ღირსი ფარა (+657) - 03 (16) აპრილი
ღირსი ფარა (+657) - 03 (16) აპრილი
წმინდა ფარა (სხვაგვარად - ბურგუნდოფარა) მეშვიდე საუკუნის დასასრულს სოფელ პუანსში, მოსთან ახლოს (დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია) იშვა. წმინდა კოლუმბანმა (ხსენება 23 ნოემბერს) იგი უფალს მიუძღვნა, როდესაც მამამისს, ავსტრაზიის ხელმწიფის, თეოდებერტის (+612 წელი) მრჩეველს, გრაფ ხანდერიკს სტუმრობდა.

თუმცა, მამამ, ამის მიუხედავად, მაინც განიზრახა ქალიშვილის გათხოვება, მაგრამ ქალწული მძიმედ დასნეულდა და ოდენ ნეტარი კოლუმბანის სულიერი შვილის, წმინდა ევსტასის (ხსენება 29 მარტს) ლოცვით განმრთელდა.

გამოხდა ხანი და ხანგერიკმა კვლავ დაუპირა ფარას გათხოვება, მაგრამ ამჯერად ქალწულმა ტაძარს შეაფარა თავი.

როდესაც მამის მსახურებმა მისი ტაძრიდან ძალით გამოყვანა და შინ წაყვანა მოინდომეს, ქალწულმა უთხრა:

- თუ ფიქრობთ, რომ სიკვდილი მაშინებს, აქვე გამომცადეთ და დარწმუნდებით, რომ მის გამო, ვინაც ჩვენთვის განკაცდა და სიკვდილი დაითმინა, სიხარულით მივიღებ მოწამეობას!

არავინ უწყის, რა მოხდებოდა, წმინდა ევსტასი რომ არ ჩარეულიყო, გათავისუფლებული ფარა კი მოს მღვდელმთავრის, გუნდოალდის ხელთაგან აღიკვეცა მონაზვნად.

გარკვეული ხნის შემდგომ ნეტარმა ევსტასიმ ფარასთვის მამამისის მიწაზე ებორიაკის მონასტერი დააფუძნა, რომელმაც სულ სხვა, - ფარმუტიეს მონასტრის სახელით გახდა ცნობილი.

დედები წმინდა კოლიმბანის და ბენედიქტეს წესდებით ცხოვრობდნენ და თავიანთი იღუმენიას, წმინდა ფარას მორჩილების ცოცხალი მაგალითით ხელმძღვანელობდნენ.

წმინდა დედა ორმოცი წლის მანძილზე უძღვებოდა სავანეს და არა მხოლოდ მონაზვნებზე, ღვთისმოსავ ერისკაცებზეც დიდად ზრუნავდა, შემდეგ კი თავისი ძმა, მოს მომავალი მღვდელმთავარი, წმინდა ფარონიც დაარწმუნა, წუთისოფელი დაეტევებინა და ანგელოზებრივი ხარისხით შემოსილიყო.

ღირსი დედის აღსასრულის შემდგომ მისი შეწევნით კვლავ უამრავი სასწაული აღესრულებოდა.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი უფლის წინაშე!

ბეჭდვა
1კ1