წმინდა ნინოს გზა
წმინდა ნინოს გზა

სამისიონერო გზის დასაწყისი
თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა ვიღაც ეფესელი ქალი, რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა. ამ ქალის სიტყვებით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, რომ წასულიყო ელენე დედოფალთან ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იობენალ პატრიარქის კურთხევით ნინო გაემგზავრა იმ ქალთან ერთად და როდესაც მივიდნენ მის სახლში, იქ ნახა დიდებული, მეფეთა ნათესავი ქალი რიფსიმე,  რომელსაც ქრისტეს აღიარების სურვილი ჰქონდა და იერუსალიმიდან ელოდა ნათლისღებას. მაშინ ნინოს ხელქვეშ მოინათლა რიფსიმე.  მის სახლში კიდევ ორი წელი დარჩა.


ქართლში შემოსვლა, ჯავახეთი
სომხეთიდან ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა “ულოპორეთში” და ივნისის თვეში (“თთუესა მეოთხესა”) გაემგზავრა ჯავახეთისკენ, რათა გაეგო თუ საით არის მცხეთა. ჯავახეთის მთებში მან მიაღწია დიდ ტბას, ფარავანს, სადაც ორი დღე შეჩერდა. იქ მან მეთევზეთაგან ითხოვა თევზი საკვებად და ფიზიკურად მოძლიერდა. იქვე ნახა მან მწყემსები, რომლებიც არმაზს და ზადენს ლოცულობდნენ და მათ შესაწირავს უთქვამდნენ. დილაადრიან მისულმა ერთ მწყემსთგანს სადაურობა გამოჰკითხა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ზოგი მათგანი დაბა “ელირგნით” იყო , ზოგი - საფურცლით და ქინჯარელნი და ზოგიც - “რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ”. წმინდა ნინოს სიტყვებით, მან გახედა ჩრდილოეთის, ანუ ქართლის მთებს, რომლებიც ზაფხულის თვის მიუხედავად სავსე იყო სასტიკი ჰავით და თოვლით და შეძრწუნებულმა წარმოთქვა: "უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან”. იმ ღამეს, წმინდა ნინოს ტბის პირას ძილში გამოეცხადა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას გადასცა დალუქული წერილი და უთხრა, რომ წასულიყო მცხეთაში და ეს წიგნი წარმართთა მეფისთვის მიერთმია. მაშინ ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება, რომ უცხო ქალს, ენის არმცოდნეს, რა უნდა ეთქვა უცხო ხალხისთვის? რაზედაც მამაკაცმა გახსნა დალუქული წიგნი და წააკითხა ქალწულს. წერილში ეწერა ათი სიტყვა, ძირითადად, ციტატები სახარებიდან, რომლებიც ქალთა მოციქულებრივ უფლებებს უსვამდნენ ხაზს. მაშინღა მიხვდა ნინო, რომ ეს ჩვენება ზეციდან იყო, ითხოვა შეწევნა უფლისგან, გაჰყვა ტბიდან გარდმომდინარე მდინარეს (იგულისხმება მდინარე ფარავანი, იგივე ახალქალაქის წყალი, იგივე, ჯავახეთის მტკვარი) და გაემართა მცხეთისკენ.


გზა ურბნისამდე, ურბნისი
სანამ მდინარე დასავლეთისკენ მიემართებოდა, გზა იყო ძნელად სავალი და ფიცხელი და წმინდა  ნინომ ნახა დიდი გაჭირვება და შიში მხეცებისგან. როცა მდინარემ (აქ უკვე იგულისხმება მდ. მტკვარი) აღმოსავლეთისკენ იწყო დინება, მაშინ იგრძნო წმინდანმა შვება, იპოვა თანამგზავრები და მიაღწია ქალაქ ურბნისს. ურბნისში ნინომ ნახა “უცხო ხალხი, უცხო ღმერთების მსახური”, რომლებიც ცეცხლს, ქვებსა და ხეებს სცემდნენ თაყვანს. მივიდა იგი იუდეველთა სალოცავში (“ჰურიათა ბაგინი”), ებრაული ენის გამო და იქ დაჰყო ერთი თვე და ეცნობოდა ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებებს.


