ნეტარი მარიამ ახალი, ვიზიელი, თრაკიიდან (IX) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
ნეტარი მარიამ ახალი, ვიზიელი, თრაკიიდან (IX) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
ნეტარი მარიამი უფროსი ქალიშვილი გახლდათ სომეხი დიდებულისა, რომელიც კონსტანტინოპოლში ბასილი მაკედონიელის (857-886) დროს გადმოსახლდა. მარიამი მამის სიკვდილის შემდეგ ცოლად გაჰყვა თავისი სიძის მეგობარს, ვინმე ნიკიფორეს. სამაგალითო მეუღლე იყო, მშვიდი, თავმდაბალი, ღვთისმოსავი, გულმოწყალე. თავისუფალ დროს თუ გამონახავდა, ღვთის ტაძარში გარბოდა, რათა აცრემლებულს ელოცა და გაჭირვებულთათვის მოწყალება დაერიგებინა. მან ღვთისადმი მტკიცე რწმენით დაითმინა თავისი ხუთი წლის ვაჟის სიკვდილი. როცა ბულგარეთის მეფის, სიმონის წინააღმდეგ ომი გამოცხადდა (894), მისი ქმარი სარდლად დანიშნეს თრაკიის ვიზიაში, მარიამი ქმარს თან გაჰყვა. ის არც მოწყალების გაცემას ივიწყებდა. თავის მსახურებს და გლახაკებს ოჯახის წევრებივით ეპყრობოდა, სიხარულით მასპინძლობდა მწირებს, განსაკუთრებით მღვდლებსა და მონაზვნებს. თავისუფალ წუთებში ლოცვისთვის განმარტოვდებოდა. მას კიდევ ერთხელ ეწვია მწუხარება - მეორე ვაჟიც მოუკვდა, ამ ტკივილის მტკიცედ დათმენისთვის უფალმა ტყუპი ვაჟით დააჯილდოვა, რომლებიც, როგორც მან უწინასწარმეტყველა, შემდგომში ერთი სარდალი გახდა, მეორე - მონაზონი. მაგრამ მალე საშინელი უბედურება დაატყდა თავს - ჭორი მოუგონეს, თითქოს მოწყალებად ოჯახის ქონება გასცა და თავის მსახურთან მრუშობდა. ვერც ცრემლებმა ვერც მსახური ქალების ნათქვამმა ვერ დაამშვიდა ნიკიფორე, რომელიც ეჭვისაგან გამძვინვარდა, შევარდა მარიამის ოთახში, რომელიც ამ დროს ჩვილს ძუძუს აწოვებდა და ცოლი სასტიკად ცემა. მარიამმა ამის შემდეგ ორი დღეღა იცოცხლა. როცა დასაკრძალად ამზადებდნენ, მის სხეულს საოცარი კეთილსურნელება აუვიდა, რომელმაც დაამოწმა მისი უდანაშაულობა და ღვთისაგან მიცემული მადლი. როცა მისი კარადები გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ყველა ძვირფასი კაბა გაეყიდა ღარიბების დასახმარებლად, ტყვეთა გამოსასყიდად და ეკლესიათა გასამშვენებლად.

სინანულში ჩავარდნილმა ნიკიფორემ ცოლის წმინდა ნაწილებისთვის ეკლესია ააშენა, სადაც მრავალი სასწაული აღესრულა. როცა ბულგარელებმა ვიზია აიღეს, მხოლოდ ეს ტაძარი გადაურჩა დანგრევას, რადგან, როცა მეფე სიმონის ბრძანებით მისი გათხრა დაიწყეს, მარიამის საფლავიდან ცეცხლი ამოვარდა.

რამდენიმე დღის მერე მარიამის საფლავთან ეშმაკეული განიკურნა, შემდეგ მრავალმა სნეულმა პოვა კურნება, წმინდანის საფლავთან მდგარი კანდელის ზეთის ცხებით და შემდეგ მის უხრწნელ ნაწილებთან შეხებით.

წმინდა მარიამს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1