თამარს ვაქებდეთ მეფესა
თამარს ვაქებდეთ მეფესა
თამარის ცრემლი დედამიწას მირონივით ეწვეთებოდა
"ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა!", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი. მართვის სისტემა სათავეში ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, ზედამხედველობა გაუწიოს მის აღსრულებას, იკისროს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმეები კი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება. მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა. "სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია", - ამბობს წმინდა ისიდორე პელუსიოტი.

მეფის ღვთივკურთხეულობა ჩვენს წინაპრებს ღრმად ჰქონდათ შეგნებული. სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნის გადასარჩენად ქართველი მეფეები თავს სწირავდნენ. ისინი ჭეშმარიტად კეთილი მწყემსები იყვნენ და სამწყსოს წყლულებს უშუშებდნენ, სიბრძნითა და გონიერებით მართავდნენ თავიანთ ქვეყანას.

მონარქიის, როგორც ამქვეყნიური მმართველობის ღვთივკურთხეული ფორმის შესახებ გვესაუბრება ზემო ბეთლემის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

- მეფობა ანუ მეუფება, ღვთის ხატების ერთ-ერთი არსებითი თვისებაა ადამიანში. ადამიანი შეიქმნა მეფედ, მთავრად და განმგებლად ყოველივე იმისა, რაც მას ებოძა...

- მეფობა ამავდროულად თავის თავში მოიცავს მზრუნველობას, პასუხისმგებლობას, თავდადებას მათდამი, ვინც მას აბარია, ანუ ის უცილობლად უნდა იყოს კეთილად გამგე, თუმცა კი ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში ეს ხატებაც შეილახა. მირონცხებულობა მოწოდებაა სამართლიანი მართვა-გამგებლობის, გონიერების, ერის პატრონობის, თავდადებისა და მსხვერპლის გაღებისაკენ. მეფედცხებულობა სათავეს იღებს ებრაელი ხალხისათვის მეფის გამორჩევიდან, როდესაც სამუელ წინასწარმეტყველის მიერ მეფედ იკურთხა საული: "ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს" (პირველი მეფეთა, V111, 6); "უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მათ მეუფე" (V111, 22); "აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: "აჰა, გხცო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად" (X, 1).

- ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. მეფობის, კეთილმწყემსობის იდეალიც ქრისტიანობითაა ნასაზრდოები, რაც, უპირველესად, ერისა და ქვეყნის ღირსეულ სამსახურს გულისხმობს. ქართველ მეფეთა ცხოვრება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად შორსაა კეთილი მწყემსისათვის საკუთარი კეთილდღეობის მოწყობის სურვილი. რამდენად ღრმად ჰქონდათ მათ შეგნებული სახარებისეული სიბრძნე: "მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის".

- ქართველი მეფენი სწორედ ასე ცხოვრობდნენ. ჩვენს ისტორიაში ხშირად იყო უფლისწულთა მძევლად მიცემა საკუთარი ქვეყნის სანაცვლოდ. ქართველი მეფეები უმძიმეს ადამიანურ დაბრკოლებებს ლახავდნენ, რათა ერის საკეთილდღეოდ გადაედგათ ნაბიჯი; აღარაფერს ვამბობთ საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზე. ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე ასვლას დიდი სიყვარული სჭირდება ღმრთისა და საკუთარი ქვეყნისა. მას უდიდესი სულიერი მუხტი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე მთელი კაცობრიობისა და მისი ისტორიისთვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში, ვისგანაც ეწამებოდნენ ჩვენი ხელმწიფენი, იმ ადამიანებსაც აფიქრებდათ მათი თავგანწირვა, უჩნდებოდათ კრძალვა არა მარტო მათდამი, არამედ მათი სარწმუნოებისა და ხალხის მიმართაც. წმინდა წერილის მცნებებითაა ნასაზრდოები ქართველ მეფეთა ცხოვრება. მოწამებრივად აღსრულებული თუ მძიმე შრომით, ღვაწლით, გამუდმებული მარხვითა და მკაცრი ცხოვრების წესით დამაშვრალი ჩვენი მეფეები სიკვდილის წინ უფალს ავედრებდნენ პირველ რიგში სამეფოს, შემდეგ ერს, საკუთარ ოჯახს და სულ ბოლოს თავიანთ სულს, ხოლო როცა მათ ხალხი საკუთარი სიცოცხლის დაზოგვას ურჩევდა, ისინი რჩეულთათვის შესაფერის ნაბიჯს დგამდნენ მუდამ.

