წმინდა თეოდორა არტელი (ეპირელი) (+1275) - 11 (24) მარტი
წმინდა თეოდორა არტელი (ეპირელი) (+1275) - 11 (24) მარტი
წმინდა თეოდორა დაიბადა იოანე და ელენე პეტრალიფასების ოჯახში და მათი ნაბოლარა ქალიშვილი იყო, ოთხი ვაჟის შემდეგ. მამამისი, ვიდრე კონსტანტინოპოლს ლათინები დაიპყრობდნენ (1204), მაკედონიის და თესალიის მმართველი იყო. დედაც ქალაქის კეთილშობილი ქალბატონი გახლდათ. თეოდორას მამიდა მეუღლე იყო არტეს მმართველის, თეოდორესი, რომლის სიკვდილის შემდეგ მმართველობა მისი ძმისშვილის, მიქაელის ხელში გადავიდა.

თეოდორას მშობლები ძალზე ადრე გარდაეცვალა, ძმების თანხმობით კი ის ადრეულ ასაკში მიათხოვეს მიქაელ II-ს, რომელიც დაქორწინებამდე მცირე ხნით ადრე (1230) არტეს მმართველად დაადგინეს. მმართველმა ძალზე შეიყვარა გოგონა, უპირველეს ყოვლისა, სილამაზისა და კეთილი ზნის გამო. თუმცა როცა თეოდორა პირველ შვილზე ორსულად იყო, ვნებებით აღძრული მმართველი ხელში ჩაუვარდა ლამაზ არისტოკრატ ქალს, სახელად განგრენას, რომელმაც ჯადოქრობით აიძულა მმართველი, ახალგაზრდა ცოლი მოეძულებინა. მიქაელმა განგრენას გავლენით თეოდორა სახლიდან გააგდო და ეს ჯადოქარი შეირთო ცოლად.

მრავალი კვირა თეოდორა ქალაქგარეთ ცხოვრობდა. რადგანაც მოკვლისა ეშინოდა, მას ერჩივნა მინდორში დაეძინა, ოღონდ კი ხალხს არ ეცნო, ვინც იყო. მალე მას ვაჟი ნიკიფორე შეეძინა. ის გზაზე იდგა, მოწყალებას ითხოვდა. თუმცა სასო არ წარუკვეთავს, რადგან ღვთის შეწევნის იმედი ჰქონდა. ერთხელ სოფელ პრენისტეს მღვდელმა დაინახა ჩვილატატებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტყის კენკრას აგროვებდა. მან აიძულა, ვინაობა გაეთქვა. მერე კი შინ წაიყვანა. მღვდელი და მისი ოჯახი ზრუნავდნენ ქალზე და უცხო თვალს აშორებდნენ.

ხუთი წლის შემდეგ მიქაელის ახლობლებს ყელში ამოუვიდათ განგრენას სიბილწე და ინტრიგები, შეიპყრეს და აიძულეს, ჯადოქრობა ეღიარებინა. მიქაელი გონს მოვიდა, შეინანა და ცოლ-შვილის ძებნას შეუდგა, მოძებნა და თეოდორა კვლავ არტეს დედოფლად გამოაცხადა. შემდგომ წლებში იმპერატორმა უფრო დააწინაურა მიქაელი, მათ კვლავ შეეძინათ შვილები. ცოლ-ქმარი დარჩენილი ცხოვრება მშვიდად, ღვთის სათნოდ ცხოვრობდა. მიქაელმა არტეს გარეუბანში დააარსა ორი მონასტერი - პანტანასასი და პნაგიასი. წმინდა თეოდორამ კი წმინდა გიორგის სახელობის სავანე შექმნა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1267 წელს, თეოდორა მონაზვნად აღიკვეცა და დარჩენილი დღეები მარხვაში, ლოცვასა და მოყვასის მსახურებაში გაატარა. მას წინასწარ ეუწყა გარდაცვალების ჟამი, ერთი შესთხოვა უფალს, ვიდრე მონასტერში ეკლესიის მშენებლობას არ დავასრულებ, ამქვეყნიდან ნუ გამიყვანო. მართლაც, ტაძრის დასრულების შემდეგ წმინდა თეოდორა გარდაიცვალა. მონასტერს შემდგომში სახელი გადაერქვა და წმინდა თეოდორას მონასტერი უწოდეს. წმინდა თეოდორას წმინდა ნაწილები ახლა ამ ლამაზ ბიზანტიური სტილის ეკლესიაშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს. არტეში დღესაც დგას წმინდა თეოდორას აშენებული სამი სხვა ტაძარი.

* * *

ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა სოფრონ დაყუდებულს, რომელიც კიევის მღვიმევის მონასტერში ცხოვრობდა XIII საუკუნეში. ასევე იხსენიებს ახალმოწამეებს: ღირს პატრიკი აღმსარებელს (პეტროვი), მღვდელ-მონაზონს (1933), მღვდელს, წმინდა ვასილი მალახოვს, აღმსარებელს (1937)

ბეჭდვა
1კ1