ნეტარი მატრონა მოსკოველი (+1952) - 19 აპრილი (2 მაისი)
ნეტარი მატრონა მოსკოველი (+1952) - 19 აპრილი (2 მაისი)
თეთრი ფრინველი
მატრონა დიმიტრის ასული ნიკონოვა 1885 წლის 9 ნოემბერს ტულის გუბერნიის სოფელ სერბინოში, ღარიბი და ღვთისმოშიში გლეხის ოჯახში დაბადებულა. დიმიტრის და ნატალიას მის გაჩენამდე უკვე სამი შვილი - ივანე, მიხეილი და მარიამი ჰყავდათ. ოჯახს იმდენად უჭირდა, სამი პატარის შენახვასაც დიდი გაჭირვებით ახერხებდა, არათუ ახალშეძენილი, ერთი შეხედვით, დიდ ტვირთად ნაქცევი მეოთხისა, თანაც კოჭლისა და ბრმისა... მაგრამ მათ ღვთისმოყვარე გულს სურვილადაც არ გაუვლია მუცლადმყოფის მოცილება... თუმცა, მაშინ სხვა გამოსავალიც არსებობდა: - ხელმოკლე მშობლები თავიანთ პატარებს საიმდროოდ რუსეთში მომრავლებულ ბავშვთა თავშესაფრებს აბარებდნენ, რომ უეჭველი შიმშილისგან მაინც ეხსნათ... ჰოდა, ნიკონოვებსაც ურჩიეს მეზობლებმა - სნეული ჩვილი მეზობელ სოფელში, თავად გოლიცინის თავშესაფარს მიაბარეთ, ხომ ხედავთ, ამ ჯანმრთელობის პატრონი ან იცოცხლებს და ან - არაო, მაგრამ დედას როგორც კი ორსულობისას ნანახი უცნაური სიზმარი გაახსენდა, ამაზე აღარც უფიქრია: - თითქოს თავზე დიდი, თეთრი ფრინველი დაჰფარფატებდა, რომელსაც ადამიანის სახე და ქუთუთოებშეკრული თვალები ჰქონდა...

იტრიალა უცხო ფრინველმა ნატალიას თავზე, იტრიალა და ბოლოს მარჯვენა ხელზე დააჯდა...

ქალი მყის მიხვდა, რომ სიზმარი არაჩვეულებრივი ბავშვის დაბადებას იუწყებოდა და მართლაც ახალშობილს იმ ჩიტივით სახე, დაშრეტილი თვალები და ბოლომდე დაგმანული ქუთუთოები ჰქონდა, მაგრამ მაშინ ვერავინ წარმოიდგინა, რომ უფალმა ეს პატარა, ხეიბარი და ბრმა გოგო თავიდანვე დაბეჭდა რჩეულობის ბეჭდით.

ნათლობა

იგი წმინდა მატრონა კონსტანტინოპოლელის ხსენების დღეს (ახალი სტილით, 22 ნოემბერს) მონათლეს ამ დიდი და საკვირველი წმინდანის სახელით, რომელიც მის ზეციურ მფარველად იქცა.

ნათლობის საიდუმლო მამა ვასილიმ აღასრულა, რომელიც წინა დღეს, თითქოს საგანგებოდ, მობრძანდა მეზობელი სოფლიდან, რაც არც იყო გასაკვირი, რადგან ჭვრეტის მადლი ჰქონდა და მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ნათლობისას უფალმა კიდევ ერთი სასწაულით მიანიშნა მატრონას განსაკუთრებულ სულიერებაზე: - როდესაც მამა ვასილიმ ბავშვი ემბაზში ჩაუშვა, იქიდან სურნელოვანი ორ¬თქლი ამოვარდა, საიდანღაც მოსულმა ნათელმა კი ტაძარი აღავსო...

ეს სასწაული ყველა იქ მყოფმა იხილა და ჰკვირობდნენ: - ეს რა საოცარი სურნელია, ან რა მოხდაო?!

მღვდელმა ბავშვის არაჩვეულებრივი ხვედრი იწინასწარმეტყველა: - რამდენი ადამიანი მომინათლავს, მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა, ბავშვი ჭეშმარიტად რჩეულია და დიდი იქნება ღვთის წინაშეო. ნათლობის დამსწრენი ირწმუნებოდნენ, - მღვდელმა ისიც თქვა, გოგონა მთელი საზოგადოების მსხვერპლია ზეცის მიმართ და ჩვენი მცველიო...

რაღა თქმა უნდა, ბევრი ვერც ჩასწვდა ამ სიტყვებს და არც დაიჯერა, - როგორ შეეძლო უძლურ გოგონას, რომელიც სიბრმავესთან ერთად სახიჩარიც იყო და ხეიბარიც, სხვათა დამცველად ქცეულიყო?! მამა ვასილიმ მშობლებს სთხოვა, ბავშვს განსაკუთრებულად გაფრთხილებოდნენ და ყოველი მისი სურვილი აღესრულებინათ: - თუ გოგონამ რამე მოგთხოვათ, უთუოდ შემატყობინეთო.

პატარა წინასწარმეტყველი

ჭვრეტის ნიჭით ცხებულმა მამა ვასილიმ მატრონას ნათლობისას ისიც ბრძანა, - გოგონა მომავალში ჩემი გარდაცვალების თარიღს იტყვისო, რაც აღსრულდა კიდეც: - ერთხელ, ღამით, მატრონას უეცრად გამოეღვიძა, მშო¬ბლებთან მიირბინა და აუწყა: - მამა ვასილი აღესრულაო... მაშინვე მიაკითხეს მოძღვარს, რომელიც, გოგონას სიტყვებისამებრ, მართლაც გარდაცვლილიყო: - მოახლოებული აღსასრული ეგრძნო, სუფთა ზეწარი გაეშალა და ზედ განესვენა...

სულიერი ხედვის განსაკუთრებული უნარი ადრეული ბავშვობიდანვე მიეცა მატრონას. ერთხელ დედამისი ტაძარში წავიდა, მამამ კი შინ დარჩენა გადაწყვიტა, რომ ქალიშვილ¬თან ერთად ელოცა. ამ დრომდე მეუღლეები მუდამ ერთად ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას, ამიტომ ნატალიას გული თითქოს შინ დარჩა და ყურადღება გაეფანტა...

შედგა თუ არა შინ ფეხი, გოგონამ მყის მიახალა: - დედი, შენ ტაძარში არ ყოფილხარო!

- როგორ თუ არა, ეს-ესაა, იქიდან არ მოვბრუნდიო?!

- არა, - მიუგო გოგონამ, - მე და მამიკო კი ვიყავით ტაძარში, რადგან ერთად ვიგალობეთ და ვილოცეთ, მაგრამ იქ შენ ნამდვილად არ ყოფილხარო!..

ბრმა ყრმამ სულიერი თვალით იხილა, რომ დედამისი ტაძრად მხოლოდ ხორციელად იდგა... ასე შეახსენა ქალიშვილის პირით უფალმა, რომ მთავარი ის კი არ არის, სად იმყოფება შენი სული, არამედ ის, თუ რა აღავსებს მას.

* * *

გოგონას წინასწარჭვრეტის ნიჭის შესახებ მისი ნათესავი, ქსენია სიფაროვა იგონებს: - ერთხელ მატრონამ დედას აუწყა: - ხვალ ხანძარი იქნება, მაგრამ ნუ ინაღვლებ, ჩვენს ბინას არაფერი ემუქრებაო და ასეც მოხდა: - ცეცხლმა დილიდანვე მოიცვა სოფელი, მაგრამ როგორც კი ნიკონოვების ბინას მიაღწია, ქარმა უეცრად გეზი უცვალა და სახლი გადარჩა...

ხელთუქმნელი ჯვარი

მატრონა კიდევ ერთი საოცარი ნიშნით დაბეჭდა განგებამ: - მკერდზე მკვეთრად აჩნდა რელიეფურად ამობურცული ჯვარი, რომელიც, არავინ უწყის, დაბადებიდან დაჰყვა თუ მოგვიანებით გამოესახა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ნიკონოვებს ჭაღარათმიანი მოხუცი ესტუმრა და წყალი ითხოვა. პატარა მატრონამ, თითქოს ბრმა არც ყოფილაო, ჭურჭელი წყლით გაავსო და მოხუცს მიაწოდა, რომელმაც ამ სიტყვებით დალოცა: - გოგონა, ქრისტემ გიშველოსო!

როგორც კი მოხუცი სახლიდან გავიდა, მატრონას მამა, დიმიტრი, ცოლს მიუბრუნდა და დაფიქრებით უთხრა: - რაღაც ძალიან მიაგავდა ჩვენი სტუმარი წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედსო, რაზეც მეუღლემ უპასუხა: - ეგებ ეგ სტუმარი მართლაც წმინდა ნიკოლოზი იყოო...

ასე გაჩნდა ლეგენდა, თუ როგორ ეწვია სოფლის ღარიბ და მორწმუნე ოჯახს ღვთის უდიდესი სათნომყოფელი და როგორ დალოცა გოგონა, რომელსაც გულზე ხელთუქმნელი ჯვარი აღებეჭდა.

მშობლებს ამ ჯვრისთვის თავიდან ყურადღება არც მიუქცევიათ, მაგრამ ერთ დღესაც გოგონამ გულსაკიდი ჯვარი მოიხსნა, რომ ახლობლებს აქამდე უხილავი ბეჭედი ეხილათ, თუმცა, დედა ვერ მიუხვდა და გაუბრაზდა, - ჯვარი რატომ მოიხსენიო, რაზეც მატრონამ მიუგო: - მე ისეთი ჯვარი მაქვს, რომლის არც მოხსნა შეიძლება და არც დაკარგვაო...

მატრონას შესახებ კიდევ ერთ სინამდვილეს თუ გამონაგონს ჰყვებოდნენ ძველები: - თითქოს სხვა დიდ წმინდანთა მსგავსად, ოთხშაბათსა და პარასკევს ყრმობაშივე არ იკარებდა დედის რძეს, უფლის ვნებათა სახსოვრად...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე




"უბედური ბავშვი"


რამდენად ბედსვიანი იყო მატრონას ბავშვობა?!

მის ცხოვრებას მიწიერ საზომებში თუ მოვაქცევთ, სახარბიელოს ვერაფერს ვპოვებთ: - მართალია, მშობლებს უყვარდათ, მაგრამ როგორ არ შეგებრალება ბავშვი, რომელსაც ამდენი ფიზიკური ნაკლი აქვს... მართლაც, თითქოს რა ებედნიერებოდა, როცა, ყველაფერთან ერთად, ოჯახიც ძლივს სულდგმულობდა, აღარაფერს ვამბობ ყოველდღიურ მძიმე ჭაპანსა და დუხჭირ პირობებზე...

სოფლის მცირე ქოხში მოზრდილ რუსულ ღუმელს გასათბობადაც იყენებდნენ, აბანოდაც და ლოგინადაც, - ღუმელს ანთებდნენ, წყალს აცხელებდნენ, თუ შეშა არ ჰქონდათ, - თივით ან ფიჩხით, ჩანავლდებოდა ცეცხლი და ნაცრით იბანდნენ (მოგეხსენებათ, იმ დროს საპონი სოფლად ძნელად საშოვნი იყო და მის ნაცვლად ნაცარს იყენებდნენ), შემდეგ იქაურობას გამოასუფთავებდნენ, ცეცხლს ხელახლა დაანთებდნენ და ზედ ბავშვებს აძინებდნენ, - მართალია, იქ წოლა, რბილ ლოგინთან შედარებით, არც ისე მოსახერხებელი იყო, მაგრამ ღუმელი სითბოს დიდხანს ინარჩუნებდა და ზამთრის გრძელ ღამეებში მასზე ძილი მისწრება გახლდათ...