მისვლა მცხეთაში, კერპების მსხვრევა

ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, არმაზის მოსალოცად მიდიოდა. იმ დღეს მცხეთაში მოსულები გაჩერდნენ მოგვთა უბნის გამოღმა, ხიდთან და იქიდან აკვირდებოდა წმ. ნინო მცხეთელ ცეცხლისმსახურებს. მცხეთაში მოსვლიდან მეორე დღეს ხალხი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდა. ეს იყო 6 აგვისტოს (“რამეთუ დღჱ იყო მმექუსეჱ თთჳსაჲ მის, ოდეს-იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა”, ანუ ფერისცვალების დღეს). ქალაქში ისმოდა სადღესასწაულო საყვირის ხმა და ურიცხვი ხალხი გამოფენილიყო ქუჩებში. უცბად ხალხმა აქეთ-იქით იწყო მიმოფანტვა და მიმალვა და გამოჩნდა ნანა დედოფალი..

 

მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ხალხი სამალავებიდან და ქუჩა სამოსლებითა და მცენარეებით მოფინეს. ხალხმა დაიწყო მეფის ქება-დიდების შესხმა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მეფე მირიანი თვალისმომჭრელი შესახედაობით. წმინდა  ნინო გაემართა არმაზის კერპის სანახავად. გარშემო მთები სავსე იყო ხალხითა და დროშებით. ნინომ მოასწრო არმაზციხეში შესვლა და დადგა ზღუდის ნაპრალთან და იქიდან უცქერდა თუ როგორი შიში და ძრწოლა ჰქონდა მეფეს და მთელ ხალხს იმ კერპისა. არმაზის კერპი სპილენძისგან იყო შექმნილი, მას ტანზე ოქროს ჯაჭვისპერანგი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა და ფრცხილის და ბივრიტის თვლებით შემკული ოქროსავე სამხრეები ეკეთა. კერპს ხელთ ეკავა გალესილი ხმალი, რომელიც მის ხელში ისე ბრწყინავდა და ტრიალებდა, რომ თუ ვინმე შეეხებოდა თავი სასიკვდილოდ ჰქონდა განწირული.

 

არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა ოქროს კერპი, რომლის სახელიც იყო გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლის კერპი, სახელად გა. ეს ორი კერპი არიან-ქართლიდან იყო მოტანილი აზოს მიერ, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს. ამ კერპმსახურების შემყურე წმინდა ნინო ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რათა მას ეჩვენებინა სასწაული ამ ხალხისათვის და ეხსნა ისინი კერპმსახურების სიბნელისგან. და თითქოს თვალისდახამხამებაში დასავლეთიდან ამოვარდა ქარი რომელმაც სიმწრისა და სიმყრალის სუნი მოიტანა და გაისმა საზარელი ქუხილის ხმა, ცაზე საშინელების მომასწავებელი სწრაფი ღრუბლები გამჩნდნენ.

 

მაშინ ხალხმა იწყო გაქცევა იმ ადგილიდან და მათ დრო მიეცათ, რომ თავშესაფრამდე მიეღწიათ. მოახლოებულმა ღრუბელმა მოიტანა უმსხვილესი სეტყვა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც კერპები იყვნენ აღმართული. სეტყვამ ისინი დალეწა, დაფქვა და დაანაწევრა, ხოლო მათი ნამსხვრევები ქარმა კლდე-ღრეში ჩაყარა.


