მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374) - 05 (18)აგვისტო
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374) - 05 (18)აგვისტო
მართალი ნონა ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია, ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ.

დრო მოვიდა და მშობლებმა ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები.

სულიერი თვალსაზრისით, ნონას ქორწინება ძალზე ემძიმა, რადგანაც მეუღლე წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.

მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით განდგომილი. მას სურდა, რომ ხორციელ კავშირს სულიერი კავშირიც დართვოდა. ამიტომ დღედაღამ მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი".

წმინდა ნონას ლოცვით, გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა.

გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი - ნაზიანზოსის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმინდა ნონაც.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმინდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა.

როგორღა ასაზრდოებდა ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გარდამოედინა მწყურვალთათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმინდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ?

მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე.

ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო.

ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა: - როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: "საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!"

მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო".

374 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხსენება 1 იანვარს).

წმინდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.

ბეჭდვა
1კ1