თანატოლები როგორღა ექცეოდნენ?

მატრონას სოფელში უამრავი ბავშვი ცხოვრობდა, რომლებიც მეგობრობდნენ, ერთად ერთობოდნენ, სეირნობდნენ, საბრალო ხეიბარს კი სათოფეზე არ იკარებდნენ... ან როგორ უნდა ეთამაშათ ბრმასთან და კოჭლთან? თუმცა, ეს კიდევ არაფერი - მწარედ დასცინოდნენ და ათასგვარ სატანჯველს უმზადებდნენ: - მაგალითად, ორმოში ჩააგდებდნენ ხოლმე და უთვალთვალებდნენ, რა ტანჯვით ცდილობდა მატრონა იქიდან ამოსვლას... ხან მიეპარებოდნენ და ჭინჭარს დაჰკრავდნენ...

მაგრამ ვერაფერმა გააბოროტა პატარა გული, ყველაფერს მდუმარედ, დიდსულოვნად ითმენდა... ადრეული ბავშვობიდან მიხვდა, რომ უბედური თვითონ კი არა, ისინი იყვნენ, მას რომ ამცირებდნენ და ამიტომ სიძულვილის ნაცვლად სიბრალულს იმსახურებდნენ...

...როდესაც მატრონას დედამ, ნატალიამ, შვილის სხეულზე უცნაური ჯვარი იხილა, გაოცებულმა ხელები გაშალა და წამოიძახა: - მართლაც შეუძლებელია ამ ჯვრის მოხსნა და დაკარგვა! როგორც ჩანს, მძიმე ხვედრი გარგუნა ზეცამ, ჩემო საბრალო, უბედურო გოგოო!

ამ სიტყვებით ხშირად მიმართავდა ხოლმე დედა მატრონას, ებრალებოდა თავისი სუსტი, ბრმა ქალიშვილი, ან რომელ დედას არ შეებრალება ასეთი შვილი?!

მატრონას ადგილას ნებისმიერი ჩვეულებრივი გოგონა თავს მართლაც უბედურად იგრძნობდა, მაგრამ ის მხოლოდ იღიმებოდა და პასუხობდა: - ეს მე ვარ ბეჩავი?! სინამდვილეში უბედურები ჩემი ძმები - ივანე და მიშა არიანო და მართალიც იყო: ისინი ურწმუნოდ გაიზარდნენ და მალე უფალს ძალზე დაშორდნენ...

მატრონა მაშინვე ხვდებოდა, რომ ღვთისგან, სხვებისგან განსხვავებით, მეტი მიეცა. ან რატომ თვლიდნენ უძლურად და უსუსურად? ხომ ბრძანა უფალმა: - ჩემი ძალა უძლურებასა შინააო!

მრავალი წლის შემდეგ მატრონუშკას, როგორც მას სამშობლოში სიყვარულით იხსენიებენ, ერთნი მოწამედ მიიჩნევდნენ, მეორენი - თავისი დროის უბედნიერეს ადამიანად, თუმც კი მისი ცხოვრების შინაგანი მდინარების ბედნიერებად აღქმა ძალზე ძნელია... არასოდეს დაუჩივლია, არც დამწუხრებულა, არც გაბრაზებულა და არც იმედი წარუკვეთია...

მუდამ კეთილი და მხიარული იყო, ხშირად იღიმოდა და თბილად ხუმრობდა...

მის სულს უქრობი სიხარული უფალმა მისცა და რაც უნდა მომხდარიყო, ღვთის მადლში მყოფობას ხელს ვერაფერი უშლიდა. ჭეშმარიტი ბედნიერება ხომ ადამიანის სულში მდგომარებს... სამოთხეც ჩვენშივეა და ჯოჯოხეთიც, ერთსაც და მეორესაც თავად განვიმზადებთ, თუმცა, ამის შესახებ ბევრი ვერც ხვდება, ჰოდა, ნეტარი მატრონას ცხოვრებაც იმას ნათელყოფს, რომ ცათა სასუფეველს ჩვენვე ვიხვეჭთ საკუთარ გულში...

გოგონა, რომელიც ტაძარში გაიზარდა...

მატრონასთან მეგობრობა თანატოლებს არაფრად ეპიტნავებოდათ და დიდად არც თავად ილტვოდა ამისკენ. განმარტოებასა და ფიქრში გადიოდა დღეები, ადრეული ბავშვობიდანვე ისწავლა ხატებთან საუბარი, - წლისაც არ იყო, მშობლები დასაძინებლად ღუმელზე რომ აწვენდნენ, ღამით გამოღვიძებულებს ბავშვი ლოგინში აღარ ხვდებოდათ, - მიიყუჟებოდა სადღაც და თავისთვის, ჩუმად ხატებს რაღაცაზე ეტიტინებოდა. მშობლებს არ ესმოდათ, როგორ შეეძლო ბრმა და კოჭლ პატარას დამოუკიდებლად, ღამით მაღალი ღუმლიდან ჩამოძრომა და იმ სიმაღლიდან ხატების ჩამოღება, ან რა იცოდა უთვალისჩინომ, თუ სად ეწყო ისინი, ან ვინ იყვნენ მათზე გამოსახული?! რა იყო ეს, თუ არა ხილული სასწაული?! როგორც ჩანს, ნეტარი იმთავითვე სულიერი თვალით ჭვრეტდა უფალს და თავისი დიდი და ნამდ-ვილი ბედნიერებაც მაშინ იპოვა...

წამოიზარდა და ღამე გამოღვიძებული მშობლის ძახილს ასე პასუხობდა: - აქ ვარ, მშვიდად იძინეთ, მე მალე მოვალო.

მალე ძალიან შეიყვარა უფლის სახლი. ღვთისმშობლის მიძინების ძველი ტაძარი, რომლის წიაღშიც მატრონა მოინათლა, მათი ქოხის სიახლოვეს იდგა და ღვთისმსახურებაზე იქ მახლობელი სოფლებიდან იკრიბებოდნენ. მშობლები მცირე ასაკიდანვე ატარებდნენ ტაძარში ბავშვებს, თავიდან ხელში ატატებულებს ასწრებდნენ ღვთისმსახურებას, შემდეგ კი - ხელჩაკიდებულებს.

საეკლესიო გალობაზე, ლოცვებზე და საკმევლის სურნელზე უკეთესი და მშვენიერი არაფერი ეგულებოდა პატარა მატრონას, ძალიან ადრე იწყო ტაძარში მარტომ სიარული, სხვების გასაკვირად, გზასაც იოლად აგნებდა, ზეპირად იცოდა ყოველი მსახურება, დადგებოდა ამოჩემებულ ადგილას და შეეძლო, მთელი დღეები იქ ყოფილიყო, სწორედ ამიტომ ამბობდნენ მასზე, - ეს გოგო ტაძარში გაიზარდაო!..

თანასოფლელები იგონებდნენ, - საეკლესიო მსახურებისას მატრონას სახე ნათელს გამოსცემდაო, რაც მრავალს გულის სიღრმემდე აოცებდა... მსგავსი რამ ხომ მხოლოდ მართლებს ემართებათ...

სწორედ ამ ღვთისმიერმა ნათელმა აზიდვინა თავისი დიდი ჯვარი, რჩეულთათვის ხომ არ არსებობს არც წარმავალი სიძნელე, არც ტკივილი და არც ბოროტება, რადგან იციან, რომ დადგება ჟამი და უფალი ყოველ ტანჯულს მოსწმენდს ცრემლს...

მისი ბავშვური, წმინდა ხმა ხშირად ერთვოდა საღვთისმსახურო საგალობლებს და ყრმობაშივე დაწყებული ეს უწყვეტი ლოცვა მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



სასწაულმოქმედების ნიჭი

დრო გადიოდა და მეტი ადამიანი ამჩნევდა პატარა მატრონას უჩვეულო ნიჭს: - ხან მოსალოდნელი უბედურების თაობაზე ამცნობდა მავანთ, ხან - სტიქიურ მოვლენებს ჭვრეტდა წინასწარ, ხან კი ლოცვით სნეულთ კურნავდა, უთვალისჩინო კი თითქოს ყველას და ყველაფერს ხედავდა და უსიტყვოდაც იცოდა, ვინ რაზე ფიქრობდა, ვერაფერს დაუმალავდით, - თითოეულის ცოდვა თითქოს ხელისგულზე ედო...

ასაკის მატებასთან ერთად მისი უჩვეულო ნიჭიც გაძლიერდა და ახლომახლო სოფლებში მალე შეიტყვეს ამ საოცარი გოგონას ამბავი.

ერთ იქაურ მოხუცს თითი მოეტეხა და მატრონასთან მისვლა განეზრახა. მიდის გზად და ფიქრობს: - ხომ არ აჯობებდა, ჯერ ბერეზოვკაში მკურნალთან მივსულიყავი, თითს გამისწორებდა, და შემდეგ ვხლებოდი მატრონას, მაგრამ, მოდი, ყოველი შემთხვევისთვის ჯერ მატრონასთან შევივლიო!..

ზღურბლს გადააბიჯა და მასპინძელმა მიახალა: - "აკი ბერეზოვკაში აპირებდი თითის გასასწორებლად წასვლას, ჰოდა, ადექი და წადიო!"

მეტი რა გზა იყო, დაადგა ბებო ბერეზოვკის შვიდკილომეტრიან ბილიკს და მკურნალს თითი რომ გაასინჯა, მან გაკვირვებულმა უთხრა: - არავითარი მოტეხილობა არ ჩანს, თითი სავსებით მრთელი გაქვსო...

ასე რომ, კი გაგზავნა მატრონამ ბებო მისდამი უნდობლობის გამო მკურნალთან, მაგრამ გზად თითი მაინც მოურჩინა...

რაღა თქმა უნდა, ამ პატარა გოგომ თავიდანვე იცოდა, თუ რა ელოდა. ერთ დღესაც დედას ამცნო: - მოემზადე, მალე ქორწილი მექნებაო! დედა შეშინდა, - ჭკუიდან ხომ არ შეიშალაო და რჩევას მაშინვე მღვდელს დაეკითხა, რომელმაც დაამშვიდა: - თქვენს გოგონას თვით ზეცასთან აქვს საქორწინო კავშირი, მხოლოდ და მხოლოდ უფალს ეკუთვნის და ჩვეულებრივი, მიწიერი ყოფისათვის არ შექმნილაო.

არ გასულა სამიოდე დღე და ნიკონოვების სახლთან ერთბაშად რამდენიმე დატვირთული ურიკა გაჩერდა, სწორედ რომ მაყრიონის მსგავსი. გაოცებული დიმიტრი და ნატალია შესახვედრად გამოვიდნენ, საზიდრებიდან გადმოსულმა სრულიად უცნობმა ადამიანებმა კი მატრონა იკითხეს, - გავიგეთ, აქ საოცარი ბავშვი ცხოვრობს, ხალხს კურნავს და გაჭირვებულებს ეხმარება, ჰოდა, სნეული მოვუყვანეთო... გაოცებისაგან მასპინძლებს ენა ჩაუვარდათ, ზღურბლზე გამოსულმა პატარამ კი ამ სიტყვებით დაამშვიდა: - ესენი ჩემთან არიან, ხომ გითხარით, ქორწილი მექნება-მეთქი.

მალე მასთან შორი სოფლებიდანაც იწყო ხალხმა უწყვეტ ნაკადად დენა, 12-13 წლისა იქნებოდა, საოცარ მკურნალად რომ აღიარეს. მოდიოდნენ და მოდიოდნენ მასთან სნეულნი, განსაცდელში მყოფნი და ათასგვარი სატანჯველით დამძიმებულნი... ბევრი ფეხითაც აკითხავდა, რომ კურნება მიეღო... იყვნენ ისეთნიც, ვისაც მისი არ სჯეროდა, შესაძლოა, ზოგს მისი უჩვეულო ნიჭის აღიარებაში სიამაყეც უშლიდა ხელს: - თორმეტიოდე წლის გოგონას შველა როგორ ვთხოვოთო!

