იღუმენი სოფიო გრინოვა (კიეველი, +1941) - 22 მარტი (04 აპრილი)
იღუმენი სოფიო გრინოვა (კიეველი, +1941) - 22 მარტი (04 აპრილი)
სოფიო გრინოვა დაიბადა 1873 წელს ტულის გუბერნიაში, დიდგვაროვანი ცოლ-ქმრის, ევგენის და ლიდიას ოჯახში. სოფიო ოჯახში უფროსი შვილი გახლდათ, მას ჰყავდა უმცროსი და მარიამი და ძმა ბორისი. ევგენი გრინოვი ტულის სასამართლოს მდივანი იყო. მოულოდნელად ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთი სამსახურებრივი მოგზაურობისას ევგენი გაცივდა, სამი დღე იწვოდა მაღალი სიცხით, შემდეგ გარდაიცვალა. 26 წლის ლიდია დაქვრივდა. ოჯახი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა. სოფიო და მისი და-ძმა დედის ნათესავებმა წაიყვანეს.

სოფიო მონასტრულ ცხოვრებას ბავშვობიდანვე გაეცნო, მისი ყოფილი აღმზრდელი ევგენია ერთ-ერთი მონასტრის იღუმენი გახდა. ერთხანს ბავშვები მასთან ცხოვრობდნენ მონასტერში. შინ დაბრუნებული პატარა სონია ხშირად იხსენებდა მონასტერში გატარებულ დღეებს.

თექვსმეტი წლიდან სოფიო დეიდასა და ბებიასთან ცხოვრობდა კალუგის გუბერნიაში, ოპტის უდაბნოს შორიახლოს. გოგონას ძალიან შეუყვარდა ოპტის უდაბნოს მონასტერი, ის გახდა იქაური ბერების სულიერი შვილი. ერთხელ სოფიო, ნათესავებთან ერთად, ოპტის უდაბნოს ერთ-ერთ ტაძარში ლოცულობდა. ღვთისმსახურების შემდეგ მრევლის დასალოცად გამოსული მოხუცი მღვდელი იმ მხარეს მიბრუნდა, საითაც გოგონა იდგა და მორწმუნეებს მიმართა, - მოუშვით ჩემთან იღუმენიაო. ყველა გაკვირვებული იყურებოდა სოფიოსკენ. ღვთისმსახური იღუმენიას სახელით სოფიოს უხმობდა. გოგონა მიუახლოვდა მღვდელს, ემთხვია მის ჯვარს, მოხუცმა დალოცა და დასძინა: "როგორი კარგი იღუმენი იქნება".

იმ დღეებში ერთ-ერთი ოპტელი სქემმონაზონი შემთხვევით შეხვდა სოფიოს ტყის პირას და მდუმარემ მუხლი მოუყარა გოგონას.

სოფიოს და მარიამი იხსენებდა ასეთ შემთხვევას მათი ბავშვობიდან: ერთხელ სოფიო დედასთან ერთად პურის კალოზე იყო. ერთი ხეიბარი გლეხის ქალი მიუახლოვდათ და დედას უთხრა: - ქალიშვილი არ გაათხოვო. დღეს მესიზმრა, ხატზე ღვთისმშობლის ნაცვლად შენი გოგონა იყო გამოსახულიო.

სოფიოს სტუდენტობისას ასეთი რამ შეემთხვა: ცივ, ყინვიან ზამთარში ღამით მოუწია ტყის გადაკვეთა. უეცრად მგელი გადაუდგა წინ. მოგვიანებით იღუმენია იხსენებდა, - არ მიფიქრია, რომ დავიღუპებოდი, უფლის იმედი მქონდაო. გოგონამ ჯვარი გადასახა ცხოველს და ლოცვა დაიწყო. მგელი იდგა და თითქოს უსმენდა, შემდეგ ნელ-ნელა გაეცალა. სწორედ ამ დროს სოფიოს გულში უთქვამს, - თუ ახლა გადავრჩი, თავს შენ მოგიძღვნი, უფალოო.

ახალგაზრდა სოფიო სიცოცხლის წყურვილით აღსავსე ეძებდა ახალ გამოცდილებებს. სკოლის დამთავრების შემდეგ კიევის კონსერვატორიაში სასიმღერო ფაკულტეტზე ჩააბარა.

