ნეტარი პელაგია დივეევოელი (+1884) - 30 (12.02) იანვარი
ნეტარი პელაგია დივეევოელი (+1884) - 30 (12.02) იანვარი
წმინდა პელაგია დაიბადა 1809 წელს მდიდარი ვაჭრის ოჯახში ქალაქ არზამასში.  იგი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა. თუმცა სილამაზე ამქვეყნიური ბედნიერების გარანტი არასდროს ყოფილა მისთვის. ახალგაზრდობიდანვე ის თავს ისულელებდა ქრისტესთვის, სალოსობდა. ამას იმის გამოც აკეთებდა, რომ არ გათხოვილიყო. პელაგიას ქალწულობის აღთქმის დადება და მონასტერში ცხოვრება სურდა. მიუხედავად იმისა, რომ პელაგია უცნაურად იქცეოდა, საქმრომ მასზე უარი არ თქვა და იქორწინა მშვენიერ ასულზე.

იძულებით გათხოვების შემდეგ პელაგიამ მოინახულა წმინდა სერაფიმ საროველი და დიდხანს ესაუბრა წმინდა მამას. პელაგია წმინდა სერაფიმესთან ერთად ბჭობდა თავის მომავალ სულიერ ცხოვრებაზე, იღებდა რჩევებს, თუ როგორ წარემართა ის. შემდეგ პელაგიამ დაიწყო იესოს ლოცვის სწავლა. ახალგაზრდობიდანვე მოიპოვა მან ამ დიდი ლოცვის მადლი. პელაგია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უცნაურად იქცეოდა, შეურაცხყოფას იღებდა და ამით დიდად ხარობდა. დაიწყო სალოსობა, ცხოვრობდა ქუჩაში, დღისით თავს ისულელებდა, ღამეს ეკლესიის მახლობლად ლოცვაში ატარებდა. მეუღლესთვის და ნათესავებისთვის გაუგებარი იყო პელაგიას საქციელი, ამიტომ ზურგი აქციეს. პელაგიას უფლის წყალობა და სიყვარული აძლიერებდა, გმირულად იტანდა სიცივეს, შიმშილს, შეურაცხყოფას.

წმინდა სერაფიმეს რჩევით 1837 წელს პელაგია დივეევოს მონასტერში დასახლდა და იქ დაიწყო მონაზვნური ცხოვრება. თავდაპირველად პელაგია ძალიან მოუსვენრად იქცეოდა მონასტერში, ბევრს საუბრობდა, მოგვიანებით დადინჯდა, მშვიდად იყო, თითქმის აღარ ლაპარაკობდა.

ახალგაზრდობიდან პელაგიას ჰქონდა ღვთისგან მომადლებული ნიჭი დაენახა ადამიანის სულის სიღრმე, მისი მომავალი. ამის გამო ღირსი დედა ბევრ მნახველს იზიდავდა მონასტერში. პელაგია უარს არავის ეუბნებოდა დახმარებაზე, უამრავ ადამიანს უჩვენა სულის ხსნის გზა, დაარიგა...

მონასტრის დები, იღუმენიით დაწყებული და მორჩილით დამთავრებული, ყველა საქმის დაწყების წინ რჩევას პელაგიას ეკითხებოდნენ, მისი კურთხევის გარეშე არაფერს აკეთებდნენ.

პელაგიას ხშირად ჰქონდა ღვთიური გამოცხადებები. ხშირად ეცხადებოდა წმინდა სერაფიმე და გარდაცვალების შემდეგაც აძლევდა სულიერ რჩევა-დარიგებებს. 1884 წელს პელაგია 47 წლის ასაკში მიიცვალა.

...................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1