ერთხელ მატრონას მეზობელი სოფლიდან სამი ქალი ესტუმრა. გზად თურმე მსჯელობდნენ: - ნეტავ ამ ბრმასთან რაღა გვინდა, ჩვენს სოფელში ხომ, ტაძართან ახლოს, წმინდა წყარო გვაქვსო?!

მივიდნენ და გოგონამ უთხრა: - თქვენი წყაროს წყალი არ ვარგა, ჩემი - კარგიაო, თუმცა, დახმარებაზე უარი არ უთქვამს. ერთ მათგანს ქალიშვილი ჰყავდა ძალზე ავად, ხშირად კრუნჩხვები ემართებოდა, მატრონამ სნეულთან წყალი გაატანა და უთხრა: - გოგონა გამოჯანმრთელდება და გათხოვდებაო, რაც ახდა კიდეც.

თითოეულის გასაჭირს უსიტყვოდ ხვდებოდა და ყველასთვის ლოცულობდა, მისი მეოხებით ადამიანები იკურნებოდნენ, უნუგეშოდ არავინ რჩებოდა... მწოლიარენიც კი მოჰყავდათ შორიდან, რომლებიც გოგონას ლოცვის წყალობით შინ საკუთარი ფეხით ბრუნდებოდნენ...

მატრონა ადამიანებს ლოცვით კურნავდა, რომელსაც წყალთან კითხულობდა ხოლმე, შემდეგ კი ავადმყოფებს ასმევდა, ხან კი კონკრეტულ რჩევასაც დააყოლებდა... სიტყვაძვირი გახლდათ, არავის არაფერს ასწავლიდა, მაგრამ ყველას საქმით შეეწეოდა, ადამიანები კი მადლიერების ნიშნად, რაც შეეძლოთ, იმას მიართმევდნენ: - ნივთებს, პროდუქტს... ასე იქცა ერთ დროს ზედმეტ ტვირთად ქცეული ბავშვი ოჯახის მარჩენლად...

წმინდა იოანე კრონშტადტელის წინასწარმეტყველება

თოთხმეტი წელი რომ შეუსრულდა, სახელი უფრო შორს გაუვარდა და ახლა მხოლოდ ხელმოკლენი კი არა, შეძლებულნიც აკითხავდნენ. ძალზე დაუმეგობრდა ადგილობრივი მემამულის სათნოებით და სიკეთით გამორჩეული ქალიშვილი ლიდია იანკოვა, რომელიც ხშირად დადიოდა წმინდა ადგილთა მოსალოცად... ერთხელ მან თავის ბრმა მეგობარს ერთად მოგზაურობა შესთავაზა, სწორედ ლიდიას წყალობით შეძლო მატრონამ ბევრი წმინდა ადგილის მოლოცვა და, თუმცა, ხორციელი თვალი დახშული ჰქონდა, სულიერი თვალით იმაზე მეტი ნახა, ვიდრე ბევრმა თვალხილულმა და ამ სიწმინდეებს სულით შეეხო...

კრონშტადტში, ანდრეევსკის ტაძრის მოლოცვისას, მატრონასათვის უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა: - ამდენ ადამიანში ბრმა გოგონა თვით წმინდა იოანე კრონშტადტელმა შენიშნა, თავისთან უხმო და თქვა: - ჩემი შემცვლელი მოდის, რუსეთის მერვე სვეტიო!

ამ სიტყვათა მნიშვნელობის ახსნა ძნელია, მაგრამ წმინდა იოანე კრონშტადტელმა განჭვრიტა, რომ მატრონა წმინდანთა შორის შეირაცხებოდა და ყველაზე ღვთისმგმობ დროს მართლმადიდებლობის უდიდეს საყრდენად იქცეოდა...

თავად ნეტარს ამ შეხვედრის თაობაზე სიმდაბლის გამო არავისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მოწმენი კი მრავლად იყვნენ, მათ შორის მისი მეგობარი ლიდია იანკოვაც, რომელიც წლების შემდეგ თავად დარწმუნდა, თუ რა მისია დააკისრა ღმერთმა ნეტარს...

იმ წლებშივე არაერთგზის უთქვამს მატრონას, თუ რა ელოდა რუსეთს არცთუ შორეულ მომავალში, წინასწარ გრძნობდა იმ შავბნელ მოვლენებს, სისხლიან რევოლუციას რომ უძღოდა წინ და ყველას აფრთხილებდა: - ძარცვა, ტაძართა ნგრევა და დიდი დევნა იქნებაო. მოგვიანებით, რევოლუციამდე მცირე ხნით ადრე, ლიდიას მამას, მემამულე იანკოვს ურჩია, - მთელი ქონება გაყიდე და საზღვარგარეთ წადიო, თუმცა ამ უკანასკნელმა, როგორც ჩანს, ვერ წარმოიდგინა მოვლენათა ამგვარი შემობრუნება და, შესაძლოა, არც დაუჯერა, რის შედეგადაც ყველა იმ უბედურების მოწმე შეიქნა, რაც დრომ მოიტანა: - მამული წითლებმა გაუპარტახეს, თავად კი მალე დახვრიტეს, ხოლო ღვთის ანაბარა დარჩენილი ლიდია ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაიწირა...

* * *

ჩვიდმეტი წელი რომ შეუსრულდა, მატრონას ახალი უბედურება ეწვია: - ისედაც ხეიბარს სიარულის უნარი წაერთვა და ამიერიდან სხვათა დაუხმარებლად ვეღარ გადაადგილდებოდა. იგი შინაგანი თვალით ჭვრეტდა ადამიანებს და მოვლენებს და ეს უძლურებაც მორჩილად მიიღო. ბრმას, რომელსაც განწირული ავადმყოფების კურნება შეეძლო, საკუთარი თავის კურნების სურვილი არასდროს გასჩენია, - ერჩივნა, მთელი სულიერი და ფიზიკური ძალა უფლისთვის მიეძღვნა. სხვებზე კი ასე იტყოდა ხოლმე: - ადამიანებს მკურნალობა სჭირდებათ, სხეული - ღვთივბოძებული ჭურჭელია სულისა, რომელიც დროდადრო შეკეთებას საჭიროებსო... თავისი ხვედრის ამგვარი მორჩილება უფრო და უფრო მეტ ძალას ანიჭებდა მის ლოცვებს და უიშვიათეს სულიერ ნიჭს...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



სასწაულმოქმედი ხატი


აშკარა სასწაულები უძღოდა წინ ღვთისმშობლის ხატის, - "დაღუპულთა მომძიებლის" გამოჩენას, რომელიც ნეტარი მატრონას კურთხევით და თხოვნით დაიწერა.

XX საუკუნის მეორე ათწლეული კარს იყო მომდგარი, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რაოდენი უბედურებები ელოდა ქვეყანას.

- დედა, - უთხრა ერთ დღეს მატრონამ მშობელს, - ბოლო დროს ძალიან ხშირად მესიზმრება ხატი, სახელად "დაღუპულთა მომძიებელი", როგორც ჩანს, შავი დრო მოგველის, ადამიანები დაიღუპებიან, ამიტომ ითხოვს იგი ჩვენს ტაძარში მობრძანებასო...

პირველი მსოფლიო ომი, როგორც იტყვიან, ზღურბლზე იყო, ცოტა გვიან კი - რევოლუცია და სამოქალაქო ომიც... დედა თავიდან ვერ მიუხვდა შვილს და, ახსოვდა რა მამა ვასილის სიტყვა, - გოგონას, რასაც ითხოვს, ყველაფერი შეუსრულეთო, - ასეც მოიქცა და მღვდელს მისი დანაბარები გადასცა: - ამა და ამ თაროზე, ამა და ამ წიგნში ღვთისმშობლის ძალზე იშვიათი ხატი, "დაღუპულთა მომძიებელი" დევს, იპოვეთ, შემდეგ ხატმწერი ნახეთ, რომელიც ამ დედნით ახალ ხატს დაწერსო!.."

მღვდელმა მითითებულ ადგილას მართლაც ნახა ხსენებული ხატი, მაგრამ სად უნდა ეპოვათ ხატმწერი, ან მის დასაწერად თანხა როგორ მოეძიებინათ, არავინ უწყოდა. მაშინ მატრონამ მეზობელ ქალებს სთხოვა, მეზობელი სოფლები მოიარეთ და შემწეობა ითხოვეთო. როდესაც მატრონას შეგროვილი ფული მიუტანეს, გადათვალა და განზე მხოლოდ მანეთიანი და კაპიკიანი გადადო. როგორც გაირკვა, მანეთიანი იმ კაცს ეკუთვნოდა, რომელსაც მისი შეწირვა არ სურდა, კაპიკიანი კი - ამ ძუნწის ძმას მიეგდო ქალებისთვის აბუჩად ასაგდებად...

მალე ხატმწერიც იპოვეს, რომელსაც მატრონა დაეჭვებით დაეკითხა: - შეძლებ კი ამ ხატის დაწერასო?

- განა ერთი და ორი ხატი შემიქმნია?! - მედიდურად მიუგო ხატმწერმა, თუმცა, მატრონამ გააფრთხილა: - ამ სიწმინდის შექმნას მანამ ვერ შეძლებ, სანამ აღსარებას არ იტყვი და ეზიარებიო!..

შეჰპირდა ხატმწერი, - ვეზიარებიო და თავის გზას დაადგა...

გავიდა ხანი და დაბნეული ოსტატი ნეტარს მიადგა: - არაფერი გამომდის, ხატს ვერა და ვერ ვწერო!..

- იმიტომ, რომ შენს სულს მოუნანიებელი ცოდვა აწევს, აღსარებაზე რომ დამალეო! - და ის ცოდვა დაუსახელა, რომლის შესახებაც მხოლოდ მხატვარმა იცოდა...

რა გაეწყობოდა, მოძღვარს მიაკითხა და როგორც კი შეინანა, ხატის დაწერაც თავისუფლად შეძლო.

მატრონას თანასოფლელი, ზინაიდა ჟდანოვა იმ უამრავი სასწაულის მომსწრე შეიქნა, ამ ხატმა რომ აღასრულა. სიწმინდე ლიტანიობით მიაბრძანეს სებინოს ტაძარში, პროცესია გზად მდინარის ციცაბო ნაპირთან შეჩერდა და იქ განაგრძო ლოცვა. ზინაიდას, რომელიც იმ დროისათვის შვიდიოდე წლის თუ იყო, ფეხი დაუსხლტა და დიდი სიმაღლიდან მდინარისკენ გადაექანა... საშინელების მოლოდინში ყველა გახევდა... მაგრამ რაღაც ძალამ ბავშვი ზედ მდინარის პირას შეაჩერა, გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, ლოცვა გაგრძელდა და როდესაც ხატი ტაძარში შეაბრძანეს, დიდი ხნის ნანატრი წვიმაც მოჟუჟუნდა...

ამ უძლიერეს ხატს შესთხოვდნენ განსაცდელისა და უბედურებისაგან თავდახსნას, გვალვისას - წვიმას და მოსავლიანობას და შემწეობაც არ აყოვნებდა...

ბრძოლა თითოეული სულის სახსნელად

მშობლიურ სოფელში ნეტარმა 1925 წლამდე იცხოვრა, აქ გადაიტანა ომი, ეკლესიის დევნის დასაწყისი და რევოლუცია... ყველაფრის მიუხედავად, ხალხი კვლავ უწყვეტ ნაკადად აკითხავდა და, როგორც სჩვეოდა, ყოველ მათგანს შეეწეოდა, კურნავდა, ეხმარებოდა და, რაც მთავარია, თითოეული სულისთვის იბრძოდა... მატრონას ვერაფერს დაუმალავდით...

