერვე სვეტი. მატრონა, მომიახლოვდიო.

ერთხელ წმინდა მატრონამ დედას უთხრა: - დედი, წადი მოძღვართან. მის არქივში, ამა და ამ რიგში, ქვემოდან მეოთხე თაროზე დევს წიგნი, მასზე გამოსახულია ზეციური დედოფლის ხატი "დაღუპულთა მომძიებელი". ჩვენს ტაძარში ასეთი ხატი არ არის. წიგნი აქ მოიტანეო. გაოცებულმა მღვდელმა ხატის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. წიგნი გამოიტანა. მატრონამ თქვა, რომ ამ ხატს დააწერინებდა და სოფლის დედაკაცებს დაავალა შემოწირულობის შეგროვება. მალე მხატვარიც მონახეს. წმინდა მატრონამ მხატვარს უთხრა, - წადი, მოინანიე ცოდვები, აღსარება თქვი და ეზიარეო.

მხატვარმა - ახლავე შევუდგები მუშაობასო.

- დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ ამ ხატის დაწერას? - არ მოეშვა მატრონა. დიახო, მიუგო მან. კარგა ხნის მერე მივიდა მატრონასთან და აღიარა, - არაფერი გამომდისო.

- წადი, აღიარე ცოდვები. შენ ხომ კაცი მოკალი, - შეაგონა მატრონამ.

ხატმწერი შეძრწუნდა, საიდან უნდა სცოდნოდა ამ პატარა ბრმა გოგონას მისი საშინელი ცოდვა? კაცი წავიდა მოძღვართან, აღსარება თქვა და ეზიარა. ამის მერეღა შეძლო ხატის დაწერა. ამ ხატთან ავადმყოფები მოდიან, ევედრებიან და იკურნებიან. გვალვის დროს წმინდა ხატს შუა სოფელში გამოასვენებენ, პარაკლისს გადაიხდიან და სახლში მისვლას ვერ ასწრებენ, ისე სწრაფად იწყება წვიმა.

როცა ამ ხატის სახელზე შესაწირავს აგროვებდნენ, ერთმა კაცმა უხალისოდ ჩააგდო მანეთიანი, მისმა ძმამ კი ყუთში დაცინვით კაპიკიანი ჩაუშვა. როცა ფული მატრონასთან მიიტანეს, მან ხელით გადარჩევა დაიწყო, რაღაცას ეძებდა, გამოირჩია ეს მანეთიანი და კაპიკიანი.

- დედა, ეს ფული იმათ დაუბრუნე, ვინც შემოსწირა, არ გვჭირდება. თანაც სხვა ფულს აჭუჭყიანებს.

1925 წელს წმინდა მატრონა სემინოდან მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა. მძიმე დრო იყო. ყველას ეშინოდა მატრონას თავის ბინაში ჩაწერა. ისიც გრძნობდა განსაცდელს. მილიციის მოსვლის წინ ახალ ბინაში გადადიოდა.

სემინოდან წასვლის მიზეზი ბოლშევიკი ძმების აგდებული მოპყრობა იყო. მატრონა თავისი რწმენით ხელს უშლიდა მათ. ისინი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მასთან ხალხს ევლო, უფლისა არ სწამდათ, თან თავიანთი მდგომარეობისა და თანამდებობის გამო შიშობდნენ. წმინდა მატრონა შემდგომში ხშირად ეხმარებოდა გაჭრვებაში ჩავარდნილ ძმას. ისიც ხშირად ჩადიოდა მოსკოვში და დას პატიებას სთხოვდა.

