ღირსი ოდილია ხონესბურგელი (ელზასელი, +720) - 13 (26 ) დეკემბერი
ღირსი ოდილია ხონესბურგელი (ელზასელი, +720) - 13 (26 ) დეკემბერი
გადმოცემით, წმინდა ოდილია დაიბადა 660 წელს ჰერცოგ ატიხის ოჯახში. მამა მემკვიდრის დაბადებას ელოდა და როცა მისმა ცოლმა ბეცვიდამ ბრმა ქალიშვილი გაუჩინა, ძალზე განრისხდა და შვილის მოკვლა უბრძანა. ბეცვილდამ ძიძის დახმარებით ქალიშვილი შორეულ რაინის მონასტერში გადამალა. ბავშვი მონაზონთა შორის იზრდებოდა და სულიერად წარემატებოდა, თუმცა მის მონათვლას არ ჩქარობდნენ. ღვთის წყალობით, ერთ მოგზაურ ეპისკოპოსს ერჰარდ რეგესბუგელს ძილში ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, რაინის მონასტერში წასულიყო და ბრმა გოგონა მოენათლა. ამ დროს ოდილიას თორმეტი წელი შეუსრულდა...

წმინდა ერჰარდი დაემორჩილა ბრძანებას, მოძებნა ხსენებული მონასტერი და პატარა ოდილია მონათლა. მონათვლისთანავე გოგონას თვალთ აეხილა. მომხდარმა სასწაულმა ისეთი გავლენა მოახდინა გოგონაზე, რომ აღთქმა დადო, ღმერთს მიუძღვნიდა საკუთარ ცხოვრებას. მონასტერში დარჩა, ვიდრე არ გაიზარდა და მზეთუნახავი გახდა.

ამასობაში დედამისმა ჰერცოგს მემკვიდრე გაუჩინა. ვაჟი წამოიზარდა და შეიტყო, რომ და ჰყოლია. ძალზე გაუხარდა, მონასტერში წავიდა და ოდილია დაიყოლია, შინ წაყოლოდა.

ჰერცოგმა ოდილია რომ იხილა, აზრად მოუვიდა, მისი გათხოვებით სამფლობელო გაეფართოებინა. მაგრამ ქალიშვილმა უარი უთხრა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ატიხი განრისხდა და უნებურად თავისი ვაჟი მოკლა. ოდილიას ლოცვით უფალმა ჭაბუკი გააცოცხლა, მაგრამ თვითონ ოდილიას მოუწია გაქცეოდა მამის რისხვას. ჰერცოგი მხლებლებთან ერთად გამოეკიდა ურჩ ქალიშვილს, რომელიც ერთ ვიწრო ხეობაში შევიდა, თვითონაც შეყვა. ამ დროს ქვის ცვენის გამო ჰერცოგი დაშავდა და გაქცეულის დასჯაზე ხელი აიღო.

მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, როცა ოდილიას ქება-დიდება ელზასს გასცდა, ავადმყოფმა და უძლურმა მამამ შეუნდო ქალიშვილს ურჩობა და მთა აჩუქა, რომელზეც ციხესიმაგრე იყო აშენებული, სადაც ოდილიამ დედათა მონასტერი მოაწყო და მისი პირველი იღუმენია გახდა (ახლა იმ მთას ოდილიას მთას (ოდილიენბერგ) ეძახიან). ამ მონასტერში დასახლდნენ ოდილიას მშობლები, რომელთაც ის ყოველთვის სიყვარულით და დიდი პატივისცემით ეპყრობოდა.

გადმოცემით, მას მონასტრის დაარსებიდან ათი წლის შემდეგ გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელი და მთის ძირში მეორე მონასტრის დაარსება დაავალა. სწორედ ასე წარმოიშვა მეორე მონასტერი, რომელსაც ქვემო მიუნსტერს ეძახიან. სწორედ ამ მონასტერში წმინდა ოდილიამ ლოცვით კლდიდან წყარო წამოადინა, რომელიც დღესაც განკურნავს სნეულებს.

წმინდა ოდილიას წინასწარ ეუწყა ღვთისგან გარდაცვალების ჟამი და დები რომ არ შეეწუხებინა, ტაძარში გაუშვა ისინი, რათა მისი ჯანმრთელობისთვის ელოცათ. უკან დაბრუნებულ მონაზვნებს იღუმენია გარდაცვლილი დახვდათ. მათი ლოცვით უფალმა ოდილიას სიცოცხლე დაუბრუნა, რათა უკეთ მომზადებულიყო სიკვდილისთვის. წმინდანმა დებს უთხრა, რომ ტყუილად შეაწუხეს, რადგან ცათა სასუფეველში ისეთი მადლია, როგორიც თვალს არ უნახავს, ყურს არ გაუგონია, მხოლოდ გულს შეუძლია მისი ჭვრეტა ლოცვით სიჩუმეში. ამის მერე მან ბარძიმი აიღო, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და ახლა უკვე საუკუნოდ შეისვენა. ეს მოხდა 720 წელს. 1546 წელს ტაძარში წმინდა ოდილიას საფლავთან მისულ მომლოცველებს უნახავთ ეს ბარძიმი და მისგან ზიარებულან. ახლა ოდილიას წმინდა სხეული ყოფილი მონასტრის ტაძარში ქვის სარკოფაგში განისვენებს და ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი სცემს თაყვანს.

უფრო ხშირად მას ერთ ხელში იღუმენიას კვერთხით გამოსახავენ, მეორე ხელში კი გადაშლილი წიგნი უპყრია, რომელზეც ადამიანის თვალია გამოსახული - ნიშნად თვითონ ოდილიას განკურნებისა, და ასევე იმიტომაც, რომ იგი განსაკუთრებით შეეწევა მათ, ვისაც თვალი აწუხებს. ასევე ითვლება, რომ იგი შეეწევა მათ, ვისაც თავი და ყური აწუხებს.

წმინდა ოდილია ელზასის მფარველად იქცა, მაგრამ მისი ნაწილები მთელ ევროპაშია მიმოფანტული.

ბეჭდვა
1კ1