ნეტარის იმდროინდელი ცხოვრებიდან არაერთი მოგონება შემორჩა, რომელნიც ზემოთ ხსენებულმა ზინაიდა ჟდანოვამ ჩაიწერა.

აი, რას იხსენებდა მატრონას თანასოფლელი ანა ვიბორნოვა: - ერთ დღეს ბიძამისს ფეხები წაერთვა. ავადმყოფს არ სჯეროდა, რომ მატრონას მისი დახმარება შეეძლო, მაგრამ ახლობლებმა დილით ცხენი შეკაზმეს და ავადმყოფთან ერთად სებინოსაკენ გასწიეს. სნეული პირდაპირ მატრონასთან არ მიუყვანიათ, ჯერ იკითხეს, - შეძლებდა თუ არა მის განკურნებას, რაზეც ნეტარმა მიუგო: - როგორ ამბობდა შენი ძმა, მატრონას არაფერი შეუძლიაო?! ფეხები კი ტილოსავით დაეკიდა... მოიყვანეთ, ვუშველიო! - ილოცა, წყალი შეასვა, რის შემდეგაც ავადმყოფს ღრმა და ხანგრძლივი ძილით ჩაეძინა, დილით კი ჯანმრთელს გამოეღვიძა... უნდოდა, მატრონასთვის მადლობა ეთქვა, ნეტარმა კი უთხრა: - მადლობა შენს დას უთხარი, მისმა რწმენამ განგკურნაო!

სხვები იგონებდნენ, თუ როგორ სთხოვა დახმარება ნეტარს ერთმა ლოგინად ჩავარდნილმა კაცმა, რომელიც მისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. მატრონამ სნეულს სხვათა პირით შეუთვალა: - ხოხვაც რომ დაგჭირდეს, ჩემთან თავად მოდიო და დასძინა: - დილიდანვე გამოხოხდი შინიდან და სამი საათვისთვის უთუოდ მოაღწევო და მართლაც: კაცმა, რომელსაც ნეტარის ყოველი სიტყვისა სჯეროდა, მთელი გზა იხოხა და მატრონას ლოცვით უკან საკუთარი ფეხით დაბრუნდა.

თანამედროვეთა მოწმობით, ნეტარი ბოროტისაგან შეპყრობილებსაც კურნავდა. ერთხელ მასთან მოხუცი ქალბატონი მიიყვანეს, რომელიც გამუდმებით აქნევდა ხელებს. ოთხმა კაცმა ძლივს შეძლო მისი დაკავება... როგორც კი მატრონამ ლოცვა აღავლინა, საბრალო დამშვიდდა და განიკურნა.

ერთხელ მას ორმა ქალმა კურნებისთვის მიაკითხა. ერთ მათგანს ღრმად სწამდა, რომ მატრონა შეეწეოდა, მეორე კი - არაწმინდა განზრახვით იყო. პირველ მათგანს ნეტარმა, როგორც სჩვეოდა, ნალოცი წყალი მისცა, მეორისთვის კი არაფერი უთქვამს... ნაქირავებ სახლში დაბრუნდნენ (შორიდან იყვნენ მოსულები) და მასპინძელს ყოველივე უამბეს, მოხუცმა დაამშვიდა: - მატრონას წყალი შინაც მაქვს, თუ არ მოგცა, აჰა, დალიეო და ჭურჭელი გაუწოდა, მაგრამ სტუმარს დალევა არ დასცალდა, ისე გასკდა ბოთლი.

გაოცებული მასპინძელი მატრონასთან გაიქცა, რომელმაც შესვლისთანავე მიახალა: - მოდი ერთი, მოდი, გაჩვენებ, ჩემი წყალი როგორ უნდა განკარგო! ვიცი, ჭურჭელი გაგისკდა და ასეც უნდა ყოფილიყო! განა ამის მიცემა თავად არ შემეძლო?! მაგრამ მაგ ადამიანს ხელში ჩემი წყალი არ უნდა სჭეროდაო!..

მატრონა არ იყო მკაცრი - არავის განიკითხავდა, არავისზე ბრაზობდა და არც არავისი დასჯა სურდა, უბრალოდ, იმათ, ვინც უფალს შეურაცხყოფდა, არ მიიღებდა. იყო შემთხვევა, როდესაც ვიღაც მასხარამ მისი "გამოცდა" განიზრახა და, ვითომდა ცოლის შერთვის საბაბით, რჩევისთვის მიაკითხა. უსმინა მატრონამ, უსმინა და ბოლოს უთხრა: - შენ წიგნიერი ხარ და თვალხილული, მე კი ბრმა და უსწავლელი, ვისთან მოხვედი?! ახლავე ადექი და აქედან წადიო!

მათ, ვისაც სულის თვალი აღხელილი აქვთ, ვერავინ მოატყუებს. მასთან შეხვედრის შემდეგ ამაში თვით ყველაზე უღმერთონიც რწმუნდებოდნენ.

ზინაიდა ჟდანოვას მოწმობით, დედა მატრონა ყოველი მისული ადამიანის სულისთვის იბრძოდა... მოწამეობის ეს გვირგვინი მან მთელი სიცოცხლე ატარა და არასოდეს დაუჩივლია მძიმე ხვედრის გამო. იმ საშინელ დროს ხომ ისიც გმირობა იყო, ცოდვილისათვის საკუთარი ცოდვა დაენახვებინა... მისი უცნაური სულიერი ნიჭით შეძრული მრავალი ადამიანი კი მოექცა და გადარჩა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


* * *

წინასწარ უწყოდა ნეტარმა, თუ რა ელოდა რუსეთს, თუმცა, ყველას როდი სჯეროდა ამის. ან ვინ წარმოიდგენდა, რომ ტაძრები დაიხურებოდა, სასულიერო პირებს დახვრეტდნენ, მორწმუნეებს კი - დევნას დაუწყებდნენ... მაშინვე განჭვრიტა, რომ მორწმუნეთა რიცხვი რუსეთში ძალზე შემცირდებოდა, ტაძრებში აღარავინ ივლიდა, ადამიანები ღმერთს განუდგებოდნენ და თითქოს დაჰიპნოზებულები იცხოვრებდნენ. იტყოდა ხოლმე: - როგორ მებრალებით, ბოლო ჟამს მოესწრებით, ცხოვრება უფრო და უფრო გაუარესდება და დადგება დრო, როდესაც წინ დაგიდებენ ჯვარსა და პურს და გეტყვიან, ამოირჩიეთ! თუ ჯვარს აირჩევთ, როგორღა შეძლებთ ცხოვრებას? ქრისტეს ერთგულნი იტყვიან: - ვილოცებთ, მიწას შევჭამთ და გავძღებითო! თუ ხალხმა არ მოინანია, დაიღუპებაო.

რევოლუციამდე მცირე ხნით ადრე ერთმა მდიდარმა ქალბატონმა სებინოში სამრეკლოს აგება გადაწყვიტა და რჩევისთვის მატრონას მიაკითხა. ნეტარმა უთხრა: - რაც ჩაიფიქრე, განხორციელება არ უწერიაო. ქალმა გაიკვირვა: - ხელი რამ უნდა შემიშალოს, ყველაფერი მზად მაქვს: მასალაც, მუშახელიც და საკმარისი თანხაცო, მაგრამ მატრონა, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა: - მშენებლობამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანა ისეთ ქაოსში გაეხვია, სამრეკლოსთვის აღარავის ეცალა...

თორმეტიოდე წლის იქნებოდა, დედას რომ სთხოვა: - ქათმის დიდი ბუმბული მომიტანეო. ყველაზე დიდი ამოირჩია, გაპუტა და თქვა: - დედი, ამ ღეროს ხედავ?

- მანდ რაღაა სანახავი, ცარიელი ღეროა?!

- ჩვენს მეფე-მამასაც ასე გააშიშვლებენო!

ნატალია ძალზე შეშინდა, მატრონამ კი დაამატა: - ჩვენს ეკლესიასაც ასევე მოექცევიანო!

ხოლო მას შემდეგ, რაც ეს წინასწარმეტყველება ახდა, თქვა: - ნიკოლოზს ტახტზე უარი არ უნდა ეთქვა, მაგრამ აიძულეს. ხალხი შეიბრალა და საკუთარი სიცოცხლე გაიღო, კარგად უწყოდა, რაც ელოდაო.

იმასაც ამბობდა, - დრო მოვა, ტაძრები წითელ მოედანზეც გაიხსნება, მოწამებრივად მოკლული, მირონცხებული მეფის და მისი ოჯახის წევრების სულთა საოხად პანაშვიდებსაც გადაიხდიან, ილოცეთ, ითხოვეთ, მოინანიეთ და ღმერთი არ მიგატოვებთო!

მოსკოვი


დადგა უმძიმესი ოციანი წლები. მატრონას ორივე ძმა გაკომუნისტდა და თანასოფლელებს დაუპირისპირდა: - ზოგი გააკულაკეს, ზოგი - ძალით შეიყვანეს კოლმეურნეობაში, მატრონას მუდამ ეჭვით უყურებდნენ და მისი არც სჯეროდათ... შემდეგ ეკლესიის წინააღმდეგაც იწყეს ბრძოლა... ვის მოუნდებოდა ასეთი დის პატრონობა, ღრმადმორწმუნის და მლოცველის, ვისთანაც კვლავინდებურად ზღვად მოედინებოდნენ გაჭირვებულები... ეს ხომ დიდ უსიამოვნებებს უქადდა პარტიულ თანამდებობებზე ახალდაწინაურებულებს...

ნეტარს მშვენივრად ესმოდა ეს, არ სურდა ძმების დაბრკოლება, თან ებრალებოდა "უბედურნი", მშობლებზეც ღელავდა, რომ მისი ცხოვრების წესის გამო არ დაზარალებულიყვნენ, ამიტომ მოსკოვში გადაწყვიტა გადასვლა. როგორც ჩანს, გრძნობდა, რომ სწორედ ამ ქალაქს სჭირდებოდა ყველაზე მეტად...

დედაქალაქი მუდამ იზიდავდა, მოსკოვს წმინდა ქალაქად იხსენიებდა და ამბობდა, - რუსეთის ხსნა აქედან მოვა, როდესაც ხალხი კვლავ ქრისტესკენ მიბრუნდებაო. მაგრამ იმ მრისხანე დროს ძალიან ბევრმა დაკარგა რწმენა, - არა მხოლოდ ტაძრები და მონასტრები ნადგურდებოდა, არამედ ადამიანთა სულიერი ფუნდამენტიც, იღუპებოდნენ და იკარგებოდნენ ურწმუნოებით შერყვნილი სულები, მატრონა კი, როგორც შეეძლო, შეეწეოდა და ღონეს არ იშურებდა ადამიანთა სახსნელად.

მოსკოვი მისი უღრმესი რწმენის, ლოცვის და ყოველდღიური ღვაწლის მოწმე გახდა. ღვთის შეწევნით, ძალიან ბევრის გადარჩენა შეძლო, მრავალს დაეხმარა, რომ არ გატეხილიყო და ათეისტურ რეალობაში კვლავ ეპოვა სულში ღმერთი.

თუ როგორ ჩააღწია ხეიბარმა და ბრმამ მოსკოვამდე, ჩვენთვის უცნობია, უამრავი კეთილისმყოფელი ჰყავდა, რომლებიც თავშესაფარს სთავაზობდნენ და შეძლებისდაგვარადაც ეხმარებოდნენ.