სოფიოს ძალიან ლამაზი ხმა ჰქონდა. მასწავლებლები და სტუდენტები მისი ვოკალური მონაცემებით აღფრთოვანებულები იყვნენ. მას ოპერის მომღერლის დიდი მომავალი ელოდა. კონსერვატორიაში სწავლისას ძალიან მხიარული გოგონა იყო. მუდმივად ესწრებოდა მუსიკალურ საღამოებსა და ბალებს. მიუხედავად ამისა, მის სულში ჭიდილი იყო. ის ხომ მონასტრული ცხოვრებისთვის მოუვლინა უფალმა ქვეყანას. სოფიოს მოულოდნელად შეეცვალა განწყობა, აღარ დადიოდა ხალხმრავალ ადგილებში, უმეტეს დროს ტაძარში ატარებდა. სწორედ ამ დროს ახალგაზრდა ოპერის მომღერალი ანგინის მძიმე ფორმით გახდა ავად. ამ ავადმყოფობამ სრულიად ჩამოაშორა სასცენო კარიერას. წავიდა სტუმრად წმინდა სამების სახელობის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც მისი მეგობარი გოგონა ცხოვრობდა. ავადმყოფობა გაუმწვავდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. ექიმები საიმედოს არაფერს ამბობდნენ. სოფიომ საერთოდ დაკარგა ხმა. მასთან მღვდელი მივიდა, რომ სიკვდილის წინ ეზიარებინა. წმინდა ზიარების მიღების შემდეგ სოფიოს ჩაეძინა. დილით სრულიად გამოჯანმრთელებულმა გაიღვიძა და მაშინვე სამადლობელი პარაკლისის გადახდა მოითხოვა. ამ დღიდან სოფიოს ღვთის გზისთვის აღარ გადაუხვევია.

სოფიო წმინდა სამების მონასტრის მორჩილი გახდა. შემდეგ ის ხელმძღვანელობდა საზოგადოებას "სიხარული და ნუგეში". ეს სახელი დედებმა საზოგადოებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამავე სახელწოდების ხატის პატივსაცემად დაარქვეს.დედებისაგან შემდგარი ეს საზოგადოება კალუგის გუბერნიაში მდინარის პირას მიტოვებულ წმინდა იოანე მოწყალის სახელობის ტაძართან იყო. დედებმა მიტოვებული ტაძარი საკუთარი ძალებით აღადგინეს. საზოგადოებას დედა სოფიო ათი წელი ხელმძღვანელობდა, ამ ხნის განმავლობაში დედების რაოდენობამ 150-ს მიაღწია.

იღუმენიას ცხოვრების გზამ გადაკვეთა კიევის მიტრო¬პოლიტ ფლავიანეს გზა. იმ დროს, კიევის ერთ-ერთ დიდ წმინდა პოკროვსკის დედათა მონასტერს სჭირდებოდა იღუმენია. მიტროპოლიტმა ფლავიანემ არჩევანი წმინდა სოფიოზე შეაჩერა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1913 წლის 16 იანვარს იგი კიევის ღვთის საფარველის მონასტრის იღუმენად დაინიშნა.

იღუმენია მონასტერს ათი წელი, 1913-1923 წლებში განაგებდა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი მონასტრისათვის. პირველმა მსოფლიო ომმა, რევოლუციამ ასახვა პოვა მონასტრულ ცხოვრებაზე. ომისა და რე¬ვოლუციის დროს მონაზვნები უანგაროდ ეხმარებოდნენ დაჭრილებს. მონასტერში ლაზარეთი იყო მოწყობილი. პარალელურად იღუმენია ცდილობდა მონასტრის გადარჩენას ვანდალიზმისა და განადგურებისაგან. 1923 წელს კომუნისტურმა მთავრობამ მონასტერი გააუქმა, 1924 წელს კი იღუმენია თვე-ნახევრით დააპატიმრეს. 1928 წელს სოფიო ისევ დააპატიმრეს, ამჯერად ხანგრძლივად. ამ პატიმრობის დროს ის მძიმედ დაავადდა, ჰქონდა ყბის ჩირქოვანი ანთება. მცირეხნით გათავისუ¬ფლების შემდეგ ისევ დაატუსაღეს 30-იანი წლების დასაწყისში. პატიმრობების დროს მონაზონი დიდ რწმენას, მოთმინებას, სულიერ სიმტკიცეს და თავმდაბლობას ავლენდა.

1932 წელს სოფიო გაათავისუფლეს, აუკრძალეს დიდ ქალაქებში ყოფნა. სიცოცხლის ბოლო წლები მან მოსკოვთან ახლოს, სოფელ პოკროვში, ღვთისმშობლის ტაძართან ახლოს გაატარა. იღუმენია ბრონქული ასთმური შეტევისას გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო თავისი მონასტრის აღდგენას. მონასტერი იღუმენიას გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ აღდგა 1941 წელს. 1981 წელს იღუმენია სოფიო რუსულმა ეკლესიამ ახალმოწამედ შერაცხა. 2012 წლის 25 აგვისტოს წმინდა სოფიო კიევის ეპარქიის ადგილობრივი წმინდანების რიცხვს შეერთო. მისი ხსენება ძველი სტილით 22 მარტს აღესრულება.

ბეჭდვა