წმინდა ღირსი თამარი და სერაფიმო-ზნამენსკის სავანე
წმინდა ღირსი თამარი და სერაფიმო-ზნამენსკის სავანე
23 ივნისს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში პირველად აღესრულება ხსენება ღირსისა სქემიღუმენიასი თამარ აღმსარებლისა (მარჯანიშვილი).

-2016 წლის დეკემბერი ერთ-ერთ გამორჩეულად სასიხარულო დღედ დარჩება მონასტრის ცხოვრებაში. როდესაც სავანეში ცნობა მოვიდა საქართველოდან სქემიღუმენია თამარის წმინდანად შერაცხვის შესახებ, ყველამ გავიხარეთ. დღეს იგი უკვე გახდა მფარველი სავანისა, როგორც წმინდა ღირსი და აღმსარებელი თამარი. მოსკოვიდან სულ რაღაც 35 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთის მიმართულებით, არის ერთ საუკუნეზე მეტი ხანის სავანე-სერაფიმო-ზნამენსკის სკიტი, სავანე. ამ უდიდესი მადლის საძირკვლის ჩამყრელი, მისი აღმდგენელი და სულიერად გამმართველი გახლავთ უკვე წმინდანად შერაცხილი წმინდა ღირსი და აღმსარებელი, იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი). უფლის სადიდებლად და ქრისტიანთა სანუგეშოდ, მონასტრულ ცხოვრებას დღესაც იგივე მგზნებარებით განაგრძობს, -მიამბობს ქალბატონი ქეთევან სურმავა, იგი მოსკოვში მცხოვრები ქართველია და უცხო მიწაზე დედა თამარი და მის მიერ დაარსებული მონასტერი მოევლინა ნუგეშად. სავანის აღდგენის დღიდან ეს მონასტერი მისი ოჯახის მშობლიურ ადგილად იქცა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1907 წლის 27 ნოემბრის დილას, ბოდბის მონასტრიდან თბილისისაკენ მიმავალ ეკიპაჟს, რომლის მგზავრებიც გახლდნენ ბოდბის მონასტრის იღუმენია (შემდეგ სქემაში დედა თამარი), მისი რძალი, ორი მცირეწლოვანი გოგონა და მონასტრის მორჩილი ელენე ვაჩნაძე, თავს დაესხა ყაჩაღთა რაზმი. თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩნენ მგზავრები. დედა თამარი მკერდზე მიკრულ სერაფიმე საროველის ხატს გულმხურვალედ ევედრებოდა შემწეობას. ამ შემთხვევას მოჰყვა პეტერბურგიდან "მანუგეშებელი" დეპეშა მიტროპოლიტ ვლადიმირისგან: "იყავით მზად, იქნებით გადაყვანილი მოსკოვში". ათი დღის შემდეგ დედა თამარი უკვე მოსკოვშია, სადაც იგი დანიშნეს პოკროვოს მოწყალების დების საზოგადოების წინამძღვრად. ეს ყოველივე დედა თამარისთვის იყო უდიდესი განსაცდელი, მისთვის უმძიმესი იყო სამშობლოდან განშორება და ამ საზოგადო მონასტერშიც მოღვაწეობა. ამ დროს კიდევ უფრო ახლობელი და მანუგეშებელი ხდება მისთის წმინდა ღირსი სერაფიმე საროველი, მთლიანად მიენდო მის შემწეობას. 