ღირსი ირინე ქრისობალანტელი, კაპადოკიელი (IX) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
ღირსი ირინე ქრისობალანტელი, კაპადოკიელი (IX) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
ღირსი ირინე წარმოშობით რომაელი არისტოკრატის პატრიკ (წოდება) ფილარეტოს ქალიშვილი იყო. ღირსი ირინე კესარიაში, საკმაოდ მდიდარ ოჯახში იზრდებოდა. მის მამას, ფილარეტოს კაპადოკიაში საკმაოდ დიდი თანამდებობა ეკავა. ნაადრევად დაკარგა სათნოებით სავსე მეუღლე პატრიკია ზოი. მისგან დარჩა ორი ქალიშვილი კალინიკა და ირინე. ობლების აღზრდა უფროსმა დამ სოფიომ ითავა. სოფიო თავმდაბლობით და მოკრძალებული თვისებებით გამოირჩეოდა. რომ არა ობოლი ძმისშვილები, ის მონასტერში დიდი ხნის წასული იქნებოდა. კალინიკას და მასზე სამი წლით უმცროს დას, ირინეს ობლობა არ უგრძვნიათ, რადგან არანაკლები სიყვარულით ზრუნავდა მათზე მამიდა. ფილარეტოს სამსახურებრივი მოვალეობის გამო ხშირად უხდებოდა მოგზაურობა, ამიტომ ობლების მფარველი ანგელოზი მამიდა სოფიო იყო. მამიდას შრომას უქმად არ ჩაუვლია და გოგონები სანაქებო ქალიშვილები დაიზარდნენ. დებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ ძალიან განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. კალინიკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლამაზ ჩაცმულობას, უყვარდა მდიდრული კაბები და სამკაულები. ადამიანებთან ურთიერთობა. თვლიდა, რომ ურთიერთობა უნდა ჰქონოდა მხოლოდ მათთან, ვინც სამეფო პალატიდან იყო. მომავალი საქმროც, რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოების წრიდან უნდა ყოფილიყო. მართლაც ასე მოხდა. 839 წელს, გაზაფხულზე კაპადოკიის დედაქალაქს სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად ეწვია ახალგაზრდა კეისარი, სახელად ვარდა. საპატიო სტუმარს ფილარეტომ უმასპინძლა და მაშინ მოხდა კეისარ ვარდას და კალინიკის გაცნობა. რამდენიმე თვის შემდეგ მთელი სახელმწიფო ზეიმობდა მათ ლამაზ ქორწილს.

მამიდა სოფიოს არ მოსწონდა მათი ქორწინება. მას თავიდანვე არ მოუვიდა თვალში ეგოისტი, ამბიციური და ფეთქებადი ხასიათის ახალგაზრდა კეისარი. როდესაც ბედნიერების ზღვაში მცურავი კალინიკი სამეფო პალატებისკენ მიემგზავრებოდა, იმ დროს მამიდა სამლოცველოში განმარტოვდა, რათა ლოცვებით მოეპოვებინა სიმშვიდე. ხედავდა, რომ ახალგაზრდა კეისარი ის ადამიანი არ იყო, რომელიც კალინიკს ბედნიერებას მოუტანდა.

მამიდასთან დარჩა ირინე, რომელსაც უფროსი დისგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. დიდი სიფრთხილით ცდილობდა, რომ უბრალოებით დაეფარა მდიდრული სული და ლამაზი გარეგნობა. სამკაულებს არასდროს ატარებდა, გარდა ოქროს ჯვრისა. იმოსებოდა თეთრი, უბრალო ტანსაცმლით. საუბარი და სიარულიც კი სერიოზული და გამოზომილი ჰქონდა. ირინე არ იყო ისეთი კონტაქტური, როგორც კალინიკი. ამჯობინებდა სიმშვიდეს და განმარტოებულ ცხოვრებას. ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა იმ დონეზე, რომ დახმარებოდა გაჭირვებულებს. მამიდასთან ერთად მას ხშირად ხედავდნენ საავადმყოფოებში, ობოლთა და მოხუცთა თავშესაფრებში, რათა სულიერი და მატერიალური დახმარება გაეწიათ იქ მობინადრეთათვის. სამკაულები, რომლებიც დედისგან ერგო და მამას მოჰქონდა მოგზაურობებიდან, სულ ქვრივ-ობლებს დაურიგა. მამიდასთან ერთად ხშირად დადიოდა ტაძრების მოსალოცად. მამიდას იმედი ჰქონდა, რომ ირინე მონასტრულ ცხოვრებას აირჩევდა. მამას გაგონება არ უნდოდა იმისა, რომ მისი უსაყვარლესი ქალიშვილი შეიძლებოდა მონაზვნად აღკვეცილიყო. ცდილობდა, სასიძო მოეძებნა და გაეთხოვებინა.

კონსტანტინოპოლში ყოფნისას სოფიას მისწერა, რომ ირინე მასთან გაეგზავნა, რათა უფლისწულისთვის მიეთხოვებინათ. მამიდა შეშფოთდა, მას ირინე მხოლოდ მონაზვნის ხარისხში წარმოედგინა. ძმის მოწერილი ეპისტოლე რომ წაიკითხა, გადაწყვიტა ირინეს აზრი გაეგო.

- შენ, ცათა სასუფეველში წარმომედგინე პატარძლად. ალბათ ბედნიერი ხარ ასეთი განსაკუთრებული ბედისა.

ირინემ მშიდად უპასუხა:

- მეგონა, შენს ძმისშვილს კარგად იცნობდი, ჩემო კარგო მამიდა. მე მხოლოდ იმის პატარძალი ვიქნები, ვინც შენ გამაცანი.

- ესე იგი, არ წახვალ სამეფო კარზე?

- წავალ, რომ საბოლოოდ ვნახო ჩემი და.

მამისგან კი დალოცვა აიღო, რათა მონაზვნად აღკვეცილიყო.

