წმინდა პავლა ქვრივი (+404) – 26 (08.02) იანვარი
წმინდა პავლა ქვრივი (+404) – 26 (08.02) იანვარი
წმინდა პავლა ქვრივი დაიბადა 347 წელს რომში, დიდგვაროვან ოჯახში. თხუთმეტი წლის პავლა მდიდარ და ცნობილ რომაელ წარმართ არისტოკრატს მიათხოვეს. ამ კავშირის შედეგად ხუთი ბავშვი მოევლინა ქვეყანას. პავლა დაქვრივდა. ბევრი ცრემლი ღვარა მეუღლის გარდაცვალების გამო. მტკიცედ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება უფლისა და გაჭირვებულებისთვის ემსახურა. ასეც მოხდა. დაქვრივების დღიდან მან ქველმოქმედებას მიჰყო ხელი. რომში გაიცნო იერონიმე სტრიდონელი, მათ შორის დიდი სულიერი მეგობრობა ჩამოყალიბდა. იერონიმე აღმოსავლეთიდან პავლიანე ანტიოქიელთან და რამდენიმე მამასთან ერთად ჩამოვიდა რომში. აღმოსავლეთ ეკლესიის მამებს პავლამ უმასპინძლა თავის სახლში. მამებისგან მან ბევრი რამ შეიტყო ეგვიპტისა და პალესტინის უდაბნოში მოღვაწე ბერების ცხოვრებაზე. პავლამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა რომი. 385 წელს წმინდა დედა ქალიშვილთან ერთად აღმოსავლეთში გაემგზავრა. გზად მოინახულა ანტიოქია და კვიპროსი.

იერუსალიმში ჩასულ წმინდა დედას პატივით დახვდა იქაური კონსული, თუმცა პავლამ უარი თქვა ფუფუნებაში ცხოვრებაზე და ერთ პატარა სახლში დაბინავდა. იერუსალიმის ყველა სიწმინდე ქალიშვილთან ერთად ფეხით მოილოცა. შემდეგ მოინახულა ეგვიპტის უდაბნოს ბერები. ერთი წლის შემდეგ ბეთლემში დაბრუნდა. იერუსალიმის მახლობლად ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი და მამათა მონასტერი, ბეთლემში კი - დედათა სავანე. ერთხელ, როცა წმინდა მიწას ჰუნების შემოსევის საფრთხე დაემუქრა, პავლამ, მონასტრის დებთან ერთად, იქაურობის დატოვება მოინდომა. ის-ის იყო, გემი ადგილიდან უნდა დაძრულიყო, რომ უფლისგან ეუწყა, ბარბაროსებმა დატოვეს წმინდა მიწაო. დედები ისევ ბეთლემის სავანეს დაუბრუნდნენ. ღირსმა პავლამ ძველი ებრაული ენა შეისწავლა და წმინდა იერონიმეს ზედამხედველობით ცდილობდა, განემარტა წმინდა წერილის ყველაზე რთული ადგილები. პავლა 56 წლის ასაკში 404 წელს თავის მიერ დაარსებულ ბეთლემის დედათა მონასტერში გარდაიცვალა, მანამდე მას მძიმე ავადმყოფობა ტანჯავდა, თუმცა უსიტყვოდ იტანდა ხორცის ტანჯვას.

..............................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1