წმინდა კეთილმსახური თავადის ასული ანა კაშინელი (+1368) - 02 (15) ოქტომბერი
წმინდა კეთილმსახური თავადის ასული ანა კაშინელი (+1368) - 02 (15) ოქტომბერი
წმინდა ანა დაახლოებით 1278 წელს დაიბადა და როსტოველი თავადის, დიმიტრის ასული და წმინდა მოწამის , მიქაელ ჩერნიგოველის (ხსენება 20 სექტემბერს) შვილთაშვილი გახლდათ.

ანა ღვთისმოყვარე თავადს, წმინდა მიქაელ ტვერელს (ხსენება 22 ნოემბერს) მისთხოვდა და ოთხი ვაჟი და ერთი ასული გაუჩინა. საიმდროოდ იმ მიწაზე ჭირი მძვინვარებდა, რასაც გვალვა და ხანძრებიც დაერთო, თუმცა, ყველაზე აუტანელი თათართა აგრესია გახლდათ. 1318 წელს ანას მეუღლე ოქროს ურდოს გამოიძახეს და წამებით ამოხადეს სული. ნეტარმა დედამ მეუღლე დაიტირა და ღირსეულად ატარა ქვრივობის ჯვარი.

თუმცა, მისი უბედობანი ამით არ დასრულებულა - 1327 წელს ურდოს წინააღმდეგ ჯანყისას ივანე კალიტამ და თათარ-მონღოლებმა ტვერი დააქციეს, ანა იძულებული გახდა, იქაურობას დროებით განრიდებოდა, მისი შვილი და შვილიშვილი, - ალექსანდრე და თეოდორე ურდოს წავიდნენ, სადაც დამპყრობლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

მოკლე ხანში ნეტარი ანა ტვერის ერთ-ერთ მონასტერში სოფიას სახელით აღიკვეცა, ხოლო როდესაც მისი უმცროსი შვილი კაშინს გათავადდა, იმ ქალაქის ღვთისმშობლის მიძინების სავანეში გადავიდა და დიდი სქემით ევფროსინიას სახელით შეიმოსა.

წმინდა ანა 1368 წელს მიიცვალა.

1611 წელს, როდესაც მისი სახელი თითქმის დავიწყებას მიეცა, კაშინის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მისი სამარე იპოვეს. ტაძარი საიმდროოდ ძალზე დაზიანებული გახლდათ, მოქალაქეებმა კი, არ უწყოდნენ, თუ ვისი სამარე აღმოაჩინეს, მასზე ხან ქუდებს დადებდნენ, ხან კი - ზედაც ჩამოჯდებოდნენ ხოლმე.

იმხანად ტაძარში ვინმე მძიმედ სნეული გერასიმე მსახურობდა. ერთ ღამეს ნეტარი ანა გამოეცხადა, განკურნა და უთხრა:

- როდემდე უნდა თელოთ ჩემი სამარე? წადი და ტაძრის წინამძღვარს უამბე, რაც იხილე, ჩემი სამარის წინ დაბრძანებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინ კი - სანთელი დაანთეო.

იმ დღიდან მის საფლავთან უამრავი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1