ღირსი ეფროსინე სუზდალელი (+1250) - 25 სექტემბერი (8 ოქტომბერი)
ღირსი ეფროსინე სუზდალელი (+1250) - 25 სექტემბერი (8 ოქტომბერი)
ღირსი ეფროსინე სუზდალელი ქრისტიანული აღმსარებლის, თავად მიხეილ ჩერნიგოველის ქალიშვილი გახლდათ. დიდი ხნის განმავლობაში თავადის მეუღლე უშვილო იყო. ცოლ-ქმარი ცრემლით, გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და ღირს ანტონისა და თეოდოსის (კიევ-პეჩორის ლავრის დამაარსებელ მამებს), ღირსი გაეხადა შვილისა. ერთ ღამეს მათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა:

- განაგრძეთ ლოცვა, ის აღსრულდება, ნიშნად ამისა კეთილსურნელებას იგრძნობთ.

გამოღვიძებულმა ცოლ-ქმარმა თავიანთ საცეცხლურში ანთებული ნაკვერცხალი ნახა, მთელ სახლში კი კეთილსურნელება იყო. სასწაულით განცვიფრებული თავადები ამ დღის შემდეგ უფრო მეტი გულისხმიერებით ლოცულობდნენ დედა ღვთისას წინაშე. ცოლ-ქმარს მეორედაც გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც ხელში მტრედი მისცა. მათი სახლი ისევ კეთილსურნელებით გაიჟღინთა. თავად მიხეილს და მის მეუღლეს მესამედაც ეწვიათ წყალობა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის გამოცხადებით. ამჯერად მაცხოვრის წმინდა დედა ღირს ანტონისა და თეოდისისთან ერთად ბრძანდებოდა.

- თქვენი ლოცვა შესმენილია, გეყოლებათ ქალიშვილი, რომელსაც ეფროსინეს დაარქმევთ, ის ვლაქერნის ტაძრის მსახური იქნება, - ბრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

ასეც მოხდა, მიხეილ ჩერნიგოველს და მის მეუღლეს შეეძინათ გოგონა, რომელსაც ეფროსინე დაარქვეს. პატარა ეფროსინეს ნათლია კიევ-პეჩორის ლავრის იღუმენი გახდა. გოგონა ღვთისმოშიშებით იზრდებოდა. ერთხელ ეფროსინეს ასეთი ხილვა ჰქონდა: საშინელი სამსჯავრო იყო, მის წინ ცეცხლოვანი ზღვა და სამოთხე მოჩანდა. გოგონას, როგორც უფლის რჩეულს, თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა უხმო
.
ეფროსინე თანატოლებისგან ფიზიკური სილამაზითაც გამოირჩეოდა და სულიერითაც. ბევრის ხელის მთხოვნელიც ჰყავდა. ბოლოს მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, დაენიშნათ ერთ კეთილშობილ სუზდალელ თავადზე. ამ ამბავმა ეფროსინე ძალიან დაამწუხრა. ის გამუდმებით შესთხოვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაეცვა მისი ქალწულობა. დედა ღვთისა გამოეცხადა ქალწულს და უთხრა, დამორჩილებოდა მშობლებს, ის კი დაიცავდა მის უბიწოებას. გოგონა დაემორჩილა მშობლებს და დათქმულ დროს მათი თანხლებით გაემართა სუზდალისკენ, სადაც სასიძო უნდა დახვედროდა. მოულოდნელად ეფროსინეს საქმრომ სული განუტევა. სუზდალში ჩასული გოგონა ვლაქერნის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა ეფროსინეს სახელით.

მონასტერში ღირსი ეფროსინე გამოირჩეოდა მორჩილებითა და თავმდაბლობით. იგი ფიზიკური შრომით სხეულს აუძლურებდა და სულს ლოცვითა და მარხვით იძლიერებდა. უფალმა მას წინასწარმეტყველებისა და სნეულებათა კურნების ნიჭი მომადლა. მან ერთხელ მიწისძვრაც კი იწინასწარმეტყველა სუზდალში. აღესრულა 1250 წლის 25 სექტემბერს. სწორედ ამიტომ მისი ხსენების დღედ ეკლესიამ ძველი სტილით 25 სექტემბერი დააწესა.

ბეჭდვა
1კ1