ირინე მონასტერში წასვლამდე მოძღვარს, მამა სინესიოს ეწვია, რომელმაც დამშვიდობებისას თავისი ხილვა გაანდო: - შენი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მოხვდები ოლიმპოს მთაზე. ამ დალოცვილი მთის ერთ მიყრუებულ გამოქვაბულშია ასკეტი დიდი იოანიკიო. ნახე და მისგან დალოცვა აიღე. ამბობენ, ამ სასწაულებრივ ადამიანს ხედავენ მხოლოდ ღირსეულები. ცოდვილები და უპატიოები მას ვერ ხედავენ. თუკი გეჩვენა, სთხოვე მის ლოცვებში მომიხსენიოს ცოდვილი სინესიო.

ირინემ გადაწყვიტა, როგორმე შეხვედროდა იოანიკიოს, თან ფიქრობდა, შეძლებდა კი რომ დაენახა, იყო კი ამის ღირსი?

ირინეს მოგზაურობის დროს თან ახლდა ბიძა, დედის ძმა ნიკიფორე და მეგობრები - არეტი და ფილიკიტატი. ორი კვირის შემდეგ მიაღწიეს ოლიმპოს მთას. იქ ოთხი დღე დაყვეს. ბერებმა შეძლებისდაგვარად უმასპინძლეს. ირინეს მიზანი იყო ენახა ასკეტი, რომლის შესახებაც მოძღვარმა უთხრა.

ღირსი იოანიკიო, რომლის ხსენების დღეს ეკლესია 4 ნოემბერს აღნიშნავს, ბერულ ცხოვრებას 798 წელს, ქრისტეს შობის შემდეგ შეუდგა. მანამადე იყო ბიზანტიის არმიის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობდა რამდენიმე ბრძოლაში. გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული.

მიატოვა ერული ცხოვრება და ოლიმპოს მთას, აგაერონის მონასტრის საძმოს მიაშურა. ცოტა ხნის შემდეგ განმარტოებული ცხოვრებისათვის აირჩია მთის ყველაზე შორეული მღვიმე. ასეთი ცხოვრებით გაიწმინდა სული და გული. ასეთი მოღვაწეობა უფალმა დაუფასა და დააჯილდოვა სხვადასხვა მადლით. მისი ამბები ოლიმპოს საზღვრებს გასცდა. იმპერეტორმა თეოდორამ შესთავაზა პატრიარქის ტახტი, მაგრამ უარი განაცხადა და ურჩია ეს საპატიო ადგილი დაეკავებინა მეთოდო აღმსარებელს. თეოდორამ თხოვნა შეუსრულა.

ირინეს და მისი მოხუცი ბიძის მეგზურობა იღუმენმა ითავა. წინ მიუძღოდათ და ბუჩქებში გზას უკვალავდათ. ირინეს შავი სამოსი ეცვა, სახეზე შავი პირბადე ებურა და არ ჩანდა მისი ახალგაზრდული სილამაზე. ის ყურადღებას არ აქცევდა არც ძნელად გასავლელ ბილიკებს, არც ეკლის ნაჩხვლეტებს, მისი ფიქრები იყო მხოლოდ იქით, რომ ენახა ეს წმინდა ადამიანი. როგორც იქნა მიაღწიეს და დაინახეს ქვაზე მჯდარი იოანიკიო. იგი წამოდგა ფეხზე და მიეგება მათ. თითქოს ელოდა. მისმა სიტყვებმა ყველა გაოცებული დატოვა. მან ირინეს მიმართა, - მშვიდობა შენს მოსვლას, უფლის მხევალო ირინე. იცოდე, ქრისოლავანდის მონასტერი შენ გელოდება, რათა მწყემსო მისი ქალწულები.

ირინე მიხვდა, რომ ეს იყო მისთვის გამხნევება. ანუ უარს იტყოდა ტახტზე და მამას გამოუცხადებდა გადაწყვეტილებას. იმპერატრიცა თეოდორამ მოისურვა ირინესთან მარტო შეხვედრა და საუბარი. შეხვედრისას ირინემ საჭიროდ ჩათვალა და გაუმხილა, რომ მონაზვნად აღკვეცას აპირებდა. თეოდორამ მოიხსნა მარგალიტის ჯვარი, რომელშიც იდო ჯვარი პატიოსნის ნაწილი და ირინეს გადასცა. აგრეთვე ის უძვირფასესი სამკაულები, რომლებიც მისთვის ჰქონდა გამზადებული, როგორც პატარძლისთვის. ეს შეუფასებელი ძვირფასეულობა ირინემ ჰუმანიტარული მიზნით გამოიყენა, როდესაც მონასტერში წავიდა.

ირინე მალე დაუმეგობრდა თეოდორას ასულს თეკლას, რომელიც ოჯახის წევრებისგან განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. მას ვერავინ უგებდა და ყველა ეგოისტად თვლიდა. თეკლამ ირინე გულითად მეგობრად მიიღო, მასზე პატარა დებთან საერთოს ვერ ნახულობდა. ირინეს გააცნო კონსტანტინოპოლი, აჩვენა აია-სოფიას ტაძარი.

ორივე მეგობარი მიეჩვია ვლაქერნის ტაძარში სიარულს. ირინე გრძნობდა, რომ რაღაც ძალა იზიდავდა ამ ტაძრისკენ. თეკლას უხაროდა, რომ მის მეგობარს მოსწონდა იქაურობა.

- სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, ერთ პატარა წყნარ სახლში, - უთხრა ერთხელ ირინემ.

- როგორც მეუდაბნოე არა, - გაეცინა თეკლას. შენი სურვილი სხვანაირადაც შეიძლება შესრულდეს, რამდენიმე კვირაში აქ მათ მოვემგზავრებით ზაფხულის გასატარებლად და შენც იქნები ჩვენთან ერთად.

- მე ამ დროს აქ აღარ ვიქნები. არსებობს ვიღაც, რომელიც მელოდება.

თეკლამ ზრდილობის გამო ვერ ჰკითხა, ვინ იყო, იფიქრა, ალბათ სასიძოაო. დასევდიანდა, რომ ასე მალე მეგობარს უნდა დაშორებოდა.