როგორც კი დაცხრა ქარი და სეტყვა, წმინდა ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის სამხრეებს ამკობდა. მან აიღო ეს თვალი და გაემართა იმ კლდის ბოლოს, იქ სადაც ძველად ციხე მდგარა. იქვე იდგა მშვენიერი ბრინჯის ხე, მაღალი და რტომრავალი. წმინდანი მივიდა იმ ხის ქვეშ, გამოსახა იქ ჯვრის ნიშანი და ექვსი დღის განმავლობაში ლოცულობდა იმ ადგილას.
სეფექალი შროშანა და სამეფო ბაღის მცველის ოჯახი
ამ სასწაულის შემდეგ, არმაზის მთაზე ხალხი ავიდა დამსხვრეული კერპების სანახავად. მაშინ იქვე, სალოცავად განმარტოებულ წმინდა ნინოსთან მივიდა სეფექალი, სახელად შროშანა, რომელმაც მოიყვანა ბერძნულად მოლაპარაკე ქალი და წმინდანს მისი ასავალ-დასავალი გამოჰკითხა. როდესაც შეიტყო მისი უცხოობის ამბავი, ცრემლები მოერია და ევედრებოდა გაჰყოლოდა სასახლეში, მაგრამ არ ისურვა და შროშანაც უკან გაბრუნდა. ამ ამბიდან მესამე დღეს, წმინდა  ნინო ქალაქში, მცხეთაში ჩავიდა და მეფის ბაღისკენ გაემართა. ბაღის კართან ბაღის მცველის ერთი მცირე სახლი იყო. შიგნით რომ შევიდა ნინო, იქ დახვდა ერთი ქალი, ბაღის მცველის ცოლი ანასტოსი, რომელმაც დანახვისთანავე, როგორც ნაცნობმა და მეგობარმა, ისე ჩაიკრა, ფეხები დაბანა და ზეთი სცხო, გაუშალა ტრაპეზი, მიართვა ღვინო და აიძულებდა, რომ ეჭამა და ესვა. წმ. ნინომ ბაღის მცველის სახლში ცხრა თვე დაჰყო. სამეფო ბაღის მცველი და მისი ცოლი უშვილოები იყვნენ, რასაც ძალიან დარდობდნენ. წმინდა ნინომ სიზმრად ჩვენებით იხილა ნათლისფერი კაცი, რომელმაც ურჩია, რომ შესულიყო ბაღში და იქ ნაძვის ძირიდან მიწა აეღო და ის შეეჭმია უშვილო ცოლ-ქმრისთვის. მართლაც, ამის შემდეგ მათ მრავლად ეყოლათ ძეები და ასულები. იმავე ხანებში, წმინდანმა, ბაღში მუხლებზე ასკეტურად მთვლემარემ, რამდენჯერმე ნახა სიზმრად, რომ მრავალფერადი ჩიტები მოფრინდებოდნენ, მდინარეში გაიბანებოდნენ და ბაღში რტოებს მოკენკავდნენ, მერე ნინოს ეჭიკჭიკებოდნენ და გარშემო ევლებოდნენ ჟღურტულით. ქალწულმა ეს სიზმარი მოუთხრო სიდონიას, აბიათარ მღვდლის ასულს, რომელმაც იგი ისე განუმარტა, რომ წმინდანის მიერ ეს სამეფო ბაღი ღვთის სადიდებელ ბაღად გადაიქცევა. რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ იმ ადგილას, სამეფო ბაღში, აშენდა ქართლის სამეფოში პირველი ეკლესია , რომელსაც, მოგვიანებით, სვეტიცხოველი ეწოდა.


მაყვლოვანში
წმინდა ნინოს სამლოცველო სამთავროს ტაძრის ეზოში და მაყვლის ბუჩქი სადაც წმინდა ნინო ლოცულობდა მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ წმინდა ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ-ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას (დღეს სწორედ იმ მაყვლოვანის ადგილას არის ზემო ეკლესიის ანუ სამთავროს საკურთხეველი). ამ ხნის განმავლობაში, სასწაულებრივი კურნების ძალის წყალობით, წმინდანმა დაიმოწაფა შვიდი ქალი, რომელთა შორის იყო სიდონიაც, აბიათარ მღვდლის ასული.


ამასობაში, წმინდა ქალწულმა მრავალჯერ სცადა სიდონიას მეშვეობით გამოეკითხა მამამისისთვის ქრისტეს კვართის მდებარეობის ზუსტი ადგილი, რაზედაც აბიათარი ბუნდოვან პასუხს სცემდა: იქ არის იმ სამოსლის ადგილი, სადაც ხალხთა ენა არ დადუმდება ღმერთის მიმართ გალობაში და ის ადგილი არის, როგორც იაკობის ადგილი, სადაც მას კიბე ესიზმრა ზეცამდე აღწეული. მხოლოდ ის განმარტა აბიათარმა, რომ ქრისტეს კვართის დამარხვის ადგილი ლიბანიდან მოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვის ახლოს იყო (ეს სამეფო ბაღის ის ადგილია, საიდანაც აღებული მიწა წმ. ნინომ ბაღის უშვილო მცველსა და მის ცოლს შეაჭამა, რის შედეგადაც მათ შვილები გაუჩნდათ. ამ ადგილას, მოგვიანებით, სვეტიცხოვლის ეკლესია აშენდა). მხოლოდ მცხეთაში მოსვლიდან მეოთხე წელს დაიწყო ნინომ ღიად ქრისტეს რჯულის ქადაგება და სნეულთა კურნება.


სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში
მცხეთაში ჯვრის აღმართვის შემდგომ, წმინდა ნინომ დედაქალაქი დატოვა და მთიულებთან წავიდა, პირუტყვის მსგავს ხალხთან, ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად . “ქრონიკიდან” ვიგებთ, რომ ნინოს მთიულეთში წაუყვანია იაკობ მღვდელი და ერთი ერისთავი. თავდაპირველად, იგი გაჩერებულა წობენში, სადაც მოუწოდებია მთიულებისთვის - ჭართლელებისთვის, ფხოველებისთვის და წილკნელებისთვის და მათთვის ქრისტეს სარწმუნოება უქადაგია. მათ სცადეს თავის არიდება, მაგრამ ერისთავმა მსუბუქად მიმართა მახვილი და მათაც შიშით გადმოსცეს კერპები დასალეწად. იქიდან წმინდა  ნინო ერწოსკენ გადავიდა და გაჩერდა ჟალეთში.  დაბა ედემში და იქ ნათელ-სცა ერწო-თიანელებს.  ყვარელებმა გაიგეს ეს და გადაიხვეწნენ თუშეთში. რომლებიც, მოგვიანებით, თრდატ მეფემ მონათლა. ამის შემდეგ წმინდა განმანათლებელი ჩავიდა კუხეთში (კხოეთი) და შეჩერდა კაწარეთში, სადაც მონათლა კუხელები (კხოელები) და სოჯები მათი ხალხითურთ. ბოლოს წმ. ნინო გადავიდა კახეთში,  ქცელ-დაბაში.. იქ მოიყვანა კახი მთავრები და მონათლა. "მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს ქრონოლოგიის შესაბამისად დგინდება, რომ წმინდა  ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რამდენიმე წელი (შესაძლოა 6 წელიც) გაგრძელდა.


დასნეულება და გარდაცვალება, კუხეთის დაბა ბოდი
კახეთში სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმინდა ნინო დასნეულდა და გამოემართა მცხეთისკენ და როცა მოაღწია კუხეთის (კხოეთი) დაბა ბოდინს, იქიდან ვეღარ შეძლო სიარული. ქალაქ უჯარმიდან (უჟარმა) მოვიდნენ მეფის მირიანის ძე რევი, მისი ცოლი სალომე და ასული და თავზე ადგნენ მზრუნველებად. მცხეთიდან მეფემ და მისმა ცოლმა, ნანამ მიავლინეს იოანე მთავარეპისკოპოსი  წმინდანის სანახავად და მცხეთაში წასაყვანად, მაგრამ მან არ ინება. სამაგიეროდ, წმინდა ნინომ სთხოვა მთავარეპისკოპოსს, რომ მის შემდეგ იაკობ მღვდელს დაეკავებინა მისი ადგილი. იმავ დროს გადასცა მას ელენე დეოფლის მიერ ნინოსადმი მოწერილი წერილი, სადაც მას დედოფალს, მოციქულს და მახარებელს უწოდებდა, ასევე ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი ძელი ცხოვრებისას ნაწილი. შეწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა წმ. ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. როდესაც შეიტყვეს წმინდა ნინოს სასიკვდილე სენის შესახებ, ბოდში შეიკრიბნენ ქვეყნის მეფენი, მთავრები ცოლებითურთ და მხედარი ერისკაცები. გარშემომყოფი დედოფლები და მთავრები ცრემლით ევედრებოდნენ, რათა წმინდანს მოეყოლა თავისი ამბავი - სად აღიზარდა, საიდან მოვიდა და როგორ მოაღწია ქართლამდე.

 

მაშინ მოიტანეს საწერ-კალამი სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა და დაიწყო ნინომ თხრობა და ისინი იწერდნენ. წმინდა ნინო გარდაიცვალა იქვე, კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ ბოდბესთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ბოდი უნდა იყოს დღევანდელი სოფელი ნინოწმინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმ. ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის  ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო -სიცხე და ჴურვება, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება. განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა მირიან მეფემ განიზრახა, რომ წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს ბოდში და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმინდა  ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოკლებოდა იმ ადგილს. ასევე, მეფემ მთავარეპისკოპოსს სთხოვა, რომ იმ ადგილის საპატივსაცემოდ დღესასწაული დაეწესებინა.



ბეჭდვა
1კ1