წმინდა მატრონა გარეგნულად ბავშვივით მომცრო ტანისა იყო. ლოგინში არასოდეს წვებოდა, მჯდომარეს ეძინა. როცა ხალხს იღებდა, დაჯდებოდა, ფეხებს გადააჯვარედინებდა, მოხრიდა, ხელებს წინ გაიწვდიდა და მომსვლელს ელოდებოდა. მის წინ მუხლმოდრეკილთ თავზე ხელს დაადებდა, ჯვარს გადასახავდა და ეუბნებოდა - რა უჭირდა, შემდეგ მისთვის ლოცულობდა. თავისი კუთხე და ქონება არასოდეს ჰქონია. ცხოვრობდა მასთან, ვინც მიიწვევდა. თავს შემოწირულობით ირჩენდა. ყოველ ცისმარე მოყვასის დახმარებაზე ფიქრობდა. განსაკუთრებით ბევრი მოდიოდა მასთან ომის დროს და მერე თავიანთი ახლობლების ხვედრის შესატყობად. ომის ბედი კი ყველას აინტერესებდა, მათ შორის სტალინსაც. ის ეწვია წმინდა მატრონას. მან უთხრა: "წითელი მამალი გაიმარჯვებს, ჩვენ დაგვრჩება გამარჯვება, ერთადერთი შენ არ დატოვებ მოსკოვს". მატრონას ნათქვამი ზედმიწევნით ასრულდა.

ერთხელ წმინდა მატრონას ჰკითხეს: - რატომ დაუშვა უფალმა ტაძრების დანგრევა და გაუქმებაო. ეს ღვთის ნებაა იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლი შემცირდა, მსახურებამაც იკლო, ხალხი ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშაა. ბოროტი ძალა ამოქმედდა. ის ყველგან და ყველაფერში აღწევს. ადრე დემონები დაბურულ ტყეებს და ჭაობებს ფლობდნენ, რადგან ხალხი ტაძრებში დადიოდა და ჯვარს ატარებდა, სახლი ხატებით იყო დაცული, კანდელები ენთოთ, სიწმინდეები ჰქონდათ, ეშმაკი ასეთ სახლებს გვერდს უვლიდა. ახლა ხალხი შეიცვალა, ღმერთი დაივიწყეს, აღარ სწამთ.

წმინდა მატრონამ რუსეთის მომავალიც იწინასწარმეტყველა, საბჭოთა კავშირის დაშლა, მიწების დატაცება. ბოლოს "მოვლენ ისევ ძველები, უფრო უარესი იქნება, ვიდრე იყო. მოვა დრო, წინ დაგვიწყობენ ჯვარს და გვეტყვიან - "აირჩიე". აირჩევთ ჯვარს. კითხვაზე, "როგორღა ვიცხოვროთ?", პასუხობდა: "ჩვენ ვილოცებთ, მიწას მოვზელთ, ლოცვით შევევედრებით უფალს, შევჭამთ და განვძღებით. თავი დაიცავი ჯვრით, ნაკურთხი წყლით, ხშირი ზიარებით. ხატების წინ, დაე, მუდამ ენთოს კანდელი".

წმინდა მატრონა ხალხს ნაკურთხ წყალს აძლევდა, ლოცვებს უკითხავდა, ბევრი სნეული იკურნებოდა. გარდაცვალებამდე საფეთქელთან თმა შეიჭრა და ერთ-ერთ მორწმუნეს მისცა: "გაძლევ ჩემი თმის ნაწილს. კარგად შეინახე. ყოველთვის იარე ჩემს საფლავზე, როგორც კი გაგიჭირდეს, მთხოვე და დაგეხმარები".

ერთხელ, აღდგომის კვირეულში, წმინდა მატრონას სოფელ ორლოვიდან ქალები ეწვივნენ. ერთს სეფისკვერი მისცა, მეორეს - წყალი, მესამეს - წითელი კვერცხი და ამ უკანასკნელს ურჩია, როგორც კი ბოსტანს გასცდები, კვერცხი შეჭამეო. ქალმა კვერცხი რომ გატეხა, შიგ თაგვი ნახა. ყველას შეეშინდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.

- რაო, გემრიელია თაგვი?- ჰკითხა წმინდანმა.

- მატრონა, თაგვი როგორ უნდა მეჭამა?

- შენ როგორ რძეს ყიდდი?! რძეში სულ თაგვები გიცვივდებოდა, ამოიღებდი და ასეთ რძეს მაინც ყიდდი ქვრივ-ობლებსა და ღარიბებზე.

- ისინი ხომ ვერ ხედავდნენ და არ იცოდნენ, ნათაგვარი თუ იყო რძე...

- იმათ არ იცოდნენ, მაგრამ ღმერთმა ხომ იცოდა?!

