წმინდა ლიდია ფილიპელი (I) - 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდა ლიდია ფილიპელი (I) - 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდა ლიდია დაიბადა I საუკუნეში მცირე აზიის ქალაქ თიატირში (დღევანდელი აქსიჰარი, თურქეთში). თავიდან ის წარმართი იყო, შემდეგ კი იუდეველთა რწმენა მიიღო. ლიდია და მისი ოჯახი მაკედონიის ქალაქ ფილიპეში ცხოვრობდნენ და ფრიგიიდან ჩამოტანილი პორფირით ვაჭრობდნენ, რომელსაც მდიდრული ქსოვილის შესაღებად იყენებდნენ.

ერთ შაბათ დღეს ქალაქელი ღვთისმოსავი ქალები ქალაქგარეთ მდინარეში საბანაოდ გავიდნენ. ამ დროს მათ შეხვდათ ფილიპეში მიმავლი პავლე მოციქული. როცა მისი ქადაგება მოისმინა, ლიდიამ მთელი გულით იწამა ქრისტე და პავლე მოციქულს სთხოვა, დაუყოვნებლივ მოენათლა მთელ ოჯახთან ერთად. 50 წელს მდინარე ზიკატში პავლე მოციქულმა მონათლა მართალი ლიდია, რომელიც პირველი ქრისტიანი გახდა საბერძნეთსა და მთელ ევროპაში. ნათლობის შემდეგ ლიდიამ პავლე მოციქული, და მისი თანამგზავრები, ლუკა და სილა დაარწმუნა, მის სახლში დარჩენილიყვნენ, ვიდრე ფილიპეში იქნებოდნენ (საქმე მოციქ. 16:14-15). მალე ქალაქში მღელვარება ატყდა ქრისტიანი მქადაგებლების გამო. მათ პავლე და სილა სცემეს და საპყრობილეში ჩაჰყარეს. ღვთის ნებით განთავისუფლდნენ, და ლიდიას სახლს მიაშურეს, სადაც ქალაქის ახალმოქცეული ქრისტიანები დახვდნენ, მოციქულებმა ისინი რწმენაში გააძლიერეს და თვითონ თესალონიკისკენ გასწიეს.

მთელი დარჩენილი ცხოვრება წმინდა ლიდიამ სახარების ქადაგებას მიუძღვნა და მშვიდობით აღესრულა. შეიძლება ის უკვე გარდაცვლილი იყო იმ დროს, როცა პავლე მოციქულმა ფილიპელებს ეპისტოლეთი მიმართა, რადგან იქ ლიდია აღარ იხსენიება.

წმინდა ლიდიას ნათლისღების ადგილას ახლა მართლმადიდებლური ტაძარია აგებული, რომელშიც მარმარილოს ემბაზი დგას იმის ნიშნად, რომ აქ მოინათლა ევროპაში პირ¬ველი ქრისტიანი ქალი.

წმინდა ლიდია ძველ თვენებში არ არის მოხსენიებული. მისი ხსენება დააწესა საბერძნეთის ეკლესიამ 1973 წელს.

ბეჭდვა
1კ1