- რა შენობებია იქით რომ მოჩანს? - შეცვალა სასაუბრო თემა ირინემ.

- მონასტრებია, მამათა მონასტერია. აგრეთვე არის პატარა ტაძარი წმინდა პანტელეიმონის სახელობის. ოდნავ მოშორებით არის ხრისოვალადის დედათა მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის და გაბრიელის სახელობის გახლავთ. ირინემ გაიკვირვა როცა მონასტრის სახელწოდება გაიგო. გაახსენდა დიდი იოანიკიოს წინასწარმეტყველება. შემდეგ აღარ დაუმალა და ყველაფერს თეკლას მოუყვა. თეკლა მაშინ კი მიხვდა ვისი სიყვარული აშორებდა მეგობარს და გულდაწყვეტით უთხრა. მე ისე არ მიყვარს, როგორც შენ, მაგრამ ირინემ დაამშვიდა და უთხრა, რომ მასაც შეეძლო იესო ქრისტეს სიყვარული. რამდენიმე წლის შემდეგ როდესაც თეკლა მძიმე ავადმყოფობით გატანჯული საწოლს მიეჯაჭვა, სიცოცხლის ბოლო წუთებში შეხედა თავის საწოლთან ჩამოკიდებულ ჯვარცმის ხატს და ჩურჩულით თქვა: "გმადლობთ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული". ამ სიტყვებით მიაბარა სული უფალს.

მეგობრები თეოდორას ნებართვით ეწვივნენ მონასტერს და გაიცნეს შინა განაწესი. იმ საღამოს, ირინემ სთხოვა იღუმენს შეხვედროდა განცალკევებით. როდესაც შევიდა მის კელიაში, დაემხო მუხლებზე და შესთხოვა, რათა მიეცა უფლება, დარჩენილიყო მონასტერში და ემსახურა სიცოცხლის ბოლომდე.

ღირსმა ანამ ირინეს სიყვარულით, ტკბილი, ნაზი ხმით უთხრა: - უფლის ნებაა, შვილო ჩემო. უფალმა გასულ ღამეს მამცნო შენი მოსვლა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა სიზმარში მუხლებზე დამისვა ერთი პატარა, თეთრი, ლამაზი ბატკანი, რომელსაც ჰქონდა ანცი თვალები და მბზინავი ბეწვი. სიხარულით მივიღე საჩუქარი და წავიყვანე დაბლა, მონასტრის ჭასთან და წყალი დავალევინე. ისეთი ცოცხალი თვალებით მიყურებდა, თითქოს მადლობის თქმა სურდა. ასე რომ, შენ ხარ ბატკანი და როგორ არ მიგიღო. შენები რას ამბობენ შენს გადაწყვეტილებაზე?

- მამასთან ჯერ არ მისაუბრია. თეოდორამ იცის და იმედი მაქვს, დამეხმარება, მამა რომ დავითანხმო.

ირინემ მონასტერი დატოვა იმ სურვილით, რომ მალე დაბრუნდებოდა. რამდენიმე დღეში ოფიცერი ფილარეტო ადრიანოპოლიდან დაბრუნდა. კმაყოფილი იყო, რადგან უსაყვარლეს ქალიშვილს ირინეს კარგი, არისტოკრატი საქმრო მოუძებნა. შედგა მათი გაცნობაც, მაგრამ ირინე უკვე სულით უფალთან იყო.

- მამა, თუ შენს ქალიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს საქმრო, შენს არჩეულზე უკეთესი, მაინც შენს რჩეულს ისურვებ?

მამა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა და გაბრაზებულმა ხმამაღლა უთხრა:

- კარგად აღზრდილი ქალიშვილი თვითონ არასდროს ირჩევს საქმროს, ჩემს ოჯახში ასეთი წესია და მე არ დავა¬რღვევ. ასეთ დაცინვას ვერ ავიტან.

- ჩემი არჩევანი შენ ვერაფერს დაგაკლებს, პირიქით, იამაყებ. მე ბავშვობიდან მსურს მონაზვნობა. ეს მინდოდა მეთქვა შენთვის, რომ დამლოცო.

ფილარეტო ამის გაგონებაზე დადუმდა. მერე განრისხებულმა მარმარილოს მაგიდას მუშტი დასცხო და უყვირა: - გაძლევ 24 საათს მოფიქრებისთვის, ხვალ დილით თუ არ დათანხმდები, რომ ორ კვირაში ქორწილი შედგება, გაგიშვებ კესარიაში და მთელი სიცოცხლე სახლში გამოგკეტავ. გამოვაცხადებ, რომ ერთი შვილი არ მყავს. ამ სიტყვებით გაიჯახუნა კარი და დატოვა ქანდაკებასავით გახევებული ირინე, რომელმაც პირველად ნახა მისი ზრდილობიანი და თავდაჭერილი მამა ასე განრისხებული. ამ საუბარში ირინე გულწასული დაეცა. როცა გონს მოვიდა, მხოლოდ ღირს იოანიკიოს და ხრისოვალადის იღუმენს უხმობდა. საწოლთან ღამეს უთევდა შეშფოთებული ფილარეტო. დი¬ლის სიბრაზე უკვე გადავლილი ჰქონდა, ღრმა მწუხარებით ადევნებდა თვალს მის შვილს, როგორ ებრძოდა სიკვდილს.

შეწუხებულმა მამამ, რომელმაც ადამიანებისგან ვერ მიიღო დახმარება, იმედგაცრუებულმა დაიჩოქა ავადმყოფი შვილის საწოლთან და ილოცა.

- უფალო, მაპატიე ჩემი უპატივცემულობა, რადგან ჩემი შვილი აირჩიე. მთელი გულით გიძღვნი უფალო, აჩუქე სიცოცხლე და გპირდები თავად მოვიყვან იმ წმინდა ადგილას, სადაც შენი ნებაა. უფალო, არ მიატოვო შეწუხებული მამა.