მოსკოვში მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდა, - გარემოებებიდან გამომდინარე, ხან სად ცხოვრობდა და ხან - სად. მიგდებულ სარდაფებშიც უცხოვრია, მაგრამ ყველაფერს მორჩილად და მადლიერებით იღებდა.

ხელისუფალნი მის წინაშე უძლურნი იყვნენ

გასაკვირი სულაც არ გახლავთ, რომ მატრონას მოსკოვში გამუდმებით უწევდა გადაადგილება, რადგან არ სურდა მფარველ-მოამაგეთა დაზარალება. მილიცია გამუდმებით უთვალთვალებდა "საეჭვო ბრმას", რომელიც მეგაპოლისში ჩაუწერლად ცხოვრობდა და დიდძალი ხალხი აკითხავდა. ზოგი კეთილი ადამიანი ჩაწერდა კიდეც ხოლმე თავის¬თან, მაგრამ საქმეს ხშირად არც ეს შველოდა და რომ არა მისი წინასწარჭვრეტის ნიჭი, ვერც თავად გადაურჩებოდა უსიამოვნებას და ვერც მისი კეთილისმყოფელი. განსაც¬დელი კი მრავლად იყო: - რამდენიმეჯერ ნეტარი ლამის დააპატიმრეს, მაგრამ მილიციის გამოჩენამდე ერთი დღით ადრე ადგილის შეცვლას ასწრებდა.

ერთხელ ზაგორსკის მკვიდრმა მისმა ნათესავმა უეცრად იგრძნო, რომ მატრონა ეძახდა, სამსახურიდან დაეთხოვა და მიაკითხა... აღმოჩნდა, რომ ნეტარს სასწრაფოდ სჭირდებოდა ზაგორსკში გადაყვანა და როგორც კი ბინა დატოვეს, მილიცია დაადგათ. მსგავსი რამ თურმე ხშირად ხდებოდა.

როგორც ანა ვიბორნოვა იხსენებს, ძალოვნებმა ერთხელ მაინც შეასწრეს ნეტარს, ის-ის იყო, მილიციელს უნდა დაეპატიმრებინა, რომ მატრონამ უთხრა: - სასწრაფოდ შინ წადი, უბედურება გელის, მე კი ბრმა და ხეიბარი ვარ, არსად გაგექცევი, მერე მოდი და დამაპატიმრეო!

პოლიციელმა დაუჯერა და გადააბიჯა თუ არა სახლის ზღურბლს, ნავთქურამ იფეთქა და მეუღლე სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

მოგვიანებით მან კატეგორიულად იუარა ნეტარის დაპატიმრება და დაამოწმა: - რომ არა "ეჭვმიტანილი", ცოლს უთუოდ დავკარგავდიო...

* * *

მატრონას თანასოფლელ ვასილ გუსკოვს ორმოცჰექტრიანი ბაღი წაართვეს, დედა დაუპატიმრეს. ჩამოვიდა მოსკოვში, მოძებნა ნეტარი და ყოველივე უამბო, მატრონამ დაამშვიდა: - დედაშენი უდანაშაულოა და გაათავისუფლებენ, ქონებას კი დაგიბრუნებენო...

ამის შემდეგ ვასილიმ სამართლიანობის აღსადგენად პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიმართა, სადაც მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა უსასრულო რიგი იყო. კაცი დაიბნა - აღარ იცოდა, ვისთვის მიემართა. ამ დროს უცნობი ქალი მიუახლოვდა და იმ კაბინეტის ნომერი უკარნახა, რომელიც სჭირდებოდა. იქ უყოყმანოდ მოუწერეს ხელი, რომ ქონება სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა და უკან უნდა დაებრუნებინა, მეორე დღეს კი, როგორც ნეტარმა უწინასწარმეტყველა, დედამისიც გაათავისუფლეს...

მატრონა ნამდვილი მფარველი ანგელოზი იყო მათთვის, ვინც, ერთი შეხედვით, მასზე ძლიერი ჩანდა, სინამდვილეში კი ამ სუსტი ქალის შეწევნა სჭირდებოდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



"ფსიქიკური კი არა, სულიერი დაავადებები არსებობს..."


ისეც ხდებოდა, რომ მატრონას დასახმარებლად მდევნელებიც აკითხავდნენ. ერთხელ კომისარი ქალი ესტუმრა, რომლის ერთადერთი ვაჟი ჭკუიდან შეშლილიყო. დედას შვილი ბაზელშიც კი ჰყავდა სამკურნალოდ, მაგრამ ევროპელ ექიმებს ხელი ჩაექნიათ - მისი განკურნება შეუძლებელიაო!

მატრონა დაეკითხა: - თუ შენი შვილი გამოკეთდა, ღვთის არსებობას ირწმუნებო?!

- არ ვიცი, ეს როგორ ვირწმუნოო, - უპასუხა ქალმა.

- უყურე, - უთხრა ნეტარმა და წყალთან ლოცვა იწყო, შემდეგ ნალოცი სითხე ჭურჭელში ჩაასხა, ქალს გადასცა და უთხრა: - წადი საავადმყოფოში, სანიტარს მოელაპარაკე, რომ შენი შვილი გააკავონ, თავად კი ისე შეასხი წყალი, რომ თვალებსა და პირში აუცილებლად მოხვდესო...

საავადმყოფოში სანიტრებმა მისი ვაჟი გამოიყვანეს, დედა გვერდით მიჰყვებოდა, შვილი კი მთელი ძალით ცდილობდა ხელიდან გასხლტომას და თან გაჰყვიროდა: - დედა, ახლავე გადააგდე, რაც ჯიბეში გიდევსო!

როდესაც წყალი სნეულს თვალებსა და პირში შეესხა, პირვანდელი იერი დაუბრუნდა და შვებით აღმოთქვა: - რა კარგიაო!.. სულ მალე საავადმყოფოდან გაწერეს და სრულებით გამოჯანმრთელდა, ბედნიერი დედა კი მატრონასთან მივიდა და დაჩოქილმა გადაუხადა მადლობა.

ნეტარი თვლიდა, რომ ფსიქიკური სნეულებები არ არსებობდა, სული უძლურდებოდა და სუსტდებოდა, რის შედეგადაც ბოროტი ძალა ადვილად ეუფლებოდა, ამიტომ კურნება ოდენ რწმენით, ლოცვით და ღვთის შეწევნით შეიძლებოდა.

წინასწარმეტყველებანი

მასთან ხშირად მოდიოდნენ ყოფილი თანასოფლელები და თან მოჰქონდათ ახლობელთა და მეზობელთა ფურცლებზე დაწერილი სათხოვრები... თავად მატრონაც აკითხავდა მშობლებს და იმ ადგილებს, მუდმივად რომ ენატრებოდა.

მიაკითხეს ერთ დღესაც, მატრონამ უთხრა: - თქვენ მოსკოვში დამსხდარხართ, სოფელში კი ოცდახუთი სახლი დაიწვა. ახლავე ადექით და შინ დაბრუნდითო!

დაბრუნდნენ და რას ხედავენ: - ერთ მოხუც ქალს ანთებული ასანთი თივაში დავარდნია და ცეცხლი ლამის მთელ სოფელს მოედო...

აი, კიდევ ერთი საოცარი ამბავი: - ანა ვიბორნოვა ძმასთან ერთად ძროხის გასაყიდად მოსკოვს ჩავიდა. გაიარეს ოცდაათი კილომეტრი და მიხვდნენ, რომ ყველა საბუთი დაეკარგათ. შემოიკრა ძმამ ხელები: - თავი მქონია მოსაკლავი, მოსკოვამდე უსაბუთოდ ვინ მიგვიშვებს, ან ძროხას როგორღა წავიყვანთ, რომ გაგვაჩერონ, იფიქრებენ, - მოპარულიაო და გაგვასამართლებენო!..

- მოდი, მატრონას ვთხოვოთ დახმარება, მართალია, შორსაა, მაგრამ მაინც გაიგებს, ვილოცოთ და შეგვეწევაო, - ურჩია დამ. მართლაც, დადგნენ, ილოცეს და მოსკოვამდე ათი დღის სავალი ისე განვლეს, არავის გაუჩერებია და არც საბუთი მოუთხოვიათ... ქალაქში კი თითქოს ვიღაც კარნახობდა, ვისთან გაჩერებულიყვნენ და ვისთან - არა. მატრონამდე რომ ჩააღწიეს, სანამ რამეს ეტყოდნენ, ნეტარმა ღიმილით უთხრა: - "მე, უსინათლოს, მთელი გზა თქვენი ძროხა კუდით მეჭირა, თან ღამის გასათევს ვეძებდი თქვენთვისო!..

ამის გაგონებაზე ანას ძმას თმა ყალყზე დასდგომია: - როგორ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი მატრონას სცოდნოდა? შემდეგ უკითხავს: - დაკარგულ საბუთებს რაღა ეშველებაო, რაზეც ნეტარს უთქვამს: - ათ მანეთად ყველა დოკუმენტს აღადგენთო და ასეც მოხდა.

* * *

საოცარ ამბავს იგონებს ზინაიდა ჟდანოვა: - იგი მადლიერების ნიშნად გაჰყოლია ცოლად ურწმუნო ადამიანს, რომელიც მოკლე ხანში გალოთებულა, შინ იგვიანებდა და იმიზეზებდა, - სამსახურში საქმე დამიგროვდაო...

როდესაც ამის შესახებ მატრონამ შეიტყო, ხელები გაშალა და აღმოთქვა: - რატომ არაფერი მკითხე?! ახლავე გაშორდიო!

- მე ხომ უფლის წინაშე დავიფიცე, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული ვიქნებოდი? - გაიკვირვა ზინაიდამ.

- ამ ცოდვას საკუთარ თავზე ვიღებ. შინ დაბრუნდი, მეუღლე იქ დაგხვდება, შეუძლოდაა, როგორც კი მიხვალ, უთხარი: - ბორია, ტანიას ბარათი წამაკითხე-თქო და როგორც კი წაიკითხავ, გაშორდი!..

ქალი შინ ტირილით მივიდა, ქმარი მართლაც იქ დახვდა, შეუძლოდ გამხდარიყო, წერილი მოითხოვა, ამ უკანასკნელმაც მექანიკურად მიაწოდა, შემდეგ, გონს რომ მოეგო, შეშინებულმა დაბრუნება სთხოვა...

წერილი, როგორც ნეტარმა უთხრა, ვინმე ოფიციანტ ტანიას ეკუთვნოდა, რომელთანაც მისი მეუღლე დროს ატარებდა...

* * *

ბევრს ებრალებოდა მატრონა მისი სიბრმავისა და უძლურების გამო, მაგრამ ერთხელ გამოტყდა, რომ უფალმა ცოტა ხნით თვალი აუხილა და თავისი ქმნილებანი უჩვენა: - მზე, ვარსკვლავები, მწვანე ბალახი, ჩიტები, მთები და მდინარეები... ერთ ქალს კი უთხრა: - თქვენს ტაძარში სად რომელი ხატი ბრძანდება, ზუსტად ვიციო.

ზინაიდა ჟდანოვა იგონებდა, თუ როგორ უთხრა მატრონამ ერთხელ: - მოდი, ერთად ვიმოგზაუროთ იტალიაში, ფლორენციასა და რომში და უდიდეს ოსტატთა ნახელავი ვნახოთო! შემდეგ ქუჩების დასახელება იწყო, თითქოს მართლაც იქ იმყოფებოდა: - აი, პალაცო პიტი, ეს კი სხვა სასახლეა, თაღებიანიო...

ჟდანოვა იმ დროს არქიტექტურის ინსტიტუტის სტუდენტი იყო და შიშობდა, - სადიპლომოს დაცვას ვერ შევძლებო. მაშინ ნეტარმა იტალიური არქიტექტურის ნიმუშები "აჩვენა" და პროექტში ისეთი შესწორება შეატანინა, გოგონამ სადიპლომო იოლად დაიცვა.