1908 წლის ივნისის ბოლოს მიემგზავრება საროვოში სერაფიმო-პონოტუვსკის მონასტერში, რათა დარჩეს სამეფო სკიტში, რომელიც ეკუთვნოდა იმ მონასტერსა და მდებარეობდა საროვოდან 12 კმ-ზე. მისი უდიდესი სურვილი იყო ეცხოვრა განდეგილობაში და მთელი თავისი სიცოცხლე გაეტარებინა უფლის სადიდებელ ლოცვებში და სწორედ 2 ივლისს აღსარებისა და ზიარების შემდეგ ღვთისმშობლის ხატის "ნიშანი"-( "зиамеиие") წინ გულმხურვალედ მლოცველს, მოესმა ხმა ზეციური დედოფლისა-ღვთისმშობლისა-"შენ აქ არ დარჩენი", მოაწყვე სავანე არა მარტო შენთვის, არამედ სხვებისთვისაც". ეს შეგონება იყო ისეთი შთამაგონებელი, რომ დედაოს ჟრუანტელმა დაუარა და თვალზე ცრემლი მოადგა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე დარჩა და რამდენიმჯერმე მიდიოდა ღვთისმშობლის ხატთან, ყოველთვის მეორდებოდა ხმა. დედა თამარს გული განდეგილი ცხოვრებისკენ მიუწევდა. ძნელად წამროედგინა, როგორ შეიძლებოდა თავად დაეარსებინა სავანე. საროვოდან დაბრუნებულმა რჩევისა და კურთხევისთვის მიმართა იმ დროის რუსეთის დიდ სულიერ მოძღვარს, ალექსი ზოსიმელს, რომელმაც გაურკვევლობაში მყოფ დედას უთხრა: "ზეციური დედოფალი თავად ამოგირჩევს ადგილის სავანეს ასაშენებლად, სახსრებსაც გამოგიჩენს და სულიერად მის მოწყობაშიც დაეხმარება, შენ იქნები მხოლოდ მისი მსახური და იარაღი". მართლაც ასე მოხდა, სასწაულებრივად მალევე გამოინახა ადგილი, მოსკოვიდან 36 ვერსზე, სოფელ ბიტიაგოვოში, ტყიან მასივში, რომელიც პოუროვის მონასტერს ეკუთვნოდა. ამავე წლის ოქტომბრის ბოლოს ამ ადგილების მონახულებისას მომენტალურად მოვიდა აზრი, რომ აქ უნდა აშენებულიყო სავანე. იყო წინააღმდეგობები, მაგრამ იყო მოძღვრის ალექსი ზოსიმელის უდიდესი მხარდაჭერაც, რომელიც აძლევდა კურთხევას სასწრაფოდ მიეწვია არქიტექტორი სავანის პროექტის შესადგენად და დაიწყო ზრუნვა საშენი მასალის მოსამარაგებლად.
ღვთისმშობლის შემწეობით ფინანსური დახმარებაც გამოუჩნდა. ეს გახლდათ აწ უკვე წმინდანად შერაცხილი ელისაბედ თევდორეს ასული რომანოვა, დიდი თავადის სერგეი რომანოვის ქვრივი და რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ცოლის ალექსანდრას და, რომელიც ბოლომდე ერთგულად ედგა გვერდში დედა თამარს. სავანეს საძირკველი ჩაუყარა 1910 წლის 27 ივლისს. სავანე შენდებოდა 1910 ივნისიდან-1912 წლის სექტემბრის ჩათვლით. 1912 წლის 23 სექტემბერს სავანე აკურთხა მიტროპოლიტმა ვლადიმერმა, რომელიც წმინდანადაა შერაცხილი. მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: "დღეს ჩემო ძვირფასო დებო, ჩემს თავს ვთვლი უბედნიერეს ადამიანად, რომ დღეს მე ღმერთმა მომიყვანა ამ საოცარი ტაძრის საკურთხებლად და ვიმყოფები ადგილზე, რომელიც მიწიერი სამოთხეა. თქვენი ტაძარი ზეცისაკენ მოგიწოდებთ. ხოლო სავანიდან ისეთი მადლი და სიმშვიდე იფრქვევა, რომ სული ხარობს და ყოველივე უსიამოვნება და წუხილი გავიწყდება".

