ღირსი დედები: მარინე და კირა (+450) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი დედები: მარინე და კირა (+450) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსნი მარინე და კირა IV საუკუნეში ცხოვრობდნენ სირიის ქალაქ ბერიაში, სირიის სამეფოს უძველესი დედაქალაქის, ანტიოქიის აღმოსავლეთით.

გოგონები, ღვიძლი დები, მდიდარი და წარჩინებული ოჯახის შვილები გახლდნენ და შესაბამისი აღზრდაც ჰქონდათ მიღებული.

როცა სრულწლოვანებას მიაღწიეს, დებმა უარი თქვეს ფუფუნებაში ცხოვრებასა და გათხოვებაზე, დატოვეს მშობლების ოჯახი, ქალაქიდან მოშორებით მიწის ერთი მცირე ნაკვეთი მოძებნეს, ზღუდე შემოავლეს, შემოსასვლელი ქვებითა და თიხით ამოქოლეს და მხოლოდ მცირე ჭრილი დატოვეს, საიდანაც კეთილი ადამიანები მწირ საზრდელს აწვდიდნენ. ასე, ღია ცის ქვეშ ატარებდნენ ნეტარი დები დღეებს, სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდნენ, შიმშილსაც მოთმინებით იტანდნენ: სამი წლის განმავლობაში ორმოც დღეში ერთხელღა ჭამდნენ. ღირსი მარინე და კირა მდუმარებაში ატარებდნენ დღეებს და დუმილის აღთქმას მხოლოდ ყოველი ორმოცდაათი დღის შემდეგ ერთი დღე არღვევდნენ.

დების ცხოვრებას კარგად იცნობდა კვირელი ეპისკოპოსი ნეტარი თეოდორიტე. დები პატივს მიაგებდნენ მღვდელმთავრის ხარისხს და მხოლოდ მას უშვებდნენ თავიანთ საცხოვრისში. ნეტარი მამა საუბრობდა ხოლმე წმინდანებთან და ურჩევდა, მოეხსნათ ბორკილები, რომლებიც ისე მძიმე იყო, რომ კირა გამართვასაც ვერ ახერხებდა და მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. ასე მოსაგრეობდნენ ღირსი დედები 40 წლის განმავლობაში. დაყუდებიდან ისინი სულ ორჯერ გამოვიდნენ: ერთხელ მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავის თაყვანისსაცემად იმოგზაურეს იერუსალიმში. სანამ წმინდა ადგილებს არ მიეხალნენ, ოცი დღის განმავლობაში მათ არანაირი საზრდელი არ მიუღიათ, არც უკანმობრუნებისას უხმევიათ რამე. მეორე ასეთივე მოგზაურობა განახორციელეს მათ ისავრიაში, წმინდა პირველმოწამე თეკლას საფლავის მოსალოცად. ღირსი მარინე და კირა მიიცვალნენ დაახლოებით 450 წელს.

ბეჭდვა
1კ1