ბნელ საუკუნეთა ნაკადმა ჩვენს სულებსა და საქმეებს დაატყო თავისი ამღვრეული კვალი, მაგრამ ჯერ კიდევ გვაშუქებენ საქართველოს მეფეებისა და მფარველი ანგელოზების: წმიდა ვახტანგ გორგასლის, წმიდა დავით აღმაშენებლის, წმიდა თამარის... დიდებული სხივები. "...უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე: უკვდავია, რადგან შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა, ჰოი, თამარ!" (გიორგი ლეონიძე).

წმიდა დედოფალი თამარი საოცრად თავმდაბალი, გულმოწყალე და დიდსულოვანი ყოფილა. მემატიანის თქმით: "ვერა შეიტყუა საშვებელმან ამის საწუთოსამან, არცა მეფობამან გვირგვინოსანმან და სკიპტრამან; არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესეოდენმან სიმხნემან".

წმინდა თამარ მეფის ღვაწლის შესახებ საუბრობს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):

წმიდა თამარ მეფე გულმხურვალე მართლმადიდებელი იყო
თამარ მეფე ვრცელ სახელმწიფოს მართავდა, სულით კი, მენელსაცხებლე დედათა მსგავსად, ქრისტესთან იმყოფებოდა. მან თავისი მოწყალება მირონივით სცხო საქართველოს ჭრილობებს და ცდილობდა, მისთვის ყოველგვარი ტკივილი გაეყუჩებინა. თამარ მეფისთვის სხვა სახელის დარქმევა რომ შეიძლებოდეს, ალბათ, "გულმოწყალებას" დავარქმევდით, ხოლო მის გამგებლობას - "კეთილშობილებას". ხალხმა და ისტორიამ მას "დიდი" უწოდა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ მისი გამარჯვებების სიდიადე, არამედ დიდებულებაც მისი ქრისტიანული სულისა, საუკუნეთა წყვდიადიდან რომ დაგვნათის. წმიდა თამარმა ხელში ჯვარივით აიღო სკიპტრა, ავიდა ტახტზე და თქვა: "მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა".

წმიდა თამარ დედოფლის ცხოვრება უხილავი ჯვარცმა იყო საკუთარი ხალხისათვის. თუ ქრისტესთვის სულელნი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭს მოჩვენებითი სისულელის ნიღბით ფარავდნენ, ხოლო ღირსნი თავიანთ სულიერ ღვაწლს - უდაბნოში, მონასტრის კედლებს მიღმა, ივერიის გვირგვინოსნის ღვაწლმოსილი ცხოვრება სოფლისგან კიდევ უფრო ღრმად იყო დაფარული. სამეფო კარის ბრწყინვალებაში, ოქროსა და ძვირფასი თვლების გროვაში.

დღისით იგი ტახტზე იჯდა, სახელმწიფო საქმეებს განაგებდა და სამართალს სჯიდა სოლომონივით, სიბრძნითა და დიდსულოვნებით აოცებდა მასთან მისულთ. მისი სასამართლო სიმართლის ზეიმი იყო, ხოლო მისი გულმოწყალების წყარო დამნაშავეთათვისაც არ შრებოდა. თამარი, ვისაც მისი სიკვდილი უნდოდა და მახვილით მის განგმირვას ლამობდა, იმათაც კი პატიობდა. ღამით იგი მონაზვნის მანტიას იცვამდა და ღვთისმშობელს ევედრებოდა, ივერიის დედოფალს უწოდებდა მას, თავის თავს კი - უკანასკნელ მონას. გვირგვინოსნის წმიდა ლოცვები ციხე-სიმაგრის კედლებივით იცავდნენ საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან.

მეფენი ხელმწიფობენ ხალხზე, მათგან საუკეთესონი კი თვითონ ემსახურებიან ხელქვეითებს, ვით ბატონებს. სქემოსანივით ხანგრძლივად ლოცულობდა, დედოფალი და მის თვალთაგან მონადენი ცრემლი დედამიწას მირონივით ეწვეთებოდა. მისი ლოცვისა ცეცხლივით ეშინოდათ დემონებს.

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა თამარი საღვთო ჩვენების ღირსი გახდა
მან იხილა, თითქოს ფრთები მიეცა და ზეცაში ავიდა საქართველოს თავზე. დასავლეთით შავი ზღვა მოჩანს. მასში ბიზანტიისა და გენუის ხომალდები დაცურავენ. სამხრეთით ერთმორწმუნე ბიზანტიაა, კონსტანტინოპოლი - მართლმადიდებლობის ბურჯი, ორ მატერიკზე ბუმბერაზვით გაშლილი ქალაქი; ჩრდილოეთით კავკასიონის მწვერვალებია. გაიხედა აღმოსავლეთით, ხედავს აზვირთებულ კასპიის ზღვას, რომლის ტალღები სულ უფრო მაღლა იწევენ და ნაპირებს გრუხუნით ეხეთქებიან. ცოტაც და, თითქოს ამ ტალღებმა კავკასიის მთებამდე უნდა მიაღწიონ, ვეებერთელა ჯამივით გადმოემხონ მას, შთანთქან და ოკეანის ფსკერად აქციონ, ხოლო საქართველო სამუდამოდ გაქრეს ტალღების წყვდიადში. თამარი ღმერთს შეევედრა თავისი ქვეყნის გადარჩენას. იგი კვლავ ხედავს სამ ანგელოზს ჭაბუკი მხედრების სახით, კასპიისკენ მიქრიან. ნაპირს რომ მიუახლოვდნენ, ცეცხლოვანი ისრები დაუშინეს ზღვას. საშინლად დაიქუხა და მთელი ზღვა ცეცხლში გაეხვია ნავთობის ტბასავით. და მან იხილა კასპია მოხუცი კაცის სახით - კვნესოდა და შეწყალებას ითხოვდა.