სამი დღე ებრძოდა ირინე სიკვდილს. საუკეთესო ექიმები ვერ იგებდნენ ამ უცნაური ავადმყოფობის მიზეზს. მესამე დღეს მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. სიცხემ დაიწია და თანდათან გონს მოვიდა. ირინეს და მონასტერში წავიდა და ქმრის საქორწინო საჩუქარი ღვთისმშობელს შესწირა. ფილარეტო ეფერებოდა შვილს და ეუბნებოდა: - მოითმინე, შვილო, მალე კარგად გახდები და მე თვითონ წაგიყვან ქრისოვალანდის მონასტერში, რათა ქრისტეს მიუძღვნა შენი თავი. ავადმყოფი ირინე მოინახულა თეოდორამ და აჩუქა მინანქრის ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ირინემ შეინახა, როგორც წმინდა ნაწილი. თეოდორამ ფილარეტოს მოუყვა, რაც ირინესგან იცოდა და აუხსნა, რომ ეს იყო უფლის ნება. გამოჯანმრთელების შემდეგ ირინე მამამ წაიყვანა მონასტერში. მანამდე ირინემ თავისი ქონება დაურიგა ობოლთა თავშესაფრებს და გაჭირვებულებს. იღუმენმა ანამ დედობრივი სიყვარულით მიიღო სულიერი შვილი. მონასტრის კანონების თანახმად, ორმა მონაზონმა მამა-შვილი მიაცილა დიდმოწამე თეოდორეს სამლოცველომდე და ღვთისმშობლის ხატის წინ უძღვნა გენერალმა ფილარეტომ ძვირფასი განძი - შვილი უფალს. მოიტანეს მონაზვნის შესამოსელი და შემოსეს ირინე. ქერა, ლამაზი თმა დაფარა შავმა თავსაფარმა. შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ შავმა შესამოსელმა დაჩრდილა ირინეს მშვენიერება, მაგრამ მოხდა პირიქით, იმაზე ლამაზი არასდროს ყოფილა. უცნაურმა შუქმა გააბრწყინა და გაანათა, მაშინ მიხვდნენ, რომ მათ გვერდით ნამდვილი წმინდანი იდგა. ამ პროცესს მოჰყვა ლოცვა, შემდეგ კი მამა-შვილის გზა გაიყარა. ერთხელ შეხვდა ფილარეტო ქალიშვილს, როდესაც წმინდა სქემით შემოსეს. შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, დაბრუნდა კესარიაში და სიცოცხლის ბოლომდე მარტომ იცხოვრა აგარაკზე. კითხულობდა რელიგიურ ლიტერატურას და დაკავებული იყო მებაღეობით. გარდაიცვალა როგორც კარგი ქრისტიანი. სიკვდილის წინ ქონება დაუტოვა ობლებს და გაჭირვებულებს.

წმინდა ირინეს კელიაში ვიწრო სქელი ფიცრის საწოლი ედგა, რომელზეც ნამჯის ლეიბი ეგო. იდგა პატარა ხის მაგი¬და, დაბალი სკამი და სკივრი.

საწოლის თავთან დიდი ხის ჯვარი ეკიდა, მაგიდის მაღლა - ღვთისმშობლის ხატი. ოთახის ერთ კუთხეში იდგა ძველი ლამპარი და თიხის დოქი. ირინე შეუდგა მონასტრულ ტიპიკონს და არ არღვევდა მცირე წვრილმანსაც კი. ტრაპეზობის დროს სხვის თეფშსაც კი არ შეხედავდა. უმცირეს ცოდვასაც კი აღსარებაში ამბობდა. ყოველ საღამოს იღუმენიას დაჩოქილი აბარებდა აღსარებას.

ირინემ ღირსი ანას დახმარებით ისწავლა, როგორ დაეცვა თავი ბოროტის თავდასხმებისგან და როგორ შებრძოლებოდა მათ.


ირინე დარწმუნებული პასუხობდა სულიერ მოძღვარს კითხვებზე, თუ რატომ გადაწყვიტა მონასტერში მოსვლა. ირინემ პირობა დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე პატივს მიაგებდა სათნოებას, უმანკოებას, უპოვრებას და მორჩილებას. შემდეგ სახარებიდან აიღო მაკრატელი და მიაწოდა მოძღვარს, რომ მისი ლამაზი თმა შეეჭრა. ეს იყო ის, რაც აკავშირებდა ამ ქვეყანასთან. მისი ახალგაზრდა სხეული შემოსეს უხეში ბეწვის ანაფორით. ირინე დაემსგავსა უდაბნოში მოღვაწე მკაცრ ასკეტს. ის, რითაც შემოსეს, გაუხდელად ეცვა, გასარეცხადაც არ იხდიდა, რადგან მეორე არ ჰქონდა. იცვლიდა მხოლოდ ყოველ აღდგომის დღესასწაულზე. ძველ შესამოსელს გამვლელ მათხოვარს ჩუქნიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოსელი მთელი წლის გაურეცხელი იყო, სისუფთავით ბრწყინავდა და საოცარ სურნელებას გამოსცემდა. წმინდა ირინეს სიკვლიდის შემდეგ მისი სამოსის ნაკუწებს ავადმყოფებს აძლევდნენ და იკურნებოდნენ. წმინდა ირინე რამდენადაც იწევდა მაღალ სათნოებაში, იმდენად მეტად თავმდაბალი ხდებოდა. კითხულობდა წიგნებს წმინდანთა ცხოვრების შესახებ. ასე წაიკითხა დიდი არსენის ცხოვრება. წმინდა არსენი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა ავტოკრატორ თეოდოსიოს დროს. წმინდა არსენი დიდიც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ცისკენ ხელებაღპყრობი¬ლი ლოცულობდა. წმინდა ირინესაც გაუჩნდა სურვილი ასე ელოცა. ირინე არაფერს აკეთებდა ისე თუ სულიერ დედას, იღუმენიას არ შეუთანხმდებოდა, რადგან არ მიეცა მიზეზი ბოროტისთვის მისთვის ეჯობნა. გულმხურვალედ შესთხოვა დედა იღუმენიას, რომ მისთვის მიეცა უფლება ეს რთული საქმე ეკეთებინა. თავიდან შეშინდა ღირსი ანა, რადგან არ ჰქონდა იმედი, რომ ირინეს სუსტი სხეული გაუძლებდა ასეთ რთულ გამოცდას და ავად გახდებოდა. შეახსენა, რომ ჯერ ერთი წელიც არ იყო გასული მისი გამოჯანმრთელებიდან, მაგრამ ახალგაზრდა მონაზონი ძალიან დიდი ხალისით ითხოვდა. თავიდან ფიზიკურადაც და სულიერადაც გაუჭირდა, მაგრამ მერე თანდათან გაძლიერდა და 24 საათი შეეძლო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.