"დედა მატრონა სრულიად გაუნათლებელი იყო, მაგრამ ყველაფერი იცოდაო", - წერდა ჟდანოვა.

* * *

ერთხელ მატრონამ შეიტყო, რომ იმ სახლის ახლოს, სადაც მაშინ ცხოვრობდა, ტაძარი უნდა დაენგრიათ, ზარი კი - ჩამოეხსნათ.

- ერთი გაბედონ! - თქვა ნეტარმა, - ყველა დაიღუპება, ტაძარში შესვლასაც ვერავინ შეძლებსო!..

რაიაღმასკომმა ამ საქმისთვის სამი კომკავშირელი გამოყო, რომლებიც ტაძარში შესვლის მცდელობისთანავე იქ საიდანღაც ჩამოსულ წყალში ჩაიხრჩვნენ... შემდეგ კიდევ ოთხი გამოგზავნეს... როგორც კი ზარის ჩამოსახსნელად კედელს კიბე მიადგეს, ზემოდან ქვის უზარმაზარი ფილა ჩამოვარდა და ოთხივე დაიტანა, მოგვიანებით კვლავ სცადეს ჩანაფიქრის აღსრულება, მაგრამ ამაოდ.

იტყოდა ხოლმე, თუ რუსეთი მართლმადიდებლობას შეინახავს, მუდამ იარსებებს, სხვა გზა არაა! და თუ ღმერთი ჩვენთანაა, ვიღასი უნდა გვეშინოდესო?!

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



ყოველდღიური ღვაწლი


მატრონას წინასწარჭვრეტის და სასწაულქმედების უნარი წლებთან ერთად ძლიერდებოდა და სადაც უნდა ყოფილიყო, ადამიანები მაინც აგნებდნენ და აკითხავდნენ. თანამედროვენი იგონებენ, რომ დღეში ორმოცამდე კაცს იღებდა და ყოველ მათგანს შეეწეოდა. ფულს არასოდეს იტოვებდა, მხოლოდ მცირეოდენ, ნებაყოფლობით შესაწირს, ძირითადად - პროდუქტებს.

ერთხელ მასთან ფსიქიკური ავადმყოფი, თვრამეტიოდე წლის გოგონა მიიყვანეს, რომელიც ძაღლივით ყეფდა. გენერალი მამამისი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილის "ვიღაც ნეტარისთვის" მიყვანას, მაგრამ დედამ თავისი გაიტანა...

მატრონამ სნეულის თანმხლებთ სთხოვა, გოგონასათვის ხელი გაეშვათ, რის შემდეგაც ავადმყოფი იატაკზე დაეცა, აცახცახდა, პირღებინება დაეწყო და სამი დღე-ღამის მანძილზე მატრონას სახლის იატაკზე გაუნძრევლად ეძინა, ხოლო რომ გაიღვიძა, სრულებით გამოჯანმრთელებულიყო...

მამამისი შეძრა ამ ამბავმა და მატრონას დიდძალი ფული და აგარაკი აძლია, მაგრამ ნეტარმა უთხრა: - არაფერი მინდა, ღვთით გევლოთო!

ნეტარი მხოლოდ მცირეოდენ საკვებს სჯერდებოდა და ძალიან ცოტა ეძინა, მთელი დღის მანძილზე ისე იღლებოდა, საღამოს ლაპარაკიც კი აღარ შეეძლო, ღამღამობით ლოცულობდა და შემდეგ რამდენიმე საათით თუ ჩასთვლემდა, ისიც - ნახევრად მჯდომარეს. მომსვლელებს სიყვარუ¬ლით ხვდებოდა, ჯვარს გადასახავდა, ხმამაღლა ილოცებდა და თითოეულს სწორედ იმ სიტყვებით ისტუმრებდა, რომელიც სჭირდებოდა. ამ დროს სახე საოცრად უნათებდა და სიყვარულს და ნუგეშს გამოსცემდა.

როგორც ამბობენ, პირველად მოსულსაც კი სახელით მიმართავდა, უთქმელად იცოდა, ვის რა აწუხებდა. ირწმუნებოდა, - ადამიანებს მე კი არა, უფალი ეხმარებაო. კურნებისათვის მოსულებს რწმენას და ცოდვათა მონანიებას სთხოვდა და ამბობდა, - რწმენის გარეშე არც კურნებაა შე-საძლებელი და არც უბედურებათაგან თავის დაღწევაო. თუ ვინმე გულსაკიდი ჯვრის გარეშე მიაკითხავდა, ხშირად არც კი მიიღებდა.

* * *

ქსენია პოტაპოვა, რომელიც ნეტარმა ტუბერკულოზისაგან განკურნა, იგონებდა, რომ პირველად მატრონასთან უჯვროდ მივიდა, მან კი უთხრა: - ჯვრები გადაყარეთ და ღმერთს ჯანმრთელობას სთხოვთო?!

როგორც მატრონა შეჰპირდა, ქსენია ფილტვებს აღარასდროს შეუწუხებია, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ ტუბერკულოზით მისი ოცი წლის გოგონა დასნეულდა... ექიმები ოპერაციას სთავაზობდნენ და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ...

დამწუხრებულმა დედამ სასწრაფოდ ნეტარს მიაკითხა, რომელმაც უთხრა: - თუ ოპერაციას დასთანხმდებით, გოგონა იქვე გარდაიცვლება, თუ არა და, იმდენს იცოცხლებს, რამდენსაც უფალი მისცემსო! ოჯახმა ოპერაციაზე უარი თქვა, ექიმების გასაოცრად, დაავადება დაკონსერვდა და მალე გოგონა სრულებით გამოჯანმრთელდა.

* * *

ყველას აოცებდა ის სიხარულიანი ნათელი, რომელსაც დედა მატრონას არსება გამოსცემდა... ყველაზე მძიმე დროს იტანდა შიმშილს და სიცივეს და სხვებს საოცარი მორჩილების მაგალითს აძლევდა. ყოველ ადამიანში, რაგინდ ცოდვილი ყოფილიყო, მისი უღრმესი შინაგანი თვალი ღვთის ხატებას ჭვრეტა და ამ სინათლის გადარჩენას ცდილობდა.

მორჩილებისა და მოთმინების დიდი მაგალითი

ნეტარ დედას ხშირად არჩევანი არც ჰქონდა და მოსკოვში იმასთან დარჩებოდა ხოლმე, ვინც მიიღებდა. ისე მოხდა, რომ საკმაოდ დიდხანს დარჩა პელაგიასთან, რომელიც ავიც იყო და ლოთიც. მიაკითხავდა ათასი სათხოვრით დედა მატრონას ზღვა ხალხი, დაუტოვებდა შესაწირს, პელაგია კი ჩაიჯიბავდა და ხშირად ნეტარი მშიერ-მწყურვალი რჩებოდა... ზოგი სტუმარი ჩუმად აჭმევდა ხოლმე, რამეთუ ანჩხლი მასპინძელი ნებას არავის რთავდა, მატრონასთვის მის დაუკითხავად ლუკმა მიეცათ.

პელაგია საშინელი ტანჯვით აღესრულა: - სამი დღე-ღამე ღრიალებდა და ბორგავდა, მატრონა კი მისი სულის საოხად ლოცულობდა და ასე, ბუნებრივად და უბრალოდ აღასრულებდა მცნებას: - გიყვარდეს მტერი შენი!..

თუ რა ყოფაში იყო წმინდანი მოსკოვში, ზინაიდა ჟდანოვა იგონებდა: - ერთხელ დედაქალაქში მატრონას კვალი დავკარგე, ძებნა დავიწყე და სოკოლნიკში ერთ პატარა ფიცრულში ვიპოვე... უკვე შემოდგომა იდგა და საშინლად ციოდა... იწვა და გადმოტრიალება აღარ შეეძლო, რადგან სიცივისგან თმა კედელზე მიჰყინვოდა...

- ჩვენთან რატომ არ გადმოხვალთ? - ვკითხე შეძრულმა, ჩემს ოჯახს იმ დროისთვის სახელმწიფომ ხის სახლში ორი ოთახი გამოუყო.

- უფალს არ სურდა, რომ შენ მერე ეს გენანა, - მიპასუხა ნეტარმა.

ცოტა ხნით ადრე ზინაიდას მამა უსამართლო ბრალდებით დააპატიმრეს და მატრონას არ სურდა, ბრალდებას კიდევ რაღაც პუნქტები დამატებოდა.

ზინაიდამ მატრონა თავისთან, არბატზე დაუყოვნებლივ გადაიყვანა, სადაც მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი რამდენიმე წელი გაატარა.

დიდხანს არაფერი ისმოდა ზინაიდას მამისგან, მაგრამ მატრონა ამშვიდებდა: - ცოცხალია და დაბრუნდება, მანამდე კი წერილს მოგწერთ და წიგნების შენახვას გთხოვთო...

ექვსი წლის შემდეგ მისგან მართლაც მოვიდა ბარათი, სადაც მამა წიგნების შენახვას ითხოვდა და მალე თავადაც დაბრუნდა...

ის წლები, როდესაც მატრონა ჩემთან ცხოვრობდა, უბედნიერესი იყო... იმ დღეთა ნათელი დღესაც გულს მითბობს. მისი სიყვარული და მშვიდობა გვაპურებდა, სახლში სიხარული, სიმშვიდე და განუზომელი სითბო სუფევდა. ომი იყო, ჩვენ კი ზეცაში ვცხოვრობდით, - იგონებდა ჟდანოვა.

ომი

მეორე მსოფლიო ომი, ისევე, როგორც უამრავი სხვა მოვლენა, ნეტარმა წინასწარ განჭვრიტა. ორი წლით ადრე ვიღაცას უთხრა: - თქვენ რაღაც წვრილმანზე დავობთ, ომი კი კარსაა და ძალიან ბევრს იმსხვერპლებსო.

ზინაიდას ნათესავს, ოლგას, რომელსაც ზამთარში შვებულების აღება არ სურდა, ურჩია: - წადი, დაისვენე, თორემ შვებულებას დიდხანს ვეღარ ეღირსები, ომი დაიწყება, გამარჯვება ჩვენ მხარესაა, მოსკოვს მტერი ვერ აიღებს, ცოტათი დაიწვება. მოსკოვს ნუ დატოვებო!

ომი იმ წელსვე დაიწყო, მტერი მოსკოვისკენ მოიწევდა და შეშინებულმა ქალმა ბავშვებთან ერთად მშობლიურ სოფელ სებინოში გადაწყვიტა წასვლა. მატრონამ კვლავ გაუმეორა: - მოსკოვი არ დატოვო, თორემ დიდი ხიფათი გელისო!

- ნუთუ მტერი ტულასაც მისწვდება? - იკითხა ქალმა.

- ვერც ტულაში შევა და ვერც მოსკოვში, მაგრამ სებინოში ნუ ჩახვალ!

ოლგამ დაუჯერა, მტერმა ტულა ვერ აიღო, სებინოში კი ფაშისტთა სადამსჯელო რაზმმა შეაღწია, მოაგროვეს სოფლის ბავშვები და ერთ სარდაფში გამოამწყვდიეს... შემდეგ კი ძალზე უცნაური რამ მოხდა: - ფაშისტები უცბად აიყარნენ, შეასხდნენ მოტოციკლებს და იქაურობა დატოვეს... მატრონას ლოცვით სასწაული მოხდა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი როდია, რა გადაიტანეს იმ ბავშვთა მშობლებმა...

ამ ამბის შესახებ მოგვიანებით ის ქალი იგონებდა, რომელმაც მატრონას ყური არ უგდო და შვიდიოდე წლის შვილიანად თავი სებინოს შეაფარა.