წმინდანი ფრიად დაამწუხრა სიზმარმა. მიხვდა, რომ აღმოსავლეთიდან საქართველოს საშინელი საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მის სიცოცხლეში ღმერთი დაიფარავდა ივერიას, ვით მართალი მეფის ეზეკიას დროს იხსნა იუდეა ასურელთა და ბაბილონელთა თავდასხმისაგან.

აღმოსავლეთში მართლაც იკრიბებიან ჩინგისხანის ურდოები. ალტაის მთებში, მანჯურიის ვაკეებზე, მონღოლეთის უდაბნოებში საშინელი ძალები გროვდება. მალე მონღოლეთი თავისი მახვილით წყნარი ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვამდე გაყოფს მსოფლიო რუკას. დაეცემა ჩინეთი. გადამწვარი ქალაქებიდან და სოფლებიდან ასული კვამლი შავი ძაძით შემოსავს საქართველოს ცას. მონღოლთა ცეცხლოვანი ზვავი გადაივლის რუსეთის მიწაზეც. მათი ცხენოსანი ჯარი მიაღწევს სერბეთის საზღვრებს. ხოლო ბათო თავისი ჩაფხუტით წყალს ამოიღებს ადრიატიკის ზღვიდან და ნაპირზე დაღვრის ნიშნად იმისა, რომ ეს მიწა მონღოლთა კუთვნილებაა. მაგრამ ვიდრე ცოცხალია დიდი თამარი, მზე კიაფობს საქართველოს ცაზე - მიწათმოქმედი თესავს, ხუროთმოძღვარი აშენებს, დედა ძუძუს აწოვებს შვილს.

თამარის ეპოქაში საქართველომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია
გეგონებოდათ, თავზე სამეფო გვირგვინები დაადგაო, ისე დაამშვენა წმიდა თამარმა მწვერვალები ქვის ჯვრებით. მთათა ხეობებში, უღრან ტყეებში გააშენა ეკლესია-მონასტრები, დაბლობებში - ციხე-სიმაგრეები, ტაძრები, - თითქოს მთელი საქართველო საკურთხეველთა ბაგეებით უგალობსო ღმერთს. თამარ მეფემ დაასრულა მამამისისა და დიდებული დავით აღმაშენებლის დროს დაწყებული მონასტრების მშენებლობა. მან დაასრულა ვარძიის მონასტერი, "ვარდების ქალაქი", სადაც დიდმარხვას ატარებდა. თამარმა ააგო ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ბეთანიაში, განაახლა ჯვრის მონასტერი პალესტინაში. მის ხაზინაში, ერთი მხრივ, საგანძური შედიოდა მისი უზარმაზარი სამეფოდან და ვასალური ქვეყნებიდან, ხოლო მეორე მხრივ, ოქროს მდინარესავით გაედინებოდა წყალობა ღარიბთათვის, შეწირულობა მონასტრების მშენებლობისათვის, იმ ქვეყნების ეკლესიებისთვის, რომლებიც მუსლიმანთა ჩაგვრას განიცდიდნენ. იგი ხელს უწვდიდა არაქრისტიანებს და უცხოელებსაც. მშიერს არ ეკითხებოდა - ვინ ხარო, ხოლო ღატაკს - რომელ სარწმუნოებას აღიარებო.

ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანურ სახელმწიფოთა გაერთიანებული ძალები ორჯერ შემოიჭრნენ საქართველოში და ორჯერვე საერთო სამარე ჰპოვეს მის მიწაში. Pპირველ ლაშქრობას მეთაურობდა ბაღდადის ხალიფა, მთელი მსოფლიოს მუსლიმანთა მეთაური, რომელიც საერო ხელისუფლებასაც ფლობდა და რელიგიურსაც, ხელშეუხებელი ავტორიტეტით სარგებლობდა და ისეთივე მდგომარეობა ეკავა, როგორიც პაპს - რომის იმპერიაში.

