ვხედავ, შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს
ვხედავ, შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს
წმინდა ნინო დღესაც დაუცხრომლად იღვწის ქართველი ერის გადასარჩენად
"ნუ განეშორები იერუსალიმით, რამეთუ წილხვდომილი შენი განათლდეს უკუანაისკნელთა ჟამთა, ხოლო შენ იღვწიდ მუნ, სადაცა ინების ღმერთმან", - ასეთი აღთქმა დაუდო უფალმა ღვთისმშობელს, რომელსაც სულთმოფენობის შემდეგ, მოციქულთაგან წილის ყრისას, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ქრისტიანობა, საქართველო ხვდა წილად.

ამ აღთქმის აღსრულება IV საუკუნის გარიჟრაჟზე დაიწყო, როცა კაბადოკიაში ღვთისმოშიში ზაბულონისა და სოსანას ერთადერთ ქალიშვილს, ნინოს 12 წელი შეუსრულდა. მაშინ მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, ასულთან ერთად წავიდნენ იერუსალიმში და მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. საღმრთო შურით აღძრულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, უდაბნოში განმარტოებულიყო. თვალცრემლიანი გამოეთხოვა შვილს, სთხოვა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული, მიებაძა მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის. წმინდა ნინო დაჰპირდა მამას, თხოვნას შეგისრულებო. სოსანა ძმამ, იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმინდა ნინო - სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად. ამ ღვთისმოსავმა ქალმა შეასწავლა მას ძველი და ახალი რჯული. წმინდანმა მისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული და მისი მოლოცვის დიდი სურვილი გაუჩნდა.

სარა ხედავდა წმინდა ნინოს სულიერ ძალას, უწინასწარმეტყველებდა: "ვხედავ, შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს. დედალი ორბი მამალზე მაღლა ადის ცაში, იქიდან მთელ ხმელეთს მცირე მარგალიტივით თვალის გუგაში მოიქცევს, შენიშნავს საკბილოს, დაეშვება და თავს დააცხრება. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმინდის წინამძღვრობით.

ეს წინასწარმეტყველება მალე ახდა.

ერთხელ ღვთისმშობლის ხატთან მლოცველი წმინდა ნინო საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. ყოვლადწმინდა მარიამი გამოეცხადა და აუწყა: "აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". შეძრწუნებულმა წმინდანმა ჰკითხა, როგორ შეძლებდა ამ დავალების შესრულებას სუსტი და უსწავლელი გოგონა. მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, შეკრა ჯვარი, მისცა მას და უთხრა: "ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებას და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებო". ჩვენების შემდგომ წმინდა ნინომ იხილა, რომ ხელთ ვაზის ჯვარი ეპყრა, ადიდა უფალი და ღვთისმშობელი და ყველაფერი მოუყვა პატრიარქს, რომლის კურთხევითაც სულ ცოტა ხანში ეფესოში გაჰყვა მაცხოვრის საფლავის მოსალოცადHმიმავალ ქალს.

ეფესოში წმინდა ნინომ დაიმოწაფა რიფსიმე და მისი სახლეული. ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა განიზრახა. რიფსიმემ სახლეულით დატოვა საბერძნეთი, მას თან გაჰყვა წმინდა ნინოც. ისინი სომხეთის მეფემ, თრდატმა სამეფო ბაღში დამალული ნახა და დიოკლეტიანეს ბრძანებით, სასტიკად აწამა, მხოლოდ წმინდა ნინო გადარჩა. მან დიდი გაჭირვებით მოაღწია ქართლს და მოგვიბრძანა ჯვარი უძლეველი.

ურბნისში ებრაელთა სინაგოგაში დაბინავდა, რადგან ებრაული კარგად იცოდა და იქიდან აკვირდებოდა ქართველთა ზნე-ჩვეულებებს. ერთი თვის შემდეგ წმინდა ნინო არმაზის კერპის თაყვანსაცემად მიმავალ ხალხს გაჰყვა მცხეთაში. იხილა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებული ქართველნი და მათი ცდომილებისა და წარწყმედის გამო მწარედ ატირდა.

იმ დღიდან მოყოლებული წმინდა ნინოს ვედრებით უფლის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულით იწამა ქართველმა ერმა ჭეშმარიტი ღმერთი. "საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი, - წერს წმინდა ილია მართალი, - ამ სახით, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა, იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე".

წმინდა ნინო დღესაც დაუცხრომელად იღვწის ქართველი ერის გადასარჩენად. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთ ეპისტოლეში იხსენებს: აფხაზეთში ბოლო დრომდე იყო ტრადიცია, - ბერები მთაში მიდიოდნენ სამოღვაწეოდ. უწმინდესის აფხაზეთის მიტროპოლიტობისასაც მრავლად იყვნენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდნენ მთიდან. ერთი ასეთი მონაზვნისთვის, დედა ანტონიასთვის, უკითხავს ილია
II-ს, როგორ ცხოვრობთ მთაში, ხომ არაფერი გიჭირთო. დედოფალივით ვარ უდაბნოში, ყველაფერი მაქვსო, - მიუღია პასუხად. "მართლაც, იგი სავსე იყო მადლითა და ღვთის ძალით, იმდენად დიდი იყო ეს მადლი მასში, რომ არაფერი უნდოდა ამაზე მეტი, - აღნიშნავს პატრიარქი და განაგრძობს, - იქ მოღვაწე ორი მონაზონი ერთხელ სოხუმში ჩამოვიდა. ერთ-ერთმა მითხრა:

"ხილვა მქონდა, ძილბურანში ვიხილე წმინდა ნინო, რომელიც დღესაც უვლის მთელ საქართველოს და დღესაც ქადაგებს, აგრძელებს თავის მოციქულებრივ მოღვაწეობასო".

აღუსრულა უფალმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აღთქმა, ქალწული მარიამის წილხვდომილ ივერიას მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს ქადაგებით მოჰფინა ჭეშმარიტი ნათელი.

27 იანვარს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ჩვენი განმანათლებლის მიცვალებას დღესასწაულობს.

მთიულეთში, ერწო-თიანეთსა და კახეთში ქრისტეს სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმინდა ნინოს უფალი მიუძღვა მისთვის განმზადებულ ადგილზე - კუხეთის დაბა ბოდბეში, სადაც დედოფალ სუჯისა და მთავრების მონათვლით დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა. მეფე მირიანმა მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმინდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდან ვერ დაძრა მისი სარეცელი, მაშინ მეფემ გულისხმაყო, რომ სწორედ ეს იყო წმინდანის განსასვენებლად უფლისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივით იქვე დაკრძალა. ოცდაათი დღე წმინდა ნინოს საფლავთან დარჩა და ქართველი ერის დაობლებას იგლოვდა მეფე მირიანი ხალხთან ერთად.

რუსთავის 13 ასურელი მამის ეკლესიის
შემოქმედებითი ჯგუფი "გორგასალი"
ბეჭდვა
1კ1