ღირსი ეფროსინე ალექსანდრიელი (+დაახლ. 445) - 25 სექტემბერი (8 ოქტომბერი)
ღირსი ეფროსინე ალექსანდრიელი (+დაახლ. 445) - 25 სექტემბერი (8 ოქტომბერი)
IV-V საუკუნეების მიჯნაზე ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი დიდგვაროვანი. ღრმადმორწმუნე, კეთილმსახური ქრისტიანი პაფნუტი. მისი მეუღლეც მასავით კეთილშობილი ქრისტიანი იყო. ცოლ-ქმრის ამქვეყნიურ ბედნიერებას შვილი აკლდა. ისინი გამუდმებით გულმხურვალე შესთხოვდნენ უფალს შვილის ბოძებას. ერთხელ პაფნუტი ერთ-ერთ მონასტერში წავიდა სალოცავად. მას სმენოდა ამ სავანის იღუმენის წმინდა ცხოვრებისა და მადლის შესახებ. დიდებული შეხვდა ღვთის მსახურს, გაანდო თავისი გულისტკივი¬ლი უშვილობის შესახებ, სთხოვა ელოცა მისთვის და ლოცვა-კურთხევაც გამოსთხოვა. მონასტრის მოლოცვიდან ცოტა ხანში პაფნუტის მეუღლე დაფეხმძიმდა, ცხრა თვის შემდეგ ქრისტიან ცოლ-ქმარს უფლის წყალობით გოგონა შეეძინა, რომელსაც ეფროსინე დაარქვეს. გახარებული პაფნუტი ამ დღის შემდეგ ხშირად დადიოდა ხოლმე იმ მონასტერში და სულიერებაში მეტად წარმატებულ მის იღუმენს რჩევა-დარიგებებს ეკითხებოდა. ეფროსინე თორმეტი წლის იყო, როცა მოულოდნელად დედა გარდაეცვალა. მისი აღზრდის მთელი სიმძიმე მამას დააწვა. როცა გოგონას თვრამეტი წელი შეუსრულდა, მამამ მისი გათხოვება გადაწყვიტა და კვლავ სავანეს მიაშურა, რომ წმინდა ბერისგან კურთხევა ეთხოვა ასულის ქორწინებაზე. წინასწარცნობის მადლით დაჯილდოებული მოსაგრე გაესაუბრა ეფროსინეს და ასე დალოცა: ღვთის წყალობით, ის აღასრულე, რაც შენი სულისათვის უკეთესი იქნება. უფალმა განგამტკიცოს რწმენაში და დაგაძლევინოს შიში".

ქალწულმა ღვთის განგებულებით უდაბნოდან ალექსანდრიაში ჩასული ერთი ბერის მიერ ფარულად შეიმოსა მონაზვნური სქიმა, მაგრამ შიშობდა, რომ დედათა მონასტერში მამა მიაგნებდა, ამიტომ ბერი ზმარაგდის სახელით მამათა იმ სავანეს მიაშურა, სადაც მამამისი გამოცდილი იღუმენისგან რჩევა-დარიგებებს იღებდა. ახალმოსული სულიერად გამოცდილ ბრძენ მამა აღაპის მორჩილებაში განაწესა. მოძღვარმა ევფროსინეს უბრძანა, სენაკში დაყუდებით ეღვაწა. მასთან მისვლის ნება მხოლოდ მამა აღაპის ჰქონდა. წმინდანი კიდევ უფრო ფიცხელ ღვაწლს შეუდგა. ეფროსინე სულ მღვიძარებაში იყო, ლოცულობდა, მძიმე მარხვას იცავდა. ევფროსინეს მამა დაამწუხრა ასულის გაუჩინარებამ. დიდხანს ამაოდ ეძია შვილი. დარდიანმა მოუხშირა მონასტერში სიარულს. აქ იგი იღუმენთან და ბერებთან საუბარში პოულობდა ნუგეშს. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ "ბერ" ზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ, შუბლზე ბარტყულაჩამოფხატულ მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ეფროსინემ 38 წელი დაყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა და თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა

ბეჭდვა
1კ1