ღირსი კასიანა ჰიმნოგრაფი, იღუმენია, კონსტანტინოპოლელი (+IX საუკუნე) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
ღირსი კასიანა ჰიმნოგრაფი, იღუმენია, კონსტანტინოპოლელი (+IX საუკუნე) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
ეს წმინდა დედა, დაახლოებით, 800-810 წლებს შორის, კონსტანტინოპოლში, წარჩინებულ ოჯახში დაიბადა.

კასიანა საკვირველი სილამაზითა და გონიერებით გამოირჩეოდა. როდესაც ახალგაზრდა იმპერატორმა, თეოფილემ დაქორწინება განიზრახა, 821 ან 830 წელს, წესისამებრ, სასახლის ერთ-ერთ დარბაზში იმპერიის თორმეტი ულამაზესი ასული შეკრიბეს.

იმპერატორს საცოლე სწორედ მათ შორის უნდა შეერჩია და ამის ნიშნად ხელში ოქროს ვაშლი ჩაედო. თეოფილემ მაშინვე გამოარჩია კასიანა და გამოსაცდელად უთხრა: - ბოროტება ქალიდან აღმოცენდა (რაღა თქმა უნდა, პირველმშობელი ევა იგულისხმა), კასიანამ კი პასუხად მიუგო:

- მაგრამ ქალიდანვე აღმოცენდა უმაღლესი სიკეთე (ღვთისმშობლის მიერ უფლის მოვლენა ხსნაა კაცობრიობას).

ქალწულის გონიერებამ ფრიად გააოცა თეოფილე, თან შეეშინდა: - შესაძლოა, თუ ცოლად შევირთე, სიბრძნით გარდამემეტოსო და თანამეცხედრედ წმინდა თეოდორა (ხსენება 11 თებერვალს) აირჩია.

კასიანამ კი ევდომონის მთაზე მონასტერი დააარსა, მოგვიანებით მისივე სახელი რომ მიიღო, მოგვიანებით კი, წმინდა თეოდორე სტუდიელის კურთხევით, მონაზვნად აღიკვეცა. მოკლე ხანში კი დედებმა სავანის იღუმენიად აირჩიეს.

ასე მიიღო ცათა სასუფეველი ნაცვლად მიწიერი დიდებისა, თვისი წმინდა ცხოვრება კი მარგალიტებად გარდამოადინა ულამაზეს საგალობლებში, ეკლესიის უდიდეს ჰიმნოგრაფთა შორის რომ დაუმკვიდრეს ადგილი.

წმინდა დედა, სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად, ყრმობიდანვე ღიად ეწინააღმდეგებოდა ხატმებრძოლთ, ხშირად აკითხავდა საპყრობილის ბნელ დილეგებში გამომწყვდეულ მონაზვნებს და ნუგეშს სცემდა. ხოლო იმათ, ვინაც ამ განსაცდელს ვერ უძლებდა, ეტყოდა:

- მძულს დუმილი მაშინ, ოდეს საუბრის დროა!

ნეტარი დედა 843-867 წლებში მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1