მიუხედავად იმისა, რომ ირინე წმინდად ცხოვრობდა, ბოროტი არ ანებებდა თავს, ხშირად ახსენებდა როგორი კარგი ცხოვრება ჰქონდა ერში, როგორი პატივი, ასეთი მოგონებები ხშირად უცოცხლდებდა, მაგრამ ბოროტი ვერ სჯობნიდა, რადგან კარგად იყო შეიარაღებული რწმენით და თავმდაბლობით. ხშირად ახსენდებოდა მოხუცი მამა, რომელიც სიბერეში მარტო დარჩა, მაშინ გულის სიღრმეში გრძნობდა ტკბილ ჩურჩულს უფლისას, რომ მისი სიყვარული იყო აღმატებული. ამ დროს ბოროტი შორდებოდა, მაგრამ ერთ საღამოს, ირინე რომ ლოცულობდა, გამბედავი მტერი წარმოუდგა, როგორც ერთი მახინჯი არაბი და საშინელი ხმით ემუქრებოდა. თითქოს ჯოჯოხეთიდან ამოდიოდა ეს ხმა: "მე მებრძვი, შავო ჯადოქარო, მოიცა და გაიგებ, ვინ ვარ, რა ძალა და ძალაუფლება მაქვს". ირინეს არ შეშინებია, პირიქით, დარწმუნდა, რა უძლურ მტერთან ჰქონდა საქმე და ჯვარი გადასახა. გეგონება ბოროტი ვიღაცის უხილავმა ხელმა გაშოლტაო და ხმაურით გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ირინე უფრო გაძლიერებულად გრძნობდა თავს. უფალმა, რომელმაც დაუშვა მისი ასეთი გამოცდა, დაარწმუნდა მის მოთმინებაში, გამბედაობაში, რწმენაში და დააგვირგვინა მისი გამარჯვება იმით, რომ მტერი ვეღარ შეძლებდა მის შეწუხებას.

ღირსი ანას დაკრძალვის დღეს თვით პატრიარქმა მეთოდიოს აღმსარებელმა იგალობა. დაკრძალვის შემდეგ პატრიარქმა მოიხმო მონაზვნები იღუმენის ასარჩევად. როცა ყველა შეიკრიბა, ნახეს რომ ერთი აკლდათ. ეს ირინე იყო, რომელიც საფლავზე დარჩენილიყო და ლოცვას აგრძელებდა. პატრიარქმა შეკრებილებს ჰკითხა, ვის აირჩევდნენ იღუმენიად?

- არავის, უწმინდესო. თქვენ გვირჩიეთ.

- მე ვიცი, რომ ყველა თანახმა იქნებით, თუ ავირჩევთ ირინეს.

პატრიარქმა ირინე ხრისოვალანდის მონასტრის იღუმენად აკურთხა. ირინე თვლიდა, რომ არ იყო ღირსი ამ პატივისა. ყველა საკითხს სერიოზულად უდგებოდა, ამიტომ სიმძიმედ მიაჩნდა მისი სურვილის გარეშე მიღებული პასუხისმგებლობაც. მონაზვნებმა კარგად იცოდნენ მისი თავმდაბლობა და ამშვიდებდნენ, რომ ყველანაირად დაეხმარებოდნენ.

- ნუ წუხხარ, დედაო, ჩვენ ყოველთვის შენი მორჩილნი ვიქნებით, ეს ხომ შეგიმსუბუქებს ტვირთს. მართლაც ამ წმინდა სულებმა სიცოცხლის ბოლომდე შეინახეს დაპირება. ნეტარი ირინე კი მძიმე წუთებში თავშესაფარს ლოცვებში პოულობდა. იგი ღირსეულად მიაბიჯებდა ნეტარი ანას ნაკვალევზე. დიდ ყურადღებას უთმობდა აღსარებას. სურდა, რომ მონაზვნები სულიერად სრულად გათავისუფლებულიყვნენ. უფალს სთხოვდა მიენიჭებინა უნარი შეძლებოდა გაეგო რას მალავდნენ მონაზვნები გულში და რას არ ამბობდნენ აღსარებაში. ამით სურდა, რომ მათ დახმარებოდა სულიერ ცხოვრებაში. უფალმა შეისმინა მისი თხოვნა. ერთ დღესაც დილით ეკლესიაში რომ შევიდა, დაინახა მანათობელი ანგელოზი, რომელსაც ფრთები ჯერ კიდევ გაშლილი ჰქონდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იმ წუთის ჩამოფრენილი იყო ციდან უფლის ნების სათქმელად.

- გიხაროდენ, უფლის მონავ,- უთხრა მელოდიური ხმით, - გამომაგზავნა უფალმა, რომ მოგეხმარო სულების გადარჩენაში. ბრძანება მაქვს, შენი თხოვნის თანახმად ვიყო სულ შენ გვერდით და გითხრა, რა საიდუმლოს მალავენ ადამიანების გულები.