ერთხელ წმინდანთან საკაცით მოიყვანეს პოლკოვნიკის ცოლი. ქალი 14 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. მატრონამ ლოცვები წაუკითხა. მეორედ უკვე მჯდომარემ მოისმინა ლოცვები, მესამედ - საკუთარი ფეხით მოვიდა. მისმა ქმარმა აღარ იცოდა, რით გადაეხადა მადლობა - მანქანას გაჩუქებთო, - დაჰპირდა. მატრონამ ყველაფერზე უარი უთხრა.

რწენაში ახალფეხშედგმული ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მღვდლებს განიკითხავენ, მოძღვარს ეძებენ, ერთს კი არა, რამდენიმეს. ამ დროს კი შეიძლება სულიერი ძალაც დაკარგონ და ცხოვრების სწორი წესიც. წმინდა მატრონა ასეთ საქციელს არ იწონებდა: "დგება ხიბლის ჟამი. მრავალნი ჩავარდნენ ხიბლში. როცა მოძღვართან ან მღვდელთან მიდიხარ რჩევისთვის, ილოცე, რომ ღმერთმა ის განაბრძნოს და სწორი პასუხი მოგცეს". ასევე ბრძანებდა: "ტაძარში სიარულისას ნურავის დაუწყებ ცქერას, ან თვალებდახუჭულმა ილოცე, ანდა მზერა რომელიმე ხატს მიაპყარი. ნუ დაინტერესდები მღვდლებით და მათი ცხოვრებით, ნუ დაუწყებ ძებნას ნათელმხილველ მამებსა და მოძღვრებს. სოფელი ბოროტებასა და ხიბლზე ძევს, ხიბლი და სულთა მოხიბვლა ცხადად გამოჩნდება, გაფრთხილდი". განკითხვაზე ბრძანებდა: "რატომ განიკითხავ სხვა ადამიანებს? უფრო ხშირად საკუთარ თავზე იფიქრონ, ყველა ცხვარს საკუთარი კუდით ჩამოკიდებენ, შენ სხვის კუდთან რა გესაქმება?"

გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ნეტარმა მატრონამ განაცხადა, რომ უფალთან მიდიოდა. როცა ჰკითხეს, - უშენოდ როგორ ვიცხოვროთ, ვისთან დავრჩეთ, ვის ვკითხოთ რჩევაო, უპასუხა: "ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე იარეთ, მე ყოველთვის იქ ვიქნები, ისევე ვილოცებ თქვენთვის, ისევე დაგეხმარებით, როგორც სიცოცხლეში. საფლავზე რომ მოხვალთ, მელაპარაკეთ, ყველა თქვენი დარდი გამიმხილეთ. მე თქვენ დაგინახავთ და მოგისმენთ, რასაც გეტყვით, ისე მოიქეცით".

წმინდა მატრონა 1952 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვში დანიელის სასაფლაოზე; მის საფლავზე მუდამ ჩაუმქრალი კანდელი ანთია.

მისი წმინდა ნაწილები ამჟამად მოსკოვის ღვთისმშობლის საფარველის დედათა მონასტერშია (ტაგანკის პროსპექტი #58) გადასვენებული. წმინდა მატრონას საფლავზე უამრავი სასწაული აღესრულებოდა. მორწმუნეთა მოხოვნით, 1999 წელს დედა მატრონა წმინდანად შეირაცხა. თუმცა მაშინაც და ახლაც, რუსეთსა თუ მის საზღვრებს გარეთ, არსებობენ "განათლებული" ქრისტიანები, რომელნიც მის სიწმინდეს არ აღიარებენ. განსაკუთრებით "აბრკოლებთ" ზოგიერთ ხატზე გამოსახული სტალინის გამოსახულება (რა თქმა უნდა, ნიმბის გარეშე), როცა ის წმინდანს რჩევას ეკითხება. ზოგიერთ ხატზე წმინდა გიორგი ხან გველს კლავს, ხან დიოკლეტიანეს, ნუთუ ხატმწერს ხატზე გველი ან დიოკლეტიანე არ უნდა გამოესახა? შეუნდოს მათაც და ჩვენც წმინდა მატრონამ და აგვიხილოს სულიერი თვალნი, რათა ერთობით ვუჭვრეტდეთ დაუღამებელ ნათელს, ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს.
ბეჭდვა
1კ1