"ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს"
"ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს"
პირველი ივნისი თითოეული ქართველისთვის სასიხარულო დღეა. ამ დღიდან დაიწყო მეოთხე საუკუნეში ქართველი ერის უფალთან მიყვანის რთული და ეკლიანი გზა. ჯავახეთის მთებიდან ჩვენს სამშობლოში ფეხი შემოდგა წმინდა ნინომ, რომელიც, თვით ღვთისმშობლის კურთხევით, ვაზის ჯვრით ხელში წარმოიგზავნა წმინდა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათას მიერ საქართველოში ნაქადაგები ქრისტიანობის გასავრცელებლად.

ძნელი და ფიცხელი გზებით მოაღწია თექვსმეტი წლის წმინდანმა ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ იხილა, როგორ სცემდნენ თაყვანს ქართველნი ცეცხლს, ქვასა და ხეს. რადგან ებრაული კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებებს აკვირდებოდა.

ერთი თვე დაჰყო ურბნისში. ერთ დღეს კი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს. ისინი, ერთი მხრივ, სავაჭროდ, ხოლო, მეორე მხრივ, არმაზის კერპის თაყვანისსაცემად გამოემართნენ დედაქალაქისკენ. მცხეთაში მისულმა წმინდანმა იხილა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებული ხალხი და მწარედ ატირდა მათი ცდომილებისა და წარწყმედის გამო.

ჩვენი ერის ხსნა კერპების მონებისაგან, როგორც ებრაელი ხალხის ეგვიპტის ბატონობისგან გამოხსნა, მაყვლოვანს უკავშირდება. აალებული მაყვლოვანის სახით ქორების მთაზე თავად უფალი გამოეცხადა მოსეს. თავისი ნება აუწყა ისრაელის ღვთის რჩეულ ერად ჩამოყალიბებისა და მათი ეგვიპტელთა ჩაგვრის უღლიდან გამოსვლის თაობაზე. წმინდა მამათა განმარტებით, აალებული მაყვალი სიმბოლოა ღვთისმშობლისა. როგორც ცეცხლი არ წვავდა მაყვლის ბუჩქს, ასევე ყოვლადწმინდა მარიამი დარჩა ქალწული, შვა რა ძე, მხსნელი კაცობრიობისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წმინდა ნინოც, რომელმაც, მცხეთაში მრავალი სასწაულის აღსრულების - ზადენის კერპის გაცამტვერებისა და სამეფო ბაღის მცველი უშვილო ცოლ-ქმრისთვის შვილიერების მიმადლების - შემდეგ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა, სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გადართხმულ მაყვლოვანში დასახლდა. იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღედაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედული ერის მოქცევისათვის.

ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მარხვით ცდილობდა სხეულის დაკნინებას, ვნებების დაძლევასა და სულის აღორძინებას. მისი სამოსელი უხეში ქსოვილისა იყო, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. ასე ცხოვრობდა, უფლის შეწევნით, თოვლსა და ყინვაში. სუსხიან ზამთარსა და ცხელ ზაფხულში მაყვლის ბუჩქი იფარავდა მას.

წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა მრავალი სასწაული აღასრულა ქართველთა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. მრავალი უძლური განიკურნა. მათ შორის უმძიმესი სენით შეპყრობილი ნანა დედოფალიც, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე.

ერთ დღეს მეფე მირიანმა წმინდა ნინოს გამოცდა განიზრახა. სთხოვა, განეკურნა ბოროტი სულით გვემული სპარსი მთავარი ხუარა და დიდძალ სიმდიდრესა და პატივსაც შეჰპირდა. მეფემ დაეჭვებით ჰკითხა წმინდანს, რომელი ღმერთის ძალით კურნავდა სნეულებს, იქნებ არმაზისა და ზადენის შვილი იყო, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერმა შემუსრა, კვლავ ცოცხლები იყვნენ და სასწაულებს აღასრულებდნენ. წმინდა ნინომ მიუგო: "ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი მალე გამოაბრწყინვებს შენ შორის ნათელს". ამ სიტყვებით უწინასწარმეტყველა წმინდანმა მეფეს, თუ რა სასწაულით მიიღებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. "შენს ქალაქში დაფარული იესო ქრისტეს სამოსლის ძალით აღესრულება კურნებანი და მისი წმინდა სახელით განიკურნება ეს სპარსი მთავარიც", - ამ სიტყვების წარმოთქმით მაშინვე განიკურნა ხუარა, რომელიც მთელი ოჯახით მოინათლა.

სულ მცირე ხანში აღსრულდა წმინდა ნინოს წინასწარმეტყველება მეფე მირიანის მოქცევის შესახებ. უკუნ სიბნელეში გზაარეულს გამოუბრწყინდა ქრისტეს ნათელი. მაშინ მეფემ აღიარა ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთი და ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ასე დაიწყო დაქსაქსული ქართველი ხალხის უფლის რჩეულ ერად ჩამოყალიბება.

გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ლეონიდე ოქროპირიძის, სიტყვა წარმოთქმული წმინდა ნინოობას: "წმინდა ნინომ, რომლის ხსენებასაც აღვასრულებთ დღეს დღესასწაულებრივის სიხარულით, შთაბერა საქართველოს ღვთაებრივი ძალა, რომელმაც განავითარა, გააძლიერა და ააყვავა ქართული ენა. გააწმინდავა, აღამაღლა, გააფაქიზა და გააკეთილა ქართველების სულიერი ცხოვრება, ზნეობა, ყოფაქცევა და საზოგადოდ შეხედულება ქვეყნიერებაზე. დავრდომილი და ნაწილ-ნაწილად დაყოფილი ერი ააღორძინა, შეაერთა და გარდაქმნა სახელოვან, მძლავრ სამეფოდ. შემუსრა მის გარშემო ათასჯერ მასზედ მძლავრნი და მაგარნი მტერნი. ამის გამო, ოღონდაც, რომ ყოველი შეგნებული ქართველისათვის "ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს".
ბეჭდვა
1კ1