დაიწყო ომი და უგრძეს ნაკადად მოადგა მატრონას დარდით გაშავებულ ქალთა რიგები...

ერთ ქალს სამჯერ მისვლია ცნობა მეუღლის გარდაცვალების შესახებ, მატრონა კი ერთსა და იმავეს უმეორებდა: - ცოცხალია, დაბრუნდება და ფანჯარაზე დაგიკაკუნებსო!..

ომი დასრულდა, ის კი არ ჩანდა, იფიქრეს, - ალბათ, ნეტარი ამჯერად შეცდაო, მაგრამ უეცრად, 1947 წელს, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს, ფანჯარაზე კაკუნი გაისმა და დაკარგული ჯარისკაცი ოჯახს საღ-სალამათი დაუბრუნდა...

ცნობილია თექვსმეტი წლის გოგონას, ლიდიას ამბავი, რომელმაც მატრონას ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ძმის ბედის გასარკვევად მიაკითხა.

- შენი ძმა ცოცხალია და ომიდან დაბრუნდება, თავად კი რთული გზა გელის, მაგრამ ნუ შეგეშინდება, შენც ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდები, - უთხრა ნეტარმა.

ლიდიას 1942-ში მართლაც მოუწია ფრონტზე წასვლამ, საშინელი დაბომბვისას, მატრონას სიტყვით დაიმედებულმა, წონასწორობა არ დაკარგა და სწორი გამოსავალი იპოვა: - ბუჩქნარით დაფარულ არხში ამხანაგებიანად ჩაიმალა და ამით ბევრის სიცოცხლე იხსნა... არც ერთხელ არ დაჭრილა, ტყვიები თითქოს გვერდს უვლიდნენ, 1945-ში კი ძმას შეხვ¬და და ომიდან ერთად დაბრუნდნენ...

მსგავსი ამბები მრავლად იყო. ომის პერიოდში ნეტარს თითქმის არ ეძინა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა და, როგორც ამბობდნენ, უხილავად მყოფობდა ბრძოლის ველზე, სულით გადაადგილდებოდა და ყველაფერს შინაგანი თვა¬ლით ხედავდა, ცდილობდა, მეომართათვის ტყვია აერიდებინა, ჭრილობები მოერჩინა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ყველასათვის ელოცა...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


* * *
დრომ არაერთი ამბავი შემოინახა იმის შესახებ, სასწაულებრივად როგორ შეეძლო შორს მყოფთა შეწევნა.

მატრონას ერთი ნაცნობთაგანი გახურებული ომისას მოსკოვთან ახლოს გადასამზადებლად გადმოიყვანეს. რატომღაც სადესანტო სკოლაში არ მიიღეს და იძულებული იყო, უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ძალიან უნდოდა, მოსკოვში დარჩენილი ოჯახის ამბავი შეეტყო, თუმცა, ისიც უწყოდა, მატარებელში პირველივე პატრული დააკავებდა და სამხედრო ტრიბუნალს გადასცემდა... თუმცა, ცთუნებას მაინც ვერ გაუძლო, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედსა და მატრონას შემწეობა სთხოვა და მატარებელში ავიდა...

მთელი გზა ლოცულობდა... ჩამოიარა პატრულმა, ყველას საბუთები შეუმოწმა, მას კი გვერდი ისე აუარა, თითქოს უჩინარი ყოფილიყო. მოსკოვის სადგურიც ამგვარად გაიარა და ოჯახი ინახულა...

დედამისმა მყის მატრონას მიაკითხა, რომელმაც ურჩია: - შენი შვილი შინ ცოტა ხნით დარჩეს, იაროს მოსკოვში და ნურაფრის შეეშინდება, რადგან მასთან ერთად ვიქნებიო! ჯარისკაცმა მართლაც ერთი ხანი შინ გაატარა, შემდეგ კი, ვითომც არაფერიაო, ფრონტს დაუბრუნდა და ომის დასრულებამდე იბრძოლა.

აი, მშვიდობიან დროს მომხდარი კიდევ ერთი ამბავი: - ნეტარს მიაკითხა ქალმა, რომელსაც ძალიან უნდოდა მონასტერში წასვლა, მაგრამ საამისო სახსარი არ გააჩნდა. ნეტარმა უთხრა: - წადი მონასტერში და ფულიც გამოჩნდებაო!

გათენდა დილა და ვიღაც უცნობებმა თანხა გადასცეს, რისი წყალობითაც მონასტერში წავიდა, მაგრამ უკან დასაბრუნებლად ფული აღარ ეყო და მგზავრობა ბილეთის გარეშე გადაწყვიტა. კონტროლიორებს მისი მატარებლიდან ჩამოყვანა სურდათ, მაგრამ ერთმა მგზავრთაგანმა, რომელმაც თავი კორესპონდენტად წარადგინა, მათ უთხრა: - თუ ქალს თავს არ დაანებებთ, დიდი უსიამოვნება მოგელითო!..

მოსკოვამდე რომ ჩააღწია, გადაწყვიტა, მადლობის ნიშნად ნეტარისათვის ხახვი და კიტრი მიერთმია. როგორც აღმოჩნდა, დიასახლისი სადილს ამზადებდა, მაგრამ ხახვი არ ჰქონდა, მატრონამ კი თქვა: - ოც წუთში ხახვიც იქნებაო და მართლაც, ქალმა ზუსტად ოც წუთში მიაკითხა...

ძალიან ბევრს აარიდა უბედურება, ავადობა და სიკვდილი თავისი ძალმოსილი ლოცვით დედა მატრონამ...

* * *

როგორც ზემოთ ვთქვით, უმძიმესი ომის შემდგომი წლებიც წმინდანმა ჟდანოვებთან გაატარა. ოჯახს უკიდურესად უჭირდა, ზინაიდას პალტოც კი არ ჰქონდა, დედა მატრონა კი თითებზე ითვლიდა, თუ რამდენი პალტო ექნებოდა მომავალში და თან არწმუნებდა - არაფერი მოგაკლდებაო!..

როგორც ყოველთვის, მისი ეს წინასწარმეტყველებაც ახდა, - ზინაიდას უზრუნველყოფილი მომავალი ელოდა, მაგრამ მანამდე საშინელი განსაცდელი გადაიტანა: - დაპატიმრება, ციხე და მაგადანის ბანაკი...

ზინაიდას საეკლესიო-მონარქისტული ჯგუფის შექმნაში დასდეს ბრალი და მიზეზად ის ხატები მოიყვანეს, რომლებიც მისი ოთახის სამ კედელს ამშვენებდა, ამასთან, ოჯახი მატრონას გარდა მფარველობდა კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს - ნეტარ მიტროფანეს, რომელსაც მატრონას მსგავსად, ღვთისგან ჭვრეტის ნიჭი ჰქონდა...

მიტროფანე ჯერ კიდევ 1948 წელს დააპატიმრეს, წმინდა მატრონამ კი, რომელმაც კვლავ წინასწარ განჭვრიტა განსაცდელი, თავი შორეულ ნათესავებს შეაფარა...

თუმცა, განაჩენი, როგორც ჩანდა, უკვე გამოეტანათ და ზინაიდასაც სხვა არა დარჩენოდა რა, თუ არა ლოცვა, რომ ოჯახიდან მხოლოდ ის დაეტუსაღებინათ.

ერთ ღამეს მათ ბინას შავი მანქანა მოადგა, კარი დაუკაკუნებლად შეაღეს და დაპატიმრების ორდერი წარადგინეს... ზინაიდა მატრონას კუთვნილი "დაღუპულთა მომძიებლის" ხატის წინაშე მუხლებზე დაემხო და არც შეუნიშნავს, ისე ღაღადჰყო ხმამაღლა: - ღვთისმშობელო, შენ გაბარებ ჩემს სიცოცხლესო!

ზინაიდას დაპატიმრების შემდეგ დედამისსაც იბარებდნენ დაკითხვებზე... მან მაშინვე მატრონას მიაკითხა, რომელმაც ქალი ამ სიტყვებით ანუგეშა: - ოღონდ ნუ ტირი, შემწეობა ღვთისმშობელს სთხოვე და უფალს ევედრე, "იმათ" კი ნურაფერს ეტყვი და ნუ ღელავ, ზინაიდა დაბრუნდებაო!

* * *

"გამოძიებისას უამრავი სასწაული მოხდა, - წერს მოგონებებში ზინაიდა ჟდანოვა, - დედა მატრონა უხილავად ანადგურებდა ჩემ საწინააღმდეგო ბრალდებებს. ერთ დღეს ჰიპნოზისტი მომიყვანეს, რომლის ზემოქმედებითაც ერთ დოკუმენტზე ხელი მოვაწერე... გახსენებაც მზარავს... მაგი თვალებში დაჟინებით მიყურებდა და მიმეორებდა: - თქვენ დამნაშავე ხართო! ვგრძნობდი, რომ უფსკრულისკენ მივექანებოდი... როდესაც დაკითხვის ოქმის ასლზე ხელის მოწერა მომთხოვეს, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე: - ბრალი დამიდია ომიდან ახალდაბრუნებული ძმისთვის და მსგავსი საშინელებები მიღიარებია... მაშინვე გადავშალე ხელმოწერა, თუმცა, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი განმეორებულიყო, ღვთისადმი ვედრება ვიწყე და უცებ ჰიპნოზის საწინააღმდეგო ლოცვა გამახსენდა... ღამით ისევ გამომიძახეს, ისევ ის ადამიანი მთხოვდა: - თვალებში მიყურეო და მეც უშიშრად ვუყურებდი, თან ლოცვას ვიმეორებდი... ჰიპნოზიორმა თავი დაკარგა და მალე ისე აღრიალდა, სახესა და ხელებზე ძარღვები დაებერა, მხრებზე ხელები დამაწყობინა და ოფლში გახვითქული დაემხო დივანზე: - მე ამასთან ვერაფერს გავხდებიო, - ამოიხავლა...

* * *

ბანაკში ზინაიდას ხშირად ახსენდებოდა დედა მატრონას ნათქვამი - 58-ე მუხლს (რომლითაც იგი გაასამართლეს) გააუქმებენო და ასეც მოხდა...

მატრონამ კი წერილობით დაუბარა: - ნურაფრის გეშინია, არც ცეცხლი შეგეხება და არც წყალი, დაე, ეს იცოდე, უფალი ყოველივეს განაგებსო!

ზინაიდა 1955 წელს გაათავისუფლეს, ბანაკში მასავით პატიმარ მღვდლის შვილს მისთხოვდა და მეუღლესთან ერთად დაუბრუნდა მოსკოვს.


უკანასკნელი წლები

"ჩემი დაპატიმრების შემდეგ დედა მატრონამ მხოლოდ ორი წელი იცოცხლა, - ჩვენს სამსახურში ჩაიფერფლა", - წერდა ზინაიდა ჟდანოვა. იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღე¬მდე იღებდა ადამიანებს, რომლებსაც მასთან თავიანთი უბედურებანი, ტკივილი და სიმწარე მიჰქონდათ...

ნეტარის ნათესავი, ანა პროხოროვა იგონებდა: - ერთხელ დედა მატრონა დეიდას და ბიძიას ეკითხება: - შინ ხართ? აბა, ახლავე დაბრუნდითო!

სულ მალე საშინლად ჩამობნელდა, ფანჯრების მიღმა ყველაფერი ფრინავდა, - ხეები, სახურავები, აგურები... ეს იყო 1951 წლის სმერჩი... შიშით დავიზაფრეთ, მატრონა კი გვამშვიდებდა: - ნუ გეშინიათ, ჩვენი სახლი ისე იდგება, როგორც იდგაო! გარეთ ზოგის სახლს სახურავი ახადა, ზოგს - საკუჭნაო დაუნგრია, ზოგს - ელექტროგაყვანილობა გაუნადგურა... ჩვენ კი, ვითომც არაფერიაო, ისე ჩაგვიარა... მერე კი უეცრად ყველაფერი გაჩერდა და ინათა...

