ღირსი ალექსანდრა დივეევოელი (+1789) - 13 ივნისი (26 ივნისი)
ღირსი ალექსანდრა დივეევოელი (+1789) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა ალექსანდრა, ერში აღათია მელგუნოვა ნიჟეგოროდელი დიდებული იყო და რიაზანის მაზრაში მამულებს ფლობდა. იგი იყო საშუალო სიმაღლის, მრგვალი პირისახის, ნაცრისფერი თვალებით. ადრე დაქვრივდა, და სამი წლის ქალიშვილთან ერთად კიევში ჩავიდა, სადაც ფარულად აღიკვეცა მონაზვნად.

რაღაც პერიოდი კიევის ფლოროვის მონასტერში ცხოვრობდა. კიევში მას უფლის დედა გამოეცხადა და უბრძანა აეშენებინა მონასტერი, რომლიც დედამიწაზე ღვთისმშობლის მეოთხე წილხვედრი ადგილი იქნებოდა. მამების რჩევით აღათიამ დამალა თავისი მონაზვნობა და ადრინდელი სახელით რუსეთის მოსალოცად გაემგზავრა. 1760 წელს საროვის უდაბნოსკენ მიმავალი დივეევოსთან შეჩერდა, აქ მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ სწორედ ეს ადგილი იყო ღვთისმშობლისაგან მითითებული. მან საროველს მამებს მიმართა, მათ ურჩიეს, რომ ყველამხრივ მინდობოდა უფლის ნებას. აღათია სოფელ ოსინოვკაში დასახლდა. სამი წლის შემდეგ მისი ათი წლის ქალიშვილი ავად გახდა და გარდაიცვალა. აღათიამ ყმები გაათავისუფლა, მიწები გაყიდა და აღებული ფული საეკლესიო მშენებლობაში ჩადო (აღადგინა და ააშენა 12 ეკლესია) და გლახაკებს გაუნაწილა, დაბრუნდა დივეევოში, მღვდელ ვასილი დერტევის სახლის გვერდით აშენებულ კელიაში დაბინავდა და ოთხ მორჩილთან ერთად საროველი მამების ხელმძღვანელობით მოსაგრეობას შეუდგა. 1767 წელს წმინდა დედის მონდომებით დაიწყეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ტაძრის სამი ეკვდერის კურთხევის შემდეგ აღათიამ სამონაზვნო თემის შექმნა გადაწყვიტა. 1788 წელს მას მემამულე ჟდანოვამ ტაძრის გვერდით მდებარე მიწა აჩუქა, სადაც ღირსმა დედამ სამი კელია ააშენა. ღირსი დედა თავის ოთხ მორჩილთან ერთად მუდმივად ლოცვასა და ღვაწლში იყო. ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთებით და საკვებით მას საროვის მონასტრიდან ამარაგებდნენ. აღათიას სულიერი მოძღვრები იყვნენ მღვდელ-მონაზვნები პახომი და ესაია ხაზინადარი.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დედა აღათიამ საროველი მამები მოინახულა, აქ შეხვდა ახალგაზრდა ბერდიაკვან სერაფიმე საროველს, რომელსაც სავანეზე ზრუნვა სთხოვა. სიკვდილის წინ დედა აღათიამ დიდი სქემა შეიმოსა და მას ალექსანდრა დაარქვეს. 1789 წლის 13 მაისს გარდაიცვალა და დაკრძალულია დივეევოს მონასტერში. იმთავითვე წმინდანის ლოცვით მრავალი სასწაული ხდებოდა. 2000 წლის 27 სექტემბერს მოხდა მის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება. ხოლო 2004 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი დედა წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1