KARIBCHE

წმინდა ვლადიმერის სიტყვები დღესაც არ კარგავენ აქტიურობას დღესაც ასეა და ვინც სულიერი გულით მიეახლება ამ წმინდა ადგილს, ჭეშმარიტად იქ ამქვეყნიურ სამოთხეს იხილავს. სავანის შინაგანი და გარეგანი წყობა იყო მიმართული სულის ცხონებისათვის.

სერაფიმო-ზნამენსკის სავანე
შემოსაზღვრულია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წლების შესაბამისად. აღმართულია XVII საუკუნის სტელის პირამიდული ფორმის ტაძარი ღვთისმშობლის ხატის "ნიშანი",-"зиамеиие" და სერაფიმე საროველოს სახელობის ხოლო ქვემოთ წმინდა მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის ნინოს სახელობის საკურთხევლით. ტაძარს აქვს 24 სარკმელი, ნიშნად 24 აპოკლიფსური ბერებისა, რომელსაც თავს ადგას ოქროსფრად მოელვარე გუმბათი ჯვრით. ტაძრის გარშემი გალავანში ჩაშენებულია 12 სენაკი, თითოეული ყველა 12 მოციქულის სახელზე. დედა თამარის სენაკი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობისაა. სავანეში მხოლოდ 33 მონაზვნის ცხოვრება შეიძლებოდა, მცხოვრებთა მიწიერი ცხოვრების წლების რაოდენობის შესაბამისად. სავანის წინა მხარეს, აღმართული იყო მაცხოვრის დიდი ხატი, რომლის წინ ჩაუქრობელი კანდელი ენთო. ყველა კელიიდან კარგად მოჩანდა, რათა იქ მოღვაწე დედების მზერა, სული-გული ყოველთვის მიმართული იყო უფლისაკენ. კარიბჭის თავზე გამართული იყო სამრეკლო, მცირე ზომის მშვენივრად შერცეული ზარებით.
ზღუდის ყველა კუთხეში აღმართული იყო ანგელოზთა თაბაშირის ფიგურები საყვირით ხელში, რომლებიც აუწყებდნენ მონასტრის მკვიდრთ ქრისტეს გამოცხადებას და მუდამ ახსენებდნენ მზადყოფნას მაცხოვართან შესახვედრად.

ყველა დამხმარე ნაგებობა გალავნის გარეთ იყო განლაგებული. სავანეში სუფევდა იდეალური წესრიგი და სისუფთავე. როცა სავანე ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომისიამ დაათვალიერა, მისი წევრები აღფრთოვანებულები დარჩნენ მასში ჩადებული მაღალი იდეით და წინამძღვარს გადასცეს სიგელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ სერაფიმო-ზნამენსკის სავანე თავისი თვითმყოფადი შინაგანი და გარეგანი ინდივიდუალური წყობით, გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს და საჭიროა მისი დაცვა, როგორც იშვიათი საეკლესიო ძეგლისა. ასეთივე განსაკუთრებულად გამორჩეული და საინტერესო იყო სავანის მონასტრული ცხოვრება, მისი ტიბიკონი-განწესება. მონასტრის ტერიტორიაზე იკრძალებოდა გარეშე-უცხო პირთა ყოფნა, მონასტრის წევრები წყვეტდნენ ყოველგვარ კავშირს გარე სამყაროსთან, ახლობლებთან, მათ ყოველგავრი ამქვეყნიური პრობლემები სავანეში მოსვლამდე უნდა მოეგარებინათ. მათ არ შეეძლოთ უცხო ვინმე მიეღოთ.კელიაში თუ აუცილებლობა იყო მათ ეს შეეძლოთ გალავნის გარეთ არსებულ სასტუმროში გამოყოფილ ოთახში. დედებს უფლება არ ჰქონდათ ერთმანეთის სენაკებში სტუმრად მისულიყვნენ. სავანის კედლებს ტოვებდნენ მხოლოდ კურთხევით. სულიერი ცხოვრების ქვაკუთხედი იყო საკუთარი ნების უარყოფა, მორჩილება და შრომა. საერთო სიკეთისათვის მონასტრის წევრები უნდა ყოფილიყვნენ ყოველგვარი საკუთრების გარეშე არა ფულით, არა ნივთები, არ უნდა ეშრომათ საკუთარი გამორჩენისათვის. თითოეული წევრი იცავდა მდუმარებას დილით მსახურებამდე და საღამოს ლოცვის შემდეგ. მოეთხოვებოდათ მოთმინება, ურთიერთმიმტევებლობა, სერიოზულობა. არ ეწუწუნათ უფროსებზე, ერთმანეთზე, საკვებზე თუ ჩასაცმელზე. ღვთის შიშით, კრძალვით და სიყვარულით ეცხოვრათ. მათი უმთავრესი საქმე იყო იესოს ლოცვა, რომელიც განუწყვეტლივ თან სდევდათ. თხრობა სავანის შინაგანი მონასტრული ცხოვრების შესახებ შორს წაგვიყვან. ვიტყვით მხოლოდ, რომ ყოველივე არის სულისჩამდგმელი და წარმმართველი იყო იღუმენია იუვენელია, რომელიც 1916 წლის 21 სექტემბერს წმინდა დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს აღკვეცეს დიდ სქემაში თამარის (ფამარის) სახელით და მას შემდეგ მოიხსენიებოდა როგორც სქემოსანი იღუმენია თამარი (ფამარი).