ყველაფერი წინასწარ იცოდა. სებინოს ტაძრის შესახებ იტყოდა ხოლმე: - ტაძარი უცილობლად გაიხსნებაო.

მეუბნებოდა: - კი გარდავიცვლები, მაგრამ მაინც შენთან ვიქნები ცოცხლად. ნურასოდეს დამივიწყებო!

თავისი აღსასრულის შესახებ წინასწარ იცოდა. ანა პროხოროვა სწორედ მისი გარდაცვალების წინა დღეს აპირებდა გათხოვებას, - საქმრო სებინოდან იყო და ქორწილის გადახდასაც იქ გეგმავდნენ, მაგრამ მატრონამ გააფრთხილა: - ბილეთები უკან დააბრუნე, თორემ ჩასვლას ვერ მოასწრებ, ისევ უკან დაბრუნდებიო! ანამ დედა მატრონას ამჯერად აღარ დაუჯერა, - საქმრო ელოდა და მასთან ერთად წავიდა, მაგრამ გზად დეპეშა დაეწია: - მატრონა გარდაიცვალაო!.. რაღა თქმა უნდა, მაშინვე უკან გამობრუნდა.

მრავალი მოწმობა არსებობს, რომ დედა მატრონამ თავისი გარდაცვალების დღისა და საათის შესახებაც წინასწარ უწყოდა და ამის თაობაზე ბევრი გააფრთხილა. უკანასკნელი სამი დღეც, ისევე, როგორც მთელი სიცოცხლე, ადამიანებს მიუძღვნა: - შეუჩერებლად იღებდა მომსვლელებს და იმის მიუხედავად, რომ უკვე ძალზე დასუსტებულიყო, დახმარებაზე უარი არავისთვის უთქვამს. დაიბარა, - პანაშვიდი ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ტაძარში გადამიხადეთ და დანილოვსკის სასაფლაოზე დამკრძალეთ, ღვთისმსახურების ხმა რომ მესმოდესო! - ითხოვა.

"ჩემი გარდაცვალების შემდეგ საფლავზე ცოტანი ივლიან, მხოლოდ ახლობლები, ხოლო როდესაც ისინიც გავლენ ამქვეყნიდან, სამარე გაუკაცურდება, იშვიათად თუ შემოივლის ვინმე... მაგრამ მრავალი წლის შემდეგ ხალხი ჩემ შესახებ შეიტყობს და დახმარების სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად დაიძრებიან, რომ უფლის წინაშე ლოცვა მთხოვონ, მე კი ყველას მოვუსმენ და შევეწევიო"...

მოსკოვში ცხოვრების მანძილზე ნეტართან არა მხოლოდ დახმარების სათხოვნელად, არამედ დასამოძღვრად და რჩევის მისაღებადაც მიდიოდნენ, პატივს მიაგებდა მრავალი მოსკოველი მოძღვარი და წმინდა სერგის ლავრის ბერებიც...

თავად კი ყოველთვის ღელავდა, როდესაც აღსარების მისაღებად და საზიარებლად მღვდელი მიაკითხავდა... მამა დიმიტრიმ, რომელმაც ნეტარი გარდაცვალების წინ აზიარა, იხილა, თუ რაოდენ ღელავდა დედა მატრონა წმინდა ძღვენის მიღების წინ...

- ნუთუ თქვენც გეშინიათ სიკვდილის?! - დაეკითხა გაოცებული.

- მეშინია! - უთხრა ნეტარმა.

დიდი სასწაულმოქმედი, წინასწარმეტყველი და წმინდა მოღვაწე, იმავდრულად, ჩვეულებრივი ადამიანიც გახლდათ... შესაძლოა, ამიტომაც შეიყვარა მილიონობით ადამიანმა და დღემდე ასე იხსენიებს: - "ჩვენი პატარა წმინდანი..."


დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე



გამოთხოვება


წმინდა მატრონა 1952 წლის 2 მაისს აღესრულა...

როგორც დაიბარა, მისი სხეული ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ტაძარში დაასვენეს... გამოსათხოვებლად ტაძარს ხალხი უწყვეტ ნაკადად მიაწყდა. მობრძანდნენ წმინდა სამების სახელობის სერგის ლავრის მამებიც, რომელთაც ხშირად სტუმრობდა ხოლმე ნეტარი.

გარდაცვალების შემდეგ წმინდა დედამ თითქოს თავად აკურთხა ერთ-ერთი თანასოფლელი, ანტონინა მალახოვა და მისი ქალიშვილი, ზაგორსკში ჩასულიყვნენ და იქ მისი გარდაცვალება ეცნობებინათ, თუმცა, შეეშინდათ, დაკრძალვაზე არ დაჰგვიანებოდათ, მაგრამ ანტონინას ღამით მატრონა ეჩვენა და უთხრა: - "გაიღვიძეთ, ადექით, ყველაფერს მოასწრებთ, ახლავე ზაგორსკში ჩადითო!"

ისინი მყის გაემგზავრნენ, გარდაცვლილის სულის საოხად მოსახსენიებელიც დატოვეს...
ლავრაში მისმა აღსასრულმა დიდი წუხილი გამოიწვია. მღვდელმა, რომელსაც პანაშვიდის აღსავლენად მოსახსენიებელი გადასცეს, აღელვებით იკითხა: "- ვინ მოიტანა მოსახსენიებელი? ნუთუ დედა მატრონა გარდაიცვალაო?!"

ლავრის ბერები იმავე და მომდევნო დღეს ჩაბრძანდნენ მათთვის პატივსაცემ დედასთან გამოსამშვიდობებლად, ანტონინა და დედამისი კი იმავე დღეს დაბრუნდნენ და, როგორც ნეტარმა აუწყათ, დაკრძალვასაც მიუსწრეს...

- მისი კუბო ტაძრის შუაგულში იდგა, სახეზე არაფერი ეფარა, ხელები ისეთი ფაფუკი და პატარა ჰქონდა, გეგონებოდათ, ჩვილისააო... მიდიოდნენ და ხელებზე ემთხვეოდნენ... ყველა ტიროდა, - მათ ხომ ძვირფასი გზამკვლევი დაკარგეს, ისეთი იმედი... სიტყვას იტყოდა და ეჭვი არ შეგეპარებოდა, რომ ასეც იქნებოდა...ისეთი გრძნობა მქონდა, გადმოცემა მიჭირს... თითქოს ჰაერში დავდიოდიო... - იგონებს ანტონინა მალახოვა.

პანაშვიდი ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ტაძრის მღვდელმა, ნიკოლოზ გოლუბცოვმა გადაიხადა, რომელსაც ნეტარი დიდად აფასებდა, თავად მამა ნიკოლოზი კი მას სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნევდა.

წმინდა მატრონა 4 მაისს დაკრძალეს, დანილოვის სასაფლაოზე აუარება ხალხი მივიდა... ეს ნაკადი დაკრძალვის შემდგომაც არ შეწყვეტილა: - ადამიანები, როგორც თავად განჭვრიტა, კვლავ სთხოვდნენ დახმარებას და ისიც ისევე, როგორც სიცოცხლეში, ყველას შეეწეოდა.

შემდეგ კიდევ ერთი წინასწარმეტყველება ახდა: - მისი სამარე ოცდაათი წლით გაუკაცურდა და მხოლოდ უახლოესი ადამიანები თუ მივიდოდნენ, მაგრამ მოვიდა დრო და კვლავ გაივსო იქაურობა მომლოცველით.

"ჩემთან იმდენი ხალხი ივლის, ვერავინ მოთვლის და არც ჩემი ტაძარი დაიხურებაო"...

წმინდა ნაწილთა აღმოყვანება

დიდად სასიხარულო ამბავი მოხდა 1998 წელს მართლმადიდებელთათვის: - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის ლოცვა-კურთხევით ნეტარი დედის საფლავი გახსნეს და წმინდა ნაწილები სვიმეონ მესვეტის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. როდესაც სამარე გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ორმოც წელზე მეტი ხნის შემდეგაც წმინდა დედის სხეულს ისევ აჩნდა უცნაურად ამობურცული ხელთუქმნელი ჯვარი, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.

ყველას, ვინც ამ ღირსსახსოვარ მოვლენას დაესწრო, სამუდამოდ გაჰყვა საოცარი ზეიმისა და სიხარულის განცდა.

გარდაცვალებიდან 46 წლისთავზე რუსეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნაწილები შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა სახელობის ტაძარში გადაასვენეს, ღამისთევის მსახურების და წმინდა ლიტურგიის აღსრულების შემდგომ კი წმინდანის სხეული ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის მონასტერში გადააბრძანეს, სადაც სამუდამო განსასვენებელი პოვა.

კანონიზაცია

1999 წელს, მატრონა მოსკოველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებიდან ერთი წლის შემდეგ, იგი წმინდანთა დასს შეერთო.

მანამდე კი ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ საფუძვლიანად შეისწავლა მისი ცხოვრება, ყოველდღიური ღვაწლი და აღსრულებული სასწაულები, იმავდროულად, ძალიან ბევრი მორწმუნე ლოცულობდა, რომ ნეტარი დედა ეკლესიას წმინდანად შეერაცხა და ასეც მოხდა.

წინა საღამოდან დილამდე იმდენმა ადამიანმა მოიყარა თავი მონასტერთან, ტევა აღარ იყო... საზეიმო ღვთისმსახურებას ხალხის დიდი ნაწილი მონასტრის გალავნის გარეთ, რადიოთი უსმენდა...

იმ დღიდან მისი წმინდა ნაწილების მოსალოცად და დახმარების სათხოვნელად ხალხის ნაკადი არ წყდება. "მესაუბრეთ, ყოველი თქვენი გასაჭირი მითხარით, მე მოგისმენთ და დაგინახავთ და რასაც თქვენს სულს ვეტყვი, ის აღასრულეთო!" - ასე დაიბარა ნეტარმა გარდაცვალების წინ.

ხატის წყარო
.........................
ნეტარი დედა მატრონას ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

ღმრთივგანბრძნობილ ნეტარ დედა მატრონას, ტულის მიწის მშუენებასა და ქალაქ მოსკოვის დიდებულ სამკაულს, ვაქებთ დღეს ერთგულნი, დღის სინათლის ვერმხილველი, ქრისტეს ნათლით განათლებული და ნათელმხილეველობისა და კურნების ნიჭით განმდიდრებული. ოდესღაც მდგმური და მწირი ქუეყანასა ზედა, აწ ღმრთის ზეციურ საყდრის წინაშე წარდგომილი ლოცულობს ჩუენი სულებისათვის.

კონდაკი

ქრისტეს მსახურებისათვის დედის მუცლითგან გამორჩეულო, მართალო მატრონა, ჭირთა და მწუხარებათა მოხუეჭის გზით მავალო, მტკიცე სარწმუნოებითა და ღმრთისმოსაობით გამოჩენილო, აწ სათნოეყავ უფალს. ამისათვისცა შენი სახელის პატივისმცემელნი გევედრებით: შეგვეწიე, რათა ღმრთის სიყუარულში განვისვენოთ, ნეტარო დედაო.

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე



აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ნუ დაინტერესდები მღვდლებით და მათი ცხოვრებით, ნუ დაუწყებ ძებნას ნათელმხილველ მამებსა და მოძღვრებს

ნეტარი დედები გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ მფარველობას


იხილეთ დასაწყისი


ბეჭდვა
1კ1