წმინდა გორგონია, გრიგოლ ღვთისმეტყველის და (+370) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა გორგონია, გრიგოლ ღვთისმეტყველის და (+370) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა გორგონია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და გახლდათ. წმინდა გორგონიას დედა, ნონა, შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანი ქალის უმაღლეს ნიმუშად. მამამისი გრიგოლი წარმართი იყო. როდესაც ღვთისმოსავი ნონა მისი ცოლი გახდა, იგი ევედრებოდა უფალს, დახმარებოდა ქმრის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევაში. გრიგოლს ასეთი ხილვა ჰქონდა: იგი გალობდა ფსალმუნებს. ეს სიტყვები, რომლებიც მას არასოდეს წარმოუთქვამს, გაგონილი ჰქონდა მეუღლის ლოცვისას. გალობა მას უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. გაღვიძებულმა ყველაფერი ცოლს უამბო და ნონა მიხვდა, რომ მის ქმარს თავად უფალი უხმობდა თავის სამწყსოში. მან დაიწყო ქმართან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე საუბარი და მალე გრიგოლი მოინათლა კიდეც. შემდგომში კი, თავისი მშობლიური ქალაქის, ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა.

ამ დიდი ხნის ნანატრი წყალობის შემდეგ ნონამ უფალს ძე შესთხოვა და აღუთქვა, რომ მასვე შესწირავდა თავის შვილს. და უფალმა, რომელიც ისმენს ღვთისმოშიშთა ლოცვას, შეასრულა ღვთისმოსავი ქალის თხოვნა. ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. ასე მოევლინა ქვეყანას წმინდა გორგონიას უფროსი ძმა გრიგოლი.

გორგონია ნაზიანზში აღიზარდა, თუმცა თავის ნამდვილ სამშობლოდ ქალწული ყოველთვის იერუსალიმს მიიჩნევდა. გორგონია გათხოვდა და სამი ქალიშვილი გააჩინა. ქორწინებაშიც მკაცრად იცავდა ღვთივსათნო ქრისტიანულ ცხოვრების წესს, ამაში მას მეუღლეც ეხმარებოდა. წმინდა გორგონია ბევრს არასდროს ლაპარაკობდა. გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სიბრძნით, შრომისმოყვარეობით. მისი სახლი მუდამ ღია იყო გლახაკთათვის. ის მოწყალებას მუდამ ჩუმად გასცემდა.

ერთხელ წმინდა გორგონიას უბედურება შეემთხვა, მისი ეტლი გადაბრუნდა და ცხენებმა დიდხანს ათრიეს. გორგონიას შერცხვა და თავისი დასახიჩრებული სხეული ექიმს ვერ აჩვენა. ქალი ღვთის იმედით ელოდა განკურნებას. ასეც მოხდა, უფლის ნებით, წმინდანი სასწაულებრივად განიკურნა. ერთხელ გორგონია ავად გახდა, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. წმინდანი ღამით წავიდა ტაძარში და ტირილით შესთხოვდა უფალს, სასწაული მოევლინებია მისთვის. შემოქმედმა შეისმინა გორგონიას ლოცვა, ის სასწაულებრივად განიკურნა. წმინდა გორგონია საკმაოდ გვიან მოინათლა. მაშინ ეს მიღებული წესი იყო. ლოცვისას ქალს ეუწყა თავისი მიცვალების ჟამი. გორგონიამ გარდაცვალებამდე მეუღლე მონათლა, შემდეგ ყველა ახლობელს გამოემშვიდობა და 372 წელს, 39 წლის ასაკში უფალთან წარდგა. დედა ნონამ გორგონიას გარდაცვალება ძალიან განიცადა, ერთი წლით ადრე მან უმცროსი ვაჟი კესარიოსიც დაკარგა. წმინდა ნონა დარდისგან დასნეულდა. აი, რას იხსენებს ამის შესახებ გრიგოლ ღვთისმეტყველი: "დედაჩემის მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმინდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა.

მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: "საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!" მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო".

წმ. გორგონიას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ასი წლის ასაკში გარდაიცვალა მისი მამა, ეპისკოპოსი გრიგოლი (უფროსი)(ხს. 1 იანვარს). წმინდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.

ბეჭდვა
1კ1