ღირსმა ირინემ პატივის ნიშნად დაიჩოქა იქ, სადაც ანგელოზი იდგა და უფალს მადლობა შესწირა. მას შემდეგ ანგელოზს ირინე არ მიუტოვებია. ღირსი ირინესთვის აღარ არსებობდა დამალული საიდუმლო, მაგრამ ისე ტაქტიანად უდგებოდა ამ საკითხს, რომ ადამიანებს თავმოყვარეობა არ შელახვოდათ. ამ უნართან ერთად მიეცა წინასწარმეტყველების ნიჭიც. ასეთი უნარის გამო მას უყურებდნენ, როგორც წმინდანს. მის შესახებ მონასტრის გარეთაც შეიტყვეს. ამიტომ ბევრი წარჩინებული ოჯახის ქალიშვილებმა მიატოვეს ხმაურიანი ცხოვრება და უფლის გზას დაადგნენ. როდესაც ირინე გახდა მონაზონი, 30-მდე მონაზონი იყო მონასტერში, როდესაც გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დატოვა.

უფალი რამდენადაც მადლით აჯილდოებდა ირინეს, იმდენად გააფთრებული ესხმოდა თავს ბოროტი. როდესაც ლოცულობდა, ისეთ ხმაურს იწვევდა, გეგონებოდა, მთელი შენობა ინგრეოდა. მისი მიზანი იყო წმინდანის ყურადღება მოეწყვიტა უფალთან საუბრისგან. ზოგჯერ წინ დაუდგებოდა საშინელი გარეგნობით და ხმით - ირინე რა ხარ, ხისა ხარ, როდემდე უნდა მტანჯო შენი ლოცვებით? მაგრამ ირინე მას კარგად იცნობდა და არ აქცევდა ყურადღებას. ერთ ღამეს როდესაც ყოველთვის ხელებაპყრობილი ლოცულობდა, ბოროტის რისხვამ მწვერვალს მიაღწია. როცა მიხვდა ვერაფერს გახდებოდა, აიღო კანდელიდან ცეცხლი და თავ-საფარზე წაუკიდა. ირინეს ცოტა ხანში ცეცხლი მთელ ტანზე მოედო, დაეწვა სამოსი და კანზე გადავიდა. ის კი გაუნძრევლად ლოცულობდა, არ აქცევდა ყურადღებას რა ხდებოდა მის გარშემო, შემთხვევით იმავე დროს მისი მოსწავლე იყო ღამისთევით. იგრძნო დამწვრის სუნი. გაიქცა ირინეს კელიისკენ და დაინახა, როგორ ლოცულობდა ცეცხლის ალში გახვეული. მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა. ღირსმა ირინემ ისეთი მზერით შეხედა, თითქოს სხვა სამყაროდან მობრუნდა და ტკბილი საყვედურით უთხრა:

- ეჰ, რომ იცოდე, რამხელა ზიანი მომაყენე და რამხელა უმწიკვლოება მომაკელი. ჩემ გვერდით იდგა ღვთიური ანგელოზი და იმქვეყნიური ყვავილებით გვირგვინს მიწნავდა, თავზე რომ უნდა დაედგა ზუსტად მაშინ მოხვედი. ის კი წავიდა. ოჰ, რამხელა მწუხარება მომაყენე.

მონაზონი ატირდა. ირინემ დაიწყო დამწვარი სამოსლის შემოცლა და თან დამწვარი კანიც ჰყვებოდა. დამწვრობით დაფარული წმინდანის სხეული მაინც საოცარ სურნელს გამოსცემდა, რომლითაც მონასტრის მონაზვნები რამდენიმე დღე ტკბებოდნენ.

მას შემდეგ ეშმაკი აღარ მიჰკარებია, მაგრამ ვერც წყნარ¬დებოდა. ერთხელ მონასტერს ეწვია წარჩინებული ოჯახის ლამაზი ქალიშვილი თეოფანო, რომელიც წარმოშობით კესარიიდან იყო. ირინე დიდი სიხარულით შეხვდა, როგორც თანამემამულეს. ობოლი თეოფანო მდიდარმა ნათესავებმა გაზარდეს და მდიდარ საქმროზეც დანიშნეს. ქალწულს არ შეეძლო შეგუებოდა დანიშნულის უარყოფით ხასიათს და ჩუმად კონსტანტინოპოლში გაიპარა. იცოდა ირინეს შესახებ და თავი შეაფარა ხრისოვალანდის მონასტერს. ღირსი ირინეს გვერდით სიმშვიდე მოიპოვა. მტერს, ბოროტს არ ეძინა ქალიშვილს და სასიძოს გული ისეთი ცეცხლით აანთო, რომ გაშმაგებული ეძებდა. ვერსად რომ ვერ მიაგნო, მიაკითხა კესარიის განთქმულ ჯადოქარს, სატანას ბნელ იარაღს და ბევრ ფულს შეჰპირდა თუ დანიშნულს აპოვნინებდა.

ჯადოქარი შეუდგა საქმიანობას და ერთ დღესაც თეოფანოს სიგიჟის ნიშნები დაეწყო. საშინელი და მხეცური ხმით ღრიალებდა დანიშნულის სახელს. იცემდა ტანზე, ტანსაცმელს იხევდა და იმუქრებოდა, რომ ჭაში ჩაიხრჩობდა თავს თუ არ გაუშვებდნენ დანიშნულის მოსაძებნად. წმინდანის მწუხარება არ გადმოიცემა. მიხვდა რაც ხდებოდა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მოიხმო მონაზვნები და სთხოვა ერთი კვირა ემარხულათ და ყოველდღე 1000 მეტანია გაეკეთებინათ, რათა როგორმე გოგონას დახმარებოდნენ. უფალს შველას მხურვალე ლოცვით და თვალცრემლიანი ევედრებოდა. მეოხებას სთხოვდა ღვთისმშობელს და თანამედროვე წმინდანებს ბასილი დიდს და დიდმოწამე ანასტასის. მესამე დღეს ბასილი დიდის ხატთან ლოცვის დროს უცებ გამოეცხადა წმინდანი და ტკბილად უთხრა.