საქართველოს ყველა კუთხეში მოწიწებით წარმოთქვამდნენ თამარ მეფის სახელს
წმინდანმა იცოდა, რომ ქრისტეს მტრები სიკვდილის შემდეგ შურს იძიებდნენ მასზე, ამიტომ ანდერძი დატოვა, მისი საფლავი ქვეყნიერებისთვის უცნობი ყოფილიყო. საქართველომ შეასრულა მისი ნაანდერძევი - თამარის საფლავი გადაურჩა მაჰმადიანებსაც, მონღოლებსაც და იმ ვანდალებსაც, მეფეთა სამარხებს რომ თხრიან და ბილწავენ. სრულიად საქართველო სტიროდა მეფეს, ყველა დაობლებულად გრძნობდა თავს. თითქოს თამარის სახეში განხორციელებულიყო საქართველოს დიდება და დიდებულება და ახლა საფლავში ჩაჰქონდა წმინდანს.

ერთი გადმოცემის თანახმად, იგი დაკრძალულია გელათის მონასტერში, ბაგრატიონთა საძვალეში; მეორე გვაუწყებს, რომ თამარი იერუსალიმში განისვენებს, ჯვრის მონასტერში. მას იერუსალიმის მოლოცვა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ სიცოცხლეში ეს ვერ მოახერხა და ახალმა მეფემ, ლაშა გიორგიმ, დედის ანდერძისამებრ, იერუსალიმს წაასვენა მისი გვამი. მაგრამ თამარის საფლავის ადგილსამყოფელი მაინც საიდუმლოდ დარჩა.

მთიულეთში არსებობს თქმულება: როცა გამრავლდება ჭირი და მწუხარება, თამარ მეფე კვლავ მოვა საქართველოში, დაჯდება თავის ოქროს ტახტზე და ხალხს ანუგეშებსო. წმიდა თამარი ღვთის დიდებაში შევიდა და თავისი სულითა და სიყვარულით არასოდეს ტოვებს საქართველოს.

დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:


- არცთუ დიდი ხნის წინ, ჩვენმა პატრიარქმა ქართველ ერს მოუწოდა, ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის მოწყობაზე დაფიქრდეს... "ბაგრატიონებს ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამთ. ეს მათ მომავალში უნდა გააკეთონ", - ბრძანა მან...

- დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად წოდებული და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის მიერ უკუნისამდე ჟამთა დალოცვილ-კურთხეული ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია ქართველი ერის მიერ არ იყო უარყოფილი. ჩვენი ქვეყნის სამეფო ტახტი დამპყრობელმა გააუქმა. Dდროთა უკუღმართობის გამო ქართველ ერს აღარ მიეცა ამ საკითხზე სარიოზულად დაფიქრების საშუალება. ახლა ჩვენთვის წმიდათაწმიდა და აუცილებელია ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა - პირველ რიგში იმიტომ, რომ მეფობა ღვთივკურთხეულია. მისი აღდგენა მრავალი სასიკეთო საქმისა და ეროვნული ფასეულობების დაბრუნებას უზრუნველყოფს. თუნდაც ტიტული ქართველ მეფეთა - მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გვირგვინი იქნება.

მართვის ასეთი სისტემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და არანაირად არ უშლის ხელს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეს ინსტიტუტი მძლავრი ბურჯია მათი სახელმწიფოებრიობისა; მას უდიდესი როლი და ავტორიტეტი აკისრია ქვეყნის სტაბილიზაციაში, პოლიტიკური კულტურის განვითარებაში, ერის ღირებულებების ჩამოყალიბებაში, სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში. ცნობილია, რომ მონარქები ყოველთვის უდიდეს თანადგომას უწევდნენ საკუთარ ხალხს. მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისის სამეფო კარი ზუსტად ისევე ცხოვრობდა, იკვებებოდა და ათბობდა თავის სასახლეს, როგორც ეს რიგით ინგლისელ მოქალაქეს შეეძლო. ამან უდიდესი სტიმული მისცა ერს - ებრძოლა გამარჯვებამდე.

მრავალია ამის მაგალითი უახლოეს ისტორიაში. მოვიყვან ციტატას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლიდან: "ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო, მეფენო და დედოფალნო ჩვენნო, შემწეობა თქვენი დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს, მტერი ლამობს შერყვნას რწმენა, დაფლითოს და დაანაწევროს ჩვენი მამული, ჩვენი ენა. თქვენი ლოცვით დაიცავით და დაიფარეთ სულიერი და ეროვნული საგანძური ჩვენი და აღადგინეთ საზღვარი საქართველოსანი. ერთ ძალად შეგვკრიბეთ და შესთხოვეთ უფალს ერთსულოვნება ჩვენი, რათა ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი".

ბეჭდვა
1კ1