უდაბნოში მოღვაწე სამი წმინდა დედა - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
უდაბნოში მოღვაწე სამი წმინდა დედა - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
ეს წმინდა დედანი X საუკუნეში მოღვაწეობდნენ.

მონემვასიის (ქალაქი კუნძულ მინოაზე, არგოსის ყურეში) ეპისკოპოსი, პავლე მათ შესახებ შემდეგს გვიამბობს:

- ერისკაცობისას უდაბნოში მიმავალმა გზად მონასტერი ვიხილე და შიგ შესვლა ვინდომე.

ტაძრიდან სავანის იღუმენი და ძმობა გამომეგება, მისალმების შემდგომ კი მონასტრის ბაღში ჩამოვჯექით.

მცირე ხანში შევნიშნე, რომ ჩიტები ხეებიდან ხილს ტოტებიანად წყვეტდნენ და სადღაც მიჰქონდათ. როდესაც იღუმენს ამის შესახებ დავეკითხე, მითხრა:

- მეთერთმეტე წელია, რაც ჩიტები ასე იქცევიანო.

მაშინ, თითქოს ღვთის ჩაგონებით ვთქვი:

- შესაძლოა, ახლომახლო მამები ან დედები იღვწიან და ჩიტები ამ ხილით მათ ასაზრდოებენ მეთქი.

ამ საუბრისას საიდანღაც ყვავი მოფრინდა, ხილიანი ტოტი ნისკარტით მოგლიჯა და გაფრინდა. იღუმენს ვთხოვე, - ფრინველს გავყვეთ და შევიტყობთ, ვისთვის მიაქვს ხილი მეთქი!

მალე ერთ გორაკს მივადექით, ყვავმა ხილიანი რტო მიწაზე დააგდო, რომ მივუახლოვდით, კვლავ დაავლო ნისკარტი და ღრმა ქვაბულში შეფრინდა, საიდანაც რტოს გარეშე გამოფრინდა.

ავდექი და ქვაბულის სიღრმეში ქვა ვისროლე, საიდანაც ხმა გვესმა:

- თუ ქრისტიანები ხართ, ნუ დაგვხოცავთ!

- ვინ ხართ?

- თუ ჩვენი ხილვა გსურთ, სამი სამოსი ჩამოგვიგდეთ, რამეთუ დედანი ვართ და ტანს არა გვიფარავს რა, შემდეგ კი მთის უკანა, ვიწრო ბილიკს დაადექით, რომელიც ჩვენამდე მოგიყვანთ!

ჩვენმა მეგზურმა მამებმა კაბები გაიხადეს, ქვებში გაახვიეს და ქვაბულში ჩაყარეს. ჩვენ კი მითითებულ ბილიკს გავუყევით და მალე სამი წმინდა დედა ვიხილეთ.

ჩვენს დანახვაზე მუხლნი მოიყარეს, შემდეგ ერთ - ერთი ჩვენს წინ ჩამოჯდა, ორნი კი კვლავ ფეხზე იდგნენ.

- ვინ ხართ და ამ ადგილას რამ მოგიყვანათ? - დაეკითხა იღუმენი ჩვენს წინ მჯდომ დედას.

- მე კონსტანტინოლიდან გახლავარ, ერთი დიდებულის მეუღლე გახლდით, ახალგაზრდა დავქვრივდი, არც შვილი მყოლია.

მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ერთმა დიდებულმა ჩემი ძალით დაუფლება გადაწყვიტა და წასაყვანად მსახურნი მომიგზავნა.

მე კი შემწეობა უფალს ვთხოვე, იმ ბილწი კაცის მსახურთ კი ვუთხარი:

- ნუთუ, გჯერათ, რომ თქვენს ბატონთან ყოფნა არ მსურა? მაგრამ ქალური სნეულება მჭირს, არაწმინდა ვარ. მაცალეთ, მალე მოვმჯობინდები და მაშინ წამიყვანეთ მეთქი!

მსახურებმა დამიჯერეს და წასვლისას დამიბარეს:

- კარგი ჩვენი ბატონი 40 დღე მოიცდისო!

ისინი წავიდნენ თუ არა, მსახურნი, გარდა ამ ორისა, გავათავისუფლე, ყოველივე გავყიდე და გლახაკთ ვუწყალობე, შემდეგ ხომალდში ჩავჯექით და ღვთის ნებით აქ მოვედით.

ერთ წელიწადში სამოსი გაგვიცვდა და მეთერთმეტე წელიწადია, ადამიანის სახე არ გვინახავს.

- რითი საზრდოობთ? - ჰკითხა იღუმენმა.

- უფალი გვასაზრდოებს ფრინველთა მეშვეობით, რომელტაც იმაზე გაცილებით მეტი ხილი და საკვები მოაქვთ, ვიდრე - გვჭირდება, ისვე გვათბობს და გვმოსავს, ამიტომ არც ზამთრის სიცივე გვაწუხებს და არც - სიცხე, არამედ, როგორც სამოთხეში, ყოვლადწმინდა სამებას განვადიდებთ!

მისმა ნათქვამმა ძლიერ განაკვირვა იღუმენი და წმინდა დედას სთხოვა:

- თუ ნებას მოგვცემ, მონასტერში ერთ ძმათაგანს საზრდოს მოსატანად გავგზავნი, რომ ერთად ვისადილოთ და ძალა მოვიკრიბოთო, წმინდა დედამ კი მიუგო:

- მამაო, ისა სჯობს, მღვდელი მოაყვანინო, რომ საღვთო ლიტურგია აღასრულოს და გვაზიაროს, რამეთუ ქალაქიდან გამოსვლის შემდგომ წმინდა ზიარებას მოკლებულნი ვართ!

იღუმენმა მაშინვე მოაყვანინა მონასტრიდან მღვდელი და საზრდელიც მოაყოლა.

წირვის დასასრულს საკვირველი განდეგილნი ეზიარნენ, ტრაპეზის შემდეგ კი წმინდა დედამ იღუმენს იქ სამი დღით დარჩენა სთხოვა, შემდეგ ლოცვად დადგა და სული უფალს შეჰვედრა.

მისი სხეული მიწას წესისამებრ მივაბარეთ. მომდევნო დღეს მეორე დედა მიიცვალა, მესამე დღეს კი - მესამე.

მათი დაკრძალვის შემდგომ მონასტერს დავუბრუნდით და ვადიდეთ ესოდენი საკვირველების შემოქმედი უფალი.

ბეჭდვა
1კ1