- ირინე, მეც შენსავით ვწუხვარ ადამიანების უპატივცემულო საქციელის გამო. ურჩია, როგორც კი გათენდება წაეყვანა გატანჯული გოგონა ვლაქერნის მონასტერში, სადაც მისი თქმით უნდა მობძანებულიყო უფალი იესო ქრისტეს დედა, მხოლოდ მას შეეძლო მისი განკურნება. ეს თქვა წმინდანმა და გაუჩინარდა. ირინემ გაიხსენა, რამხელა ძალა და მადლი ჰქონდა ვლაქერნის პანაღიას, რამდენი საკურნებელი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. როგორც კი გათენდა ავადმყოფი და ორი ძველი მონაზონი წაიყვანა ვლაქერნაში.

ვლაქერნაში სამი მუხლმოყრილი მონაზონი ლოცულობდა სასწაულმოქმედი ხატის წინ. ავადმყოფი კი ერთ სვეტზე ჯაჭვებით იყო მიბმული. შუაღამეც მოვიდა. გადაღლილი ირინე მიეყრდნო ხატის მარმარილოს სადგამს და ჩაეძინა დაჩოქილსავე. მაშინვე ჰქონდა ხილვა, როგორ შედიოდნენ მონასტერში სასუფევლის ანგელოზები, ისეთი ცერემონიალი, ოვაციები და შეძახილები იყო, როგორც იმპერატორის მიღების დროს. ცოტა ხანში შევიდა ერთი რაზმი ახალგაზრდებისა, გზაზე ყრიდნენ სხვადასხვა ფერის და სურნელის ყვავილებს.

- ვისთვის მზადდება ეს ლიტანია? - ჰკითხა ირინემ ერთ-ერთ დიაკვანს.

- უფლის დედა მობრძანდება, მოემზადე თაყვანის საცემად.

ამ სიტყვებთან ერთად მობრძანდა პანტანასა უამრავი ანგელოზით და წმინდანით. ღვთისმშობელმა ყველა ავადმყოფს მიაქცია ყურადღება და ბოლოს მივიდა ირინეს მოსწავლესთან. მაშინ დაეცა მის წინაშე მუხლებზე ირინე. ჯერ ვერ გაებედა სათხოვარი, რომ მოესმა ცის დედოფალმა როგორ მოიხმო ბასილი დიდი, ჰკითხა, რას ითხოვდა. როდესაც გადასცა წმინდანმა ირინეს სათხოვარი, მერე მოიხმო დიდმოწამე ანასტასია.

- თქვენი მოვალეობაა, გამოიკვლიოთ კესარიაში ამ გოგონას საკითხი. თქვენ ორს გეძლევათ მისი განკურნების მადლი, - ეს თქვა ქალწულმა და როგორი დიდებულებითაც მობრძანდა, ისეთი დიდებულებით წავიდა ცაში.

- წადი შენს მონასტერში და იქ განიკურნება გოგონა, - მოესმინა ღირს ირინეს უხილავი ბაგიდან ბრძანება. გამოეღვიძა ირინეს და მოუყვა მონაზვნებს რაც იხილა. გათენდა თუ არა დიდი რწმენით და იმედით დაბრუნდნენ მონასტერში. მონაზვნები ერთად შეკრებილები ელოდნენ. ირინემ მათაც მოუყვა, რაც იხილა და ყველას სთხოვა ცისკენ აპყრობილი ხელებით ერთად ეთქვათ "დიდება უფალს", და იმ დროს ყველამ დაინახა ცაში დიდმოწამე ანასტასია და ბასილი დიდი, რომლებმაც თქვეს: - ირინე, გაშალე ხელები და მიიღე ეს ამანათი.

ამ სიტყვების შემდეგ გაუჩინარდნენ, ხოლო ღირსი ირინეს ხელებში აღმოჩნდა უცნაური ამანათი. ნახეს, რომ შიგ შეხვეული იყო აუარება ბნელეთის მოციქულების ნივთები, ბეწვები, ნემსები, ლურსმნები, ქაღალდები დემონების სახელებით და ორი პატარა ქანდაკება, ერთი იყო ცოდვილი ახალგაზრდა დანიშნულისა, ხოლო მეორე - ტანჯული გოგონასი.

ღირსმა ირინემ და მონაზვნებმა უფალს და დედაღვთისმშობელს მადლობა შესწირეს. თეოფანო გამოჯანმრთელდა და მადლობა შესწირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და უფალს.

ერთ ღამეს ერთ-ერთი მონაზონი გამოვიდა კელიიდან და გაოცებული გაშეშდა, როცა დაინახა, წმინდანი ეზოში როგორ ლოცულობდა. დედამიწიდან ერთ მეტრზე იყო აწეული. მის მოპირდაპირედ ორი მაღალი ალვის ხე თავმოხრილი იდგა, თითქოს წმინდანს თაყვანს სცემდნენ. მონაზონს შეეშინდა, ეგონა, მომეჩვენაო. სვეტს ამოფარებული თვალს ადევნებდა წმინდანს, აინტერესებდა რა მოხდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ წმინდანმა დაასრულა ლოცვა, ჯვარი გადასახა ალვის ხეებს და ისინიც გასწორდნენ. შემდეგ შევიდა თავის კელიაში, მეორე და მესამე ღამესაც იგივე განმეორდა, მესამე ღამეს მონაზონი ჩუმად მიუახლოვდა თავდახრილ ალვის ხეს და თეთრი ხელსახოცი შეაბა. მეორე დღეს მთელი მონასტერი გაოცებული იყო ალვის ხის წვერზე ხელსახოცი რომ დაინახეს. მაშინ მონაზონმა ყველაფერი უამბო, რაც იხილა წინა ღამეს. ღირს ირინეს არ მოეწონა, რომ საიდუმლო, რომელსაც წლები ინახავდა, გამჟღავნდა და მონაზონს მკაცრად უსაყვედურა. - რომ დაგენახა როგორც ცოდვილი ადამიანი ცოდვებში ვდგებოდი, უნდა გაგემჟღავნებინა? - ჰკითხა ნაწყენმა და მძიმე ეპიტიმია დაადო. სანამ ცოცხალი იქნებოდა წმინდა ირინე, არ უნდა გაემხილა სხვებისთვის მის მიერ დანახული სასწაულის შესახებ.

