ღირსი თეოდორა სიხლელი (XVIII) - 07 (20) აგვისტო
ღირსი თეოდორა სიხლელი (XVIII) - 07 (20) აგვისტო
წმინდა დედა XVII საუკუნის შუა წლებში მოლვოვაში, ნიამეცის მხარის სოფელ ვინარორში დაიბადა, გათხოვდა, მაგრამ რადგან შვილი არ შეეძინათ, მეუღლეები მონასტერში წავიდნენ, - თეოდორა ბუზეუს მხარეში, ვარზარესტის სკიტში აღიკვეცა, რომელიც მოკლე ხანში თურქებმა დაიპყრეს, სავანე კი - დააქციეს.

თეოდორა სულიერ დედასთან - პაისიასთან ერთად განერიდა იქაურობას და მთებს შეეფარა, სადაც მრავალი წელი გაატარა ლოცვასა და ბნელ ძალებთან ბრძოლაში.

პაისიას გარდაცვალების შემდგომ თეოდორა, საღვთო მინიშნებით, სახელგანთქმული ნიამეცკის ლავრის მახლობლად მდებარე სიხლის მთაზე დაემკვიდრა, სადაც ვინმე განდეგილის მიტოვებულ სენაკში 30 წელიწადს მარიამ მეგვიპტელის მსგავსად იცხოვრა.

მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში თეოდორამ ღვთისგან გულისმიერი ლოცვის ნიჭი მიიღო და ღამ-ღამობით ხელაპყრობილი მანამ ლოცულობდა, სანამ მის სახეს მზის შუქი არ დაეცემოდა.

შემდეგ თავს უფლებას აძლევდა, ორი საათით მოესვენა, შემდგომ კი კვლავაც ამ ღვაწლს შეუდგებოდა.

წმინდა დედა ორ დღეში ერთხელ, ველური ბალახითა და მცირედი ხმიადით საზრდოობდა, სასმელად კი - იმ კლდის კალთაში შეგროვილ წვეთებს იყენებდა, მოგვიანებით წმინდა თეოდორას წყაროდ რომ იწოდა.
თავის სამყოფელს არასოდეს დაუტევებდა და ყოველგვარ ადამიანურ ნუგეშს მოკლებულს ოდენ ღვთის მადლი იფარავდა. მის საზიარებლად მხოლოდ სიქასტრის სავანის წინამღძვარი, მამა პავლე აკითხავდა დროდადრო, მისი გარდაცვალების შემდგომ კი წმინდა დედა მთლიანად მიენდო ღვთის განგებულებას.

ერთ დღეს თეოდორას თავშესაფარს თურქთაგან შევიწროებული მონაზონნი მიადგნენ. ნეტარმა მყისვე დაუთმო სენაკი და ქვაბულში გადავიდა, სადაც თავისი ფარული და მძიმე ღვაწლი განაგრძო.

სხვა დროს კი მთაზე ამოსული თურქები დაეცნენ. წმინდა დედამ მუხლნი მოიყარა და მხურვალე ლოცვის შემდგომ, ქვაბულის კედელი გაიხსნა და ნეტარი ტყეში მიიმალა, სადაც ანგელოზთა დარად განაგრძო ცხოვრება.

დროთა განმავლობაში სამოსი კონკებად ექცა, საზრდელად კი სიქასტრის სავანის სატრაპეზოდან ჩიტების მოტანილი პურის ნამცეცებს სჯერდებოდა.

ერთხელ ეს ჩიტები იღუმენმა შეამჩნია და მათ კვალს ორი მონაზონი გააყოლა.

ღამით თეოდორას სენაკს რომ მიადგნენ, ნეტარს ლოცვისას ჰაერში მოლივლივეს შეესწრნენ, სახე მზისებრ რომ გაბრწყინებოდა.

ამ საკვირველებით გაოგნებული მამები თეოდორამ დაამშვიდა და აუწყა, - მოჩვენება კი არა, ქალი ვარო და სხეულის დასაფარად მოსასხამი სთხოვა.

შემდეგ კი სთხოვა, მიახლოებოდნენ, საკუთარი ცხოვრების შესახებ უამბო და სთხოვა, საზიარებლად მასთან მღვდელი გამოეგზავნათ.

მეორე დღესვე მიაკითხა მოძღვარმა ორი მამითურთ და ღირსი დედა აზიარა, რის შემდეგაც ნეტარი მიიცვალა.

ამ უდიდესი მოღვაწის გარდაცვალების ამბავი სწრაფად გავრცელდა და ზღვა ხალხი დაიძრა მასთან გამოსათხოვებლად.

1830 წელს მისი წმინდა ნაწილნი კიევ-პეჩორის ლავრაში გადააბრძანეს, ის ადგილი კი, სადაც წმინდა დედა იღვწოდა, უდიდესი მადლით არის აღბეჭდილი, - წმინდა თეოდორას წყაროს წყალმა მრავალს მიჰმადლა კურნება.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1