KARIBCHE

სამწუხაროდ, სავანემ მხოლოდ 12 წელი იარსება. იგი კომუნისტებმა 1924 წელს დახურეს. დედა თამარი 10 მონაზონთან და მღვდელ ფილარეტთან (პოსტიკოვი) ერთად სოფელ პერხუშკოვოში დასახლდა და იქ გააგრძელეს მონასტრული ცხოვრება. შემდეგ იყო დაპატიმრება და გადასახლება. გადასახლებიდან 1935 წელს დაბრუნდა. სულიერმა შვილებმა პატარა ბინა რკინიგზის სადგურ პიონერსკაიაში უშოვა, აქვე აღესრულა 1936 წლის 23 ივნისს. წესი აუგო მისმა სულიერმა შვილმა და ამავე დროს სულიერმა მამამ ეპისკოპოსმა არსენი ავადანოვსკიმ, დაკრძალეს მოსკოვის ვვედენის სასაფლაოზე, ცნობილი მოსკოველი დეკანოზის, აწ უკვე წმინდანად შერაცხილი ალექსეი მეჩოვის გვერდით.

სავანეს კი თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი დაუდგა. ბოლშევიკ-კომუნისტებმა იქ ხან საავადმყოფო გახსნეს, ხან დასასვენებელი სახლი. ერთხანს ტაძარში საწყობიც განათავსეს. 1999 წელს, უფლის წყალობით მონასტერი დაუბრუნდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 2000 წლიდან კრუტიცკისა და კოლომედსკის მიტროპოლიტ იუვენალიის კურთხევით, კოლომენსკის დედათა მონასტრიდან აქ სამოღვაწეოდ გადმოვიდნენ მონაზვნები, დედა ინოკენტიას ხელმძღვანელობით, რომელიც დღემდე გახლავთ მონასტრის იღუმენია, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა დედა თამარის მიერ დაწყებული, შემდეგ ბედის უკუღმართობით შეწყვეტილი საქმე.

დედა ინოკენტიმ (პოპოვამ) უდიდესი სიყვარულით დაიწყო დანგრეული და გავერანებული სავანის აღდგენა-აღორძინება. განაახლეს ტაძარი, კელიები, გალავანი, სამრეკლო და რაც მთავარი გააჩაღეს სიყვარულისა და ღვთისმოსაობის ჩაუქრობელი კერა, რომელიც დღეს იღებს მომლოცველებს. დღეს მონასტერში დაახლოებით ოცამდე წევრია, ხშირად ჰყავს სტუმრებიც, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული პერიოდით იქ ცხოვრება. ღვთის მსახურებას ატარებს დეკანოზი ანდრია. შაბათ-კვირისა და დიდი დღესასწაულების მსახურებაზე უამრავი მრევლი სტუმრობს. მოსკოვში და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებსაც სავანისაკენ ყოველთვის მიუხარიათ. იციან, იქ ყოველთვის ელოდებიან. ფინჯანი ჩაითაც გაუმასპინძლდებიან, დედა თამარის კელიაშიც შეიპატიჟებენ თუ იძლევა ამის საშუალებას. ქართულად სიმღერასაც დააგუგუნებენ. სტუმარიც ხარობს და მასპინძელიც. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი დედა ინოკენტია, დედა თამარის სულიერი შვილი.

დიდება და მადლობა უფალს, მის გულმოწყალებას. ჩვენი ვალია გვახსოვდეს, გვიყვარდეს მაცხოვარი ჩვენი და ურთიერთ სიყვარულისა და პატივისცემით ვადიდოთ მისი სახელი.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1