დრო სწრაფად გადიოდა და ირინემ ღრმა სიბერემდე მიაღწია, ამ დროს მოხდა კიდევ ერთი სასწაული. ბასილი დიდის ხსენების დღე თენდებოდა, წმინდანი ლოცვაში ათენებდა ღამეს, რომ უცებ უცნაური ხმა მოესმა: - შენთან მოვა და მიიღე მეზღვაური, რომელიც მოგიტანს ხილს, იხმიე, რომ გაიხაროს შენმა სულმა. ირინემ წირვის შემდეგ მოიხმო მეკარე და უთხრა: გააღე ჭიშკარი და სასტუმროში სტუმარი შეიყვანე, მეც მოვალ. როცა წმინდანი მეზღვაურს შეხვდა, ჰკითხა, ვინ იყო და რისთვის იყო მოსული.

- ჩემო ქალბატონო, მე ერთი უბრალო მეზღვაური ვარ კუნძულ პატმოდან. კონსტანტინოპოლში მოვცურავდი ჩემი გემით, როგორც კი გავცდი სანაპიროს, დავინახე ნაპირზე ერთი მღვდელი, რომელიც ხელებით რაღაცას გვანიშნებდა და გვეძახდა, რომ გავჩერებულიყავით, მაგრამ ჩვენ აღარ შეგვეძლო გაჩერება, რადგან კლდეებთან ახლოს ვიყავით და შეიძლებოდა შევჯახებოდით. მან კი რომ დაინახა ვშორდებოდით, დაიყვირა მთელი ძალით და ბრძანა, გემი გაჩერებულიყო. ბრძანებაზე ქარი გაჩერდა და გემი ერთ ადგილზე გაიყვანა. მაშინ დავინახე ბერი როგორ მოაბიჯებდა ზღვის ტალღებზე. რომ მოგვიახლოვდა, გადმომცა სამი ვაშლი და მითხრა: - რომ მიხვალ კონსტანტინოპოლში, გადაეცი პატრიარქს და უთხარი: - უფალი გიგზავნის სამოთხიდან მისი მონის იოანეს ხელით. შემდეგ ამოიღო კიდევ სამი ვაშლი და მითხრა: - ამას კი ირინეს გადასცემ, ხრისოვალადის იღუმენს და უთხარი, იხმიოს სამოთხის ნაყოფი თავისი სუფთა სულისათვის. ამის თქმაზე თავისი წმინდა ხელით დაგვლოცა, გემი დაიძრა, ის კი გაუჩინარდა.

პატრიარქს გადავეცი ახლა კი თქვენთან მოვედი. სიხარულის ცრემლებით ატირდა წმინდანი. მადლობა გადაუხადა უფალს და მის მოციქულს იოანე მახარებელს.

დიდი მარხვა რომ მოახლოვდა, პირველი ვაშლი 40 ნაჭრად დაჭრა და ყოველდღე თითო ნაჭერს იხმევდა. მეტს არაფერს, წყალსაც კი არ სვამდა. ისეთ სურნელს გამოსცემდა მისი პირი, რომ მონაზვნებს უკვირდათ. როდესაც

მოუახლოვდა დიდი ხუთშაბათი, საუფლო წირვის შემდეგ ზიარება მიიღო ღირსმა ირინემ. მეორე ვაშლი გაუნაწილა მონაზვნებს. მაშინ გაუმხილა მათ რაც ხდებოდა. ყველამ ერთსულოვნად ადიდა უფალი. მესამე ვაშლი შეინახა თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებისთვის. ყოველდღე დახედავდა ხოლმე ღვთიურ საჩუქარს, დაყნოსავდა და მისი სული ივსებოდა ღვთიური მადლით.

დიდ პარასკევს წმინდა ირინეს ანგელოზმა ამცნო, რომ მოახლოვდა მისი აღსასრული და დაიწყო სულიერი მომზადება. სიცოცხლესთან განშორება მწარეა. წმინდა ირინე ყოველდღე სწავლებებს უტარებდა მორჩილ მემკვიდრეებს. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე იმარხულა, ყოველდღე ზიარებას იღებდა და მხოლოდ სამოთხის ვაშლს იხმევდა.

როდესაც დადგა განშორების დღე, დილით უკანასკნელად დაესწრო წირვას, თქვა მრწამსი (როდესაც იმ დღიდან რა დღიდანაც იღუმენი გახდა თვითონ კითხულობდა არაჩვეულებრივი გრძნობით) შენდობა ითხოვა მონაზვნებისგან, რომლებიც თავს ძლივს იკავებდნენ ტირილისგან. შემდეგ დაიჩოქა და ილოცა, უფალს შეავედრა მონასტერი და მისი მონაზვნები. ლოცვის ბოლოს თქვა, ამინ! მონაზვნებმა დაიჩურჩულეს ამინ და წმინდა ირინე ჩუმად მიიცვალა. გარშემოერტყნენ მონაზვნები და ნახეს, რომ პირზე ტკბილი ღიმილი შერჩენოდა... ათასობით ადამიანმა მიაშურა გამოსამშვიდობებლად. მონასტერი უფლის დიდი მადლით აივსო. უამრავმა ავადმყოფმა დაიბრუნა წმინდა ირინეს მადლით ჯანმრთელობა.
............................

აქვე წაიკითხეთ:

თუკი ამ ვაშლის ნაყოფს უშვილო წყვილი რწმენით მიირთმევს, წმინდა ირინე მათ შვილს ჩუქნის

წმინდა ირინეს გარდაცვალების შემდეგ მისი სამოსის ნაკუწებს ავადმყოფებს აძლევდნენ და იკურნებოდნენ

მოიტანეს მონაზვნის შესამოსელი და შემოსეს ირინე. ქერა, ლამაზი თმები დაფარა შავმა თავსაფარმა


ბეჭდვა
1კ1